ნ უ თ უ ? – ილია ჭავჭავაძე

(პასუხად «მოგზაურის” კორესპონდენციისა)

«ივერიის» მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ «მოგზაურში» (№13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა «საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება», მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური ღირსება.

ავტორი «მოგზაურის» შემწეობით მე მაბრალებს, – ვითომც მხეცურ გულქვაობით და სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო. ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა «ივერიაში» (№54) ამ დაბოლოვებით: «ნუთუU ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის” ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო».

თუმცა ის ამბავი, რომ «ივერიამ» ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის–თავადაც ასე თუ ისე იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი «ივერიის» რედაქციას. რაც გინდ იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ «ივერია» სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს.

მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ სარის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისისთავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ.

ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად.

ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, – ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

ნუთუUეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ–ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც-კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით.

ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით.

ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს.

მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა პატივისმცემელი კი არასდროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა.

პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ ორთაწიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას და უმაღლეს სულთ-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა მარტო იმ საზრისით, რომ, თუ აქ კაცი კაცს უსაფუძვლოდ ერჩის, იმედია, გაბიაბრუებული უსაბუთობას რჩოლისას დაგვიმტკიცებსო…

ნუთუ ეს სასურველია პრესისთვის, რომლის ჭეშმარიტი თავისუფლება მიჯნების განზე გადგმა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვა. დიდი მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავად-აზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა, მოსარიგებლის მორიგებაა, შესარიგებელის შერიგებაა იმისდა მიხედვით, – ვის რა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ან ერობრივი სამართალი მიუძღვის ერთმანეთის წინაშე… თუUმართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითომც რედაქტორი «მოგზაურისა» ერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა.

ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს დაამტკიცებსო. განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? სად არის გეში, სად არის საბუთი, რომ კაცმა ან ასე გახიოს, ან ისე გაფხრიწოს? აქ ცარიელ უარყოფის მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის. რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში?

ან ვისა აქვს იგი ადამიანის ღირსებისათვის უკადრისი მართლა-და უფლება, იგი ყოვლად შეუწყნარებელი და ადამიანობის შემაგინებელი ბატონობა, რომ კაცი პასუხის საგებლად მოედანზე გამოსჭიმოს, ვიდრე ბრალმდებს თავისი არ დაუსაბუთებია იმოდენად მაინც, რომ პირველ შეხედვით საბუთი–საბუთს ჰგვანდეს და არა ტყუილების გუდას… სწორედ ამგვარად მომექცა ჩემზე ასე ძლიერ გაბოროტებული ავტორი: სამარცხვინო საქციელები დამწამა და საბუთად მარტო ის მოიყვანა, რომ ასე  მიამბო ერთს შემთხვევაში ერთმა გლეხმაო, მეორეში – მეორემაო, ზოგანთავისიც მოაჭორა და ცალიერის სიტყვის მეტი სხვა არა გვანიშნა-რა. მართლა უამბო თუ არა ან ერთმა, ან მეორე გლეხმა, – ეგ მაღლა ღმერთმა იცოდეს და დაბლა თითონ ავტორის სინიდისმა. ხოლო ნუთუ მბობა ვისიმე საერთოდ და გლეხისა ცალკე საბუთია, რომ შეუმოწმებლად კაცმა კაცი გასწიროს, ზნეობითად ჯვარს აცვას, ან შამფურზე ააგოს და სირცხვილის ნაღვერდალზე შესწვას… სრულიადაც არ გამიკვირდება, რომ იმავ თავდაუჭერელმა ავტორმა ხვალ არ დამწამოს შარაგზაზე ხალხის ძარცვა და ამის საბუთად ის არ მოიყვანოს, რომ ერთმა გლეხმა ასე მიამბოო, და თუ გაჭირდა ერთი ვინმე უნამუსო გლეხი, ანუ სხვა წოდების კაცი, პირში არ წამომიყენოს. მოდი აქ და თავი იმართლე, თუ უსაფუძვლობა ამისთანა ბრალისა თქვენზე მოაგდეს დასამტკიცებლად… დიახ, ბატონებო თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს სურვილი დიდი ჰქონია ჩემთვის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ საფანელი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია. ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც და ცილისწამებასაც ჭკუა და გონება სდომებია.

იგი იმისთანა ბრალებსა მდებს, რომელთა გაქარწყლება ძალიან ადვილია, თუ კაცი გაირჯება და თვითოეულის ბრალის გარემოებას და ვითარებას ცოტაოდნად მაინც ჩაუკვირდება და ჭკუადასმით და გულმართლად განიკითხავს.

II

იგი სასახელო კორესპონდენცია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩემი წერილი, იმით იწყება, რომ საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვსს მარტს თავი მოიყარა და გადასწყვიტა: «ბოიკოტი გამოეცხადოს აქაურ მემამულეებს –ილია ჭავჭავაძეს, გივი სტაროსელსკის და ტატო ციციშვილსაო». ამთავითვე მიუბაძნია ჭოპორტის საზოგადოებასაც და აქ ვის გამოუცხადეს «ბოიკოტობა», ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს… საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში რომ ილია ჭავჭავაძე სულაც არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ავტორს არავითარი ნაღველი არ ექნებოდა არც საგურამოს, არც ჭოპორტის გლეხთა საზოგადოებისა და არავითარი დარდი გლეხისა არ აალაპარაკებდა.

