ძლიერი და სუსტი ერი – სერგი მესხი

არიან ისეთი ცრუ-მეცნიერნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა წვრილი ხალხები უთუოთ უნდა შთაინთქან დიდი ხალხებისაგანაო; პატარა ხალხი როდისმე, უეჭველია, ძალაუნებურათ უნდა დაემორჩილოს იმ მსხვილ ხალხს, რომელიც იმის მეზობლათ ცხოვრობსო; იმან უნდა დაივიწყოს თავის ენა, სარწმუნოება, ხასიათი და ჩვეულება და ყველაფერი იმ თავის მეზობელ სხვილ ხალხის უნდა შეითვისოსო.

ჩვენ არას ვიტყვით, რამდენიც სიმართლე და ჭეშმარიტება არის ამ უნუგეშო და ყოვლად უაზრო სწავლაში იმის მეტი, რომ გასაკვირველია, რათ არის საჭირო კაცობრიობისათვის, რომ ერთმა ხალხმა მაინცა და მაინც მეორე შთანთქას და მოსპოს, თუ კი ორივეს ცალ-ცალკე თავისუფალი ცხოვრება და არსებობა შეუძლიათ და ამ არსებობით თუ არ შემატებენ, არას დააკლებენ კაცობრიობას? მოვიყვანთ მხოლოდ ორ სამწუხარო მაგალითს იმის დასამტკიცებლად, – თუ რა ბარბაროსულად იქცევიან ზოგიერთი სხვილი ხალხები, რომელთაც ეს თეორია შეუთვისებიათ და რომელნიც ქვეყნის უგანათლებულესს ხალხებათ ირიცხებიან.

* * *

მგონი, არც ერთი გაუნათლებელი ხალხის მმართველობა არ ექცევა ისე ცუდათ თავის ქვეშევრდომებს, როგორც ინგლისის მართებლობა ინდოელებს ექცევა. ინგლისელები იმას კი არ დასჯერდნენ, რომ ძალით დაიპყრეს ინდოეთი, წაართვეს იქაურ მცხოვრებლებს ადგილ-მამული და მიწა-წყალი; არ სჯერდებიან არც იმის სიმდიდრეს, რომელიც მუდამ წელს გამოაქვთ ამ ბუნებით მდიდრისა და უხვის ქვეყნიდამ: ისინი თვითონ მცხოვრებლებსაც უმოწყალოთ და სწორეთ ბარბაროსულათ ეპყრობიან; ხოცავენ და სტანჯავენ, ასე, რომ ახლა, როგორც ამბობენ, იმის მეათედიც აღარ არიან თურმე ადგილობრივი მცხოვრებლები (ინდოელები), რაც იმ დროს იყვნენ, როდესაც ინგლისელებმა იმათ ქვეყანაში ფეხი შესდგეს. განათლების გავრცელებისა და ეკონომიური მდგომარეობის ამაღლების მაგივრათ, ინგლისელები იმნაირათ ეპყრობიან თავის უცხო ქვეყნელ კოლონიებს, თითქო იმათი არსებობა ქვეყნისათვის მავნებელი იყოს და იმათი მოსპობა კი აუცილებლათ საჭირო.

* * *

საუბედუროთ, არც სხვა შემთხვევაში სამაგალითო ამერიკელები ეპყრობიან ინგლისელებზე უკეთ იმ ადგილობრივ წითელ კანიან ინდოელებს, რომელნიც იმათგან დაჭერილი მიწების მეზობლათ ცხოვრობენ ქვეყნის დასაბამიდამ. ყოველ წელიწადს აუარებელი ხალხი მიდის ევროპიდამ ამერიკაში; ერთი მხრით, ამერიკის თავისუფლება, მდიდარი ბუნება და უფრო ადვილათ საცხოვრებელი საშუალების მოპოვების იმედით და, მეორე მხრით, ევროპაში მართებლობისაგან დევნა და სიღარიბე – აიძულებს ამ ხალხს ასე შორს ქვეყანაში გადასახლებას. წელიწადი არ გავა, რომ სხვა და სხვა ევროპის და აზიის სახელმწიფოებიდან უკანასკნელი ასი და ორასი ათასი კაცი იქ არ გადასახლდეს, ხან მილიონამდიც. ამდენ გადასახლებულებს, რასაკვირველია, სამოსახლო და სახნავ-სათესი ადგილი უნდა; ამერიკის მმართველობა იმათ იქ აძლევს ადგილებს, სადაც ინდოელები სახლობენ. ამ მეზობლებს შუა მუდამ ჩხუბი და უკმაყოფილება სუფევს. მმართებლობა თავის მოქალაქეებს ეხმარება და ამნაირათ შეუბრალებლათ ავიწროებენ, ხოცავენ და სცარცვავენ საწყალ წითელ კანიან ინდოელებსა.

ერთს რუსულ ჟურნალში* დაწვრილებით არის აწერილი იმ ინდოელების შევიწროებული მდგომარეობა და ამერიკელების მოქმედება იმათ შესახებ. ამ სტატიიდამ, სხვათა შორის, ვტყობილობთ, რომ შარშანწინ მაისში ერთი ინდოელი პატარა ხალხის მეფე, სახელად «წითელი ვაშლი», მისულა ვაშინგტონში, აუხსნია პრეზიდენტის გრანტისათვის თავის ხალხის შევიწროებული მდგომარეობა და უთხოვნია, რომ ცოტა შემწეობა მოგვეცით, რომ ჩვენი ცოლ-შვილი ვარჩინოთო, რადგან რაც მიწები გვქონდა, სულ თქვენ წაგვართვითო; უთხოვნია აგრეთვე, თოფის წამალი მოგვეცით, რომ ვინადიროთ, რადგან ჩემი ხალხი ნადირობით ირჩენს თავსაო, და განკარგულება მოახდინეთ, რომ ტყუილ-უბრალოდ ნუ ხოცავენ თქვენი სალდათები ჩემ ქვეშევრდომებსაო. ამ თხოვნის განხილვა პრეზიდენტმა ცალკე კომისიას მიანდო, რომელსაც ივნისში უნდა მოესმინა «წითელი ვაშლის» საჩივარი.

* * *

ძლიერ შესანიშნავია ის სიტყვა, რომელიც ამ ბარბაროსული ხალხის მეფემ «წითელმა ვაშლმა» ამ სხდომაზე წარმოსთქვა. მოგვყავს ეს სიტყვა შემოკლებით და მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით წაიკითხოს. «მე არასოდეს არ მომინდომებია იმ «დიდებული მამის» წინააღმდეგობა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობს (პრეზიდენტზე ამბობს). იქნება დიდებული მამა კეთილი კაცი იყოს, მე კი იმას ვერ ვხედავ. ჩვენ წაგვართვეს ჩვენი ადგილ-მამული და ერთი ნამცეცა მიწა დაგვიტოვეს. თქვენი ხალხი ისე იზრდება, როგორც ზაფხულის ბალახი და ჩვენი კი ყინულსავით ილევა, როდესაც იმას მზე დააწვება. ჩვენ არ გვინდა გადავესახლოთ მისურის მდინარის ნაპირს, რადგან იქ, ცუდი ჰავის გამო, მოხუცებულები და ბავშები ცხვრებივით იხოცებიან. ჩვენ იქვე გვსურს სიკვდილი, სადაც დავიბადეთ. ჩვენი დედ-მამები გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი საკუთარი ადგილიაო. ახლა კი მე ღარიბი და შიშველი ვარ. ჩვენ სიმდიდრეს არა გთხოვთ,  გთხოვთ მხოლოდ, რომ თქვენი პირობა შეასრულოთ და უკანონოთ არ შეგვავიწროვოთ. თქვენი ჩინოვნიკები ტყავს გვაძრობენ და გვძარცვავენ ჩვენა. თქვენგან გამოგზავნილი შემწეობა ნახევარზე მეტი იმათ მიაქვთ. დიდებულმა მამამ, რაც თავის ქვეყანაში ცუდი და მექრთამე ჩინოვნიკები ჰყვანდა, სულ ჩვენში გამოგზავნა. ჩვენ გთხოვთ, რომ პატიოსანი კაცები გამოგვიგზავნოთ უფროსებათ. თოფის წამალი გთხოვეთ, მაგრამ თქვენ არ მოგვეცით; შეგეშინდათ, გგონიათ ომიანობას ავტეხთ. თქვენ უანგარიშო და ძლიერი ხალხი ხართ და ჩვენ კი ერთი მუჭა – რისი გეშინიათ?! თქვენი სალდათები წიწილებივით ხოცავენ ჩვენებსა და კაცი არ არის გამკითხავი. ჩვენ არ გვყავს თქვენსავით მწერლები, რომელთაც შეეძლოთ ჩვენი გულ-მოსაკლავი მდგომარეობის აწერა…»

* * *

გრანტმა შემოუთვალა იმას პასუხად, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანისამოსს გამოგიგზავნითო და ვეცდებით სხვა თქვენი თხოვნაც აღვასრულოთ, თუ შესაძლებელი იქნებაო. თოფის წამლის მიცემაზე კი უარი უთხრა. ივნისის 15-ს წითელ-კანიანი ინდოელების დეპუტაცია და მათ შორის იმათი მეფე «წითელი ვაშლი» ნიუ-ორკში მივიდნენ. იქ იმათ აჩვენეს სხვადასხვა ფაბრიკები, ზავოდები, თეატრშიაც წაიყვანეს; მაგრამ ისეთნაირათ გულმოკლულნი იყვნენ, რომ სრულიად არაფერი არ ეხალისებოდათ. სხვათა შორის, იმათ ნახეს ერთი იქაური სასწავლებელი და იქ მოყრილ საზოგადოების წინ «წითელმა ვაშლმა» მეორეთ წარმოსთქვა სიტყვა თავის ხალხის მდგომარეობის შესახებ: «ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, თქვენთვის თეთრი კანი მოუცია ღმერთსა და ჩვენთვის კი წითელი. თქვენ შინაურ ცხოველებსა სჭამთ და ჩვენ

——————————–

* «Отечест. Записки», № 5, 1872 г.

– გარეულს. თქვენ რომ ჩვენში (ამერიკაში) მოხვედით, ჩვენ ძმურათ მიგიღეთ: მოგეცით მიწები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაშინ ჩვენ ბევრი ვიყავით და თქვენ კი ცოტა, ახლა თქვენ ბევრი ხართ და ჩვენ ცოტა. ნუთუ ეს გაძლევთ უფლებას, რომ შეგვავიწროვოთ და ჩვენი ამოწყვეტა მოინდომოთ?! მე მოვედი სიმართლისათვის, მაგრამ თქვენ არ მაღირსეთ… მაშ, ჩვენ გვატყუებდა თქვენი მმართველობა, როდესაც პირობის შეკვრის დროს მშვიდობიანობას და ყოველ სიკეთეს გვპირდებოდა!..»

* * *

აი, ამისთანა გულის შესაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამერიკელებისაგან საწყალი წითელ-კანიანი ინდოელები. თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის სუსტს და უღონო მეზობლებს, სხვა ხალხებისაგან რაღას უნდა მოველოდეთ? იახ, სამწუხაროა, რომ ამისთანა ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა და სხვა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს თითქმის ევროპის ყველა განათლებული ხალხები შეჰნატრიან… «ბრწყინვალე მზეზედაც ლაქები მოინახებაო», – ამბობენ რუსები და ეს არაკი ამ შემთხვევაში სწორეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მართლდება.

* * *

ამგვარი მდგომარეობა წითელ კანიან ინდოელებისა, უეჭველია, დიდხანს არ გასძლებს ამერიკაში. თუ ზანგებს (ნეგრებს) მიანიჭეს ამერიკელებმა სრული სამოქალაქო უფლებები, თუ იმათთვის კონგრესისა, სასამართლოებისა და ყველა დაწესებულებების კარები გაღებულია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, ამერიკელები მოვლენ გონზე და ამ ინდოელებსაც მიანიჭებენ ყოველგვარ უფლებას და ჩათვლიან ამერიკის მოქალაქეებად. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოგვიდგენენ შესანიშნავსა და სამაგალითო ქვეყანას, რომელშიაც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ, თავისუფლების დროშის ქვეშ იცხოვრებენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №22, ინიციალებით – ს. მ.

რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? – სერგი მესხი

(ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)

«ამ სიტყვებს მივაქცევ ცოცხლებისაკენ და არა იმათკენ, რომელნიც ცოცხლებში ურევიან, ხოლო მკვდართათანა შეირაცხნეს».

ამბობენ, რომ ერთი დამნაშავე რაღაც ავკაცობისათვის რამდენიმე წლით საპყრობილეში იყო დამწყვდეულიო; გაუთავდა თუ არა ვადა, საპყრობილის ზედამხედველმა გაუღო მას თურმე კარები და უთხრა: «ჩემო ძმაო, შენ გაგივიდა საპყრობილეში ჯდომის ვადა; ახლა თავისუფალი ხარ. შეჰკარ ბარგი, გამოდი ამ სულშემხუთავი ოთახიდამ და ფეხ წაუმტვრევლად იცხოვრე ქვეყანაზე». მაგრამ, წარმოიდგინეთ ზედამხედველის გაკვირვება, როდესაც დაინახა, რომ დამნაშავე ამ ამბავმა სრულიადაც არ გაახარა და გამოთხოვების დროს ტირილი დაიწყო. ამბობენ აგრეთვე და მეც ჩემი ყურით გამიგონია, რომ, როცა ჩვენში გავარდა ხმა გლეხების განთავისუფლებისა, ზოგიერთი გეხი ამბობდა: «ჩემ ბატონს თავის დღეში არ მოვშორდები, ჩემ მამა-პაპას ჰყოლია ბატონი და მეც უნდა მეყოლოსო!..»

სწორედ ამნაირია ახლანდელი ქალების უმეტესი ნაწილის საქმეც: ისინი მამა-პაპიდგანვე შესჩვევიან თავის მდგომარეობას, მამა-პაპიდგან კაცების ხელქვეითნი ყოფილან და თითქმის არავითარი სურვილი, თვით მოქმედება და უფლება იმათ არ ჰქონდათ, და როდესაც ახლა ქალებს ეუბნებიან, დროა განთავისუფლდეთ ამ მონობისაგან, თქვენც ისეთი სწავლა-განათლების, ჭკუაგონების გამოჩენისა და მოქმედების უფლება უნდა გქონდესთ, როგორიც კაცებსა აქვსთ და ამით თქვენც უნდა დაეხმაროთ კაცობრიობის წარმატებასაო, – ისინი გაკვირვებულნი არიან და ამბობენ: «ჩვენ ახლაც კარგ მდგომარეობაში ვართ, რის უფლებები, სადაური მოქმედება, რომელი სწავლა-განათლებაო! ასე უცხოვრია ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთო!»

ძალიან ძნელია რომელსამე კაცს მისი ცუდი მდგომარეობა აუხსნა, თუ კი ამნაირ მდგომარეობაში მყოფი თვითონ არა გრძნობს ამას. საპყრობილეში დამწყვდეული დამნაშავე ისე შესჩვევია თავის დამწყვდევას, თავის ოთახის დამპალ ჰაერს, იმის ნოტიო ოთხ კედელს და გახრეკილ დოშაკს, რომ იმათი მოშორება ეძნელება და ვერ გაუგია, – რა სიტკბოება უნდა იყოს კაცისათვის თავისუფლება. აგრეთვე ქალიც: თავის სამოქმედო ასპარეზათ იმას მხოლოთ სასტუმრო, საწოლი და სატანცაო ოთახები მიაჩნია და ამის გამო ვერ გაუგია, რათ ეუბნებიან, რომ ქალის დანიშნულება მარტო კეკლუცობაში და კაცების და თავის გრძნობების დაკმაყოფილებაში არ მდგომარეობსო; ვერ გაუგია, – რათ აშორებენ მოარშიყე კავალერს, ტკბილი ხმების გამომძახ ფორტეპიანოს და რათ აჩეჩებენ ხელში რაღაც «უფლებებს», რომელნიც არ იცის, სად და როგორ მოიხმაროს!

ყველგან და ყველა ქალი რომ ასე ჰფიქრობდეს და სჯიდეს თავის მდგომარეობაზე, მაშინ, უეჭველია, დღეს ამ საგანზე მკითხველთან ლაპარაკი არ მოგვიხდებოდა. მაგრამ ღვთის მადლით, უმრავლესი ნაწილი დასავლეთ ევროპის და რუსეთის განათლებული ქალებისა და ამერიკაში თითქმის ყველანი – სულ სხვანაირათ სჯიან ახლა ქალის დანიშნულებაზე და ისინი სხვაფრივაც მოქმედებენ, იმისთვის, რომ ქალებმა შემდეგში მაინც ამ თავის დანიშნულებისა დაგვარათ, ცხოვრებისა და მოქმედების უფლება შეიძინონ.

ჩვენი დედა-მიწის ზურგზედ ისეთი სულდგმულები არიან, რომელთაც ვერასგზით, ათასი საბუთით და არგუმენტითაც, ვერ დაუმტკიცებ რომელსამე ახალ აზრს და ვერ ჩააგონებ ამ აზრის, ან სხვა რომელიმე საქმის სიკეთეს და სარგებლობას. ამისთანა სულდგმულებს გარდა, ახლა თითქმის ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ქალების კაცებთან გათანასწორება, ე. ი. იმათთვის ყველა ამ უფლების მინიჭება, რაც კაცებს აქვთ, შეუმსუბუქებს მამობრივ სქესს ცხოვრების მძიმე ტვირთს და საზოგადოთ გააერთი-ორებს მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას.

ამ საგნის თეორეტიკულ მხარეზე ბევრი რამ არის ნათქვამი და დაწერილი უცხო ქვეყნების და თითქმის ჩვენს ღარიბ ლიტერატურაშიაც და ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორათ არის გაჩენილი, რომ იმის დამონავება, სხვა-და-სხვა უფლებების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას და ხასიათს, როგორც საზოგადოთ გაფუჭებულია ყოველი, «მონისა» და «ბატონის» ბუნება და ხასიათი; დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისათვის, ტკბილი გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლათ არ არის გაჩენილი; დამტკიცებულია ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხშირათ ხელსაც ისეთნაირათ შეუძლია კაცობრიობის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას. ერთი სიტყვით, დამტკიცებულია, რომ ცხოვრებაში ქალს თითქმის ყველა იმ მოვალეობის და საქმის ასრულება შეუძლია, რასაც ამჟამათ მხოლოთ კაცები ასრულებენ. მაშ, თუ ეს ასეა, რატომ ყოველგვარი უფლება, ყოველი საქმე მარტო კაცებსა აქვთ მინდობილი? რატომ არიან იმათ მოკლებული ქალები? ნუ თუ ჩვენ ცხოვრებაში ქალებისათვის საქმე აღარ არის, ნუ თუ მართლა თავის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ბუნების გამოსაყენებლათ კაცობრიობას იმდენი მამობრივი სქესის ტვინი და ხელი აქვს, რომ ქალების შრომა იმისათვის სრულიათ საჭირო აღარ არის?..

* * *

მაგრამ ყველა ამაზე და სხვა ამ საგნის თეორეტიკულ მხარეებზე ჩვენ არ მოველაპარაკებით დღეს მკითხველს, ჩვენ გვსურს გავაცნოთ მკითხველს მხოლოთ ის სახსრები და ღონისძიება, რომლითაც განათლებული ქალები კაცების მონობისაგან დახსნას და საზოგადოთ თავის ცუდი მდგომარეობისაგან გამოსვლას აპირებენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ღონისძიება – ქალების სამოქალაქო უფლების შეძენა, მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჭკუაგონების გახსნაა. სამივე ესენი ისეთნაირათ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, ისეთნაირად კუდი-კუდზე არიან გადაბმული, რომ ერთის უმეორისოთ შეძენა და მეორეს უმესამოთ – შეუძლებელი საქმეა. მართლა, როგორ შეიძლება რომელიმე სამოქალაქო უფლების შეძენა, ვსთქვათ სახელმწიფო სამსახურში შესვლისა, თუ ადამიანი გონება გახსნილი არ არის? ღარიბს, რომელსაც ლუკმა პური არა აქვს, როგორ შეუძლია ჭკუის გამდიდრებას მისდიოს და ან უჭკუო კაცს როგორ შეუძლია თავის ეკონომიური მდგომარეობა გააუმჯობესოს? ამიტომაც ქალებმა ამ სამთავე საშუალებას ერთნაირი ყურადღება მიაქციეს და ერთნაირათ სცდილობენ, როგორც სამოქალაქო უფლების შეძენას, აგრეთვე სწავლის მიღებასა და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როცა ოცი-ოცდაათი წლის წინეთ ქალების მოძრაობა დაიწყო, იმათ კარგათ იცოდნენ, რომ პირველი მტრები ქალებისათვის სხვა და სხვა უფლების მინიჭებისა კაცები იქნებოდნენ; ისინი კარგათ გრძნობდნენ და ხედავდნენ კიდეც, რომ ცრუ-მორწმუნეობით სავსე და წარსული ცხოვრების მაგალითით შემცთარი კაცის გონება ვერ წარმოიდგენდა, რომ ქალიც კაცია და იმასაც «კაცური» უფლება–ადამიანურათ, და არა პირუტყვულათ, არსებობისა უნდა ჰქონდეს.

ამიტომაც თვითონ ქალები, თავის საშუალებით და ჭკუით, შეუდგნენ საქმეს და დაიწყეს მეცადინეობა თავის გარკვეული მიზნის მისაღწევათ. პირველათ ეს მეცადინეობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ქალები და ზოგი განათლებული კაციც სცემდნენ ათასნაირ წიგნებს, ჟურნალებსა და გაზეთებს, რომელშიაც სწერდნენ ქალების ცუდ მდგომარეობას და უჩვენებდნენ საზოგადოებას და მმართველობას იმ გზებს და სახსებს, რომლებითაც ამ ცუდი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო. ამნაირათ ისინი  ქადაგობდნენ და ავრცელებდნენ საზოგადოებაში ქალების კაცებთან გათანასწორების აზრს.

ყველაზე უფრო გაცხარებული ეს სიტყვითი, ლიტერატურული მოძრაობა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და ამ უკანასკნელ დროს რუსეთში იყო. ამნაირი ქადაგებით ქალებმა ამ ქვეყნებში ბევრი მომხრე შეიძინეს და თავის აზრები გაავრცელეს საზოგადოებაში; ახლა ყოველ განათლებულ კაცს რცხვენოდა ეთქვა, რომ ქალი მარტო საარშიყოთ არის გაჩენილი და იმის საქმე მარტო შვილის შობა და სტუმრის შექცევა არისო. ამას მაშინ და ხშირათ ახლაც მხოლოთ ზოგიერთი ჯიუტი და გონება დახშული პირი ამტკიცებდა. მაგრამ მარტო ლიტერატურული მოძრაობით, მარტო ქალების სასარგებლო აზრების გავრცელებით მაგდენი არაფერი არ გამოდიოდა: იმათი მდგომარეობა ისევ უწინდელურათ შევიწროებული იყო. მაშინ ქალებმა მიაქციეს ყურადღება ერთ საშუალებას, რომელსაც ყოველთვის და ყველგან მიმართავენ ხოლმე, როდესაც რომელიმე მძიმე საქმის ასრულება ჰსურთ: მე ვამბობ ასსოციაციაზე. დარწმუნდნენ თუ არა ქალები, რომ განცალკევებული მეცადინეობით ისინი ბევრს ვერას გაარიგებენ, იმათ ასობით და ათასობით დაიწყეს თავის შეყრა და ერთათ ასსოციაციით შეუდგნენ თავის საქმეს. ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან ყოველ წელიწადს ათასობით იკრიბებიან მიტინგზე ქალები, ლაპარაკობენ თავის მდგომარეობაზე, ეძებენ თავის მონობის მოსასპობელ საშუალებებს, მართავენ ქალებისათვის სასწავლებლებს, ეხმარებიან ერთმანეთს ისეთი მუშაობის მოპოებაში, რომლითაც ქალს კაცისაგან დამოუკიდებლათ ცხოვრება შეეძლოს. ამ მიტინგებზე ათასობით ესწრებიან კაცებიც და ამნაირათ იმათი საშუალებით, ქალები უფრო მსწრაფლათ და უფრო კარგათ ავრცელებენ თავის აზრებს, ვიდრე ბეჭდვით.