განა მარტო ეს მაკმარა, რომ «ბოიკოტი» გამოუცხადესო. დღევანდელ დღეს ვის არ შემთხვევია ეგ ამბავი და ამით ჭავჭავაძეს ბევრი არა წაუხდებოდა-რა. რომ უფრო გააძლიეროს ამ «ბოიკოტის» მნიშვნელობა ჩემდა სამარცხვინოდ, ავტორი დიდის რიხით და პათოსით შემოგვძახის: «ასე გასინჯეთ, ი. ჭავჭავაძეს ჰყავდა (ვაი ჩემს შერცხვენას!) ერთი დედაბერი მექათმედ. იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, – რატომ დედაშენი არ ანებებს თავს მებატონესთან სამსახურსაო, და კაცი იძულებული იყო ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერიო»…

ჯერ ერთი ის, რომ ეს ცეცხლის წაკიდება ცოცხალ-ცოცხალი ტყუილია და, როგორც მაცნობეს, ამისთანა ამბავი სრულებითაც არ მომხდარა, სახლიც ღმერთის მადლით არავისთვის არ გადაუწვავთ, მაშ, რა ძალა დასდგომია ჩვენს ბედნიერს ავტორს, რომ ამისთანა აშკარა ტყუილი, რომ ამისთანა აშრობა უკადრნია და არ უთაკილნია! ამით ვითომ რა ჰსურვებია ეთქვა ჩვენს ბედნიერ ავტორს? ის რომ, რაკი ჭავჭავაძეს დედაბერიც არ დაუყენეს, – სჩანს, რაოდენად გაუწბილებია ჭავჭავაძეს გლეხკაცობა, რამოდენად შეუძულებია თავისი თავი, რომ მისდა სავნებელად გლეხკაცებმა თავისი მოძმეც არ დაინდეს. ავტორს ისიც-კი ვერ გაუგია, რომ თუ დედაბერი გაჯიუტებულა და ჭავჭავაძესთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე შვილთან წასვლა, ეს ამბავი ჭავჭავაძისათვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ავტორისათვის. აგრეთვე ის ამბავიც, რომ გლეხკაცებს ვითომც ამ დედაბერის შვილისათვის სახლი გადაუწვავთო,გლეხთა ავკაცობას უფრო მოასწავებს, ვიდრე საბუთს «ბოიკოტის» ასე თუ ისე გაძლიერებისას, ჩემდა სამარცხვინოდ. აბა, ამას ჭკუა არ უნდა, რომ კაცი აშკარა ტყუილს იგონებდეს და ამ ტყუილით თითონვე თავისის ხელით ყელს იჭრიდეს. კიდევ ვიტყვი: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი…

მე და ჩემი მეუღლე მემამულენი ვართ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს არც ერთი ნაყმევი, არც ერთი ხიზანი არა გვყავს, არამცთუ საგურამოს, არამედ მთელს დედამიწის ზურგზე. მართალია, მე საკუთრივ ცოტა თუ ბევრი ყმები მყავდა კახეთში, მაგრამ ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლ-კარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები, უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველივე ბატონ-ყმური ნაშთი ჩემსა და ჩემთა ნაყმევთა შორის. ხიზნებიცა მყავდა თიანეთის მაზრაში. ხაზინა შემომევაჭრა მათ მიერ ხმარებულ მამულს და მე მარტო მაშინ მივყიდე, როცა ჩემი ხიზნები სხვა, მათ მიერ არჩეულ და მოწონებულ სახელმწიფო მამულში გადავიყვანე და დავაბინავე თ. ლევან ჯანდიერის შემწეობით, რომელიც მაშინ მაზრის უფროსად იყო. ჩემმა მეუღლემაც გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მონაწილეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც ერთი ნაყმევი არ ირგუნა. ამ სახით, ჩვენ ორს რაც მამულები გვაქვს, სულ თავისუფალი და დამოუკიდებელია სხვისაგან. მაშასადამე, მამულის გამო ჩვენ ვერაკაცი ვერც ნაყმეობით, ვერც ხიზნობით ვერას წაგვედავება, ვერას დაგვემდურება, თუ სადმე განკითხვა და სამართალია…

და თუ გლეხკაცობა დღეს თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია იმით კი არა, რომ სამართალი რამ მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო მთელს საქართველოს და ყველა ნებით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია.

აქედამ ის არ გამოდის, რომ კაცმა დიდის მწუხარებით არ შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო. აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელს ამ დიდს მანძილზე. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება…

III

ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ასე გავაჭიანურე ჩემი პასუხი და აქამომდე, სწორედ რომ ვთქვა, არსებითად საპასუხო თითქმის არა ვთქვი-რა… შევუდგები რა ამ ფრიად უსიამოვნო ამბავს, ყოველთ უწინარეს გთხოვთ ყურადღება მაქციოთ მას, რომ ჩემი კეთილისმყოფელი ავტორი ოთხს ბრალსა მდებს, რომელთა შორის ერთი თითქმის კაცისკვლაა.

ერთი დანაშაული ჩემი თურმე ისა ყოფილა, რომ ერთს «ახალ-სოფლელს» გლეხს უამბნია, ვითომც ჩემს კალოზე «ს ა ნ ა დ ე ლ ო « ყანის ძნა მოუტანია მაშინ კი არა, როცა ჩემს მოურავს დაუვალებია, არამედ მეორე დილას ადრიანად, და მე უშვერის სიტყვით ლანძღვა  დამიწყია და, რა თქმა უნდა, ჭყივილ-ყვირილით მითქვამს: «ეხლავე ეგ ძნა იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, და როცა მოურავს დრო ექნება, ჩამოვა, ახლად გადმოითვლის და გაჰყოფსო». გლეხკაცსაც ძნა ისევ «სანადელო» მიწაში ჩაუტანია. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს საგურამოს მამულებში წილი გვიდევს, მაგრამ «ახალ-სოფელში»-კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლად ეკუთვნის თ-დ ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა ჰყავს…

უნდა გამოვტყდე, ჩვენის კორესპონდენტის სასიხარულოდ, რომ იმ ოთხს ბრალთაგან, რომელსაც იგი მე მწამებს, მარტო ამ ამბავს აცხია მართლის ნიშანწყალი, მაგრამ ეს ერთი ნამცეცა მართალიც კი ისე ამოუვლია თავის გულის ზაფრაში, რომ თავისი ნიშანწყალი დაუკარგავს, ტყუილს დიდ მანძილზე არ ჩამორჩება და მოგვაგონებს ხავსს, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე, როცა მეტი გზა არა აქვს.

საქმე აი რაშია.

იმ ხუთ სოფელში, რომელნიც საგურამოს შეადგენენ, სულ სახელმწიფო გლეხნი დგანან და იქა ჰხვნენ და სთესენ, საცა მამულის პატრონს მოურიგდებიან. ამ სოფლებში დიდის ხნიდან დადებულია, რომ, ვინც ვის მამულს მოხნავს, მამულის პატრონს მეოთხედი უნდა აძლიოს და თავისის ურმით მემამულეს კალოზე მიუტანოს.

ამ მეოთხედის დათვლა-მიტანა, ათეულების ადგილობრივი შეფარდება და სხვა ამისთანა, მრავალმიზეზიანი საქმეა და ხშირად ამ სარბიელზე ჩხუბი და დავიდარაბა მოსდით მოურავს და გლეხს ერთმანეთში… კიდევ ვიტყვი, რომ როგორც მოურავი, ისეც გლეხკაცი ყველა უმანკო მტრედი არ არის. ამიტომაც, თუ საქმე მიზეზიანია, ეშმაკობა და მოტყუება ორსავ მხრივ ადვილად მოსალოდნელია. ერთის მხრივ,…ამისთანა ამბების ასაცილებლად, რაოდენადაც შესაძლოა, მეორეს მხრით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, მოურავი ვის ყანიდან რას ჰგზავნის, ვის რამდენს ართმევს, ერთის სიტყვით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, ვისგან რა შემოსდის, და მოურავსაც საბუთიანი ანგარიში ჩამოართვას, მე დავაწესე, რომ მოურავმა თვითოეულ გლეხს იქავ, საცა მეოთხედს მიითვლის, ბარათი აძლიოს, ვისგან რა ერგო, და თითონაც დავთარში ჩაიწეროს… დიდმა ნაწილმა გლეხკაცობამ ეს ნებაყოფლობითი წესი მომიწონა, – მტყუანი და მართალი ამით გაირჩევაო, და მიიღო კიდეც… ხსენებულ წესის დადგენის აქეთ სულ ორი შემთხვევა იყო, როცა იძულებულ ვიყავ მე ჩემი მექმნა და ეს მუქარა ცალიერ სიტყვად არ დარჩენილიყო. ერთი ამ ხუთისა თუ ექვსის წლის წინათ მოხდა, რომ უბარათოდ მოტანილი მეოთხედი უკანვე დავუბრუნე, არ მახსოვს, წიწამურელს, თუ გურამიანთკარელს გლეხკაცს, და მას აქეთ მთელმა ხუთმა, თუ ექვსმა წელიწადმა ისე ჩაიარა,რომ არავის დაურღვევია. ხოლო შარშან, თუ შარშანწინ, ერთს გლეხს უბარათოდ მოეტანა ძნა.

აშკარაა, ან ხელახლად ჩემი მუქარა უნდა ამესრულებინა, რომ წესი წესად დარჩენილიყო, ან წესზე ხელი ამეღო, რადგანაც მაგალითი ამისთანა შემთხვევაში მოარულ ჭირზე უფრო ადვილად გადამდებია. რა თქმა უნდა, პირველი ღონისძიება ვირჩიე: გლეხს მუქარა ავუსრულე, უკანვე დავუბრუნე, – მინამ ბარათს არ მომიტან, ძნას არ მივიღებ-მეთქი.

შესაძლოა, ამ წესის დამყარება იმად არა ღირდეს, რომ კაცმა კაცს ძნით დადებული ურემი უკან დაუბრუნოს, შესაძლოა, ეს ამისთანა წესი ყოვლად გამოუსადეგარი, ყოვლად უაზროც იყოს… მაგრამ ნუთუ ეს ამბავი, თუნდაც გლეხის მიერ ნაამბობი, ისეთი რამ არის, რომ კაცმა კაცი გასაბიაბრუებლად გამოიმეტოს…

დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლებელია, რომ ერთი უნამუსო კაცი ვინმე იშოვოს ჩვენმა ნამუსიანმა კორესპონდენტმა და ჩემდა გასამტყუვნებლად პირში წამომიყენოს, მაგრამ ტყუილი მოწმე განა ისე ადვილად გაასაღებს თავის ნათქვამს, რომ გზა და კვალი ვეღარ ვუპოვოთ?.. აქ თუ თითონ ავტორი არ ავალაპარაკეთ, სულელობას ნალაპარაკევისას არავინ დაიჯერებს. გლეხს ვითომც ავტორისათვის უთქვამს: «ძნა ისევ იქ ჩავიტანე (ესე იგი «სანადელო» მიწაში), დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე, მაგრამ სად არის მოურავი. იქ ველოდე (?), მინამ საქონელმა ძნა არ დაშალა და არ გააოხრაო“. ის დალოცვილი გლეხი, რაკი იქ ელოდა, რადღა დააშლევინა და გააოხრებინა ძნა საქონელსა?… თუ ის ძნის გაოხრება მართალია და აქ განზრახ ჩაკერებული არ არის, განა ძნის პატრონი შეარჩენდა ვისმე საზღაურს და არ შეატყობინებდა ან მეველეს, ან მამულის პატრონს ახალ სოფელში.

მეორე ბრალი, რომელსაც გლეხისათვის ვითომდა გულდამწვარი კორესპონდენტი მე მწამებს, ის არის, ვითომც მე ერთ სხვა მემამულესთან ერთად მთავრობას ჯარი ვთხოვე «ბუნტის ჩასაქრობად». ესეც მტკნარი ტყუილია ლილახანაწამხდარ ავტორისა, რომ მეტი არა ვთქვა-რა. აი, აქაც რა თაღლითობაა ავტორის მხრით და რა მოურიდებელი ტყუილია. პირველ ხანებში, როცა გლეხთა მოძრაობამ საგურამომდინაც მოახწია, მე ავად ვიყავ და ტფილისიდამ ფეხი ვერ გავდგი. ზედიზედ ჩემი მოურავისაგან წერილი მომდიოდა*, მოჯამაგირეები, მწყემსები, პურისმცხობელი და სხვანი სულ გაგვიფანტესო და გაგვირეკესო, ამოდენა ცხვარი, საქონელი, ცხენი და ღორი,** ამოდენა სახლ-კარი, პური, ღვინო უპატრონოდ დაგვრჩაო, ტყეს შეესივნენ და სოფლეურად სჩეხენო.

ჯერ არ დავიჯერე. სწორედ მოგახსენოთ, არ მეგონა, რომ საგურამოს გლეხკაცობა ასე გამომიმეტებდა, მაგრამ რა გაეწყობა? რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი  და მტყუანი თან მიაქვს. ყური მოვუყრუე მოწერილ ამბებს და ოთხ თუ ხუთიოდ დღეს გავუჩუმდი… რა უნდა მექნა? ნუთუ ამოდენა ქონება და საქონელი უნდა დამეღუპნა, ან გლეხებს ამით რა შეემატებოდათ? ბოლოს, რომ ვეღარას გავხდი, მაზრის უფროსს დეპეშით ვთხოვე, შველა რამ გაგვიწიეთ-მეთქი. ღმერთმა უშველოს, მაშინვე სამი «სტრაჟნიკი» გამოეგზავნა, – სასახლეს და კარ-მიდამოს უპატრონეთო. «სტრაჟნიკები», რა თქმა უნდა, მე ჩემთან დავაყენე, მე ვასმევდი, მე ვაჭმევდი, ცხენებს მე ვუნახავდი და ერთი იმათგანი სოფელს არც-კი მიჰკარებია, არც ერთს მათგანს გლეხკაცის წკირისათვისაც ხელი არ უხლია. როცა მოჯამაგირენი ვიშოვე, «სტრაჟნიკები» მაშინვე დავითხოვე.

ნუთუ ჩვენმა გალაღებულმა მხილებელმა ეს ამბავი ჩაიწვეთა ყურში და ბუზს აქლემი აშობინა თავის ახირებულ სურვილისამებრ იმ სახით, – ვითომც მე ჯარი მეთხოვოს და გურამიანთკარს ჩამეყენებინოს. პირდაპირ ვამბობ: არც მითხოვნია და არც მოვითხოვ… ვსთქვათ, კორესპონდენტის სიტყვისამებრ, მთავრობამ ჯარი გაგზავნა საგურამოში, სხვათა შორის ჩემის თხოვნითაც. რაკი ეს ჩემი თხოვნაც საბუთად დასდებია ჯარის გაგზავნას, ამ თხოვნას ხომ კვალი რამ უნდა დარჩენოდა ან მაზრის უფროსის, ან გუბერნატორის, ან მთავარმართებლის კანცელარიაში. ამისთანა არა-სახუმარად პასუხის საგებელი მძიმე საქმე, როგორც ერთობ ჯარის გაგზავნა და ჩაყენება სოფელში, განა შესაძლებელია ისე, რომ მიწერმოწერა არ გაემართათ და შიგ თხოვნა სხვისასთან ერთად ჩემიც არ დაესახელებინათ, ვითარცა მიზეზი?

კორესპონდენტმა რომ თავისზე მეტი სუნის ამღები მეძებრები არბეინოს საძებნელად, საგურამოს ჯარის ჩაყენების საქმეში ვერსად ვერ იპოვის ჩემის სახელის ხსენებასაც, რადგანაც ჯარი არავისათვის მითხოვნია არც სიტყვით, არც წერილით. თუ გაჭირდა, ამის ოფიციალურ მოწმობასაც წარმოვადგენ…

———————————

* გლეხებსავე ჩამოჰქონდათ მალულად.