* * *

ეხლა ვნახოთ, როგორ მოქმედებენ და რა გააკეთეს იმ განათლებულ ქვეყნების ქალებმა, რომელთაც თავის შევიწროებული მდგომარეობა იგრძნეს. არც ერთ ქვეყანაში ქალებს ისეთი უფლება არა აქვთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა ვსთქვათ, რომ არც ერთ ქვეყანაში ქალები ისე ენერგიულათ და ისეთი ჭკუით არ მოჰკიდებიან თავიანთ საქმეს, როგორც ამერიკაში. ამიტომაც იმათ ბევრი უფლება სწორეთ ძალით წაართვეს კაცებს. ნიუ-იორკის სასოფლო შკოლებში სულ 26000 მასწავლებელია და იმათში 21000 – ქალია. მასაჩუზეტში 4000 მასწავლებელში 2500 – ქალია, ასე, რომ მთელი სახალხო განათლება თითქმის მარტო ქალების ხელშია. ამას გარდა ამერიკის ქალები არიან: მომრიგებელ მოსამართლეებათ, პროფესორებათ, ექიმებათ, ფოსტაში და ტელეგრაფში მსახურობენ და სხვა.

ნიუ-იორკში და ვაშინგტონში არის ამჟამად მუდამი ქალების კონგრესი; ვაშინგტონის  კონგრესს «ქალების პარლამენტი» ჰქვია. ამ უკანასკნელ დროს ამ პარლამენტმა წინადადება შეიტანა ამერიკის კონგრესში, რომელშიაც თხოულობდა, რომ ქალებს მიენიჭოს დეპუტატების ამორჩევისა და საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლებაო, რომ ერთი სიტყვით განსხვავება ქალებსა და კაცებს შუა ამ მხრითაც მოისპოსო. ერთ შტატში ქალებს აქვთ ამ ჟამათ მინიჭებული ამორჩევითი უფლება, ყველა ამის მიღწევა და ამ თანამდებობის მოხმარება, უეჭველია, ქალებს არ შეეძლოთ, უმაღლესი განათლების მიღების (ე. ი. უნივერსიტეტში და კოლეგიებში შესვლის) ნება რომ არ ჰქონდეთ ამერიკაში.

ამერიკაში ძალიან ბევრი ისეთი საშუალო სასწავლებელი და შკოლაა, სადაც ქალები და ვაჟები ერთათ სწავლობენ; ხშირათ 15–16 წლის ახალგაზრდა ქალი და 18–20 წლის ყმაწვილი კაცი ერთათ სხედან, ერთ სკამზე, მაგრამ ეს არ უშლის იმათ მასწავლებლის ყურის გდებას და სიბეჯითეს სწავლაში და ამისგან საქალ-ვაჟო სასწავლებლებში არასოდეს არც ზნეობის დამრღვევი და არც საზოგადოთ გასაკიცხი რამ შემთხვევა არ მომხდარა. ხსენებული უფლებები, ასე ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებია. ახლა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაშია ამერიკის ქალი შინაურობაში, ოჯახობაში.

* * *

სადაც საზოგადოება იმდენათ განათლებულია, როგორც ამერიკაში, სადაც ცოლ-ქმრობა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულზე ან ნდობაზე და არა მზითევზეა დამყარებული და კიდევ, საზოგადოთ ყოველ ქალს ისეთი შრომის ასპარეზი აქვს გახსნილი, რომ ყოველთვის შეუძლია თავისი ჭკუითა და ხელებით დაირჩინოს თავი, იქ, რასაკვირველია, ქალი, როგორც სხვა მხრივ, არც ოჯახობაში იქნება კაცისაგან დამოკიდებული. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში არც ქმარიანი და არც გასათხოვარი ქალი კაცის მონათ და ჭკუით ბავშვათ არ მიაჩნიათ, როგორც სხვაგან. ყოველ საზოგადო და კერძოობით საკუთარ საქმეებზე ცოლი და ქმარი ერთად მოილაპარაკებენ, ერთად აქვთ რჩევა და ერთად  გადაწყვეტენ, როგორც სჯობია.

ამ ოჯახის რჩევაში ხშირად გასათხოვარი ქალიც იღებს მონაწილეობას. მაგრამ ახალგაზრდა ქალს თავის ნაცნობები და მეგობრები ჰყავს, თავის საქმე აქვს და საზოგადოთ, როგორც ჭკუა უჭრის ისე ცხოვრობს, თავის საკუთარ საქმეში თვითონ ისაა ბატონი და იმის და უნებლიეთ არავის არ შეუძლია ამ საქმეში გაერიოს. ხშირად ახალგაზრდა ქალს ეწვევა სტუმრათ რომელიმე ყმაწვილი კაცი; ისინი მარტოთ მარტოკა დასხდებიან ცალკე ოთახში და რაზედმე ლაპარაკობენ. ერთ დედას არ მოუვა აზრში და ვერც გაბედავს, რომ შეიჭვრიტოს ქალის ოთახში თავის ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ.

ყოველი დედა დარწმუნებულია, რომ იმის ახალგაზრდა ქალი საზრახისს არაფერს არ იქს და არც ყმაწვილი კაცი იკადრებს და ვერ გაბედავს იმის ქალის გაუპატიურებას, რადგან ამის შემდეგ ამ ყმაწვილ კაცს, არა თუ იმ ქალაქში, მთელ ამერიკაშიაც აღარ შეეძლება ცხოვრება, ისე სდევნის და იმდენათ ჰკიცხავს იმას საზოგადოება. ერთი-ორი ამისთანა მაგალითის შემდეგ, ქალის გაუპატიურება არავის არ მოსვლია აზრში.

* * *

რას იტყვიან ჩვენში – მარტო ახალგაზრდა ქალი და ვაჟი რომ დაინახონ ერთად ცალკე ოთახში? ან როგორ შეხედავს საზოგადოება, მაგალითად იმას, რომ ახალგაზრდა ქალი და კაცი ხელიხელ გაყრილი ერთად დაიარებოდნენ სადმე ქალაქს გარეთ ან ქუჩაში? უეჭველია, ყველა ძალიან იჭვიანათ შეხედავს ამ გარემოებას. «საქმეს არიგებენ, სიყვარულს უცხადებენ ერთმანეთსო». – იტყვიან და ვინ დაამტკიცებს, რომ საზოგადოება შემცდარია, როცა ამისთანა აზრის არის. ჩვენი ცხოვრება იმნაირათაა გამართული, ჩვენ ისეთის თვალით უყურებთ ქალებს, რომ მართლა იმათ ნახვის დროს, პირუტყული გრძნობის დაკმაყოფილებისა და არშიყობის მეტი აზრში არაფერი არ მოგვდის… საზარელია ამისთანა შეხედულება ქალის შესახებ, მაგრამ ამაში, ერთის მხრით, ჩვენი  ქალებიც დამნაშავენი არიან…

ვინ იცის, ერთი მიზეზთაგანი იმ ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილ მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება ამჟამად ამერიკა, ის გარემოებაც იყოს, რომ იქაური ქალები ყველაზე უფრო ნაკლებად არიან კაცებისაგან დამოკიდებულნი, რადგან ყველაზე უფრო მომეტებული უფლებები აქვთ მინიჭებული. იქნება ეს ამერიკელი ქალების დამოუკიდებლობა იყოს მიზეზი, რომ ამ ქვეყნის ცხოვრებას, სიმდიდრეს და განათლებას თითქმის ყველა ევროპის ხალხი შენატრის. თუ ამაში ერთი იოტი ჭეშმარიტება მაინც არის, მაშინ ადვილათ წარმოსადგენია, რამდენათ წინ წაიწევს კაცობრიობის ცხოვრება, როდესაც ყველა ქვეყანაში ქალებს შრომის, განათლებისა და თავისუფლათ მოქმედების სრული უფლება მიეცემათ…

* * *

ამერიკის შემდეგ ყველაზე უფრო გაცხარებული მოძრაობა ქალების სასარგებლოთ ინგლისში იყო. საზოგადოთ ინგლისელებს ისეთი ხასიათი აქვთ, რომ ყოველი ძველი, თუნდ უაზრო და მავნებელი, ჩვეულების გადაგდება და რომელისამე ახალი აზრის შეთვისება და ახალი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში ძალიან ეძნელებათ. მაგრამ თუ კი ინგლისელმა ერთხელ რაიმე საფუძვლიანათ გაიგო, თუ კი ერთხელვე მიხვთა, რომ ეს საქმე კარგი იქნებაო, ან მეორე ცუდიო, მაშინ იმას ვერაფერი ვერ დაიჭერს: ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ თავის გაგებისდაგვარათ მოიყვანოს სისრულეში ეს საქმე. სწორეთ ამნაირათ იყო ინგლისელი ქალების საქმეც: მგონია, არც ერთ განათლებულ ქვეყანაში ქალი ისეთ ცუდ მდგომარეობაში და კაცისაგან ისე დამოკიდებული არ ყოფილა, როგორც ინგლისში. მაგრამ ინგლისის საზოგადოება ამ საუკუნის მეორე ნახევრამდე ამას სრულებითაც არ აქცევდა ყურადღებას: «ჩვენ მამაპაპების დროს ასე ყოფილა ქალები და ახლაც ასე უნდა იყვნენო», – ამბობდენ ინგლისელები. «ჩვენი დედები და ბებიებიც ამნაირათვე ყოფილან კაცებისაგან დამოკიდებულნი და უფლება ჩამორთმეულნი, და ჩვენც აგრეთვე უნდა ვიყვნეთო», – ამბობდნენ ინგლისელი ქალები. დიახ, საუბედუროთ, ამნაირ სიტყვებს ხშირათ მარტო ჩვენში კი არა, განათლებულს ინგლისშიაც გაიგონებთ, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იქ, ადრე თუ გვიან, გაარჩევენ მაინც კარგსა თუ ცუდს და თუ კი ერთხელვე გაიგეს, ყოველ ღონეს ხმარობენ, ცუდი მოსპონ და კარგი შემოიღონ. ჩვენ… მაგრამ ჩვენ ცუდ მხარეებზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ერთობ დიდხანს მოგვინდება გაჩერება და საქმეც შორს წავა…

ამ ოცი-ოცდა-ათი წლის წინათ ჩამოვარდა პირველათ ინგლისში ქალების მდგომარეობაზე ლაპარაკი, ყველაზე უფრო ძლიერი და ჩასაგონებელი სიტყვა ქალების სასარგებლოთ ჯონ-სტუარტ მილმა და იმის ცოლმა სთქვეს. მას შემდეგ ქალების მდგომარეობაზე და იმათ კაცთან გათანასწორებაზე ლაპარაკი და მოძრაობა ინგლისში არ გაწყნარებულა. ქალების ასსოციაციები, საზოგადოებები და კლუბები, რომლებიც ზევით მოვიხსენე, ყოველ წელიწადს იკრიბებიან ლონდონში, სცემენ საქალებო ჟურნალებს და გაზეთებს, კითხულობენ სახალხო ლექციებს ქალების შესახებ, ეხმარებიან ღარიბ და უპატრონო ქალებს მუშაობის და საქმის მოპოვნაში და ხსნიან ისეთ მაღაზიებს, სადაც მარტო ქალებს აძლევენ სამუშაოს და მარტო იმათ ხელ-საქმეს ჰყიდიან; წელიწადი არ გავა, რომ ამ ასოციაციებმა პარლამენტში ათასი ქალისაგან ხელ-მოწერილი თხოვნა არ შეიტანონ, რომელშიაც ისინი ისეთივე უფლების მინიჭებას თხოულობენ, როგორც კაცებს აქვთ. მარტო შარშან წინ, მაგალითად, 117 პეტიცია (თხოვნა), 42954 ქალის ხელმოწერილი, შეიტანეს იმათ პარლამენტში იმის გამო, რომ იმ დროს იქ იყო სჯა იმაზე, მიეცეს ქალებს ქონებითი უფლება თუ არაო (უნდა იცოდეთ, რომ 1869 წლამდი ინგლისელ ქალებს საკუთრების უფლება არ ჰქონდათ); ყველაფერი, რასაც ქალი თითონ შეიძენდა, ან რაც დედმამისაგან მოჰყვებოდა, კანონის ძალით, ქმრის განუკითხველ მფლობელობაში იყო! ამ წელსვე 260 პეტიცია შეიტანეს ქალებმა, რომელშიაც თხოულობენ, რომ ჩვენც მოგვეცეს ამორჩევითი უფლებები, ე. ი. მოგვეცეს კენჭი, რომ პარლამენტისათვის დეპუტატების ამორჩევაში მივიღოთ მონაწილეობაო. ამ ორას სამოც თხოვნაზე 61548 ქალს მოეწერა ხელი; ორმოცი ისეთი პეტიცია შეიტანეს, რომლებშიაც თხოულობდნენ ქალაქის გამგეობაში (მუნიციპალიტეტში) მონაწილეობის მიღებას.

ერთი სიტყვით, ინგლისელი ქალი მოსვენებას არ აძლევს თავის მართებლობას: ეს სამსახურში შესვლის ნება მოგვეციო, უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელი გაგვიხსენიო, ან კაცების უნივერსიტეტში შეგვიშვი ვისწავლოთო და სხვა. იმათმა მეცადინეობამ უნაყოფოთ არ ჩაიარა: სხვადასხვა სამოქალაქო უფლების გარდა, იმათ ამ უკანასკნელ დროს შეიძინეს უნივერსიტეტში შესვლის უფლება, დღეს ქალები ედინბურგის, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიარებიან და ვაჟებთან ერთად ისმენენ ლექციებს…

* * *

არც ერთი განათლებული ხალხი არ უყურებს ისე ცუდათ ქალს, როგორც ფრანგები. ფრანგების აზრით, ქალი მხოლოთ კაცის სათამაშოთ, დროს გასატარებლათ და საარშიყოთ არის გაჩენილი. დღემდი თვით უგანათლებულესი  და მოწინავე სწავლულებიც (მაგ. პრუდონი) ამისთანა აზრის იყვნენ ქალებზე. მაგრამ ახლა, როგორც ყველგან, საფრანგეთშიც ისეთი პირები აღმოჩნდნენ, რომელთაც სინამდვილისა და არა პირუტყული გრძნობით დაბრმავებული თვალით დაინახეს ქალების დაცემული მდგომარეობა და სცდილობენ იმათ ფეხზე დაყენებას. ამას წინათ პარიჟის ქალებმა გახსნეს საკუთარი კლუბი იმ განზრახვით, რომ ქალები, რომელნიც თავის ცუდ მდგომარეობას გრძნობენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად იმოქმედონ. პარიჟშივე გამოდის ორი საქალებო გაზეთი, რომელნიც ავრცელებენ საზოგადოებაში ქალების განათლებისა და იმათი შრომის ჯეროვნათ დასაჩუქრების აზრებს. ამ ხუთი თუ ექვსი წლის წინეთ 20000 ახალგაზრდა ქალმა შეფიცეს ერთმანეთს, სანამ აღმორჩევითი უფლება არ მოგვეცემა, მანამ ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ გათხოვდებაო. ეგონათ ამით ძალა-უნებურათ მიიმხრობდნენ თავისკენ იმ კაცებს, რომელნიც ცოლების შერთვას აპირებდნენ და ისინი ქალების უფლების მინიჭებაზედ კანონმდებელ კრებაში მეცადინეობას დაიწყებდნენ. მაგრამ შესცდნენ და კიდეც რომ დაეწყოთ მეცადინეობა, ნაპოლეონის ხელიდან, აბა, რა სიკეთე და რა უფლება უნდა გამოეტანათ! ამას გარდა შარშან წინ პეტიცია შეიტანეს ქალებმა კანონმდებელ კრებაში აგრეთვე იმათი უფლების მინიჭებაზე, მაგრამ ისიც უნაყოფოთ დარჩა.

უკანასკნელ ომიანობის დროს საფრანგეთის ქალებმა თავის თავგანწირული მოქმედებით და მამაცობით, დაამტკიცეს, რომ ისინი მარტო კაცების სათამაშოთ არ არიან გაჩენილი. რამდენი მამულის მოყვარეობა, რამდენი გასაკვირველი თავ-დაუზოგავობა, რამდენი გულ-კეთილობა და ჭკუა გამოიჩინეს ქალებმა ამ უკანასკნელ, საფრანგეთისათვის საუბედურო და საშავდღეო ბრძოლაში! მოვა დრო, როცა ამგვარი მაგალითებისა და თავისუფალი აზრის გავრცელებისსაშუალებით, ფრანგი შესცვლის თავის პირუტყვულ შეხედულებას ქალზე და ადამიანათ ჩარიცხულ ქალს ადამიანურ უფლებას მიანიჭებს…

* * *

საფრანგეთზე უკეთ ქალებს გერმანიაში მიყავთ თავიანთი საქმე, როგორც საზოგადოთ კაცების განათლება, აგრეთვე ქალებისაც, გერმანიაში ამერიკას გარდა სხვა ყველა ქვეყანაზე უკეთ მიდის. პრუსიაში განსაკუთრებით უთვალავი საქალებო შკოლაა, თუ მართებლობისაგან, და თუ თვით ქალების ასსოციაციებისაგან გამართული. ამ დაბალ შკოლებში ყველაზე მეტი ყურადღება სხვადასხვა ხელსაქმეს და ხელოსნობას აქვს მიქცეული. ბერლინში არის ერთი ლიცეი, სადაც ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთათ დაიარებიან ლექციების მოსასმენათ. ბრესლავის საქალაქო ლიცეიში 110 ქალი დაიარება და, სხვათა შორის, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვის მოვლას და სხვა საგნებს სწავლობენ. ლეიპციგის სკოლაში, რომელიც ქალების ასსოციაციამ გახსნა, ვაჭრობას, მეურნეობას და ოჯახობას ასწავლიან ქალებს.

შარშან წინ, ნოემბერში, მრავალი ქალი და კაცი შეიკრიბა ბერლინში და მოილაპარაკა იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა იხმარონ, რომ ქალების ეხლანდელი მდგომარეობა გააუმჯობესონ. ამ კონგრესზე იყვნენ დეპუტატები (ქალები და კაცები) მრავალი ამგვარი საზოგადოებისა ამერიკიდან, ინგლისიდან და შვეიცარიიდან. კონგრესის პრეზიდენტათ ამოირჩიეს პროფესორი გოლცენდორფი, ვიცე პრეზიდენტათ და სეკრეტრათ ქალები იყვნენ. სხვათა შორის, გამოჩენილმა სწავლულმა ბიუხნერმა კონგრესზე სთქვა: «ახლანდელ საქალებო სასწავლებლის პროგრამა სრულიად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ სასწავლებლიდგან გამოსული ქალი სრულიათ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას; ქალები არც მასწავლებლებათ ვარგანან და რიგიანათ ვერც თავიანთ შვილებს ზრდიან; ამ სასწავლებლიდან, – ბიუხნერის სიტყვით, – გამოდიან ისეთი მანდილოსნები, რომელთაც მხოლოთ სტუმრის მიღება და იმათთან ტიკტიკი შეუძლიათ კარგათო. დიდი ხნის მოლაპარაკებისა და ბაასის შემდეგ, ბერლინის ქალთა კონგრესმა შემდეგი გადაწყვიტა:

1) ბერლინის ქალთა საზოგადოებას (ასსოციაციას) მუდამ კავშირი და მიწერ-მოწერა უნდა ექმნეს უცხო ქვეყნების ამგვარსავე ასსოციაციებთან, რადგან ამ საქმეში მხოლოთ ერთად და ერთნაირად მოქმედება, საზოგადოთ, ქალების ცუდ მდგომარეობას შეამსუბუქებს

2) უნდა დავაარსოთ საკუთარი ორგანო (გაზეთი ან ჟურნალი), რომელშიაც მხოლოთ ქალების ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და განათლების საშუალებაზე იქნება სჯა და

3) უნდა გავმართოთ ქალებისათვის უმაღლესი და აგრეთვე სახელოსნო სასწავლებელი.

მას შემდეგ ეს კონგრესი მუდამ წელიწადს იკრიბება და ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს. ამნაირი, მაგრამ უფრო პატარა კონგრესი და ასსოციაცია მარტო ბერლინში კი არა, სხვა გერმანიის ქვეყნებსა და ქალაქებშიც არის.

* * *

ესპანეთში ქალები დაიარებიან მადრიდის უნივერსიტეტში; იმათთვის იქაური პროფესორები ცალკე ლექციებს კითხულობენ. შვეციის მართებლობამ ამას წინათ კოროლინის უნივერსიტეტში სიარულის ნება მისცა ქალებს, რომელიც სტუდენტებთან ერთად ისმენდნენ თითქმის ყოველგვარ ლექციას. აგრეთვე დანიაში ქალები დაიარებიან კოპენგაგენის უნივერსიტეტში და როგორც ამბობენ, მშვენივრათ სწავლობენ და კარგათ ესმით ყველა ძნელი მეცნიერების საგნებიო.

ნორვეგიაში ქალებს აძლევენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობის ალაგს. ამას გარდა თითქმის ყველა ევროპის სახელმწიფოში და აგრეთვე რუსეთშიაც ქალებს ამჟამად ტელეგრაფის და ფოსტის სამსახურში იღებენ.

* * *

რუსეთში ქალებზე ლაპარაკი პირველად 1861 წ. დაიწყეს, როცა მაშინ დიდი გავლენის მქონე ჟურნალში – «თანამედროვეში*» დაიბეჭდა მ. მიხაილოვის საკუთარი და ნათარგმნი სტატიები ქალთა მდგომარეობაზე. მაგრამ ყველაზე უფრო მომეტებულათ რუსეთში ქალებზე და სხვა ბევრ რამეზედაც დაიწყეს ლაპარაკი მაშინ, როდესაც 1863 წელს დაიბეჭდა ამ საქმის შესახებ რომანი**. მას შემდეგ რუსულ საზოგადოებაში და ლიტერატურაში თითქმის არ გაწყნარებულა ამ საგნებზე სჯა: ყოველი გაზეთი და ჟურნალი, ყოველი განათლებული და გაუნათლებელი საზოგადოების წევრი ვალდებულათ რაცხდა თავის თავს, რაიმე დაეწერა, ან ეთქვა რუსის და უცხო ქვეყნების ქალების მდგომარეობაზე. ზოგიერთი ამ ახალი აზრისა და საქმისა, რომელსაც რომანისტი ქადაგობდა, აღსრულებაშიაც მოიყვანეს, მაგალითად, დააარსეს ქალთა სახელოსნოები და სხვა. ამ დროს პეტერბურგის ქალებს უნივერსიტეტში და მედიცინის აკადემიაში ლექციის მოსმენის უფლება ჰქონდათ. შემდეგ მხოლოთ ერთი ქალი (კაშევაროვა) დაიარებოდა მედიცინის აკადემიაში და სხვა სტუდენტებთან ერთად ისმენდა ლექციებს. რუსეთში აგრეთვე ქალებს უფლება აქვთ საქალებო სასწავლებლებში მასწავლებლობისა და ბუღგალტრათ სამსახურისა.

1867 წ., როდესაც რუსეთის ნატურალისტების კრება იყო პეტერბურგში, იქაურმა ქალებმა შეიტანეს კრებაზე ქაღალდი, რომელშიაც სთხოვეს პროფესორებს გვიშუამდგომლეთ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ბუნებითი საგნების სმენის ნება მოგვეცესო. მაგრამ პროფესორების რჩევამ გამოუცხადა იმათ, თქვენი თხოვნის ასრულება არ შეგვიძლიაო…

1868 წ. ოთხასზე მეტმა ქალმა შეიტანა ქაღალდი უნივერსიტეტში და ქალებისათვის ლექციების სმენის ნებას თხოულობდა. ყველა რუსეთის ქალაქიდან მოსდიოდათ მაშინ პეტერბურგის ქალებს ადრესები, რომელშიაც თანაგრძნობას და მადლობას უცხადებდნენ მათ ამ საქმეში მეცადინეობისათვის***, მაგრამ სახალხო განათლების სამინისტრომ უპასუხა მათ, რომ ქალებისათვის სხვა საკუთარი სასწავლებლებია გახსნილიო, სადაც სწავლის მიღება შეგიძლიათო და ქალების უნივერსიტეტში შესვლა კი ჯერ უდროოთ დაინახა და ამიტომ უარი უთხრა პეტერბურგის ქალებს.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1871 წ., №4, ს. მესხის ხელმოწერით.

მამულის სიყვარული და მსახურება – ნიკო ნიკოლაძე

შესავალი

ღვთის მადლით ფხიზლდება და იღვიძებს ნელ-ნელა ჩვენი ქართველობა, მოძრაობას იწყებს ცოტ-ცოტად ჩვენი ქვეყანა. როგორც იქნა, იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში, ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონია… ამ ოცი, თუთხმეტი წლის წინათ ჩვენში ამგვარი გრძნობისა ან გაგების ხსენებაც არ ყოფილა. მოვიგონოთ ის წყეული და ბნელითმოსილი დრო, რომელიც, ამას იქით ღმერთმა ნუ მოასწროს ჩვენს მამულს! გახსოვთ, ხომ, თითოეული კაცი რომ მარტო თავისთავად და თავისთვის მოქმედებდა. მას მეტი რამე მიზანი როდი ჰქონია – ჩინი ვიშოვნო, სამსახურში დავწინაურდე, შეძლება შევიძინოო. მისი კეთილის-მყოფელი მარტო ის იყო, ვინც ამ ჩინის შოვნას უადვილებდა, ვინც ამ დაწინაურებაში ეხმარებოდა ან ამ შეძენაში ხელს უწყობდა… ვაბეზღებდით ამ მეზობელს, ვდევნიდით, ვაწვალებდით… იმის მოსაზრება ჩვენ როდი გვქონდა, იქნება ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს, და ხვალ საკუთრად ჩვენ დაგვიწყონ დევნა ან წვალება ისე, როგორც დღეს ჩვენს მეზობელს ეპყრობიან ჩვენის შემწეობით… კი არ გვეშინოდა ქართულად ხმის ამოღების, გვრცხვენოდა, გვეთაკილებოდა, გვეგონა გლეხკაცად, «მუჟიკად» ჩაგვთვლიან, თუ რუსულად არ ვისაუბრეთო… ვის ჰქონდა მაშინ იმის გაგება, და ვინ იტყოდა, რომ ჩვენის პირადი კეთილდღეობისთვისაც საჭირო არისო დედა-ენის ცოდნა, თანამემამულეების ძმობა, მათი დახმარება… გახსოვთ, კიდევ, ოთხიოდე ახალგაზრდა კაცი გამოგვეზარდა, ამ ოცი წლის წინათ, რომელთაც ქადაგება დაიწყეს, წერით თუ სიტყვით, ქართველები ვართო, ქართულ ენას ნუ დავივიწყებთო, ქართული მწერლობა აღვადგინოთო, ერთობა და ძმობა ვიქონიოთო, ერთმანეთს ხელი გავუწყოთ და დავეხმაროთო, ამითი, მხოლოდ ამითი შეიძლებაო ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება… რა ხარხარი დააყარა მათს ქადაგებას ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც იმ დროს მარტო ჩინოვნიკებისა და აფიცრებისაგან შედგებოდა!

– ქართულმა ენამ რა უნდა მარგოსო, ფიქრობდენ და ბრძანებდენ მაშინ ჩვენი ტუზები, ჩვენი ჩინიანი და გავლენიანი ქოსები. მე თქვენ მოგახსენებ, ჩინს მომცემენ ან ჯამაგირს მომიმატებენ ქართული ენის ცოდნისთვის! რა საჭიროა ეს ქართული ლექსები ან ჟურნალები? უსაქმოობის გამო სჯღაბნიანო ეს ჩვენი თერგდალეულები…

გავიდა ოცი წელიწადი. რაღას ვხედავთ დღეს? ვხედავთ, რომ თვითონ ეს ქოსებიც კი  გრძნობენ ქართული მწერლობის საჭიროებას. გამოუგდეს რომელსამე მათგანს შვილი გიმნაზიიდან, ან უსამართლოდ გადუწყვიტეს საქმე სამსაჯულოში, ან გზა აღარ მისცეს სამსახურში თუ სასწავლებელში, მაშინ თვითონ ეს ქოსები ხელში კალამს აიღებენ და «დროებაში» სწერენ: «ვიღუპებით, ბატონო – გზა შეკრული აქვს ჩვენებურ კაცს, დამშევასა და დაბრმავებას გვიპირებენო». მარტო კალმით და წერით კი არ ქადაგობს ამას: იგი თავის მეზობელს უახლოვდება და ხედავს, რომ ორნივე ერთ ტაფაზე იწვიან თურმე… ჩინიან ქოსებს უწინდელ დროში მაინც, დედობრივი სიყვარულით ეპყრობოდენ… იმათ ძველი ამაგიდგანაც დარჩენილი აქვთ ხსოვნა მაინც… ახალთაობათა კი თავიდგანვე დედინაცვალი ერგოთ ბედათ, კაპასი, უმოწყალო, ძუნწი და მძულვარე დედინაცვალი… ძველ ქოსებს უკეთესი მაგალითები მაინც არ ენახათ, რომ თავიანთი ბედი მათთან შეედარებიათ. ახალთაობათა კი ბევრი სხვისი ოჯახი ენახათ, ისეთი ოჯახი, საცა დედამთილი, კი არ კაპასობს, ნაზად, როგორც მოსიყვარულე დედა, საყვარელ შვილებს ალერსით აბედნიერებს… რაღა გასაკვირველია, მაშასადამე, რომ ახალგაზრდებს ათასჯერ უფრო მწვავედ უნდა ეგრძნოთ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლულევანება, ჩვენი დაფანტულობა და უთავობა… ამასთან დრომაც იმოქმედა, ცოტათი არ იყოს. რაკი რუსეთის მთავრობამ, საკუთარი მიზნის მისაღწევად, საჭიროდ დაინახა, გამოეფხიზლებია სხვადასხვა სლავიანური ხალხების თვისტომობა, და რაკი მათი მაგალითის წახედვით ჩვენს საზღვარზედაც შეიძრა სომხობა, – ჩვენ ქვის გული და თიხის ტვინი ხომ არა გვქონდა, რომ ჩვენც არ გვეგრძნო თვისტომობის ღირსება ან პატივი? ჩვენს საკუთარ თვალწინ, ორიოდ-სამი წლის განმავლობაში, სომეხს ერთი მტკაველი ტანი მოემატა. გუშინ რომ წელმოხრილი იყო ეს კაცი, გუშინ რომ მის ხმის გაცემას არავინ კადრულობდა, დღეს ჩვენს თვალწინ ის გაიმართა, გამაგრდა, გაამაყდა. მან დღეს თავისპატივი იგრძნო, თავისი ფასი შეიტყო. დღეს მას ყველა ერიდება, ყველა პატივს-სცემს, ყველა თავაზიანად ეპყრობა და ფართო გზას აძლევს… რამ მიანიჭა მას ეს ბედნიერება? «სომხობამ», «მთელი სომხობის ძალამ». ჩვენც მივხვდით, ამისგამო… რომ «ქართველობაც» რომ სადმე იყოს, «მთელი ქართველობის ძალაც» რომ სადმე არსებობდეს, იქნება ჩვენც გაგვიადვილდეს ცხოვრება, იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ… სხვათა შორის ამანაც თვალი აგვიხილა, ამანაც გამოგვაფხიზლა და გვაგრძნობინა ჩვენი საკუთარი თვისტომობა… იქნება ყველა ეს საფუძვლები ჩვენგანს არავის ჰქონდეს კარგად გამოკვლეული, ნათლად ახსნილი, მაგრამ მათს ძალას ყველა ვემონებით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებ… დრომ მოიტანა, გარემოებამ გააძლიერა… ყოველის სტიქიური მოძრაობა ღირსშესასწავლია, თუკი კაცს სურს, რომ ეს მოძრაობა მისი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გამოდგეს, და არა დამღუპველად. სჯობს მაგალითით ვილაპარაკოთ. წყალიც სტიქიური ძალაა. ჩინებული რამ არის ქვეყნისთვის წვიმა… მაგრამ თუ მაისის წვიმა ნიაღვრად იქცა, ყანებს ერთიანად წალეკს და თესლს გადარეცხს… თუ მდინარეს კაცმა უადგილო ადგილს წვალება დაუწყო, თუ სარწყავი ღელეების ან საწისქვილე ტოტების თავი ცუდ ადგილს გაუკეთა, მდინარე რომ მოდიდდება, მთელ ყანებსა და მინდვრებს გადიარს, წალეკს, დააქცევს. გონიერმა ხალხმა კარგად უნდა შეისწავლოს წყლისა და მდინარის თვისება, კარგად უნდა მოიხმაროს ის ღონე, რომელიც ამ სტიქიისთვის ბუნებას მიუცია, თუ სურს, რომ ამ ძალამ ახეიროს… ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ, მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი კურნალობს, და უტვინო ბავში რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა… ამ ნაწერის მიზანიც – თუ დარი დამიდგა – ეს გამოკვლევა იქნება.

I

მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ მომხდარა, რომ ხალხს დიდ-ხნობით დავიწყებული ჰქონოდეს თავისი თვისტომობა და შემდეგ აღძრულიყოს მასში, შემდეგ გაძლიერებულიყოს საზოგადოებრივი გრძნობა, მამულის სიყვარული, მამულის მსახურება. დედამიწაზე ერთი ძლიერი ხალხი არ არის ისეთი, ერთი კაკალი, რომელსაც ეს მდგომარეობა არ გამოევლოს, რომლისამე სხვა ხალხის გონებითს გავლენის ქვეშ არ ეცხოვროს და ბოლოს თავისი თვისტომობა არ გაეხსენებინოს. ზოგმა დიდი ხანია რაც მოიპოვა ეს თავისი თვისტომობა, ზოგმა გუშინ შეიძინა ის, ზოგი კი დღესაც მისი შოვნისთვის იბრძვის, ან მის მოპოებაზე შრომობს და ზრუნავს. მაგრამ ყოველგან და ყოველთვის ერთნაირი გზა გამოუვლიათ ყველა იმ ხალხთა, რომელთაც ეს ბედი ღირსებიათ. მათი გაზრდა, გაძლიერება და განვითარება ერთგვარის გზით მიდის წინ, ერთგვარის კიბით ადის უმაღლეს განვითარების წერტილამდი. თითოეულ საფეხურს ამ კიბისას თავისი სწორი და მსგავსი საფეხური აქვს, როგორც ყველა სხვა ხალხების აღსამაღლებელ კიბეებს. ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრივობა და წინ მიდის. რა გზაც ხუთს, ექვსს, ან ოცს ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერცერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის. მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფად გაირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე… ავიღოთ, მაგალითად, თუნდ რუსეთი, და ვნახოთ, რა სტადიები გამოუვლია რუსების საზოგადოებას მისი თვისტომობის შეგნებისა და შეთვისებისათვის. მოგეხსენებათ, რუსეთი ჯერ სწორედ ისე განკერძოებულად ცხოვრობდა და უცხო ქვეყნელებს ისე ერიდებოდა, როგორც უწინდელ საუკუნოებში საქართველო იქცეოდა. პეტრე პირველამდი რუსეთი მარტო თავის თავს იცნობდა და მარტო თავის ჭკუით ცხოვრობდა. ერთობ უკან ჩამორჩა ის ამის გამო, ერთობ დასუსტდა, ერთობ დაგლახაკდა. ეს მიძინებული და დაუძლურებული ხალხი პეტრე პირველმა აიყვანა და ევროპის განათლებულ ცხოვრებაში შეაგდო. ბევრი რუსთაგანი წაფორხილდა მაშინ, ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თვალი დახუჭა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, იმისი არ იყოს, დრომ თავისი ჰქმნა… შემდეგ გამეფდა ეკატერინე დიდი, რომელმაც პეტრესავით ძალადობა კი არ იხმარა, უფრო ოსტატურად შეუდგა საქმეს. ის იშვიათად ხმარობდა ძალდატანებას. დიდკაცობაში ევროპიულ ცეკვასა, მორთვასა და მოკაზმვას ავრცელებდა, ევროპიულად ცხოვრობდა და თავის საზოგადოებას ევროპიულად მდიდრულ ცხოვრებას აჩვევდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ის სწორედ ისე ეპყრობოდა რუსის საზოგადოებას, როგორც ვორონცოვი ჩვენს ქვეყანას… და რასაც პეტრე პირველმა – გენიოსმა – რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, რაც ჩვენში ერმოლოვმა – დიდმა და ჭკუიანმა ერმოლოვმა – ვერ მოახერხა, ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით თუ ოსტატობით შეაპარა. შეაპარა ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრების… ცდილობდენ, რომ რუსის ხალხი გაენემეცებიათ ან გაეფრანცუზებიათ, და ქართველები – გაერუსებიათ. ის ავიწყდებოდათ, რომ ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს; შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ – წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება… და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ… ამნაირ გარეგან წაბაძვას გამოეკიდა ყველა; ამგვარ მაიმუნურ ან მასკარადულ «გადასხვაფერებას» მიალიეს ხალხის უმჯობესი დრო და თითქმის მთელი საუკუნე… მაინცა და მაინც სრულიად უმნიშვნელო ან უნაყოფო როდი დარჩენილა ეს გარეგანი წაბაძვაც. ბევრი სიკეთეც მოუტანა მან ხალხს. მაგალითად, თუნდ თეატრი ან მწერლობა… ასე ხშირად, მარტო წაბაძვით იწყებს ბალებში სიარულს ჩვენებური ვაჭარი, მარტო იმ განზრახვით, რომ სხვებს უკან არ ჩამოვრჩეო… მაგრამ რამდენისამე წლის შემდეგ ის ხედავს, რომ სუფთად ჩაცმასაც შეუნიშვნელად შეეჩვია, თავაზიან და პოლიტიკურ ლაპარაკსაც და, ამას გარდა, ბევრ საკვირველს, გონების განმავითარებელს აზრებს და ფიქრებს გაეცნო, საზოგადოებაში ბაასობის დროს… უსარგებლო არ ყოფილა მეთქი თვით მაიმუნური წაბაძვაც. მართლაც, ქვეყანაზე ყველაფერი ახირებულად ბრუნავს… ასე დახეტიალობს ქვეყანაზე კაცობრიობა, ერთი შეცთომიდგან მეორისკენ, და ვინ იცის, როდის ეღირსება მას იმნაირ გზაზე დადგომა, რომელზედაც უხიფათოდ ან დაუბრკოლებლად წაგოგიალდება მისი საქმე… ამ ბედნიერებისგან ჯერ-ჯერობით კი მეტის მეტად შორსა ვართ. ჩვენ დროს, ორმოცი, სამოცი წლის განმავლობაში ადგია ხალხი ბრმა-წაბაძვის გზაზე, ცდილობს გადაკეთდეს, გადასხვაფერდეს უცხოეთის კალაპოტზე. შუბლს რომ გაიხეთქს ამისთანა ცდაში და მიხვდება, ამდენიხანი უხეირო მიზნისთვის შემილევიაო, ის მობრუნდება და მეორე გზას ადგება: ცდილობს მაშინ საკუთარი წინაპრების წარსული დრო მოიბრუნოს, მათი მივიწყებული ჩვეულებანი გაიხსენოს…  ხალხიც სწორედ ისე იზრდება, როგორც ბავში. მართალია, როცა ის აკვანში ჩაწვენილია, როცა მას ხელ-ფეხი შეკრული აქვს და თვალები ახვეული, ის ვერც შუბლს მიახლის კედელს, ვერც ფეხს მოიტეხს ღრეში. მაგრამ რომ წამოიზრდება, კარგი მომვლელი სჭირია, და რაგინდ დახელოვნებული ან გულმტკივნეული იყოს ძიძა, ხომ ვეღარ მოერევა წვერ-ულვაშიან გაზრდილს, აკვანში ხომ ვერ ჩააწვენს, ხომ ვერ მოუვლის? როცა ბავში ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე სიარულს, განა შესაძლოა მისი ფეხის ადგმა და გაზრდა ისე, თუ ბევრჯერ ხან კედელას არ მიეხალა, ხან იატაკზე არ დაეცა, ხან კიბეზე არ გადავარდა?… დასაწყისში თითოეული ხალხი უძლური და უსუსურია, მალე მას ძიძა, ან მომვლელი უჩნდება, რომელიც აკვანში აწვენს და ხელ-ფეხს მაგარი არტაშანებით უკრავს… მთელი საუკუნოებით რჩება ხალხი ამ უბედურ მდგომარეობაში. მერე კბილები ამოდის, ღონე ეძლევა, გონება მოეწიფება. მაშინ ის ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე ხეტიალს, და ბოლოს ადამიანურ სიარულსაც. თავდაპირველად, როგორც კი გონებაზე მოდის, მას მარტო მიბაძვა შეუძლია: რა საქმის კეთებასაც სხვას შეამჩნევს, მის გადაღებას მოინდომებს… ბოლოს, როცა დიდძალ გამოცდილებას ან ჭკუას შეიძენს, როცა დავაჟკაცდება, ცხოვრებას გაეჩვევა, გაგონიერდება, ის თავის საკუთარ ჭკუას მიენდობა, მის ხელმძღვანელობით მოქმედებას იწყებს, და ისე ცხოვრობს, რომ სხვისი გამოცდილებაც გამოიყენოს და თავისი საკუთარიც; კარგი თავისიც დაიცვას და სხვებისაგანაც შეიძინოს; ავს სხვებისასაც ასცილდეს და თავისასაც. თუ კაცმა ამ სტადიების სისტემებრივ გამოსახვა და დაწყობა მოინდომა, ვნახავთ, რომ ყოველი ხალხის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების ოთხი პერიოდი მოიძებნება.

პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი თავის საკუთარი გონებითი ან  ტვინით არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს, და როცა ხალხი მცენარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობს, ერთი სიტყვით ის დრო, რომელსაც ყრმობის პერიოდი ჰქვია. მეორე პერიოდი, მ ი მ ბ ა ძ ვ ე ლ ო ბ ი თ ს ეძახიან, იმ დროს წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს გადასხვაფერდეს გარეგნულ წაბაძვით. მესამე პერიოდს, ძ ვ ე ლ ე ბ უ რ ო ბ ი ს აღმადგენელს, ის დრო შეადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არას მაძლევსო, და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათს ყურმოჭრილ მონად ხდება. ზოგიერთი ისტორიკოსები მეორე პერიოდს პროგრესიულ-მიმბაძავს არქმევენ, და მესამეს – რ ე გ რ ე ს ი უ ლ – მ ი მ ბ ა ძ ა ვ ს . მეოთხე პერიოდი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის ნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ ის გამორკვევას იწყებს, თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას აძლევს, სხვა ხალხის ძლიერება ამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, ისეთი, რომლის შეთვისებაც მის ბუნებას შეუძლია, და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, ისეთი, რომლის თავიდგან მოშორებაც შესაძლოა. ამ პერიოდს ჩვენში საკუთარი სახელი აქვს, ამიტომ რომ ჩვენ ეს დრო არ გვღირსებია. რუსულად კი ამას ჰქვია Пеиодъ самобытного твочества და ჩვენებურად, თუ გნებავსთ, ასე იყოს: თ ა ვ ი ს ე ბ უ რ ი   შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს  პერიოდი .

II

მიბაძვის პერიოდი ერთობ გრძელი იყო ჩვენში. ბუნებას ჩვენი ქვეყანა იმისთანა ადგილს მოუთავსებია, საცა ათასნაირი ხალხი იყრიდა თავს, თითქო ისეთს მოედანზე, რომელზედაც ერთბაშად ოცი თუ ოცდა ათი ქუჩა გამოდის… ჩვენს სამშობლოს ჯერ ერთი ხალხი მოადგებოდა კარზე, მერე მეორე, მერე მესამე და სხვ. თითქმის ყველანი კი ჩვენზე გაძლიერებულნი ყოფილან.

ერთის გაცნობას ვერ მოვასწრებდით, მისი დაწინაურება გაგვეგო, მისი ხეირიანი ჩვეულებანი შეგვეთვისებია, აკი მეორე მოგვადგებოდა, პირველზე უფრო ძლიერი ან დაწინაურებული. ვიწყებდით მაშინ ამ ხალხის გაცნობას, ან შეთვისებას… ერთიც ვნახოთ, მესამე მობრძანდებოდა, ორივეზე უმჯობესი, მერე, მეოთხე და მეხუთე. რა უნდა გვექნა ამ მდგომარეობაში, რა გვეშველებოდა? უბრალო სტუმრად რომ მობრძანებულიყო ყველა ეს ხალხი, კიდევ რასმე მაინც მოუხერხებდით. შეგვეძლებოდა მათი კარგი და ავი გონიერად გაგვეცნო, მათი სიკეთით გვესარგებლა, ან მათს ცუდს ავშორებოდით. მაგრამ ისინი სტუმრად კი არა, გამგლეჯ-გამაოხრებლად მოდიოდენ ჩვენსა. თითოეული ეს წვეულება ჩვენი ხალხისთვის აკლება იყო. თითოეული მათგანი ჯერ თავ-პირს დაგვამტვრევდა, მერე ბატონად გვიჯდებოდა სახლში, მშიერად და ღატაკად გვტოვებდა… ვის ექნებოდა დრო გონიერად დაკვირვებოდა მათს კარგსა და ავს? განუმარტებლად, უბრალო შეჩვევის ძალით, გვრჩებოდა თითოეულ ამ ხალხისაგან უმთავრესი მისი ზნე, სწორედ ისე, როგორც დიდ ჯარში, ან ვეება ხალხის გროვაში გარეულ კაცს ყოველი მისი შემხვდომის ჩირქი ან ტალახი ედება, და კარგი რამ კი ძვირად ხვდება…

ამ სახით მონგოლებსაც კი ვბაძავდით დიდხანს ძალა-უნებურად, სპარსელებსაც, თათრებსაცა და ლეკებსაც. ზოგმა ქუდი დაგვიტოვა, ზოგმა შარვალი, ზოგმა სიზანტე, ზოგმა ორპირობა… ხეირიანი და მაგარი ბუნება რომ არ გვქონოდა, ჩვენ სისხლში რომ ის დაუნდობელი და დაუშრეტელი ძალა არ მდგარიყო, რომელიც ზოგიერთს რჩეულ ხალხს უკვდავებას აძლევს, დიდი ხანია რაც დედამიწის პირითგან ქართველებისა და საქართველოს ხსენებაც კი გაქრებოდა.