** ყოველივე ესე კარგა ბლომად მყავს, ჩემის მხილებელის სამწუხაროდ.

მესამე ბრალი, სხვებზე არა ნაკლებ ტყუილი, ის არის, რომ «არც დიდებული ილია ჭავჭავაძე» თურმე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევს ზეზე სადგომის აგებასაო. ამას კი ჩვენი პატიოსანი კორესპონდენტი თავისით ამბობს და არა სხვისა სიტყვით. სტაროსელსკისა არ ვიცი, და «დიდებული ილია ჭავჭავაძე» კი არა-დიდებულს და ძალიან დანამცეცებულს ავტორს მოახსენებს, რომ საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილები ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის არც ილია ჭავჭავაძეს, არც მის მეუღლეს და სულ სააპეკუნოშია და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მთლად სხვისი მამულია. მაშასადამე, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დავუშალო ვისმე, ან ნება ვაძლიო, ან მიწურის გათხრისა, ან ზეზეურად სახლის აგებისა, ძალიან გულითაც რომ მინდოდეს… აბა, ეს ასეთი დაშლა რა ჭკუაში მოსასვლელია? იმ ჭკუაში, ბატონებო, რომელიც ღმერთს სხვებისთვის დაურიგებია და ზოგიერთისთვის კი არ გაუმეტნია, – მეტი ბარგი იქნება და ვერ ატარებსო… რომ ეს მართლა ჭორია და არავითარი საბუთი არ მიუძღვის, ვთხოვ ავტორს წაბრძანდეს და თავის თვალით ინახულოს თუნდ ტფილისიდან პირველი სოფელი წიწამური*, რომელიც სააპეკუნო ადგილშია და ითვლება ხუთ საგურამოს სოფელთა შორის და დიდს შარაგზაზეა, წაბრძანდეს-მეთქი, თუმცა უამისოდაც აქამდე ათასჯერ აუვლია, და ინახულოს, რამდენი სახლია ზეზეურად წამოჭიმული ბექობზე, ზოგი კარგა ხნის ნაგები და ზოგი დღესაც არ-დამთავრებული… განა აშკარა არ არის, სადაც სცემს ავტორი, როცა ამისთანა ჭორს იგონებს; აშკარაა, ავტორს სდომებია ამ ჭორით ქვეყანა დაერწმუნებია, რომ, აი «დიდებული ილია ჭავჭავაძე» რა ღმრთის რისხვა კაცი ყოფილა, – გლეხს უნდა მიწურიდამ ამოძვრეს, მზე დაინახოს, საღი ჰაერი ჰყლაპოს და ჭავჭავაძე კი არ უშვებს და ამ სახით გლეხკაცს მიწურში აღშთობს… დაგვრჩა ეხლა მეოთხე და უკანასკნელი ბრალი, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და საშინელი, რადგანაც თითქმის კაცისკვლამდეა გაჭიმული. რა ზნეობურ ავლადიდების პატრონია ჩემი პატიოსანი მხილებელი, ისე აშკარად არსადა სჩანს, როგორც ამ მეოთხე ბრალის დაწამებაში, საცა მე და ჩემს მოურავს თუ კაცისმკვლელად არა, კაცის სიკვდილის მიზეზად მაინც გვხდის. აქ ამოდენა საზიზღარს ბრალსა გვდებს ორ კაცსა და ერთს სიტყვასაც, დიახ, ერთს სიტყვასაც მართალს არ ამბობს, თორემ ხომ ვნახავთ, თუ მკითხველი იმოდენა პატივს დამდებს, მოთმინება იქონიოს და ბოლომდე ჯერ თვით ავტორს მოუსმინოს მის მიერ მოთხრობილი ამბავი და მასთან ერთად ჩემი საბუთებიც განიკითხოს.

«ამ ზამთარსაო, – უთქვამს ვითომც ავტორისათვის ერთს გურამიანთკარელს გლეხს – დიდი ყინვებისაგან სოფლის სასმელი წყალი გაიყინაო ისე, რომ მთლად უწყლოდ დავრჩითო». ეს მთლად თავიდამ ბოლომდე ტყუილია. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მარტო იგი ადვილად და უტყუარად შესამოწმებელი გარემოება მოვიხსენიოთ, რომლის კვალიც თავისდღეში არ წაიშლება, თუნდაც მთელი სიბრძნე «მოგზაურისა» და სიცრუე ავტორისა ზედ დააბღერტოთ. საქმე ის არის, რომ სოფელ გურამიანთკარს, მისდა საბედნიეროდ და ავტორის საუბედუროდ, შიგ სოფელში ეგრეთწოდებული თეზამის წყალი ჩამოუდის. ამას გარდა, შიგ სოფელშივე არის წყარო, რომელიც ამ ოცის წლის წინათ გამოიყვანეს სტაროსელსკიანთ მილებით, როგორც თავიანთთვის, ისე სოფლისათვის. ეს წყარო კარგა მოზრდილია, ასე რომ კოდიც კი უდგა საქონლის წყლის სასმელად.

* მარტო ერთი რვა თუ ცხრა-კომლიანი სოფელია, წიწამურად წოდებული, საცა მარტო ორი თუ სამი კომლი ნაყმევია ზაალ გურამიშვილისა. თეზამის წყალი ხევის წყალია და გაშლილ მინდორზე მოდის შორიდან. რა თქმა უნდა, ბევრჯელ ზამთრობით იყინება. ხოლო გურამიანთკარის წყარო-კი თავის-დღეში, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, არადროს არც გაყინულა და არც გაიყინება, როგორც მოგეხსენებათ ბუნება წყაროს წყლისა. ვთხოვ ბატონ რედაქტორს «მოგზაურისას» და მის მიერ განებიერებულს ავტორს მიბრძანდნენ და იქავ, ადგილობრივ შეამოწმონ ჩემი ნათქვამი. აქ მოწმედ მომყავს იმისთანა უტყუარი, იმისთანა დაუქრთამავი მოწმე, როგორც ბუნებაა და თვალად დასანახავი გარემოება.

გზა რომ არ შეეშალოთ, წინათვე ვანიშნებ, რომ თეზამის წყალი და წყარო იქავ გურამიანთკარშია, ხიდქვეშ გამოდიან, სტაროსელსკის სახლის წინ. ამ სახლსა და ამწყლებ შუა სულ ორი საჟენი შარაგზაა სოფლისა. აშკარაა, ნაამბობი ვითომდა გლეხისა – «ამ ზამთარს წყლები გაგვეყინა, ასე რომ უწყლოდ დავრჩითო», ან კუდიანი ტყუილია გლეხისა, ან ზღაპარია თვით ავტორისაგან ხელდახელ შეხანხლული იმის ძალით, რომ რაც მელას აგონდება, ის ეზმანებაო…

ხომ ათქმევინა გლეხს ის აშკარა ტყუილი, ვითომც ამ ზამთარს გურამიანთკარელებს წყლები გაჰყინვიათ, ასე რომ მთლად უწყალოდ დარჩენილან. ეს ტყუილი თავისთავად არაფერს ნიშნავს, კაცი იტყვის: ილია ჭავჭავაძის რა ბრალია, რომ გურამიანთკარში ზამთრობით წყლები იყინებაო. მოუთმინეთ, ბატონებო, ავტორს, – ის მოგახსენებთ, აქ ძაღლის კუდი სადა მარხია. აი, იგი რას მოგვითხრობს, ვითომდა გურამიანთკარელს უამბნია: «სოფელ ზევით სამ ვერსტზე ტყეში მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინებაო». ესეც ისეთივე მტკნარი ტყუილი, ან მოლანდებული ზმანებაა თვით ავტორისა. თუ ჩვენი ცრუპენტელა მაბეზღარი მოწყალებას მიიღებს და გურამიანთკარის ზემოთ ამ სოფლიდამ სამის ვერსტის მანძილზე ჩემს ტყეში «მიუვალ ღელეში» ისეთს პატარა წყაროს მიპოვის, რომ ან კოკა მიდგმით აივსებოდეს, ან როგორმე, და იქავ, საცა გამოჟონავს, ახლო მანძილზე სიპატარაობით არ იკარგებოდეს, დიდი მადლობელი ვიქნები და ვშიშობ არ ითაკილოს, თორემ სამახარობლოსაც მივართმევდი. აქაც მოწმედ მოვიყვან თითონ ბუნებას და თვალთა სანახავს გარემოებას, რომელნიც ყოველთვის და ყოველჟამს უტყუარნი არიან. სხვა არა იყოს რა, მე თითონ სხვისი მამულიდამ ჩემს ეზოში მილებით გამოყვანილ წყაროს წყალს ვხმარობ. იმას კი აღარ ვამბობ, რომ გურამიანთკარს ზემოთ ტყე სტაროსელსკისაა და არა ჩვენი; ჩვენს ტყესა და გურამიანთკარის შუა სტაროსელსკის ტყე, მინდორი და ვენახებია კარგა მანძილზე… ამისდა მიუხედავად გაჯიუტებული ავტორი აი როგორ მოგვითხრობს ვითომდა გურამიანთკარელ გლეხის ნაამბობს:

«დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობაო. დაგვისია თავადმა მოურავები*, ბიჭები, და აგვიკრძალა წყლით სარგებლობაო და თანაც გვითხრეს: ვისაც წყალი უნდა, იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო და სასმელ წყალს მუქთად დაგითმობთო. იძულებული ვიყავით დავთანხმებულიყავით და მთელი ზამთარი ვაძლიეთ ეს ხარკიო». ამ სახით, ავტორი გვარწმუნებს, რომ გურამიანთკარელებს დაუწყიათ სარგებლობა იმ წყაროთი, რომელიც არ არსებობს და მარტო ავტორის ჭკუიდამ მოჩუხჩუხებს. თუნდაც ასე არ იყოს, რა დასაჯერებელია, – კაცმა მიუვალ ღელეში, სოფლიდამ სამს ვერსტზე «ზამთრის ყინვასა და სუსხში დაიწყოს

——————–

* ჩემს-დღეში ერთის მეტი მოურავი არა მყოლია.