ყველასაგან იმოდენი ჩირქი გვრგებია, ყველას ჩვენთვის იმდენი ტალახი და მტვერი მოუცხია, რომ სხვა, უფრო სუსტი ხალხი, კიდეც დაიმარხებოდა აქამდი ამ სისქე ტლაპოს ქვეშ… ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი ან ეტნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო ნამდვილი და პირველ-დროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი, თვისება? რა შეგვრჩა ჩვენი საკუთარი, ან რა გამოგვყვა და მოგვედო სხვისი? ჩვენი რა გვაქვს დღეს და სხვისი რა, ან რომლის რა? ვინ იცის ეს! მართალია, ბევრს არც საჭიროდ უნდა მიაჩნდეს ამ ნაირი გამოკვლევა, მაგრამ დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი რომ, ღვთის მადლით, ჩვენთვის გათავდა, და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს, პერიოდს ჩვენის თვისტომობისკენ დაბრუნებისას, მეტის მეტად საჭიროც არის და გამოსადეგიც ვიცოდეთ – ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს, ან რომელ თვისტომობას უნდა დავუბრუნდეთ, დავუახლოვდეთ? რომელს დროსა ან რომელს ზნეს უნდა დავუბრუნდეთ: როცა ქართველობას სპარსეთის დაღი ეკრა, თუ როცა თათრების გავლენის ქვეშ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, როცა თათრების ჭკუით ვცხოვრობდით და ვიკვებებოდით, თუ როცა საბერძნეთი გვპატრონობდა, როცა ვიზანტიის სწავლით გაბრწყინვებულ იქნა მოკლე ვადით ჩვენი ბნელი ცხოვრება? რა ზნე და წესი უნდა გვიყვარდეს, რა წყობილებისკენ უნდა მივესწრაფებოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ კარგად და ავად? ხომ შეუძლებელია ყველა ამ კითხვის განმარტება და გარჩევა, სანამ არ დაარსდება ჩვენში ხეირიანი ისტორიული შკოლა, სანამ ისეთი ხეირიანი ისტორიკოსები არ გაგვიჩნდებიან, რომელთაც ჩვენის ხალხის ძველი ცხოვრება გამოიკვლიონ და ის სიბნელე თვალიდან მოგვაშორონ, რომელიც ჩვენს წარსულს გვიმალავს? სანამ ამნაირი ისტორიკოსები არ გვეღირსებიან, სანამ მათის შემწეობით ჩინებულად არ გაიგებს ჩვენი ხალხი თავის წარსულ ცხოვრებას, მანამდი იმ ახალ პერიოდში, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა ამ ხანებში შესულა, ერთობ დაბნეულად, უთავბოლოდ და უმნიშვნელოდ წაჩოჩდება ჩვენი ხალხის გონებითი წინ-წაწევა. დღეს რომ ჩვენ ამისთანა ისტორიკოსები გვყვანდეს, დღესვე ზედმიწევნით რომ ვიცნობდეთ ჩვენს წარსულს, ეს ისტორიული პერიოდი იქნება მარტო თუთხმეტიოდე წელიწადს გაგრძელდეს ჩვენში, მეტს კი არა. მაშინ, რაკი ასე მალე მოვიხდით ამ სახადს, ადვილად შეგვეძლებოდა ისტორიულ ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯი გადაგვედგა და ჩვენი საკუთარი მუხლების ძალა გვეშინჯა… დღეს კი უთავბოლოდ უნდა ვიბოდიალოთ, და ვინ გვეტყვის – რამდენს ხანს, რამდენს წელიწადს, ან იქნება საუკუნესაც, გასწევს ეს, «დროებითი» პერიოდი ჩვენის ხალხის ისტორიული განვითარებისა?…

კერძო პირი ხშირად ვერც კი ხედავს, თუ თვითონ მას რა ისტორიული ძალა ამოქმედებს, რა ბუნების ძალას მიჰყავს ის ხან წინ, ხან უკან. ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია «ისტორიის ფილოსოფია», მას ყოველთვის ჰგონია, რომ რასაც მე დღეს ვშვრები, იმას ჩემი საკუთარი ჭკუით ვშვრებიო, ჩემი გონებით ვმოქმედობ, და სხვებს ვამოქმედებო. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს. ათასიც რომ იხტუნოს ამ პაიკმა, ათასიც რომ თავის ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია, კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრის შეძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი გაიგებს, რა ძალა ათამაშებს იმას, და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება; ზოგი კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყვულად თავს გაალახვინებს, ან მთელ თავის ღონეს ამ ძალასთან შეუფერებელ ბრძოლაში დალევს… ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთს ყმაწვილთაგანს ჰგონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება და მითვე გათავდებაო… სლავიანოფილობის პირველი თვისება ის იყო, რომ თავიანთს ყველაფერს იწონებდა ან თაყვანს-სცემდა, და უცხოეთისას ყველაფერს იძულებდა ან აძაგებდა. წაბილწულიაო ყოველი კაცი, ვინც რუსულ ენას არ ხმარობსო და

ვისაც უცხო ენაზე გინდ ერთი სიტყვაც წაცდებაო… შენიშნეთ, რომ რუსული ენის გამამშვენებლადა და გამამდიდრებლად სლავიანოფილები კი არ გამოდგენ, არა. ევროპის განათლების მომხრე მწერლებმა: პუშკინმა, ლერმონტოვმა, გოგოლმა, ღერცენმა და სხვ. გაამდიდრეს ეს ენა მით, რომ ხალხის ლაპარაკს დაუახლოვეს მწერლობის კილო, რომ ხალხის ენისგან მწერლობაში ათასობით შემოიტანეს ახალი სიტყვები და სიტყვისწყობილობა… შენიშნეთ, კიდევ, რომ არც შიშკოვის, არც ხომიაკოვის, არც კირევსკის, არც აპ. გრიგორიევის ენა რუსის ხალხს არ ესმოდა, სწორეთ ისე, როგორც დღეს ჩვენს ხალხს «ივერიის» მწერლების ენის გაგება უჭირს… სლავიანოფილების მეორე თვისება ის იყო, რომ უცხოეთის ცხოვრებას, ძალას, მოძრაობას და განზრახვას ყურს სრულიადაც არ უგდებდენ. ჩვენს დროში ვერც ერთი ხალხი, რაგინდ ძლიერი, ან დიდი იყოს, თავისთავად ვერ იცხოვრებს ისე, რომ სხვა ხალხთან დამოკიდებულება ან განწყობილება არ ჰქონდეს. თუნდ მართლაც შეეძლოს ამ ხალხს თავის თავად განკერძოებული ცხოვრება, იმას ხომ მაინც ვერ იტყვის, ჩემს დღეში არც ერთ სხვა ხალხთან შეტაკება არ მომიხდებაო? სლავიანოფილებს მარტო რუსეთში კი არ უნდა ემოქმედათ, მარტო რუსეთის ხალხის გაღვიძებისათვის კი არ უნდა ეშრომათ, უცხოეთლების შეგონებაც, შეჩერებაცა და შეკავებაც უნდა დაეწყოთ. უცხოეთლების გულში სლავიანების შესახებ კაცობრივი გრძნობა უნდა გაეღვიძებიათ, უნდა უცხოეთი აეღელვებიათ იმ სურათის გამოსახვით, როგორსაც სლავიანების გაჭირვებული მდგომარეობა წარმოადგენდა. მათ უნდა აეხსნათ უცხოეთისთვის, რომ სლავიანებიც ღვთის გაჩენილი ადამიანები არიან, რომ გონება მათაც ჰქონიათ, რომ სლავიანების პოეზია, მწერლობა, მუზიკა, ჩვეულებანი და სხვა ამ გვარი თვისებანი ყოველი განათლებული კაცისგან პატივისცემას მოითხოვენ იმ ხალხისთვის, რომელსაც ამდენი გაჭირვება გამოუვლია, ამდენი უშრომია და დღეს კი საცოდავი მონობა ღუპავს…

იმის მაგიერ, რომ ეს მათი საქმისთვის საჭირო მოვალეობა შეესრულებიათ, ისინი (სლავიანოფილები – რედ.) – სწორეთ ჩვენებურ პატრიოტებსავით – მოღალატედ სთვლიდენ იმ მწერლებს, ვინც ამ გზას ადგა… სლავიანოფილების მესამე თვისება ის იყო, რომ გარეგან შეხედულებას, გარეგან საქციელს და სიტყვას ისინი ყოველთვის მეტ მნიშვნელობას აძლევდენ, ვინემ თვითონ საქმეს ან მის არსებითს მხარეებს. ისინი ცდილობდენ, რომ რუსგლეხივით ჩაეცვათ ტანისამოსი, თმა ირგვლივ შამოეკრიჭათ, წვერი მოეშვათ, ვოტკა ესვათ… მათ ეგონათ ხალხთან დაახლოვება, ხალხის ამაღლება ამაში მდგომარეობსო. ხავერდის შარვალს ჩაიცვამდენ, აბრეშუმის წითელ პერანგს, მოყვითალო ქამარს შემოირტყამდენ, თავზე ქუჩრულ ქუდს იხურავდენ და ისე მიბრძანდებოდენ თავიანთ სოფელში, რომლის ყველა გლეხები მათი ყმა და მონა იყვენ. ხალხისთვის მათი ენა გაუგებარი იყო, მათი ტანსაცმელები უცნობი და, რასაკვირველია, მათი სიტყვა უნდო, ამიტომ რომ საქმით უშველებელი წინააღმდეგობა და მტრობა იყო ამ «განათლებულ და კეთილის მოსურნე მებატონეებსა» და მათ გლეხებს შუა. – «ჩვენი ბატონია, ჩვენი გამტყავებელი ბატონი, მაშასადამე, ჩვენი მტერი უნდა იყოსო, მაშასადამე, ყოველი მისი სიტყვა მტრული უნდა იყოსო». აი, რას ფიქრობდა გლეხკაცობა ამ ვაჟბატონების ლაპარაკის დროს…

ავიწყდებოდათ სლავიანოფილებს, რომ მარტო ცარიელი სიტყვით კი არ მოიგება ხალხის გული, რომ მარტო «ერთმანეთი გვიყვარდესო», «ერთობა ვიქონიოთო», საკმაო როდია, ნამდვილი ერთობის დასაარსებლად… ამის გამო ისინი სრულიათაც არ იკვლევენ მეცნიერულად იმ კითხვას, თუ რუსეთის ხალხში რას მოუხდენია ერთობის დარღვევა, რა ძალა უშლის ერთობის დაარსებას…

მეოთხე თვისება სლავიანოფილებისა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველდღე რომელსამე უცხო ნაციონალობას დევნიდენ. დღეს ნემცებს ჩაეჯიბრებოდენ და ღრიალს იწყებდენ: შეგვჭამეს ნემცებმა, რაც ადგილია, მათ დაიკავესო, რაც დუქნებია, მათ ხელში არისო, რაც ვაჭრობა ან აღებ-მიცემობა მოიპოვება, მათიაო, პურსაც ისინი გიცხობენ, ხორცსაც ისინი გვიჭრიან, წაღებსაც გვაცმევენო, ტანსაცმელსაც გვიკერავენო და სხვ. ხვალ ფრანცუზებს აუტყდებოდენ და ფრანგული ენის, საქონლის დევნას თუ კიცხვას იწყებდენ; ზეგ იტალიურ ოპერას ჩაექიშპებოდენ, მაზეგ დააწესებდენ – ინგლისურ სასმელებს ნურვინ სვამსო, ინგლისიდგან მაშინები ნურავის მოაქვსო და სხვ. და სხვ. აი, სწორეთ ისე, როგორც ამას წინათ ერთმა ჩვენმა პატრიოტმა დაუბოლოებელი სტატია დაწერა, როგორ შეიძლება, თფილისში ვინმემ მოსკოვიდგან კალაჩების (პურის) მცხობელი დაიბაროს, განა ჩვენ ხაბაზი ცოტა გვყავსო, განა პურის ცხობა ჩვენ წინაპრებს არ სცოდნიათო და სხვ. საქმე, რასაკვირველია, სლავიანოფილების კიჟინით არც კეთდებოდა, არც იცვლებოდა. სულ სხვა იქნებოდა, მათ რომ საქმით ეშველათ ამ შენიშნულ ვნებისთვის, ან ხეირიანი რჩევა მიეცათ ხალხისთვის, თუ როგორ, რა გზით შეუძლია მას ნემცების ან ფრანცუზების უპირატესობისაგან თავის დახსნა, ესწავლებიათ, იმ დალოცვილებს – ნემცებივით იმუყაითეთ, მათსავით ისწავლეთ ხელოსნობა და შრომაო, ეს სირცხვილი კი არა, ჩინებული საქმე იქნებაო, და სხვ. და სხვ. ან გაეხსნათ სამოსწავლო და სახელოსნო სასწავლებლები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი, მაშინ რუსობას ადვილად შეეძლებოდა იმ ადგილების ან მდგომარეობის დაპყრობა, რომელიც ნემცებსა თუ ფრანცუზებს ჩაეგდოთ ხელში. ისიც მოიფიქრეთ, თუ რა გასაკვირველი უნდა ყოფილიყო, რკინის გზის ან სპეციალური სამსახურის ადგილები ნემცებს რომ კავებოდათ, რაკი სლავიანოფილები დილიდგან საღამომდი იმას ქადაგობდენ, უცხოეთის მეცნიერება ჩვენ გვავნებსო, საჭირო არ არისო უცხოეთის გამოცდილების მიღება და მისი სწავლის შეძენა! რათ უნდა გაკვირვებოდათ, რომ ამ ცრუ ქადაგების გამგონთ არც უცხოეთის მეცნიერება ესწავლათ, არც იქაური გამოცდილება მიეღოთ, და, მაშასადამე, არც უცხოეთის წესზე გამართული სამსახურის ასრულება შეეძლოთ?… მთელ რუსეთს რომ დაეჯერებია სლავიანოფილების ქადაგება, მართლა ყველა რუსებს რომ სლავიანოფილების ჭკუაზე ეარათ, ყველანი უმეცარნი დარჩებოდენ, და მთელი სახელმწიფოს უმჯობესი ადგილები… მთელი მისი აღებ-მიცემა, ვაჭრობა, წარმოება და შეძლება სულ ერთიანად მარტო უცხოეთლების ხელში ჩავარდებოდა. მაშინ რუსები თავის საკუთარ ქვეყანაში სხვის სასარგებლოდ მეწველ ძროხად გადიქცეოდენ და მართლა ნემცების ან ფრანცუზების შინაყმად გახდებოდენ…

რომ ვინდომო ამგვარი შედარების გაგრძობა, ერთ თვეშიაც ვერ გავათავებდი ყველა მსგავსების ჩამოთვლას, – იმ სიდიდე ანალოგია არსებობს სლავიანოფილებს  და ჩვენ ვიწრო პატრიოტებს შუა… მგონია კი, რომ გონიერი მკითხველის დასაჯილდოებლად და მისი თვალის ასახილველათ ეს ოთხი მსგავსებაც საკმაო უნდა იყოს ჯერჯერობით. თუ ვინმემ ამ აზრისა და შედარების დარღვევა მოინდომა, თუ სადმე მისი უსაფუძვლობის შეწამება მოისმა – მზათა ვარ, უფრო დაწვრილებით დავუბრუნდე ამ საგანს და უფრო საფუძვლიანად დავამტკიცო ეს ხელმეორედ…

III

წეღანაც ვახსენე სამჯერ თუ ოთხჯერ ჩვენი პატრიოტები. მართლაც, იმ მოძრაობამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეღირსა ბოლოს, ჩვენში ბლომათ დაბადა ის მავნებელი და საზიზღარი ტიპი, რომელსაც მწერლობის უმჯობესი და უპატიოსნესი ნაწილი ყოველგან დევნის და რომელსაც ზოგან «შოვინისტებს» ეძახიან, ზოგან «ვიწრო პატრიოტებს», ზოგან «квасные»–ს და სხვ. – ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენშიაც გამოჩნდა ამ ტიპის ხალხი, ჩვენშიაც ხმა და გავლენა მოიპოვა მათმა ვიწრო და თვალებ-დახუჭულმა ტვინმა… საკვირველი ესაა, რომ ამ ვიწრო ან ცრუ პატრიოტებს შუა ბევრი ისეთია, რომ ხმას როდი იღებდენ და ხალხს როდი აღვიძებდენ იმ დროს, როცა მამულის სიყვარული საშიში რამ იყო, როცა მამულის ერთგულ კაცს საზოგადოების ტაშის კვრა კი არა, უფროსების რისხვა და ლახვრა ელოდა… ისიც არის საკვირველი, რომ მას აქით, რაც საზოგადოებამ აშკარად გამოსთქვა თავისი მხურვალე თანაგრძნობა მამულის ბედზე, ისეთი პირებიც გაპატრიოტდენ –   გაცრუპატრიოტდენ, – ვინც უწინ პატრიოტობას სისულელედ სთვლიდა, ვინც აშკარად კოსმოპოლიტობდა, ვინც მე, მაგალითად, სულელად იმიტომ მთვლიდა, რომ პატრიოტია, მაშ, რასაკვირველია, სულელი იქნებაო! დახეთ ბედის ჩარხის ტრიალს! ეგევე პირები დღეს იმდენათ გაცრუპატრიოტდენ, რომ ათიათასჯერ გადამაჭარბეს პატრიოტობაში!.. ადვილათაც შესაძლებელი იყო ჩემი გადაჭარბება: კრივი ჩემი ქვეყნის ბედნიერებად არაოდეს არ მიმაჩნია, უმეცრებას ჩემს დღეში არ ჩავთვლიდი ჩვენის ხალხის იდეალად, არასოდეს არ ვიფიქრებდი და არ ვიტყოდი, ნეტავი იმ დროს მოვესწრო, რომ ჩვენს ქვეყანას ფარნავაზ მეფის დროინდელი წესები მიეღოს მეთქი… მაშასადამე, ახლა ყოველ ჩვენს ცრუპატრიოტს, ამგვარი ხეპრული აზრების ცრუ-მომხრეს, ადვილად შეუძლია სთქვას ჩემზე, რომ მამული არ მყვარებია და მისი კეთილდღეობა არ მწამებია… მაგრამ ეს ყოველიფერი გაკვრით არის აქ თქმული. იქნება ეს ჩვენი «ცრუპატრიოტები» მარტო ფარისევლობით არ იქცეოდენ, იქნება სასწაულებრივი მათი უცები გაცრუპატრიოტება მარტო ანგარიშით არ იყოს მომხდარი, იქნება ზოგიერთს მათგანში მაინც მამულის მსახურების გულწრფელი სურვილი მოქმედებდეს. ამის გამო თავი დავანებოთ მათი საქციელის დაცინვას, მათს პიროვანს მხარეს, და მათი საქმე ისევ გულდამჯდარათ, გულგრილად, მეცნიერულად გავარჩიოთ.

აქ საჭიროდ ვსთვლი ხეირიანად განვმარტო ის ჩემი სიტყვა, რომლითაც ამგვარ კაცებს ვხატავ, «ცრუპატრიოტებს» რომ ვარქმევ იმათ, ამ სიტყვით, იმას კი არ ვფიქრობ, ვითომც მამული მართლა ფეხებზე ეკიდოთ, ან მარტო ფარისევლურად ეძახდენ თავის თავს პატრიოტათ. არა, მხოლოდ ის მაქვს მხედველობაში, რომ მათი მამულის სიყვარული შემცდარი და შემაცდენელი სიყვარულია, რომ უსაფუძვლო და უაზროა, მათი მოსაზრება, მათი გრძნობის საფუძველი, რომ ეს სიყვარული ხანდახან მტრობაზე უარესი გამოდის… «ჩვენი მამული გვიყვარდესო», – აი, რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი. ეს სწორედ იმას ჰგავს, ამპარტავნობა იმით რომ დავიწყო, – წმინდა ჰაერი მიყვარს, ან პური, ან წყალი მეთქი.

ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება, რომელსაც დაბადებიდგანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა>? კაცს კი არა, პირუტყვსაც კი აძლევს ბუნება იმ ადგილის სიყვარულს, საცა დაბადებულა, გაზრდილა და გათამამებულა ეს პირუტყვი. აიყვანეთ ძაღლი, თუნდ ხურჯინში ჩასვით, თავი მოუკარით, თვალი აუხვიეთ და ისე მოაშორეთ მის სოფელს, გადაატარეთ ცხრა მთა, – ნახავთ, რომ რამდენსამე დღეს იქით ის თავის სოფელს მოძებნის, თუნდა ახალ ადგილს უმჯობესი სასმელ-საჭმელი და მოვლა დახვდეს. – მისთვის ეს სოფელი მამულია. სხვაგან ის წუწუნობს, იტანჯება, და ხშირად კიდეც კვდება იმ ავადმყოფობით, რომელსაც ყველა ხალხის ენაზე ჩინებული სახელი აქვს  – «მ ა მ უ ლ ი ს  ს ე ვ დ ა «… მართლაც, იმისთანა  აცის შეხვედრა, რომელსაც მამულის სიყვარული არ მოეძებნებოდეს გულში, სწორეთ იმნაირადვე იშვიათია, როგორც კუზიანის ან ცალ-თვალა კაცის დაბადება. ბუნებამ მარტო ათასში ერთჯერ იცის ხოლმე ამ ნაირი ნაკლის გამოჩენა…

რომელი კაცია ისეთი, რომ მამული არ უყვარდეს? ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაცს ამ სიყვარულის გაგება თვითონაც არა აქვს, მაშასადამე, ადვილად შეიძლება, სხვებმა სრულიად ვერ შენიშნონ მას ეს გრძნობა. მაგრამ აიყვანეთ ეს კაცი და თავის მამულს მოაშორეთ, მაშინ ნახავთ, ყვარებია მას მამული, თუ არა!! ან მეორე მაგალითს გირჩევთ: სრულიად უსწავლელი კაცი გამოიყვანეთ მიყრუებული სოფლიდგან, ისეთი, რომ არც პატრიოტობა რაა გაეგონოს, არც მამულის-სიყვარული წიგნებში ამოეკითხოს, და ამისთანა კაცის წინ მისი სამშობლო უგინოს ვინმე გარეშე პირმა, ან მისი ხალხის ძაგება დაუწყოს, ნახავთ, მაშინ, რა ნაირი ვნებით აენთება მას პირისახე, როგორ გაწითლდება და გამწარდება, რა ნაირად დაიწყებს თავისი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ან გამოსარჩლებას!…

ამ გვარი სიყვარული ყველას აქვს, ვისაც კი სული პირში უდგია, სწორედ ისე როგორც დედისა ან დის სიყვარული ყოველ ხორც-შესხმულ ადამიანს დაბადებიდგანვე გამოყვება… მაშასადამე, არც დიდი ვაჟკაცობაა, არც სატრაბახო რამ არის, იმით ვიქადოდეთ – «მამული მიყვარსო!» ამის თქმა მარტო ჩვენს საკუთარ რეგვენობას გამოააშკარავებს და მარტო დაანახებს ყველას, რომ ერთობ დაბლა ვმდგარვართ გონების განვითარებით, თუ ამ გვარი უბრალო ბუნებითი გრძნობა იშვიათს ან განვითარებულ გმირობად ჩაგვითვლია… რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს, რომ დედა ჩემს პატივს ვსცემო, კარგათ ვასმევ და კარგად ვაჭმევო, მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო, მისი კეთილდრეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი, რომ მამულს ვემსახურებიო.

თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიცილს და ხარხარს დააყრიდენ საფრანგეთში ან ინგლისში იმისთანა კაცს, რომელიც იმის თქმას გაბედავდა – ჩემი მამული მიყვარს და ჩემი სამშობლოს სიკეთისთვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა, ისეთი, რომელიც ყოველ ხეირიან კაცს, ვინც ხეპრე, ქურდი ან უსულო არ არის, უნდა ჰქონდეს. და იმაზე უმეტესი სიტუტუცე რაღა იქნება, კაცი პირდაპირ ამტკიცებდეს, არც ხეპრე, არც ქურდი, არც უსულო ვარო! მაგრამ, თუმცა საერთო და საყოველთაო მოვალეობაა ეს მამულის მსახურება, ჩვენში ის ჯერ იმდენად როდია გავრცელებული, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა ან ყველას ესმოდეს, თუ რაგვარად უფრო ადვილი და გამოსადეგია მისი ასრულება.

მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რა ნაირად უნდა ემსახუროს?

IV

სხვადასხვა პირს სულ სხვადასხვა ნაირად ესმის ეს კითხვა, სულ სხვადასხვა ნაირად ეხატება თავში ეს სიკეთე. ჩვენს ქვეყანაში იმისთანა პირიც მოიძებნება, რომელსაც იქნება ეგონოს, რომ საქართველოს სიკეთე მაშინ ექნებაო დაფუძნებული, როცა ყოველი ქართველი, ყოველი კაცი, საქართველოს ნიადაგზე მცხოვრები, მართლმადიდებელი სარწმუნოების იქნებაო. შესაძლებელია, რომ იმგვარი მოაზრენიც მოვნახოთ ჩვენში, რომელთა აზრით საქართველოს სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა ქართველმა ან საქართველოში დასახლებულმა პირმა წერა-კითხვა და თვლა იცოდესო. სხვებს, უფრო მომეტებულ რიცხვს ის აზრი სწამს, კარგი მაშინ იქნებაო, როცა ქართული ენა ყველას ჩინებულად ეცოდინებაო… ყველას შეხედულებას აქ არ მოვიყვან, რამდენი კაცია, იმდენი შეხედულებაც არის ჩვენში. საქმე ისაა, – რომელი ამ შეხედულებათაგანი სწორეა, და რომელი – შემცდარი. მკითხველი ადვილად დამეთანხმება, რომ ათასი ამისთანა შეხედულება რომ ჩამოვთვალო, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, ყველა ერთიანად ცალმხრივი იქნება. ვინ იტყვის, მაგალითად, რომ წერა-კითხვის და თვლის ცოდნა კარგი ან სასარგებლო არ იყოს? მაგრამ საკმაოა, განა, მარტო წერა-კითხვის ცოდნა კაცის ბედნიერებისთვის? რამდენი იმისთანა კაცი გვინახავს, რომ წერა-კითხვა კი არა, ისტორიაცა და გეოგრაფიაც ცოდნოდეს, მაგრამ მაინც უძლური ან უბედური დარჩენილიყოს? ასე ითქმის ქართული ენის ცოდნაზედაც. იყო დრო, როცა მთელი საქართველო მარტო ქართულ ენას ხმარობდა, მარტო ქართული იცოდა, და კარგადაც იცოდა; როცა შკოლებში კი არა, სასამართლოებშიაც ხმარობდენ ამ ჩვენს ენას… მაგრამ ნუ თუ იმ ბედნიერ დროში არაფერი ჰკლებია ჩვენს ქვეყანას და ხალხს? ნუ თუ მარტო ქართული ენის ცოდნამ გააბედნიერა საქართველო, და ნუ თუ ჩვენი მამულის დაცემის მიზეზი მარტო ის იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა ქართული ენა დაივიწყეს? რასაკვირველია, დედა-ენა ძვირფასი რამ არის: ის ისეთი მძლავრი კავშირია, რომელიც საზოგადოებრივ ძალას შეადგენს და ხალხს ერთი მიზნისკენ წინ წაწევას უადვილებს. მაგრამ, როგორც კავშირი, როგორც ძალა, ის მარტო საშუალებას შეადგენს, და არა მიზანს, მაშასადამე, საქმე ის უნდა იყოს, თუ თვითონ ეს მიზანი რაში უნდა მდგომარეობდეს?

გაკვრით კიდეც ვსთქვი წეღან, რომ ამ კითხვის გარჩევა იმ კითხვის გამოკვლევაზეა დამოკიდებული – თუ რამ დასცა ჩვენი მამული. როცა ამ უკანასკნელ კითხვას გამოვიკვლევთ, პირველიც განმარტებული გვექნება.

– როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული, შემომკივლებს რომელიმე ცრუპატრიოტი, იმან დასცა, რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო. ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი! მოითმინეთ, ბატონო. პატარა, ძლიერ პატარა ხალხი იყო საქართველოს ხალხი, სპარსელებთან შედარებით, მაგრამ ხომ ვერ დასცა ჩვენი მამული დიდმა სპარსეთმა?

დიდრონი ხალხნი გახლდენ ის ხალხნი, რომელნიც ჩვენს ქვეყანას მურვანყრუმ, ჩინგის-ყაენმა ან თემურ-ლენგმა დაასია, მაგრამ ამ ხალხებმა ხომ ვერ მოსპეს ვერც ჩვენი განვითარებული არსებობა, ვერც ჩვენი თვისტომობა? ოსმალეთი ჩვენზე ათასჯერ უფრო ძლიერი და დიდი იყო, მაგრამ ხომ ვერ მოგვერია მაინც, ხომ ვერ ამოხოცა ისტორიიდგან ჩვენი სახელი და დიდება? თუ კი ოცი საუკუნე გავუძელით ამდენ დიდრონ ხალხებს, თუ კი ამ ოცი საუკუნის ბრძოლამ იმდენათაც ვერ დაგვღალა, რომ მათს დამძლევას ჩვენს ქვეყანას იმისთანა ბრწყინვალე და სახელოვანი მეფობა ეღირსა, როგორც ერეკლე მეორისა, – რომლის მსგავსიც ჩვენ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის იქით აღარ გვინახავს, – ნუ თუ ეს იმას არ მოასწავებს, რომ ამ შემთხვევაში მარტო დაღალულობას კი არ უმოქმედებია, მარტო მცირე ტომობას კი არ უმუშავნია?… ის იყო, რომ თვითონ ეს დიდრონი ხალხი ჩვენ მარტო რიცხვით გვერეოდენ, და ხანდისხან მარტო იმით გვჯობნიდენ, რომ თითო ჩვენს მეომარს ოცი ოსმალოს ან სპარსეთის მხედარი წინ უხვდებოდა. მაგრამ თითო თითოდ რომ შეგვედარებია ერთი ჩვენი მხედარი ერთი მტრის მხედრისთვის, ეს უკანასკნელი ვერაფრით ვერ სჯობნიდა პირველს. ორივეს ერთნაირი იარაღი ჰქონდა, ორივე ერთნაირად გაზრდილი იყო, ერთნაირი სწავლის პატრონი… ჩვენს მხედარს ის უპირატესობაც კი ჰქონდა მტრისაზე, რომ თავისი მამულის, სახლ-კარის, ცოლ-შვილის დასაცველად იბრძოდა, და მტრისა კი ომობდა სხვის ასაკლებად. მტრისთვის სულ ერთი იყო, აიკლებდა – ქართველს, თუ ლეკს, თუ ოსს, თუ რუსს. რაკი იმას ქართველი გამწარებულად უწინააღმდეგებდა, მტერი მას თავს ანებებდა და სხვაგან მიდიოდა, იქნება გამარჯვება და აკლება იქ უფრო ადვილად შევიძლოო… ყველამ იცის რამ-სიდიდე ძალას შეადგენს ომში და ბრძოლაში ის თავგანწირულობა, რომლითაც კაცი თავის ოჯახსა და კერას იცავს… ეს გრძნობა ხშირად გვამარჯვებინებდა მტერზე, ამ გრძნობით ვსჯობდით მტერს, ეს გრძნობა იყო იმის მიზეზი, რომ ასი ქართველი ათას ამკლებს ერეოდა და უკუაქცევდა… თორემ სხვა მხრით ყველაფერში სწორნი ვიყავით მტერთან, რიცხვს ან რაოდენობას გარდა.

ასე წარმოებდა ჩვენი ცხოვრება. მაგრამ ბოლოს ქვეყნის ისტორიაში ახალი ძალები გაჩნდა. ზოგიერთი ხალხი მეცნიერებამ ერთობ დააწინაურა, და ვინც ამ მეცნიერებას არ მიეკარა, ის უწინდელივით სუსტი დარჩა. ომის ხასიათიც შეიცვალა. ჯარებისთვის ახალი იარაღი შემოიღეს, რომლის გაკეთებასა და ხმარებას დიდი ცოდნა და მოხერხება სჭიროდა. ისეთი ზარბაზნები მოიგონეს, რომელსაც წინ ვეღარ დაუდგა ვერც ერთი ჩვენი ციხე-დარბაზი. ჩვენი მამაპაპური ციხეები ქართლში და იმერეთში, თათრებმა ამ ახალი ზარბაზნებით, ცხრა მთის სიშორიდან დაგვინგრიეს. იმათ ევროპაში ეშოვნათ ეს ზარბაზნები,  და ჩვენ არც კი ვიცოდით, თუ ამ ნაირი მანქანა სადმე არსებობდა… და რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის დაწი ნაურე ბ ა მ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქით ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმა «რწმუნების დაკარგვამ» წაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს… ამის მაგალითს ჩვენ დღესაც ვხედავთ ინდოეთში ორასი მილიონი ინდოეთლები მორჩილებაში ყავს ოცი ათას ინგლისელებს… აი, ბატონო ჩემო ცრუპატრიოტო, რამ დაჩაგრა, რამ დასცა და უკან დასწია ჩვენი ქვეყანა. უკან დასწიაო, რომ ვსთქვი, სწორი სიტყვა არ მიხმარია. დამიჯერეთ, დღევანდელი საქართველო ათასჯერ უფრო წინ წაწეულა იმ საქართველოზე, რომელიც მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, ან მეთვრამეტე საუკუნეში ისე მამაცურად თავს იჩენდა.ხალხიც მომეტებულია დღეს შიგ, სწავლაც დღეს უფრო დაწინაურებულია, სიმდიდრეც უფრო გავრცელებულია, – ერთი სიტყვით, ყველაფრით უფრო მძლავრია დღეს ჩვენი ხალხი, ვინემ უწინ იყო. საუბედუროდ, მაშინ ჩვენი მეზობლებიც ჩვენსავით განვითარებული და განათლებული იყვნენ, და არა ჩვენზე უმეტესად. დღეს ყველა მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი ათასჯერ უფრო დაწინაურდენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ უფრო გავმაგრდით… აი, ეს გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ დაწინაურებულიყვენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა მარჯვედ გამოჯგიმვა, როგორც უწინ გვჩვევოდა…

ნუ-თუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუ კი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ? ნუ-თუ მარტო ის დაგვაწინაურებს, თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყანა? თუ კი სხვის მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოცდილებას არ დავიმკვიდრებთ, ნუ-თუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს? ნუ-თუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ – ან შეეძლება ჩვენს ახალგაზრდობას – ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნოების განმავლობაში მოუგროვებიათ? ნუ-თუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა, სხვისი ცხოვრების გაცნობა? ნუ-თუ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი ჰქონდა? ნუ-თუ ბატ. ილ. ჭავჭავაძეს ქართული გული არ უძგერის და ნამდვილი ქართული გრძნობა არ აღელვებს, რაკი მარტო რუსული წიგნებით გამოზრდილია, რაკი რუსეთში შეუძენია მთელი თავისი ცოდნა, და რუსულ სასწავლებლებში გაუტარებია მთელი თავისი ახალგაზრდობა? კაცი იყოს, თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაინც დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურებს გინდ სიკვდილამდი ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება…

რასაკვირველია, ჩინებული საქმე იქნებოდა, ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონდეს მთელი ევროპის მეცნიერება გადავცეთ ჩვენს ხალხს ან ჩვენ ახალგაზრდობას ქართულ ენაზე, ქართულ სასწავლებელში. მშვენიერი რამ იქნებოდა ეს, და მთელი ჩვენი შეძლება ან ღონე იმას უნდა მივმართოთ, რომ ოდესმე დაარსდეს ჩვენში ამ გვარი ნეტარი მდგომარეობა, მაგრამ დღეს, როცა ამის საშუალება არა გვაქვს, და როცა აუცილებლად საჭიროა, რომ უწინდელს გონებითს სიბრმავეში არ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება, ბრმაც კი უნდა მიხვდეს, რომ ყოველი საშუალება, რომელიც ამ საზოგადოებას გონებას განუვითარებს და გააძლიერებს, რომელიც მას გულში იმედს ჩაუნერგავს ან მხარში ძალას მისცემს, სასარგებლო იქნება ჩვენის ხალხისათვის…

მაცხოვარმა ბრძანა, – როცა ჰკითხეს, რომელს ტაძარში უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთთან უფრო ადვილად მიაწიოსო, – «ოღონდ ლოცვა გულწრფელი ან მხურვალე იყოს, და სადაც უნდა ითქვას, ყოველთგნის ზეცას ავაო: ტაძარშიაც რომ არ იყოს კაცი, თუნდ მინდორში ლოცულობდეს წრფელის გულით, ღმერთი მის ლოცვას მაინც შეისმენსო». ჩვენს მდგომარეობას მეტის-მეტად შეეფერება ეს მცნება. დიახ, სადაც უნდა ვისწავლოთ, ვის შკოლაშიაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ოღონდ კი გულში მამულის მსახურების წრფელი ან მხურვალე სურვილი ვიქონიოთ და ჩვენი შრომა ნაყოფიერი იქნება, მამულს გამოადგება… საუბედუროდ, ჩვენ ეს გულწრფელობა და გულმხურვალება, ან უფრო სწორეთ ვსთქვათ, ვნება (стасть), გვაკლია.

V

დიდი უბედურებაა ჩვენის ქვეყნისთვის ეს ნაკლულევანება. ჩვენის ყმაწვილების უმეტესი ნაწილი თითქო მარტო წაბაძვით მოქმედებს… თითოეული მათგანი ბურჟუაზიულად ცხოვრობს. მას თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი კერძო სარგებლობა, და ამ საქმეს, ამ სარგებლობას უნდება უმეტესი ნაწილი მათის დროისა, უმჯობესი ძალა მათის გონებისა და ვნების. ზოგი თავის კერძო სამსახურს მიწოლია, და უფროსების თვალში შეჩერებას უნდება, ზოგი ვენახს უვლის და დილიდგან საღამომდი იმაზე დარდობს, ვაი, თუ სეტყვამ ვაზი წამიხდინოსო, ზოგი მარტო იმაზე ზრუნავს, – მომავალი კენჭის ყრის დროს გამაშავებენ, თუ გამათეთრებენო, ზოგი მის ზრუნვაშია, გაკვეთილებს ვიშოვნი, თუ არა, ჯამაგირს მომიმატებენ, თუ არაო… ორი, სამიც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი კაცი, რომ მამულის ან ხალხის მეტი საზრუნველად და სადარდებლად არა ჰქონდეს რა, რომ საზოგადო საქმის მეტი არაფერი ახსოვდეს, რომ მამულის სიკეთის მეტი არაფერი მადა ჰქონდე ს, არას გრძნობდეს.

გვყავს ჩვენ ამისთანა მოქმედი? თქვენ თვითონ მიეცით პასუხი ამ უბრალო კითხვას. ნეტავი თქვენ, თუ შეგხვედრიათ სადმე, ჩვენში, ამგვარი გმირი. მე კი გული მიკვდება, რომ ამნაირი კაცის ლანდსაც ვერ ვპოულობ ჩვენს ქვეყანაში. მათ მაგიერ ვხედავ, რომ ჩვენი მოქმედი პირნი გულმოდგინედ ყველაზე უფრო თავის კერძო ბედნიერებას ემსახურებიან, მამულზე კი მარტო მაშინ მოიფიქრებენ, როცა საკუთარ საქმეებს მოილევენ, ყველა თავის კერძო მადას დააკმაყოფილებს და ჩინებულ სადილს შემდეგ, მშვენიერად მორთულ დარბაზში განცხრომას მიეცემა. მაშინ, სამასლაათოდ, ხან ქალების შნოზე ჩამოაგდებენ მუსაიფს, ხან მამულის უბედურებაზე… რასაკვირველია, ამგვარ კაცებს ნამდვილი მეცადინეობა მარტო იმაზე აქვთ მიქცეული, რომ მამულის აჩქარებულმა მოძრაობამ მათი კერძო კეთილდღეობა არ შეარყიოს… ვისგან გვესმის, უფრო ხშირად, ამ ნაირი ჩივილი? იმისთანა პირებისგან, ვინც მარტო თავის თავზე, მარტო თავის მუცელზე ან სხეულზე, ხუთას და ექვსას თუმანს ხარჯავს წელიწადში, ვინც არც მდიდრულ ცხოვრებას იკლებს, არც ბატონობას, და ას მანეთს კი არ იმეტებს წელიწადში, სამშობლო მწერლობის შესაწევნად. ჩვენი თეატრი წელ-მოწყვეტილად მიდისო, ჩვენი მწერლობა დაცემულიაო, – ამას ხომ ყველასგან გაიგონებთ. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი უფრო საშუალების, ფულის უქონლობისგან გვემართება. და ამ საშუალებას, ამ ფულს კი არა კაცი იმეტებს, თუმცა იგივე ყმაწვილი, რომელიც ამბობს: «ღარიბნი ვართო», მიბრძანდება და ორასი მანეთის ტანსაცმელს ყიდულობს ან ყოველ საღამოს ხან სამ თუმანს აგებს ბანქოში, ხან ხუთს, ხან ათს, ასსაც და უფრო მეტსაც! გულწრფელად რომ უყვარდეს მას თავისი მამული და მწერლობა, ნუ თუ შესაძლო იქნებოდა ამგვარი მოვლ;ენა? მაშინ ეს ყმაწვილი ტანსაცმელსაც უბრალოს დაჯერდებოდა, ბანქოს თამაშისაგანაც ხელს აიღებდა, დიდ კაცობასაც გამოეთხოვებოდა, და მარტო მამულს ან მარტო მწერლობას მიალევდა მთელ თავის ქონებას… ნათქვამია, კაცს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროსო, და ეს სიტყვა მტკიცე ჭეშმარიტებაა. ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებს და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისაგან უნდა აიღოს ხელი, ან მეორისაგან…

VI

დავუბრუნდეთ, ისევ, წეღანდელ ჩვენს საგანს, და ისევ იმაზე ვიფიქროთ, თუ რამ დასცა ჩვენი ხალხი, ან რა სჭირია მას დღეს, გასაძლიერებლად? ჩვენის ხალხის დასუსტების ერთი მიზეზი წეღან მოვიყვანე. მეორე მიზეზიც იყო, აგრეთვე მეტისმეტად შესანიშნავი, და ეს მიზეზი ახლა უნდა გამოვიკვლიოთ, მიტომ რომ მის თავიდან მოშორებას უნდა ცდილობდეს ჩვენი ქვეყნის ყოველი ერთგული შვილი. ეს მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთლების ემოსევას გარდა, ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ  და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა.

ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, ეს ხომ ერთი და მეორეც ის, როცა მთელი ეს მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აჭღურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს. მაგრამ როცა ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა ისეთი წესი შემოდის, რომ ნახევარი ხალხი თავის ძალას უქმად მიწაში მარხავს, უმოქმედოთ ჰფლანგავს, და მეორე ნახევარი კი ორჯერ უფრო მომეტებულად შრომობს, როგორც თავის სარჩენლად, ისე იმ პირველი ნახევრის სარჩენლად, რომელიც უმოქმედოთ და უქმად ცხოვრობს, მაშინ ხალხის ძალა იღალება, სუსტდება და სრულიადაც ჰქრება. მაშინ მარტო ხალხის ძალა კი არ იფანტება უხეიროდ, თვითონ ამ ხალხის ორ ნახევარს შუა ჩუმი, დაფარული ბრძოლა ატყდება, რომელშიაც ილევა ხალხის გონებითი და ფიზიკური ძალის უმჯობესი ნაწილი. ქიშპობა და სამდურავი იბადება, ერთობა იკარგება, და ხალხი ორ ბანაკად იყოფა. ორს ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ ბანაკად… რასაკვირველია, უმიზეზოდ როდი დაბადებულა ჩვენში, ძველად, ეს უბედური განაწილება და განხეთქილება. ჩვენს ქვეყანას ძველად მეომრები სჭიროდა, და მეომრებს რჩენა უნდოდა. ზოგი გარეშე მტერს ებრძოდა, რომ მშრომელი ხალხი უცხოეთლების შემოსევისაგან დაეხსნა, და ეს მშრომელი ხალხი, რასაკვირველია, დიდის სიამოვნებით არჩენდა, გულწრფელის გრძნობით ემსახურებოდა მის დამცველ ჯარს, რომელიც მაშინ მისი კეთილი, მფარველი ანგელოზი იყო.

მაგრამ დროთა ვითარებისაგან ამ ნაირი გონიერი შრომის განაწილება ჩვეულებად გადაიქცა, და ბოლოს მშრომელ ხალხს რჩენა და ბეგარა ისეთმა პირებმა მოსთხოვეს, რომელნიც მას არც მტრისაგან იფარავდენ, არც უცხოეთლების წინ ეხმარებოდენ… მიწა-წყალი ხალხს ხელიდგან გამოეცალა და მთელი ხალხი იმ კაცთ ყურმოჭრილ ყმად გადაიქცა, რომელნიც უსაქმოდ ცხოვრობდენ და უსაქმობის გამო მარტო სიამოვნებაში ან ქეიფში ფლანგავდენ ხალხის შრომით ნაწარმოებს… ვისაც ჩვენი მამული უყვარს, მისი პირველი მოვალეობა ის არის, რომ აი ეს უსწორ-მასწორობა, ეს განხეთქილება შეამციროს, რომ შემდეგში ერთიანად მოისპოს ჩვენში ამგვარი უსამართლო და უგუნური ფლანგვა ხალხის ძალისა და შრომის. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდგან არ გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ე რ თ ო ბ ა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. მაშასადამე, ყველაფერი, რაც ეკონომიურ სამართლიანობას გვიახლოებს, ჩვენის მამულის სასარგებლოდ უნდა მიგვაჩნდეს, და ნიადაგ იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ხალხის უმრავლეს ნაწილს გავუადვილოთ თავის გათავისუფლება ეხლანდელის  დამოკიდებულ-მდგომარეობისაგან. ხალხი მაშინ გაძლიერდება, მაშინ დაძმობილდება, მაშინ შეადგენს ერთ ძმურ ოჯახს, როცა სადაო არა ექნებათ რა სხვადასხვა წოდებას, როცა ყველანი შრომას გაერთობიან და შრომას ისე გაინაწილებენ, რომ თითოეულის შრომა ყველა სხვის შრომის გაადვილება იქნება და არა გაძნელება.

ამის მაგიერ, რომ ნამდვილი განხეთქილების შემცირებას ან მოსპობას ვცდილობდეთ, ჩვენ რას ვშვრებით? გვინდა გავყუჩდეთ ამ საწყენს საგანზე, გვინდა ხმა არ ამოვიღოთ, გვინდა გაჩუმებით დავაჯეროთ გარეშე პირები, თითქო ჩვენსა, ჩვენის ხალხის ოჯახში, მართლა ერთობა და ძმობა მეფობდეს… ათასი რომ ვიყვიროთ, – ჩვენში ერთობა სუფევსო, ძმობა მეფობსო, კეთილი განწყობილება არსებობსო, ამით, ჩვენ მარტო საკუთარ თავს მოვატყუებთ, ჩვენ ხალხს ვავნებთ, მის მომავალს წავახდენთ… ჩვენს ცრუპატრიოტებს კი – ამ უკანასკნელის წლის განმავლობაში – მეტი შრომა არა ჰქონიათ რა, რომ ეს ბრძოლა, ეს განხეთქილება დამალონ, მათზე ხმა არ ამოიღონ… ჩვენი ცრუპატრიოტები რომ თავის მამულის გონიერნი მსახურნი იყვნენ, მათი პირველი და უმთავრესი შრომა ჩვენი ხალხის ეკონომიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მიქცეული…

ზემოთ ვსთქვი, რომ ჩვენი ხალხის სხვადასხვა წოდებას შუა ბრძოლა არსებობს. ბრძოლა ორნაირია ქვეყანაზე. არის ერთი ბრძოლა, მავნებელი და დამღუპველი, ბრძოლა ლუკმა პურისათვი ს, დამშეულებს შუა ბრძოლა, როცა ერთი მეორეს პირიდგან საჭმელს სტაცებს და თითოეული მარტო სხვისგან წართმეულით რჩება. ამგვარი ბრძოლა კიდეც კლავს, მაგრამ მეორე ნაირი ბრძოლაც არის ხოლმე ხალხში გამართული, თავმოყვარეობის  ბრძოლა, ქიშპობა იმაზე, თუ ვინ როგორ ისახელებს თავს, ვინ აჯობებს თავის ტოლს, ვინ უკეთესად წაიყვანს საქმეს. რამდენადაც ხალხის ბედისთვის მავნებელია პირველი გვარი ბრძოლა, სწორედ იმდენად სასარგებლოა მეორე ნაირი. ჩვენს პატრიოტებს კი ამ ორ ნაირ ბრძოლას შუა განსხვავება არ სმისთ. იმათ სადღაც ყური მოუკრავთ, რომ ბრძოლა მავნებელიაო, და ის კი ვერ გაუგიათ, თუ რანაირი ბრძოლა ყოფილა მავნებელი, და რანაირი – ასარგებლო. იმ ნამდვილსა და დამღუპველ ბრძოლას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ისინი კალთას აფარებენ და მალვენ. მაგიერად ცდილობენ მოსპონ ჩვენში მეორე ნაირი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენ ყველანი მარტო ამ მეორეს უნდა ველოდეთ, ცდილობენ კაზარმული წესი შემოიღონ და დაუხშონ გონება ველას, ვინც მიზნისკენ მათსავით ზანტად არ მიიკლაკნება. რაც უფრო რომელიმე ხალხი მდიდარია გონებითის ძალით, რაც უფრომოძრავია, ძლიერია მისი შვილების ჭკუა-გონება, მით უძლურია მასში ეს მეორე ნაირი ბრძოლა. მაგალითად, თუნდ საფრანგეთი დავასახელოთ, ან ინგლისი… რამდენჯერ მომხდარა ხოლმე, რომ ლუი ბლანი გამბეტას შეტაკებოდეს, ან გამბეტა ლუი ბლანს, აშკარად, მთელი საფრანგეთისა და მთელი ევროპის წინ. ხან ერთს მათგანს გაუმარჯვია, ხან მეორეს, მაგრამ ყოველთვის კი მათი ბრძოლით ხალხს უსარგებლებია… საფრანგეთის ხალხი მარტო მით არის ძლიერი, მარტო იმით სჯობს სხვა ხალხს, რომ ათას და ათი-ათას ამგვარ ბრძოლას მისი გონება განუვითარებია, მისი გამოცდილება გაუდიდებია, და საკუთარის ჭკუით სიარული უსწავლებია…

აზრების ამნაირი ბრძოლა მით უფრო სასარგებლოა, რომ ის სრულიადაც არ სპობს ნამდვილ დისციპლინას, რომელიც ყოველი მოქმედი საზოგადოებისთვის აუცილებლად საჭიროა. დაბნევის, გაცალკევების საჭიროებას კი არვქადაგობ. როცა ვამბობ, აზრების ბრძოლა და შეტაკება სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის მეთქი. სრულიადაც არა.ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ, ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა, და მერე თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზედ უფრო დიდათ მიგვაჩნია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ უმრავლესობისგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგ დისციპლინას და არა ფელდფებლური მონობა ერთის რომელისამე კერპისა, – და არა თვალდახუჭული დაჯერება მისი, რასაც ეს კერპი წამოროტავს ან ბრძანებს.

ათასჯერ შეტაკებულან მწერლობაში და პარლამენტში გამბეტა და ლუი ბლანი, მაგრამ არც ერთის მათგანისთვის ამ შეტაკების სიმწარესა და დაუზოგველობას არ დაუშლია ერთად ყოფნა ყველა იმ კითხვებისა და იმ საგნების განრჩევასა და განსჯაში, რაც რესპუბლიკის ინტერესებს ეხებოდა. საქმე რომ კენჭის ყრაზე მივარდებოდა, გამბეტას კენჭი და ლუი ბლანის კენჭი ორივე ერთსა და იმავე უჯრაში ერთად ვარდებოდა, ორივე ერთად ან «ჰოს» ამბობდენ, ან «არას». ერთი მეორის ჯიბრით კი არ მოქმედებდა, ერთი მაშინ როდი იძახოდა «არაო», როცა მეორე «ჰოს» იტყოდა. უთანხმოება მათს შორის მარტო იმაზე იყო, – მტერს რა გზით მოვერიოთო, მაგრამ მტერზე რომ საქმე მივარდებოდა, ორივე ხან ერთნაირად ებრძოდა მტერს, ხან თითოეული თავისებურად…

რაც ჩვენის მომავლისთვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი გულში ვიხუტებთ. აზრების სიუხვეს, შედარებას, წინააღმდეგობას არ ვითმენთ, ცოდვათ ვთვლით ვდევნით; გვგონია საჭირო დისციპლინა ჩვენში მარტო მაშინ დაარსდება, როცა ყველა ჩვენის ქვეყნის შვილები თვალ ახვეულად ერთს მოთავეს გაყვებიან… ამას ვეძებთ და საჭირო დისციპლინას კი ვერ ვახერხებთ, ვერ ვაწყობთ. განა ეს უბედურება არ არის, მაშ რა ოხრობაა? დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზო-უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა… გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზედ იყოს მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს… მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომლების საქმე მაინც ხეიეიანად წარმართული იქნება: მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ მშრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება, და საქმე უპატრონოდ თავის დღეში აღარ დარჩება. მაშინ მოთავე მარტო დროშაა საქმის, ის დროშა, რომლის გარშემოც რიგზე დგებიან გონიერი მშრომელები. მაშინ ეს დროშა მარტო მას მიებარება, ვინც ყველაზე უფრო მაღალია, ვისაც სხვაზე უფრო შორს უჭრის თვალი…

ნუ დავივიწყებთ ამას, და ამ მხრით გადავხედოთ აბა ჩვენს მდგომარეობას. აქაც შევეყრებით ზოგიერთს ისეთს კანონს ისტორიული განვითარებისას, რომლის ცოდნაც უსარგებლო არ იქნება ჩვენთვის.

VII

უწინდელს დროში ჩვენს საზოგადოებაში მარტო ბრმა დისციპლინა არსებობდა. მთელი მხარე ან მთელი ხეობა, ან მთელი სოფელი ერთს კაცს მიჰყვებოდა… როგორც ცხვრის ფარა თხას, გაჰყვება ხოლმე. დღესაც ბევრია ამისთანა მაგალითი ჩვენს თვალ-წინ, დღესაც ბევრს ალაგს მინახავს, რომ დიდი ჩინით ან დიდი სიმდიდრით აღჭურვილს კაცს, გონებით კი ღარიბს და ხასიათით სუსტს, უშველებელი ხმა და გავლენა ჰქონოდეს საზოგადოებაში. ათასი და ათიათასი უჯერის მას, და იმას კი არავინ კითხულობს, მართლა ჭკუისთვის, ან პატიოსნებისთვის მისცეს ეს ჩინი, მართლა ჭკუითა ან პატიოსნებით მოიგო ეს გავლენა?.. ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ამ პირველ-დროინდელს მდგომარეობაშია.

მარტო ახალგაზრდობის მცირედი ნაწილი გამოვიდა, როგორც იქნა, ბრმა მონების კლანჭებიდგან, და, რასაკვირველია, იმწამსვე მეორე უბედურებაში ჩავარდა… ჩვენი ახალგაზრდობაც ასე მოიქცა… ადვილად მიხვდა, რომ უშველებელი უგუნურობა ყოფილა ეს ბრმა მორჩილება: რაკი ამაზე შუბლი მიახალა, ის მოტრიალდა და პირდაპირ მეორე გზას დაადგა: «აღარავის დავემორჩილები, სხვისას აღარაფერს ვიწამებ, მარტო ჩემს საკუთარ შეხედულებას გავყვები, მარტო ჩემს გონებას ვიცნობო»! უწინდელს მონობას უეჭველად ეს შედეგი უნდა მოეტანა. ამის გამო, ეხლანდელი ჩვენი ახალგაზრდობა დაფანტულია გონებითად: ზოგი მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი წყლისკენ მიიწევს, ზოგი ტყისკენ, ზოგი ხტის, ზოგი წევს, ზოგიც სეირნობს… საზოგადოებრივი მეცნიერება ხეირიანად შესწავლილი და გაცნობილი რომ ჰქონდესთ ამ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი საზოგადო კითხვების უმეტეს ნაწილზედაც ერთი აზრისა და შეხედულობის იქნებოდენ, ისე, როგორც ყველა თანახმაა ახლა იმისი, რომ ორჯერ ორი ოთხია, ან იმისი, რომ სახლის ასაშენებლად ჯერ საძირკველი უნდა გათხაროს კაცმა, მერე კედლები ამოიყვანოს, და მერე ჭერი გააკეთოს და არა ამ ჭერის გამართვით დაიწყოს სახლის შენება… ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კი ამ სიბრმავის სიძულვილით დაფანტულად და ცალ-ცალკე დახეტიალობს. ამ ხეტიალის უსარგებლობა და მავნებლობა ბევრს ესმის.

ბევრი ქადაგობს, არ ვარგა ამგვარი დაფანტულობაო. ბევრი იხვეწება – ერთობა ვიქონიოთო, ერთი მიზნისკენ წარვემართოთო… ხალხში ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ დამყარდება, როცა ამისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი ეკონომიურად გათავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა, სწორედ ისე ახალგაზრდობის ცხოვრებაში, გონიერი და საჭირო დისციპლინა მარტო მაშინ დაარსდება, როცა ჩვენი მოთავეები ბრმა მორჩილების ძებნას დაიწყებენ, და მარტო თავისი გონების ძალით, მოიგებენ ახალგაზრდობის შემუშავებულს, მოწიფებულს, თვალ-ახელილს გონებას… ამის მაგიერ ჩვენი მოქმედი პირები იმ საქციელს ადგიან, რომელიც მხოლოდ მცირე საქმეს, ვიწრო ამხანაგობას, უმომავლო მიზანს შეეფერება, და არა დიდს, სახალხო, საქვეყნო საქმეს… რაც კი რამ გაკეთებულა ქვეყანაზე დიდი ან სახეირო, ხალხისთვის, გაკეთებულა აშკარად, საქვეყნოდ, პირდაპირ, მარტო პატიოსანი საშუალებით, მარტო ნამდვილის ძალით, გონებითის ან ფიზიკურის ძალით, და არა ოინობით, პირფერობით, ფარისევლობით, და სხვა ამ რიგი საშუალებით. მარტო «კლიკას», ავაზაკურს ბრბოს შეეფერება ქვეშქვეშურად მოქმედება საზოგადო ასპარეზზე, მარტო უმომავლო ხალხს, დაცემულს და უიმედო საზოგადოებას მოუხდება დაფაროს თავისი თავი, თავისი მიზანი და საშუალება, და ჩუმ-ჩუმად, მალულად ეძიოს თავის ხსნა… ნუ-თუ იქამდი დაეცა ჩვენი ხალხიც, იქამდი ბოლო მოეღო საქართველოს, რომ ამნაირი  უმომავლო და უიმედო ქვეყნად უნდა ჩავთვალოთ? ნუ-თუ მარტო იეზუიტური გზა დარჩენილა მის საშველად, მარტო ოინების, სიცრუის და თვალებისახვევის გზა? ნუ-თუ ჩვენი ხალხი იმდენად დაცემულა, იმისთანა უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილა, რომ ვეღარ აიტანს იმ შრომას, ვერ დაადგება იმ გზას, ვერ მოინელებს იმ საზრდოს, რომელიც სხვა ხალხს აბედნიერებს ან აძლიერებს?… ხალხი კი აღარ ყოფილა, ველურთ უბანი ყოფილა, სულითა და გულით დაცემული, და რაღას უშველის მასზე ზრუნვა ან მისთვის შრომა?.. მაინც ხომ ვერ აღადგენს მკვდარს ეს იეზუიტური და მიმაძინებელი გზა, ეს საზოგადო გონების დამხშველი მოქმედება!

VIII

მაგრამ ეს ტყუილია, – ჩვენი ხალხი, ღვთის მადლით, შორს არის ამგვარ უიმედო მდგომარეობისაგან. ღმერთმა ნუ ჰქნას, ამისთანა უბედურებაში რომ ჩავარდეს… არა, ჩვენი ხალხი ამისთანა მდგომარეობაში არ ჩავარდნილა. ის სულ სხვანაირი სამსახურის ღირსია. ღირსია, რომ მისი საქმეც ისე წაიყვანოს მისმა მოთაურებმა, როგორც ყოველი ხეირიანი ხალხის საქმე წაყვანილა ქვეყნიერებაზე. ეს ჩვენი ხალხიც ღირსია, რომ გონება განვუვითაროთ, აზრის მუშაობას შევაჩვიოთ, საკუთარის ხელით მოვაწმენდინოთ მისი წყლულები, საკუთარის შრომით გავამართვინოთ სამართლიანი გაწყობილება, საკუთარის მუხლით სიარული დავაწყებინოთ, და ყველა ამას, ხომ, მარტო პირდაპირი, ყველასთვის აშკარა თვალსაჩინო შრომა მოიტანს… მაშ, ტირილსა და გოდებას თავი დავანებოთ, დავივიწყოთ უხეირო ოინები, ნუღარ ვიკადრებთ იმ გლახურ ცრემლის ჩვენებას, რომელსაც ამოდენა ხანია მისცემია ჩვენი მწერლობა… თუ მართლა გწამს მისი მომავალი, თუ მართლა და გულწრფელად გვინდა მისი მსახურება, ერთი სიტყვით, თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი მამული, ჩვენ ის უნდა გავაძლიეროთ, როგორც მატერიალურის მხრით – სამართლიანად ეკონომიურის გაწყობილების დაფუძნებით, ისე ზნეობით – მისი გონებისა და ცოდნის გაუმჯობესებით. ის იმედი უნდა ჩავუნერგოთ მას, რომელიც ჩვენ თითონ გვაქვს, იმ მომავლისკენ უნდა მიუბრუნოთ პირი, რომელიც ჩვენ გვწამს, იმ გზაზე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ყველა სხვა ხალხი გააძლიერა და გააბედნიერა. მარტო ის ხალხიაო ღირსი ბედნიერების, სთქვა ვიქტორ ჰიუგომ სომხებზე, რომელიც მომავალს შეჩერებიაო; და ვინც მარტო წარსულს შესცქერის, ის სამარეს ითხრისო…

მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ – მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. ხალხის ცხოვრებაშიაც ის კანონი მოქმედებს, რომელიც აღებ-მიცემის ედაბურჯად დგას: ყველა მარტო იმ კაცს ენდობა, მარტო იმას ასესხებს ფულს ან კრედიტს გაუხსნის და შემწეობას მისცემს, ვისაც თავისი რამ აქვს შესაფერი. – აი ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ჩვენი რამ შევიძინოთ, ჩვენდათავად გავძლიერდეთ, ჩვენი მუხლი და წელი გავიმაგროთ და მაშინ ერთი დასტვენის მეტი არაფერი დაგვჭირდება: მაშინ ყველას ჩვენი ნდობაც ექნება, პატივიც და რწმუნებაც, მაშინ ყველა მეგობრებად გაგვიხდება და შემწეობას არავინ დაგვაკლებს. მაშინ ჩვენდა-თავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ «საკუთარის გაძლიერების“ გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდი კი ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას ის აზრი ექნება თავში: «სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რათ გიკავია, თვალს რათ გვჭრი შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდა-თავად წამოდგომა არ შეგიძლიაო»!

მოახერხებს ეხლანდელი ჩვენი თაობა ამ საქმის წაყვანას, ამ მიზნის მიწევნას კი არა, ძებნას? არა მგონია. ერთობ შეჩვეულია ის ზლუქუნსა და ტირილს, ერთობ ნაჩვევია სხვისი იმედით ყოფნას, ერთობ გადაჩვეულია სიარულს, საკუთარის ძალით სარგებლობას… დროა, დიდი ხანია დროა, რომ ახალმა თაობამ მიიხედმოიხედოს ამ ჩვენს მდგომარეობაზე და გარკვეულად შეუდგეს იმ შრომას, რომელსაც დღეს ჩვენის მამულის სარგებლობა მოითხოვს… … თანდათან გვიახლოვდება ახალ-ახალი ქვეყნის მოძრაობა… ოცი წელიწადი არ გაივლის ისე, რომ ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენის მამულის ახლო-მახლო მდებარე ქვეყნები, მსოფლიო ბრძოლის ასპარეზად არ გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შუა… მაშინ რუსეთისთვის საჭირო და დასაფასებელი იქნება ჩვენი-ხალხის დახმარება,,, ბედნიერი ის ხალხი იქნება, ვინც მზა-მზარეული დახვდება ამ ბრძოლის პირველ კიჟინს, ვისაც მაშინ ნამდვილი ერთოლბაც ექნება და გონიერი დისციპლინა.  ამნაირად დამარაგებულ ხალხს ექნება ადგილი ხალხთა საერთო ტაბლაზე… და ვინც მაშინ დაფანტული, უძლური იქნება, მას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს…

დაიბეჭდა 1879 წელს ნ. ნიკოლაძის მიერ შედგენილ ალმანახში «საახალწლო», რომელიც გამოვიდა 1880 წელს.

ნ უ თ უ ? – ილია ჭავჭავაძე

(პასუხად «მოგზაურის” კორესპონდენციისა)

«ივერიის» მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ «მოგზაურში» (№13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა «საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება», მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური ღირსება.

ავტორი «მოგზაურის» შემწეობით მე მაბრალებს, – ვითომც მხეცურ გულქვაობით და სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო. ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა «ივერიაში» (№54) ამ დაბოლოვებით: «ნუთუU ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის” ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო».

თუმცა ის ამბავი, რომ «ივერიამ» ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის–თავადაც ასე თუ ისე იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი «ივერიის» რედაქციას. რაც გინდ იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ «ივერია» სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს.

მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ სარის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისისთავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ.

ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად.

ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, – ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

ნუთუUეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ–ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც-კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით.

ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით.

ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს.

მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა პატივისმცემელი კი არასდროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა.

პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ ორთაწიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას და უმაღლეს სულთ-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა მარტო იმ საზრისით, რომ, თუ აქ კაცი კაცს უსაფუძვლოდ ერჩის, იმედია, გაბიაბრუებული უსაბუთობას რჩოლისას დაგვიმტკიცებსო…

ნუთუ ეს სასურველია პრესისთვის, რომლის ჭეშმარიტი თავისუფლება მიჯნების განზე გადგმა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვა. დიდი მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავად-აზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა, მოსარიგებლის მორიგებაა, შესარიგებელის შერიგებაა იმისდა მიხედვით, – ვის რა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ან ერობრივი სამართალი მიუძღვის ერთმანეთის წინაშე… თუUმართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითომც რედაქტორი «მოგზაურისა» ერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა.

ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს დაამტკიცებსო. განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? სად არის გეში, სად არის საბუთი, რომ კაცმა ან ასე გახიოს, ან ისე გაფხრიწოს? აქ ცარიელ უარყოფის მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის. რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში?

ან ვისა აქვს იგი ადამიანის ღირსებისათვის უკადრისი მართლა-და უფლება, იგი ყოვლად შეუწყნარებელი და ადამიანობის შემაგინებელი ბატონობა, რომ კაცი პასუხის საგებლად მოედანზე გამოსჭიმოს, ვიდრე ბრალმდებს თავისი არ დაუსაბუთებია იმოდენად მაინც, რომ პირველ შეხედვით საბუთი–საბუთს ჰგვანდეს და არა ტყუილების გუდას… სწორედ ამგვარად მომექცა ჩემზე ასე ძლიერ გაბოროტებული ავტორი: სამარცხვინო საქციელები დამწამა და საბუთად მარტო ის მოიყვანა, რომ ასე  მიამბო ერთს შემთხვევაში ერთმა გლეხმაო, მეორეში – მეორემაო, ზოგანთავისიც მოაჭორა და ცალიერის სიტყვის მეტი სხვა არა გვანიშნა-რა. მართლა უამბო თუ არა ან ერთმა, ან მეორე გლეხმა, – ეგ მაღლა ღმერთმა იცოდეს და დაბლა თითონ ავტორის სინიდისმა. ხოლო ნუთუ მბობა ვისიმე საერთოდ და გლეხისა ცალკე საბუთია, რომ შეუმოწმებლად კაცმა კაცი გასწიროს, ზნეობითად ჯვარს აცვას, ან შამფურზე ააგოს და სირცხვილის ნაღვერდალზე შესწვას… სრულიადაც არ გამიკვირდება, რომ იმავ თავდაუჭერელმა ავტორმა ხვალ არ დამწამოს შარაგზაზე ხალხის ძარცვა და ამის საბუთად ის არ მოიყვანოს, რომ ერთმა გლეხმა ასე მიამბოო, და თუ გაჭირდა ერთი ვინმე უნამუსო გლეხი, ანუ სხვა წოდების კაცი, პირში არ წამომიყენოს. მოდი აქ და თავი იმართლე, თუ უსაფუძვლობა ამისთანა ბრალისა თქვენზე მოაგდეს დასამტკიცებლად… დიახ, ბატონებო თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს სურვილი დიდი ჰქონია ჩემთვის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ საფანელი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია. ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც და ცილისწამებასაც ჭკუა და გონება სდომებია.

იგი იმისთანა ბრალებსა მდებს, რომელთა გაქარწყლება ძალიან ადვილია, თუ კაცი გაირჯება და თვითოეულის ბრალის გარემოებას და ვითარებას ცოტაოდნად მაინც ჩაუკვირდება და ჭკუადასმით და გულმართლად განიკითხავს.

II

იგი სასახელო კორესპონდენცია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩემი წერილი, იმით იწყება, რომ საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვსს მარტს თავი მოიყარა და გადასწყვიტა: «ბოიკოტი გამოეცხადოს აქაურ მემამულეებს –ილია ჭავჭავაძეს, გივი სტაროსელსკის და ტატო ციციშვილსაო». ამთავითვე მიუბაძნია ჭოპორტის საზოგადოებასაც და აქ ვის გამოუცხადეს «ბოიკოტობა», ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს… საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში რომ ილია ჭავჭავაძე სულაც არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ავტორს არავითარი ნაღველი არ ექნებოდა არც საგურამოს, არც ჭოპორტის გლეხთა საზოგადოებისა და არავითარი დარდი გლეხისა არ აალაპარაკებდა.