სარგებლობა პატარა წყაროთი» მაშინ, როდესაც ცხვირწინ შიგ სოფელში აქვს კარგა მოზრდილი წყარო, რომელიც არც გაყინულა და არც იყინება… გარდა ამისა, არაგვსა და გურამიანთკარს შუა, მაშასადამე, სოფელზე უფრო ახლო, ერთი დიდი ფშაა, რომელიც წისქვილებს აბრუნებს ზამთარ-ზაფხულს, რადგანაც ფშის წყალია და ფშის წყალი ხომ თავის-დღეში არ იყინება. ამ წყლებისაკენ უფრო ფართო, უფრო ვაკე და უფრო მოკლე გზაა, ვიდრე ჩემის ტყის მიუვალ ღელისაკენ და ეს გზა სტაროსელსკის მამულზე გადის სოფლიდამვე დაწყებული ხსენებულ წყლებამდე. ამ წყალზე სიარულს დასალევ წყლის ამოსატანად, ან ნახირის წყალზე გარეკას, მამულის პატრონი არავის არ უშლის და მე, რომ ძალიან გულითაც მინდოდეს, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დაშლისა, ან არ-დაშლისა. ყველა ამის დასამტკიცებლად ხელახლად ვთხოვ «მოგზაურის» რედაქციას და მის მიერ პატივისცემით მიღებუილ მტყუან კორესპონდენტს მიბრძანდნენ და ადგილობრივ გამოჰკითხონ იმისთანა მართალს და მიუდგომელ მოწმეს, როგორც ადგილმდებარეობაა და ბუნება, რომელნიც თავის-დღეში არა სტყუიან… საქმე კი აი რაშია: საგურამოში, რომლის წრეშიაც ხუთი სოფელია, გლეხკაცები სხვადასხვა მემამულის ტყესა და მინდორს ჰხვდებიან საქონლის საძოებლად, სხვათა შორის ჩემსა და ჩემის მეუღლის თავისუფალ მამულებსაც. დიდის ხნით დაწესებულია, რომ ვინც სხვის მამულს მოხვდება საბალახედ, მამულის პატრონს უნდა აძლიოს თვეში ერთი შაური თითო სულს საქონელზე, ესე იგი წელიწადში სამი აბაზი, სოფელ წიწამურის გარდა, საცა თითო სულზე თითო მანეთს იხდიან წელიწადში, რადგანაც საძოვრად უფრო კარგი მამულია და ქალაქზე უფრო ახლოა; მაშინ, როდესაც მთიულები და სხვა შორიდან მორეკილ საქონლის პატრონები, სულ ცოტა რომ ვსთქვა, ექვს-შვიდს აბაზს და ზოგჯერ ორ მანეთსაც იძლევიან თითო სულზე საბალახეს, ისიც ხუთს-ექვს შემოდგომის და ზამთრის თვეებში და არ მთელის წლის განმავლობაში.

ალბათ ეს არის იგი ხავსი, რომელსაც ჩვენი აქაც წყალწაღებული ავტორი ჩაჰკიდებია, არც უციებია, არც უცხელებია და თვეში ერთი შაური ერთი-ათად შეუკეცია, ერთი შაური ათ შაურად გაუხდია და საბალახე წყლის ბაჟად უქცევია… ავტორის უკანასკნელ ბრალის შესახებ ასე მოგვითხრობს, – ვითომდა გლეხის ნალაპარაკევს:

«ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ასე რომ ჩვენ – ღარიბებს გვყავდა ზურგზე აკიდებული თავისის ცოლ-შვილით. ერთს დღეს ამ კაცს აევსო ორი კოკა, გადაეკიდნა მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, – რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. – თქვენ ათი შაური საქონელზედ დაადგინეთ, მე-კი კატაც არა მყავსო. ან ათი შაური ვინ მომცა, მე სულ ორი კვირაა, რაც ქვეშაგებიდამ ავღანტალდი და, ხომ იცი, სულ ავადა ვარო»… «შენთან ბევრი ლაპარაკი არა ღირსო», – და ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ დაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხსაო».

თუ ეს მთელი ისტორიაც კოკების მტვრევისა თავიდამ ბოლომდე ტყუილი გამოდგა და სულ მთლად მოუგონია სახელოვანს წარმომადგენელს ერთგვარ პრესისას, რა სახელი უნდა დაერქვას ან ავტორს, ან მის საქციელს!… რაკი ესეა, მაშ ეს ნახევრად შიშველი გლეხი და მის ზურგზე კოკების მტვრევა სრული ზღაპარია მაბეზღარისა და სხვა არა-რა. თუმცა ესეა, მაგრამ ჩვენი ტყუილის-მცხობელი მხილებელი ამასაც არ ჰკმარობს და მოგვითხრობს, რომ ამ არაყოფილს მტვრევას კოკებისას არაყოფილ გლეხკაცის ზურგზე ილია ჭავჭავაძე – «ბალკონიდან ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული უყურებდა (აბა, ტრაგედია აქ არის და: ცალკე ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და ცალკე ნახევრად შიშველი გლეხი), გულიანად იცინოდა და თანაც აქეზებდა ერთგულს მოურავსო». ნუ დაივიწყებთ, რომ ნახევრად შიშველი გურამიანთკარელი გლეხი გზად მიმავალი ყოფილა ჩემის ტყიდან, როცა მე კოკების მტვრევისათვის მიყურებია. თუნდ ეგეც იყოს, ორმოცთუმნიანი ქურქი აქ რა სახსენებელია! რა სიტყვის პასუხია! თუმცა მე ორმოცთუმნიანი ქურქი ჩემს დღეში არცა მქონია და არცა მსხმია, და თუნდ მქონებოდეს და მსხმოდეს, ამაში სამარცხვინოს არასა ვხედავ, რადგანაც მგონია, რომ არც ჩემი მაბეზღარი დაიწუნებდა ორმოცთუმნიან ქურქს, თუ როგორმე მოიხერხებდა, მაგრამ მაინც სასურველია ვიცოდეთ: აქ ჩემი, ვთქვათ, ორმოცთუმნიანი ტყუილი ქურქი რა მოსატანია, რა შუაშია?