განა მარტო ეს მაკმარა, რომ «ბოიკოტი» გამოუცხადესო. დღევანდელ დღეს ვის არ შემთხვევია ეგ ამბავი და ამით ჭავჭავაძეს ბევრი არა წაუხდებოდა-რა. რომ უფრო გააძლიეროს ამ «ბოიკოტის» მნიშვნელობა ჩემდა სამარცხვინოდ, ავტორი დიდის რიხით და პათოსით შემოგვძახის: «ასე გასინჯეთ, ი. ჭავჭავაძეს ჰყავდა (ვაი ჩემს შერცხვენას!) ერთი დედაბერი მექათმედ. იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, – რატომ დედაშენი არ ანებებს თავს მებატონესთან სამსახურსაო, და კაცი იძულებული იყო ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერიო»…

ჯერ ერთი ის, რომ ეს ცეცხლის წაკიდება ცოცხალ-ცოცხალი ტყუილია და, როგორც მაცნობეს, ამისთანა ამბავი სრულებითაც არ მომხდარა, სახლიც ღმერთის მადლით არავისთვის არ გადაუწვავთ, მაშ, რა ძალა დასდგომია ჩვენს ბედნიერს ავტორს, რომ ამისთანა აშკარა ტყუილი, რომ ამისთანა აშრობა უკადრნია და არ უთაკილნია! ამით ვითომ რა ჰსურვებია ეთქვა ჩვენს ბედნიერ ავტორს? ის რომ, რაკი ჭავჭავაძეს დედაბერიც არ დაუყენეს, – სჩანს, რაოდენად გაუწბილებია ჭავჭავაძეს გლეხკაცობა, რამოდენად შეუძულებია თავისი თავი, რომ მისდა სავნებელად გლეხკაცებმა თავისი მოძმეც არ დაინდეს. ავტორს ისიც-კი ვერ გაუგია, რომ თუ დედაბერი გაჯიუტებულა და ჭავჭავაძესთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე შვილთან წასვლა, ეს ამბავი ჭავჭავაძისათვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ავტორისათვის. აგრეთვე ის ამბავიც, რომ გლეხკაცებს ვითომც ამ დედაბერის შვილისათვის სახლი გადაუწვავთო,გლეხთა ავკაცობას უფრო მოასწავებს, ვიდრე საბუთს «ბოიკოტის» ასე თუ ისე გაძლიერებისას, ჩემდა სამარცხვინოდ. აბა, ამას ჭკუა არ უნდა, რომ კაცი აშკარა ტყუილს იგონებდეს და ამ ტყუილით თითონვე თავისის ხელით ყელს იჭრიდეს. კიდევ ვიტყვი: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი…

მე და ჩემი მეუღლე მემამულენი ვართ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს არც ერთი ნაყმევი, არც ერთი ხიზანი არა გვყავს, არამცთუ საგურამოს, არამედ მთელს დედამიწის ზურგზე. მართალია, მე საკუთრივ ცოტა თუ ბევრი ყმები მყავდა კახეთში, მაგრამ ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლ-კარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები, უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველივე ბატონ-ყმური ნაშთი ჩემსა და ჩემთა ნაყმევთა შორის. ხიზნებიცა მყავდა თიანეთის მაზრაში. ხაზინა შემომევაჭრა მათ მიერ ხმარებულ მამულს და მე მარტო მაშინ მივყიდე, როცა ჩემი ხიზნები სხვა, მათ მიერ არჩეულ და მოწონებულ სახელმწიფო მამულში გადავიყვანე და დავაბინავე თ. ლევან ჯანდიერის შემწეობით, რომელიც მაშინ მაზრის უფროსად იყო. ჩემმა მეუღლემაც გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მონაწილეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც ერთი ნაყმევი არ ირგუნა. ამ სახით, ჩვენ ორს რაც მამულები გვაქვს, სულ თავისუფალი და დამოუკიდებელია სხვისაგან. მაშასადამე, მამულის გამო ჩვენ ვერაკაცი ვერც ნაყმეობით, ვერც ხიზნობით ვერას წაგვედავება, ვერას დაგვემდურება, თუ სადმე განკითხვა და სამართალია…

და თუ გლეხკაცობა დღეს თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია იმით კი არა, რომ სამართალი რამ მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო მთელს საქართველოს და ყველა ნებით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია.

აქედამ ის არ გამოდის, რომ კაცმა დიდის მწუხარებით არ შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო. აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელს ამ დიდს მანძილზე. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება…

III

ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ასე გავაჭიანურე ჩემი პასუხი და აქამომდე, სწორედ რომ ვთქვა, არსებითად საპასუხო თითქმის არა ვთქვი-რა… შევუდგები რა ამ ფრიად უსიამოვნო ამბავს, ყოველთ უწინარეს გთხოვთ ყურადღება მაქციოთ მას, რომ ჩემი კეთილისმყოფელი ავტორი ოთხს ბრალსა მდებს, რომელთა შორის ერთი თითქმის კაცისკვლაა.

ერთი დანაშაული ჩემი თურმე ისა ყოფილა, რომ ერთს «ახალ-სოფლელს» გლეხს უამბნია, ვითომც ჩემს კალოზე «ს ა ნ ა დ ე ლ ო « ყანის ძნა მოუტანია მაშინ კი არა, როცა ჩემს მოურავს დაუვალებია, არამედ მეორე დილას ადრიანად, და მე უშვერის სიტყვით ლანძღვა  დამიწყია და, რა თქმა უნდა, ჭყივილ-ყვირილით მითქვამს: «ეხლავე ეგ ძნა იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, და როცა მოურავს დრო ექნება, ჩამოვა, ახლად გადმოითვლის და გაჰყოფსო». გლეხკაცსაც ძნა ისევ «სანადელო» მიწაში ჩაუტანია. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს საგურამოს მამულებში წილი გვიდევს, მაგრამ «ახალ-სოფელში»-კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლად ეკუთვნის თ-დ ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა ჰყავს…

უნდა გამოვტყდე, ჩვენის კორესპონდენტის სასიხარულოდ, რომ იმ ოთხს ბრალთაგან, რომელსაც იგი მე მწამებს, მარტო ამ ამბავს აცხია მართლის ნიშანწყალი, მაგრამ ეს ერთი ნამცეცა მართალიც კი ისე ამოუვლია თავის გულის ზაფრაში, რომ თავისი ნიშანწყალი დაუკარგავს, ტყუილს დიდ მანძილზე არ ჩამორჩება და მოგვაგონებს ხავსს, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება ხოლმე, როცა მეტი გზა არა აქვს.

საქმე აი რაშია.

იმ ხუთ სოფელში, რომელნიც საგურამოს შეადგენენ, სულ სახელმწიფო გლეხნი დგანან და იქა ჰხვნენ და სთესენ, საცა მამულის პატრონს მოურიგდებიან. ამ სოფლებში დიდის ხნიდან დადებულია, რომ, ვინც ვის მამულს მოხნავს, მამულის პატრონს მეოთხედი უნდა აძლიოს და თავისის ურმით მემამულეს კალოზე მიუტანოს.

ამ მეოთხედის დათვლა-მიტანა, ათეულების ადგილობრივი შეფარდება და სხვა ამისთანა, მრავალმიზეზიანი საქმეა და ხშირად ამ სარბიელზე ჩხუბი და დავიდარაბა მოსდით მოურავს და გლეხს ერთმანეთში… კიდევ ვიტყვი, რომ როგორც მოურავი, ისეც გლეხკაცი ყველა უმანკო მტრედი არ არის. ამიტომაც, თუ საქმე მიზეზიანია, ეშმაკობა და მოტყუება ორსავ მხრივ ადვილად მოსალოდნელია. ერთის მხრივ,…ამისთანა ამბების ასაცილებლად, რაოდენადაც შესაძლოა, მეორეს მხრით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, მოურავი ვის ყანიდან რას ჰგზავნის, ვის რამდენს ართმევს, ერთის სიტყვით, იმისათვის, რომ კაცმა იცოდეს, ვისგან რა შემოსდის, და მოურავსაც საბუთიანი ანგარიში ჩამოართვას, მე დავაწესე, რომ მოურავმა თვითოეულ გლეხს იქავ, საცა მეოთხედს მიითვლის, ბარათი აძლიოს, ვისგან რა ერგო, და თითონაც დავთარში ჩაიწეროს… დიდმა ნაწილმა გლეხკაცობამ ეს ნებაყოფლობითი წესი მომიწონა, – მტყუანი და მართალი ამით გაირჩევაო, და მიიღო კიდეც… ხსენებულ წესის დადგენის აქეთ სულ ორი შემთხვევა იყო, როცა იძულებულ ვიყავ მე ჩემი მექმნა და ეს მუქარა ცალიერ სიტყვად არ დარჩენილიყო. ერთი ამ ხუთისა თუ ექვსის წლის წინათ მოხდა, რომ უბარათოდ მოტანილი მეოთხედი უკანვე დავუბრუნე, არ მახსოვს, წიწამურელს, თუ გურამიანთკარელს გლეხკაცს, და მას აქეთ მთელმა ხუთმა, თუ ექვსმა წელიწადმა ისე ჩაიარა,რომ არავის დაურღვევია. ხოლო შარშან, თუ შარშანწინ, ერთს გლეხს უბარათოდ მოეტანა ძნა.

აშკარაა, ან ხელახლად ჩემი მუქარა უნდა ამესრულებინა, რომ წესი წესად დარჩენილიყო, ან წესზე ხელი ამეღო, რადგანაც მაგალითი ამისთანა შემთხვევაში მოარულ ჭირზე უფრო ადვილად გადამდებია. რა თქმა უნდა, პირველი ღონისძიება ვირჩიე: გლეხს მუქარა ავუსრულე, უკანვე დავუბრუნე, – მინამ ბარათს არ მომიტან, ძნას არ მივიღებ-მეთქი.

შესაძლოა, ამ წესის დამყარება იმად არა ღირდეს, რომ კაცმა კაცს ძნით დადებული ურემი უკან დაუბრუნოს, შესაძლოა, ეს ამისთანა წესი ყოვლად გამოუსადეგარი, ყოვლად უაზროც იყოს… მაგრამ ნუთუ ეს ამბავი, თუნდაც გლეხის მიერ ნაამბობი, ისეთი რამ არის, რომ კაცმა კაცი გასაბიაბრუებლად გამოიმეტოს…

დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლებელია, რომ ერთი უნამუსო კაცი ვინმე იშოვოს ჩვენმა ნამუსიანმა კორესპონდენტმა და ჩემდა გასამტყუვნებლად პირში წამომიყენოს, მაგრამ ტყუილი მოწმე განა ისე ადვილად გაასაღებს თავის ნათქვამს, რომ გზა და კვალი ვეღარ ვუპოვოთ?.. აქ თუ თითონ ავტორი არ ავალაპარაკეთ, სულელობას ნალაპარაკევისას არავინ დაიჯერებს. გლეხს ვითომც ავტორისათვის უთქვამს: «ძნა ისევ იქ ჩავიტანე (ესე იგი «სანადელო» მიწაში), დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე დღე, მესამე, მაგრამ სად არის მოურავი. იქ ველოდე (?), მინამ საქონელმა ძნა არ დაშალა და არ გააოხრაო“. ის დალოცვილი გლეხი, რაკი იქ ელოდა, რადღა დააშლევინა და გააოხრებინა ძნა საქონელსა?… თუ ის ძნის გაოხრება მართალია და აქ განზრახ ჩაკერებული არ არის, განა ძნის პატრონი შეარჩენდა ვისმე საზღაურს და არ შეატყობინებდა ან მეველეს, ან მამულის პატრონს ახალ სოფელში.

მეორე ბრალი, რომელსაც გლეხისათვის ვითომდა გულდამწვარი კორესპონდენტი მე მწამებს, ის არის, ვითომც მე ერთ სხვა მემამულესთან ერთად მთავრობას ჯარი ვთხოვე «ბუნტის ჩასაქრობად». ესეც მტკნარი ტყუილია ლილახანაწამხდარ ავტორისა, რომ მეტი არა ვთქვა-რა. აი, აქაც რა თაღლითობაა ავტორის მხრით და რა მოურიდებელი ტყუილია. პირველ ხანებში, როცა გლეხთა მოძრაობამ საგურამომდინაც მოახწია, მე ავად ვიყავ და ტფილისიდამ ფეხი ვერ გავდგი. ზედიზედ ჩემი მოურავისაგან წერილი მომდიოდა*, მოჯამაგირეები, მწყემსები, პურისმცხობელი და სხვანი სულ გაგვიფანტესო და გაგვირეკესო, ამოდენა ცხვარი, საქონელი, ცხენი და ღორი,** ამოდენა სახლ-კარი, პური, ღვინო უპატრონოდ დაგვრჩაო, ტყეს შეესივნენ და სოფლეურად სჩეხენო.

ჯერ არ დავიჯერე. სწორედ მოგახსენოთ, არ მეგონა, რომ საგურამოს გლეხკაცობა ასე გამომიმეტებდა, მაგრამ რა გაეწყობა? რაკი ნიაღვარი მოსკდება და მოვარდება, მართალი  და მტყუანი თან მიაქვს. ყური მოვუყრუე მოწერილ ამბებს და ოთხ თუ ხუთიოდ დღეს გავუჩუმდი… რა უნდა მექნა? ნუთუ ამოდენა ქონება და საქონელი უნდა დამეღუპნა, ან გლეხებს ამით რა შეემატებოდათ? ბოლოს, რომ ვეღარას გავხდი, მაზრის უფროსს დეპეშით ვთხოვე, შველა რამ გაგვიწიეთ-მეთქი. ღმერთმა უშველოს, მაშინვე სამი «სტრაჟნიკი» გამოეგზავნა, – სასახლეს და კარ-მიდამოს უპატრონეთო. «სტრაჟნიკები», რა თქმა უნდა, მე ჩემთან დავაყენე, მე ვასმევდი, მე ვაჭმევდი, ცხენებს მე ვუნახავდი და ერთი იმათგანი სოფელს არც-კი მიჰკარებია, არც ერთს მათგანს გლეხკაცის წკირისათვისაც ხელი არ უხლია. როცა მოჯამაგირენი ვიშოვე, «სტრაჟნიკები» მაშინვე დავითხოვე.

ნუთუ ჩვენმა გალაღებულმა მხილებელმა ეს ამბავი ჩაიწვეთა ყურში და ბუზს აქლემი აშობინა თავის ახირებულ სურვილისამებრ იმ სახით, – ვითომც მე ჯარი მეთხოვოს და გურამიანთკარს ჩამეყენებინოს. პირდაპირ ვამბობ: არც მითხოვნია და არც მოვითხოვ… ვსთქვათ, კორესპონდენტის სიტყვისამებრ, მთავრობამ ჯარი გაგზავნა საგურამოში, სხვათა შორის ჩემის თხოვნითაც. რაკი ეს ჩემი თხოვნაც საბუთად დასდებია ჯარის გაგზავნას, ამ თხოვნას ხომ კვალი რამ უნდა დარჩენოდა ან მაზრის უფროსის, ან გუბერნატორის, ან მთავარმართებლის კანცელარიაში. ამისთანა არა-სახუმარად პასუხის საგებელი მძიმე საქმე, როგორც ერთობ ჯარის გაგზავნა და ჩაყენება სოფელში, განა შესაძლებელია ისე, რომ მიწერმოწერა არ გაემართათ და შიგ თხოვნა სხვისასთან ერთად ჩემიც არ დაესახელებინათ, ვითარცა მიზეზი?

კორესპონდენტმა რომ თავისზე მეტი სუნის ამღები მეძებრები არბეინოს საძებნელად, საგურამოს ჯარის ჩაყენების საქმეში ვერსად ვერ იპოვის ჩემის სახელის ხსენებასაც, რადგანაც ჯარი არავისათვის მითხოვნია არც სიტყვით, არც წერილით. თუ გაჭირდა, ამის ოფიციალურ მოწმობასაც წარმოვადგენ…

———————————

* გლეხებსავე ჩამოჰქონდათ მალულად.

** ყოველივე ესე კარგა ბლომად მყავს, ჩემის მხილებელის სამწუხაროდ.

მესამე ბრალი, სხვებზე არა ნაკლებ ტყუილი, ის არის, რომ «არც დიდებული ილია ჭავჭავაძე» თურმე და არც სტაროსელსკი გლეხებს ნებას არ აძლევს ზეზე სადგომის აგებასაო. ამას კი ჩვენი პატიოსანი კორესპონდენტი თავისით ამბობს და არა სხვისა სიტყვით. სტაროსელსკისა არ ვიცი, და «დიდებული ილია ჭავჭავაძე» კი არა-დიდებულს და ძალიან დანამცეცებულს ავტორს მოახსენებს, რომ საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილები ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის არც ილია ჭავჭავაძეს, არც მის მეუღლეს და სულ სააპეკუნოშია და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მთლად სხვისი მამულია. მაშასადამე, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დავუშალო ვისმე, ან ნება ვაძლიო, ან მიწურის გათხრისა, ან ზეზეურად სახლის აგებისა, ძალიან გულითაც რომ მინდოდეს… აბა, ეს ასეთი დაშლა რა ჭკუაში მოსასვლელია? იმ ჭკუაში, ბატონებო, რომელიც ღმერთს სხვებისთვის დაურიგებია და ზოგიერთისთვის კი არ გაუმეტნია, – მეტი ბარგი იქნება და ვერ ატარებსო… რომ ეს მართლა ჭორია და არავითარი საბუთი არ მიუძღვის, ვთხოვ ავტორს წაბრძანდეს და თავის თვალით ინახულოს თუნდ ტფილისიდან პირველი სოფელი წიწამური*, რომელიც სააპეკუნო ადგილშია და ითვლება ხუთ საგურამოს სოფელთა შორის და დიდს შარაგზაზეა, წაბრძანდეს-მეთქი, თუმცა უამისოდაც აქამდე ათასჯერ აუვლია, და ინახულოს, რამდენი სახლია ზეზეურად წამოჭიმული ბექობზე, ზოგი კარგა ხნის ნაგები და ზოგი დღესაც არ-დამთავრებული… განა აშკარა არ არის, სადაც სცემს ავტორი, როცა ამისთანა ჭორს იგონებს; აშკარაა, ავტორს სდომებია ამ ჭორით ქვეყანა დაერწმუნებია, რომ, აი «დიდებული ილია ჭავჭავაძე» რა ღმრთის რისხვა კაცი ყოფილა, – გლეხს უნდა მიწურიდამ ამოძვრეს, მზე დაინახოს, საღი ჰაერი ჰყლაპოს და ჭავჭავაძე კი არ უშვებს და ამ სახით გლეხკაცს მიწურში აღშთობს… დაგვრჩა ეხლა მეოთხე და უკანასკნელი ბრალი, ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი და საშინელი, რადგანაც თითქმის კაცისკვლამდეა გაჭიმული. რა ზნეობურ ავლადიდების პატრონია ჩემი პატიოსანი მხილებელი, ისე აშკარად არსადა სჩანს, როგორც ამ მეოთხე ბრალის დაწამებაში, საცა მე და ჩემს მოურავს თუ კაცისმკვლელად არა, კაცის სიკვდილის მიზეზად მაინც გვხდის. აქ ამოდენა საზიზღარს ბრალსა გვდებს ორ კაცსა და ერთს სიტყვასაც, დიახ, ერთს სიტყვასაც მართალს არ ამბობს, თორემ ხომ ვნახავთ, თუ მკითხველი იმოდენა პატივს დამდებს, მოთმინება იქონიოს და ბოლომდე ჯერ თვით ავტორს მოუსმინოს მის მიერ მოთხრობილი ამბავი და მასთან ერთად ჩემი საბუთებიც განიკითხოს.

«ამ ზამთარსაო, – უთქვამს ვითომც ავტორისათვის ერთს გურამიანთკარელს გლეხს – დიდი ყინვებისაგან სოფლის სასმელი წყალი გაიყინაო ისე, რომ მთლად უწყლოდ დავრჩითო». ეს მთლად თავიდამ ბოლომდე ტყუილია. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მარტო იგი ადვილად და უტყუარად შესამოწმებელი გარემოება მოვიხსენიოთ, რომლის კვალიც თავისდღეში არ წაიშლება, თუნდაც მთელი სიბრძნე «მოგზაურისა» და სიცრუე ავტორისა ზედ დააბღერტოთ. საქმე ის არის, რომ სოფელ გურამიანთკარს, მისდა საბედნიეროდ და ავტორის საუბედუროდ, შიგ სოფელში ეგრეთწოდებული თეზამის წყალი ჩამოუდის. ამას გარდა, შიგ სოფელშივე არის წყარო, რომელიც ამ ოცის წლის წინათ გამოიყვანეს სტაროსელსკიანთ მილებით, როგორც თავიანთთვის, ისე სოფლისათვის. ეს წყარო კარგა მოზრდილია, ასე რომ კოდიც კი უდგა საქონლის წყლის სასმელად.

* მარტო ერთი რვა თუ ცხრა-კომლიანი სოფელია, წიწამურად წოდებული, საცა მარტო ორი თუ სამი კომლი ნაყმევია ზაალ გურამიშვილისა. თეზამის წყალი ხევის წყალია და გაშლილ მინდორზე მოდის შორიდან. რა თქმა უნდა, ბევრჯელ ზამთრობით იყინება. ხოლო გურამიანთკარის წყარო-კი თავის-დღეში, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, არადროს არც გაყინულა და არც გაიყინება, როგორც მოგეხსენებათ ბუნება წყაროს წყლისა. ვთხოვ ბატონ რედაქტორს «მოგზაურისას» და მის მიერ განებიერებულს ავტორს მიბრძანდნენ და იქავ, ადგილობრივ შეამოწმონ ჩემი ნათქვამი. აქ მოწმედ მომყავს იმისთანა უტყუარი, იმისთანა დაუქრთამავი მოწმე, როგორც ბუნებაა და თვალად დასანახავი გარემოება.

გზა რომ არ შეეშალოთ, წინათვე ვანიშნებ, რომ თეზამის წყალი და წყარო იქავ გურამიანთკარშია, ხიდქვეშ გამოდიან, სტაროსელსკის სახლის წინ. ამ სახლსა და ამწყლებ შუა სულ ორი საჟენი შარაგზაა სოფლისა. აშკარაა, ნაამბობი ვითომდა გლეხისა – «ამ ზამთარს წყლები გაგვეყინა, ასე რომ უწყლოდ დავრჩითო», ან კუდიანი ტყუილია გლეხისა, ან ზღაპარია თვით ავტორისაგან ხელდახელ შეხანხლული იმის ძალით, რომ რაც მელას აგონდება, ის ეზმანებაო…

ხომ ათქმევინა გლეხს ის აშკარა ტყუილი, ვითომც ამ ზამთარს გურამიანთკარელებს წყლები გაჰყინვიათ, ასე რომ მთლად უწყალოდ დარჩენილან. ეს ტყუილი თავისთავად არაფერს ნიშნავს, კაცი იტყვის: ილია ჭავჭავაძის რა ბრალია, რომ გურამიანთკარში ზამთრობით წყლები იყინებაო. მოუთმინეთ, ბატონებო, ავტორს, – ის მოგახსენებთ, აქ ძაღლის კუდი სადა მარხია. აი, იგი რას მოგვითხრობს, ვითომდა გურამიანთკარელს უამბნია: «სოფელ ზევით სამ ვერსტზე ტყეში მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინებაო». ესეც ისეთივე მტკნარი ტყუილი, ან მოლანდებული ზმანებაა თვით ავტორისა. თუ ჩვენი ცრუპენტელა მაბეზღარი მოწყალებას მიიღებს და გურამიანთკარის ზემოთ ამ სოფლიდამ სამის ვერსტის მანძილზე ჩემს ტყეში «მიუვალ ღელეში» ისეთს პატარა წყაროს მიპოვის, რომ ან კოკა მიდგმით აივსებოდეს, ან როგორმე, და იქავ, საცა გამოჟონავს, ახლო მანძილზე სიპატარაობით არ იკარგებოდეს, დიდი მადლობელი ვიქნები და ვშიშობ არ ითაკილოს, თორემ სამახარობლოსაც მივართმევდი. აქაც მოწმედ მოვიყვან თითონ ბუნებას და თვალთა სანახავს გარემოებას, რომელნიც ყოველთვის და ყოველჟამს უტყუარნი არიან. სხვა არა იყოს რა, მე თითონ სხვისი მამულიდამ ჩემს ეზოში მილებით გამოყვანილ წყაროს წყალს ვხმარობ. იმას კი აღარ ვამბობ, რომ გურამიანთკარს ზემოთ ტყე სტაროსელსკისაა და არა ჩვენი; ჩვენს ტყესა და გურამიანთკარის შუა სტაროსელსკის ტყე, მინდორი და ვენახებია კარგა მანძილზე… ამისდა მიუხედავად გაჯიუტებული ავტორი აი როგორ მოგვითხრობს ვითომდა გურამიანთკარელ გლეხის ნაამბობს:

«დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობაო. დაგვისია თავადმა მოურავები*, ბიჭები, და აგვიკრძალა წყლით სარგებლობაო და თანაც გვითხრეს: ვისაც წყალი უნდა, იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო და სასმელ წყალს მუქთად დაგითმობთო. იძულებული ვიყავით დავთანხმებულიყავით და მთელი ზამთარი ვაძლიეთ ეს ხარკიო». ამ სახით, ავტორი გვარწმუნებს, რომ გურამიანთკარელებს დაუწყიათ სარგებლობა იმ წყაროთი, რომელიც არ არსებობს და მარტო ავტორის ჭკუიდამ მოჩუხჩუხებს. თუნდაც ასე არ იყოს, რა დასაჯერებელია, – კაცმა მიუვალ ღელეში, სოფლიდამ სამს ვერსტზე «ზამთრის ყინვასა და სუსხში დაიწყოს

——————–

* ჩემს-დღეში ერთის მეტი მოურავი არა მყოლია.