რაკი უმიზეზო ქვეყანაზე არა არის-რა, უნდა ვიფიქროთ, რომ აქაც არის ერთი რამ მიზეზი: ან ის, რომ საშინელი უსამართლოება დაენახვებინა ქვეყნისათვის, აქაო და, ერთის მხრით, ორმოცთუმნიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და, მეორეს მხრით, ნახევრად შიშველი საცოდავი გლეხი, ან, ალბათ, მე გამფრთხილებია, არ გაცივდესო, და ორმოცთუმნიანი ქურქი წამოუსხამს, თუ მართლა არა, სურვილით მაინც.

ამ გაფრთხილებისათვის დიდი მადლობელი ვარ, ხოლო ვთხოვ ჩემს მწემქებარე ავტორს: მიბრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდ ასთუმნიანი ქურქი წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და, თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად მომავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი. თუ კაცმა განგებ ჩემს შემოღობილ ეზოზე არ ჩამოიარა, კაცი ჩემის ბალკონიდან კაცს ვერა სასწაულით ვერ დაინახავს. ხოლო ჩემს ეზოზე ჩამოვლა გარეშე კაცს არ შეუძლიან ისე, რომ ჩემმა ძაღლებმა ფეხზე დააყენონ და არ გაწეწ-გაგლოჯონ. იქნება ჩვენმა გულწრფელმა კაცთმოყვარე ავტორმა ეს ძაღლების ყოლაც დამიგმოს, – თუ ილია ჭავჭავაძე კაი კაცია, გლეხისათვის საშიშარი ძაღლები რადა ჰყავსო და, თუ ჰყავს, რატომ ისე არ გაუწურთნია, რომ მარტო თავადი და აზნაური სწეწონ და ჰგლეჯონ და გლეხს-კი მუხლმოყრით მიეგებებოდნენო. იმიტომ მყავს ამისთანა კაპასი და გაუწურთვნელი ძაღლები, რომ მარტო ვდგევარ მთაში, ტყის პირას, სოფელზე კარგა მოშორებით და, თუ კაპასი, აფთარი ძაღლები არ ვიყოლიე, ნადირისა და ქურდის შიშით მე იქ არ მედგომილება…

არც ეს მაკმარა ამ ყოველ მართებულობაზე, ყოველ ადამიანობაზე ხელაღებულმა ავტორმა და აი სადამდე გაადგმევინა უწმინდური ფეხი საზიზღარ ბეზღობას. იგი აი რით ათავებს ამ მოჭორვილს ამბავს კოკების მტვრევისას. «უბედური გლეხი, ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაციებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლად ავად და ერთს კვირაში გაათავა მრავალტანჯული და წამებული სიცოცხლეო».

აი, ბატონებო, ხომ ხედავთ, რა ღმერთი გამწყრომია! კაცი თუ ჩემის ხელით არ მომიკლავს, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, კაცის სიკვდილის მიზეზად ხომ ვარ გამომჟღავნებული, საქვეყნოდ, სამარცხვინო დაღდაკრული, საქვეყნოდ სახელგატეხილი.

ეს გლეხკაცის სიკვდილის ამბავი რომ წავიკითხე, სწორედ მოგახსენოთ, თმები ყალყზე ამიდგა და კანკალი მომივიდა. ხუმრობაა, კაცის სიკვდილის მიზეზად გახდომა!… ამიტომაც გულში გამიარა, – ვაი თუ, მართლა ჩემს მოურავს ღმერთი გასწყრომია, ეს კოკების მტვრევა ჩაუდენია და ამ მტვრევას კაცის სიკვდილი ზედ მოჰყოლია. მოვკითხე ამისი პასუხი, ვისაც ჯერ არს, და იცით, ბატონებო, რა გამოვიდა ჩემდა სასიხარულოდ და ავტორის სამარცხვინოდ? ის გამოვიდა, რომ ავტორის მიერ შეთითხნილს ტრაგედიას ბოლოც იმისთანა ტყუილი ჰქონია, როგორც დასაწყისი. თურმე ნუ იტყვით: გურამიანთკარს ამ ზამთარს არც ერთი მამაკაცი გლეხი არ გადაცვლილა არამცთუ ჩემის მიზეზით, არამედ სხვა მიზეზითაც… ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი ბეზღობისა ამაზე უფრო უუსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო გულისასამღვრევი? – ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობს გაზეთს, თუ ჟურნალს, პრესა ჰქვიან თვით პრესის სამარცხვინოდ? თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძღვის წყევლა-კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმედი და ძირს დამცემი პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწუყრომით არ უნდა მიღებულ იყოს თვით პრესისაგანვე ამისთანა ყოვლად უკადრისი საქციელი?

მე ამას მარტო იმისათვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული, შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ხოლო ეს აქლემი ხვალ თქვენ წინაც დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღემ თქვენც არ მოგაყენოს ერთმა ვინმემ თავზედხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარ გაზეთისამ თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვრად უქცევია, ადამიანობა და ადამიანი ბეზღობის და ცილისწამების საგნად გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თვის საფარველად გარდუქმნია. აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და, საცა პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფებდეს, ჭიაღუა ბეზღობისა ჰჭყუპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს… არ ვიცი, – რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია: იგი, რომელიც პოლიციის ხელჯოხიანობას გამოიწვევს, თუ იგი, რომელიც ერთს კაცს მეორეს გადაჰკიდებს მტრად, ერთს წოდებას მეორეზედ აალურსებს და აასისინებს, ან თუნდ ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ. დასასრულ, კიდევ ხელმეორედ მოგახსენებთ: არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.

[1905 წ.].

დაიბეჭდა 1905 წ., «ივერიაში», ცალკე დამატების სახით (№68).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s