სარგებლობა პატარა წყაროთი» მაშინ, როდესაც ცხვირწინ შიგ სოფელში აქვს კარგა მოზრდილი წყარო, რომელიც არც გაყინულა და არც იყინება… გარდა ამისა, არაგვსა და გურამიანთკარს შუა, მაშასადამე, სოფელზე უფრო ახლო, ერთი დიდი ფშაა, რომელიც წისქვილებს აბრუნებს ზამთარ-ზაფხულს, რადგანაც ფშის წყალია და ფშის წყალი ხომ თავის-დღეში არ იყინება. ამ წყლებისაკენ უფრო ფართო, უფრო ვაკე და უფრო მოკლე გზაა, ვიდრე ჩემის ტყის მიუვალ ღელისაკენ და ეს გზა სტაროსელსკის მამულზე გადის სოფლიდამვე დაწყებული ხსენებულ წყლებამდე. ამ წყალზე სიარულს დასალევ წყლის ამოსატანად, ან ნახირის წყალზე გარეკას, მამულის პატრონი არავის არ უშლის და მე, რომ ძალიან გულითაც მინდოდეს, სხვის მამულში რა ხელი მაქვს ან დაშლისა, ან არ-დაშლისა. ყველა ამის დასამტკიცებლად ხელახლად ვთხოვ «მოგზაურის» რედაქციას და მის მიერ პატივისცემით მიღებუილ მტყუან კორესპონდენტს მიბრძანდნენ და ადგილობრივ გამოჰკითხონ იმისთანა მართალს და მიუდგომელ მოწმეს, როგორც ადგილმდებარეობაა და ბუნება, რომელნიც თავის-დღეში არა სტყუიან… საქმე კი აი რაშია: საგურამოში, რომლის წრეშიაც ხუთი სოფელია, გლეხკაცები სხვადასხვა მემამულის ტყესა და მინდორს ჰხვდებიან საქონლის საძოებლად, სხვათა შორის ჩემსა და ჩემის მეუღლის თავისუფალ მამულებსაც. დიდის ხნით დაწესებულია, რომ ვინც სხვის მამულს მოხვდება საბალახედ, მამულის პატრონს უნდა აძლიოს თვეში ერთი შაური თითო სულს საქონელზე, ესე იგი წელიწადში სამი აბაზი, სოფელ წიწამურის გარდა, საცა თითო სულზე თითო მანეთს იხდიან წელიწადში, რადგანაც საძოვრად უფრო კარგი მამულია და ქალაქზე უფრო ახლოა; მაშინ, როდესაც მთიულები და სხვა შორიდან მორეკილ საქონლის პატრონები, სულ ცოტა რომ ვსთქვა, ექვს-შვიდს აბაზს და ზოგჯერ ორ მანეთსაც იძლევიან თითო სულზე საბალახეს, ისიც ხუთს-ექვს შემოდგომის და ზამთრის თვეებში და არ მთელის წლის განმავლობაში.

ალბათ ეს არის იგი ხავსი, რომელსაც ჩვენი აქაც წყალწაღებული ავტორი ჩაჰკიდებია, არც უციებია, არც უცხელებია და თვეში ერთი შაური ერთი-ათად შეუკეცია, ერთი შაური ათ შაურად გაუხდია და საბალახე წყლის ბაჟად უქცევია… ავტორის უკანასკნელ ბრალის შესახებ ასე მოგვითხრობს, – ვითომდა გლეხის ნალაპარაკევს:

«ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ასე რომ ჩვენ – ღარიბებს გვყავდა ზურგზე აკიდებული თავისის ცოლ-შვილით. ერთს დღეს ამ კაცს აევსო ორი კოკა, გადაეკიდნა მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, – რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. – თქვენ ათი შაური საქონელზედ დაადგინეთ, მე-კი კატაც არა მყავსო. ან ათი შაური ვინ მომცა, მე სულ ორი კვირაა, რაც ქვეშაგებიდამ ავღანტალდი და, ხომ იცი, სულ ავადა ვარო»… «შენთან ბევრი ლაპარაკი არა ღირსო», – და ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ დაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხსაო».

თუ ეს მთელი ისტორიაც კოკების მტვრევისა თავიდამ ბოლომდე ტყუილი გამოდგა და სულ მთლად მოუგონია სახელოვანს წარმომადგენელს ერთგვარ პრესისას, რა სახელი უნდა დაერქვას ან ავტორს, ან მის საქციელს!… რაკი ესეა, მაშ ეს ნახევრად შიშველი გლეხი და მის ზურგზე კოკების მტვრევა სრული ზღაპარია მაბეზღარისა და სხვა არა-რა. თუმცა ესეა, მაგრამ ჩვენი ტყუილის-მცხობელი მხილებელი ამასაც არ ჰკმარობს და მოგვითხრობს, რომ ამ არაყოფილს მტვრევას კოკებისას არაყოფილ გლეხკაცის ზურგზე ილია ჭავჭავაძე – «ბალკონიდან ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული უყურებდა (აბა, ტრაგედია აქ არის და: ცალკე ოთხასმანეთიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და ცალკე ნახევრად შიშველი გლეხი), გულიანად იცინოდა და თანაც აქეზებდა ერთგულს მოურავსო». ნუ დაივიწყებთ, რომ ნახევრად შიშველი გურამიანთკარელი გლეხი გზად მიმავალი ყოფილა ჩემის ტყიდან, როცა მე კოკების მტვრევისათვის მიყურებია. თუნდ ეგეც იყოს, ორმოცთუმნიანი ქურქი აქ რა სახსენებელია! რა სიტყვის პასუხია! თუმცა მე ორმოცთუმნიანი ქურქი ჩემს დღეში არცა მქონია და არცა მსხმია, და თუნდ მქონებოდეს და მსხმოდეს, ამაში სამარცხვინოს არასა ვხედავ, რადგანაც მგონია, რომ არც ჩემი მაბეზღარი დაიწუნებდა ორმოცთუმნიან ქურქს, თუ როგორმე მოიხერხებდა, მაგრამ მაინც სასურველია ვიცოდეთ: აქ ჩემი, ვთქვათ, ორმოცთუმნიანი ტყუილი ქურქი რა მოსატანია, რა შუაშია?

რაკი უმიზეზო ქვეყანაზე არა არის-რა, უნდა ვიფიქროთ, რომ აქაც არის ერთი რამ მიზეზი: ან ის, რომ საშინელი უსამართლოება დაენახვებინა ქვეყნისათვის, აქაო და, ერთის მხრით, ორმოცთუმნიან ქურქში გახვეული გაბღინძული თავადია და, მეორეს მხრით, ნახევრად შიშველი საცოდავი გლეხი, ან, ალბათ, მე გამფრთხილებია, არ გაცივდესო, და ორმოცთუმნიანი ქურქი წამოუსხამს, თუ მართლა არა, სურვილით მაინც.

ამ გაფრთხილებისათვის დიდი მადლობელი ვარ, ხოლო ვთხოვ ჩემს მწემქებარე ავტორს: მიბრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდ ასთუმნიანი ქურქი წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და, თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად მომავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი. თუ კაცმა განგებ ჩემს შემოღობილ ეზოზე არ ჩამოიარა, კაცი ჩემის ბალკონიდან კაცს ვერა სასწაულით ვერ დაინახავს. ხოლო ჩემს ეზოზე ჩამოვლა გარეშე კაცს არ შეუძლიან ისე, რომ ჩემმა ძაღლებმა ფეხზე დააყენონ და არ გაწეწ-გაგლოჯონ. იქნება ჩვენმა გულწრფელმა კაცთმოყვარე ავტორმა ეს ძაღლების ყოლაც დამიგმოს, – თუ ილია ჭავჭავაძე კაი კაცია, გლეხისათვის საშიშარი ძაღლები რადა ჰყავსო და, თუ ჰყავს, რატომ ისე არ გაუწურთნია, რომ მარტო თავადი და აზნაური სწეწონ და ჰგლეჯონ და გლეხს-კი მუხლმოყრით მიეგებებოდნენო. იმიტომ მყავს ამისთანა კაპასი და გაუწურთვნელი ძაღლები, რომ მარტო ვდგევარ მთაში, ტყის პირას, სოფელზე კარგა მოშორებით და, თუ კაპასი, აფთარი ძაღლები არ ვიყოლიე, ნადირისა და ქურდის შიშით მე იქ არ მედგომილება…

არც ეს მაკმარა ამ ყოველ მართებულობაზე, ყოველ ადამიანობაზე ხელაღებულმა ავტორმა და აი სადამდე გაადგმევინა უწმინდური ფეხი საზიზღარ ბეზღობას. იგი აი რით ათავებს ამ მოჭორვილს ამბავს კოკების მტვრევისას. «უბედური გლეხი, ვიდრე სახლში მივიდოდა დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაციებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლად ავად და ერთს კვირაში გაათავა მრავალტანჯული და წამებული სიცოცხლეო».

აი, ბატონებო, ხომ ხედავთ, რა ღმერთი გამწყრომია! კაცი თუ ჩემის ხელით არ მომიკლავს, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, კაცის სიკვდილის მიზეზად ხომ ვარ გამომჟღავნებული, საქვეყნოდ, სამარცხვინო დაღდაკრული, საქვეყნოდ სახელგატეხილი.

ეს გლეხკაცის სიკვდილის ამბავი რომ წავიკითხე, სწორედ მოგახსენოთ, თმები ყალყზე ამიდგა და კანკალი მომივიდა. ხუმრობაა, კაცის სიკვდილის მიზეზად გახდომა!… ამიტომაც გულში გამიარა, – ვაი თუ, მართლა ჩემს მოურავს ღმერთი გასწყრომია, ეს კოკების მტვრევა ჩაუდენია და ამ მტვრევას კაცის სიკვდილი ზედ მოჰყოლია. მოვკითხე ამისი პასუხი, ვისაც ჯერ არს, და იცით, ბატონებო, რა გამოვიდა ჩემდა სასიხარულოდ და ავტორის სამარცხვინოდ? ის გამოვიდა, რომ ავტორის მიერ შეთითხნილს ტრაგედიას ბოლოც იმისთანა ტყუილი ჰქონია, როგორც დასაწყისი. თურმე ნუ იტყვით: გურამიანთკარს ამ ზამთარს არც ერთი მამაკაცი გლეხი არ გადაცვლილა არამცთუ ჩემის მიზეზით, არამედ სხვა მიზეზითაც… ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი ბეზღობისა ამაზე უფრო უუსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო გულისასამღვრევი? – ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობს გაზეთს, თუ ჟურნალს, პრესა ჰქვიან თვით პრესის სამარცხვინოდ? თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძღვის წყევლა-კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმედი და ძირს დამცემი პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწუყრომით არ უნდა მიღებულ იყოს თვით პრესისაგანვე ამისთანა ყოვლად უკადრისი საქციელი?

მე ამას მარტო იმისათვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული, შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ხოლო ეს აქლემი ხვალ თქვენ წინაც დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღემ თქვენც არ მოგაყენოს ერთმა ვინმემ თავზედხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარ გაზეთისამ თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვრად უქცევია, ადამიანობა და ადამიანი ბეზღობის და ცილისწამების საგნად გაუხდია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თვის საფარველად გარდუქმნია. აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და, საცა პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფებდეს, ჭიაღუა ბეზღობისა ჰჭყუპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს… არ ვიცი, – რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია: იგი, რომელიც პოლიციის ხელჯოხიანობას გამოიწვევს, თუ იგი, რომელიც ერთს კაცს მეორეს გადაჰკიდებს მტრად, ერთს წოდებას მეორეზედ აალურსებს და აასისინებს, ან თუნდ ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ. დასასრულ, კიდევ ხელმეორედ მოგახსენებთ: არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.

[1905 წ.].

დაიბეჭდა 1905 წ., «ივერიაში», ცალკე დამატების სახით (№68).

ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი – ილია ჭავჭავაძე

რასაც კაცი თავის თავს უზამს, იმას მტერიც არ უზამსო, ნათქვამია. მე არა მჯეროდა ეს ანდაზა, იმიტომ რომ ძველია, და ძველი, ხომ მოგეხსენებათ, ბ-ნ ჟორდანიას სამეცნიერო თხზულებისაგან, რეტროგრადების საქმეა და მე-კი თქვენი უმორჩილესი ახალ-მოსული, მარტო იმის ნატვრაში ვარ, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ლიბერალობის ტიტული მიწყალობოს… ესეა თუ ისე, მე-კი სწორედ ჩემი დამემართა ჩემითვე, აქ სხვისა არავის ბრალია. მე ჩემი თავი თითონ ჩავაგდე ჭირში, რაკი ბ-ნ ჟორდანიას მხილებას ხელი მივყავი. რამდენიც უფრო ახლო მიუველ, იმდენი უფრო დიდი და ღრმა საფლობი დამხვდა მისის უმეცრობის, ქარაფშუტობის, ორთავიანობის, ორპირობის და სხვა ამისთანა ლამაზ-ლამაზ უნარებისა, ერთიმეორეზე უფრო საოცარისა,

——————————–

* «კვალი», 1898 წ., №12, გვ. 201.

ერთიმეორეზე უფრო სასაცილოსი. რაკი, ჩემდა საუბედუროდ, კისრად ვიდე ამაებში მხილება ამ ჩურუქა მეცნიერისა, მე მომინდა გადაკითხვა მთელის მისის ნაწერებისა ხელახლად და, სწორედ მოგახსენოთ, შევშინდი. შევშინდი იმიტომ, რომ რა ტვინი უნდა ჰქონდეს კაცს, რომ არ გაულაყდეს ამოდენა ლაყე მეცნიერებისაგან. ხუმრობაა ამოდენა აბდაუბდის, ამოდენა იწილო-ბიწილოს, ამოდენა დომხალის ორი-სამი კვირა განუწყვეტლივ კითხვა, დახსომება და მერე ისევ ხსოვნიდამ საქვეყნოდ გადმოლაგება და განიავება! სწორედ შევშინდი, – ერთი არა ამიტყდეს-რა და საგიჟეთში თავი არ ამომაყოფინონ-თქო. ბევრსა ვნანობ ეხლა, მაგრამ რაღას ვუშველი? «წამხდარს საქმესა რას არგებს მერმეღა თითზე კბენანი». რაც მომივა, მომივიდეს: რაკი დავიწყე, – ბოლოც უნდა გავატანო, თორემ თვით ბ-ნი ჟორდანია გულნაკლულად დამრჩება და კიჟინას დამცემს.

«ერთის სიტყვით, – ამბობს ერთგან ბ-ნი ჟოორდანია, ანუ რედაქცია «კვალისა»: – მწერლობის ცხოვრებასთან შეკავშირება, მისი კვალდაკვალ მიყოლა, ახალახალ მოვლენათა გარკვევა, ახსნა და შეგნება, – აი, რედაქციის მიზანი, აი, მისი სატრფიალო საგანი»*.

მეორე ადგილას, აქ-კი თითონ ბ-ნი ჟორდანია, ახვევს რა მჩვარში ძველ მოღვაწეებს, ასე გვიხატავს ახალ მოღვაწეს, ესე იგი თავის თავს და თავისს მსგავს. ახალი მოღვაწეო: «პირველ ყოვლისა, არავითარს რეცეპტს არა (ს)წერს, არავითარ მარშრუტს არ ადგენს. ის იცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის. (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს და ახსნას»**.

ამ ორის ტირადის სიბრძნე ის არის, რომ ახალი მოღვაწე (რომელთ შორის, რაღა თქმა უნდა, ბ-ნი ჟორდანიაც უნდა ვიგულვოთ) იგია, ვინც ცხოვრების მსვლელობას იცნობს ისე, როგორიც არის, კვალდაკვალ მისდევს ცხოვრებას, ახალ-ახალ მოვლენათა არკვევს, ჰხსნის და იგნებს, ვისაც ჰსურს გამოარკვიოს და ახსნას ყოველივე იგინი. როგორ მოგწონთ ეს ვითომდა ნიშნობლივი კუთვნილებანი ახალის მოღვაწისა. სანაძლეოს დავდებ, ვინც შესძლებს ამისთანა ნიშნებით გაარჩიოს ახალი მოღვაწე ძველისგან. ვისაც-კი ოდესმე ცხოვრება და მისი მოვლენანი თავისის განკითხვის და განსჯის საგნად გაუხდია, განა ცხოვრება არ უცვნია ისე, როგორიც არის, მისი მოვლენანი არ ურკვევია, არ აუხსნია, არ ჰსურვებია მათი ახსნა, შეგნება და გამორკვევა, ხოლო თავისებურადკი?

საქმე აქ თავისებურობაშია, ამით და მხოლოდ ამით განირჩევა ერთი მოღვაწე მეორისაგან, ძველი ახალისაგან. ათადამ-ბაბადამ ათასნი მოღვაწენი ყოფილან, რომელთაც საგნად ყოველივე ეგა Hჰქონიათ და დღესაც ათასსა აქვს, ხოლო ყველა ერთნაირად არ იმცნევს ცხოვრების მსვლელობას, ერთნაირად არა ჰხსნის და არკვევს მისს ავსა და კარგსა და მარტო ამ სხვადასხვაობაშია იგი ნიშნები, რომლითაც უნდა განირჩეოდეს ახალი ძველისგან, თუ არ დაგიშლიათ. განა აშკარა არ არის, რომ ბ-ნ ჟორდანიას სადღაც ყური მოუკრავს, რომ არიან ახალნი და ძველნი მოღვაწენიო, თუთიყუშსავით დაუსწავლია და უნარი კი არა ჰქონია, საფანელი შემოჰკლებია ნიშნობლივ მიეგნო ან ერთისა, ან მეორისათვის, და იმისთანა ამბებს მოჰყოლია, რომელიც ისე მიეწერება ახალს, როგორც ძველსა.

მართალია, არ ცოდნა არ ცოდვააო, მაგრამ ერთი ჰკითხეთ ბ-ნ ჟორდანიას, ვინ ატანს ძალას, რომ რაც არ იცის, იმას ეჭიდება და, გინდა თუ არა, სწერს… ზემოთ ხომ დასცინა «ივერიას» ჩვენმა სასაცილო მარქსისტმა, ქვემოთ-კი სწორედ იმასვე ჰღაღადებს, რასაც ზემოთ სასაცილოდ იგდებს. რა ჰქვიან ამ

———————————-

* «კვალი», 1898 წ., № 1, გვ. 1.

** «კვალი», 1898 წ., № 40, გვ. 657.

წაჯეგ-უკუჯეგობას? მე სახელი ვეღარ მომიგონია. მთელი ლექსიკონი გამითავდა ბ-ნ ჟორდანიას საქციელის დასასახელებლად. ეხლა თქვენ იცით. ხომ ნახეთ, რა მალაყს გადავიდა ეს ჩვენი ახალი მოღვაწე. ქვეყნის სასაცილოდ ეს არ იკმარა და აი, კიდევ რაგვარად შეაქო ბ-ნმა ჟორადანიამ სწორედ ეგ სიტყვა «ივერიისა», რომელსაც ზემოთ დასცინა ისე მარილიანად და თავმოწონებულად. ერთს ადგილას გვეუბნება, რომ ორნაირი დარგია სახალხო სწავლა-ცოდნისაო…

ხომ ვერ იტყვის ბ-ნი ჟორდანია, რომ სამეურნეო ხელობა სპეციალური საგანი არ იყოს, ვერც იმას იტყვის, რომ ამ ხელობის გლეხკაცი მუშა არ იყოს და ვერც იმას, რომ საჭირო არ იყოს ეს მუშა გლეხკაცი ხელობის მცოდნე კაცად გახდეს, სამეურნეო საქმეში დახელოვნდეს და მით პრაქტიკულად გაგებულ მუშად გამოვიდეს. სახალხო-სამეურნეო სწავლა-ცოდნას ხომ საგნად მარტო ესა აქვს. რაკი ყოველივე ესეა, მაშ, რაღად აიგდო სასაცილოდ «ივერია», როცა მან მარტო ესა სთქვა და სხვა არა-რა. თუ ასეთი მიმართულება მიიღო დღეს ევროპის სახალხო განათლებამ, მაშ, ბარაქალა «ივერიას», რომ ეს ადრევე ურჩევია ჩვენთვის და ოლოლო ბ-ნ ჟორდანიას, რომ დასცინის «ივერიას» იმის გამო, რაც დღეს ევროპაში მიღებულია, თვით ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. აბა, თუ არ დაგიშლიათ, ეხლა გაიცინეთ, ბ-ნო ჟორდანიავ!

გაგონილა, კაცმა ასე უარჰყოს თავის თავი, თავისი თქმული, – აქაო-და საღერღელი ამეშალა და მინდა ასეთუ ისე ავად ვახსენო ვინმეო! ასე წარამარა ლაპარაკობდეს კაცი და ამასთან ასე კადნიერად და თავმოწონებით იძახოდეს: ჩვენ მოწოდებული ვართ ახალ-ახალნი მოვლენანი გავარკვიოთ, ავხსნათ, შევიგნოთ, – აი, «კვალის» რედაქციის სატრფიალო საგანიო. კაი მოგეცათ, კარგი ახსნა და გარკვევა იყოს ეგ თქვენი ხან ასე და ხანი ისე ციბრუტივით ტრიალი, დღეს ერთის თქმა და ხვალ თქმულის გადათქმა. კაი სატრფიალო საგანი აურჩევია ბ-ნს ჟორდანიას, ნუ დაიშლის, აბა, მაგრა ჩაეხვიოს უსურვაზის წნელივითა…

ვნახოთ ეხლა, – ბ-ნ ჟორდანიას რა წაუკითხავს ცხოვრების ფურცლებზე. მოგეხსენებათ, იგი ერთ დროს წაბრძანებულა და კახეთი დაუვლია. ჯერ, რასაკვირველია, როგორც მოგეხსენებათ, ბ-ნ ჟორდანიას მხატვრობის ნიჭი და ცოცხალი მეტყველება, იგი ჰაისა და ჰოის იძახის კახეთის მშვენიერებით ვითომდა აღტაცებული და ერთი მართლა ცოცხალი სიტყვა, ერთი სასურათო ხაზი ვერ მოუხერხებია, რომ სხვამაც იგრძნოს ცოტათი მაინც, რას აღუტაცნია ეს ტყუილად აღტაცებული მეცნიერი. ხოლო მეცნიერი რა მეცნიერია, მერე

მარქსისტი, რომ სიტყვაკაზმულის მეტყველებით თავი შეირცხვინოს. იგი, როგორც

ვნახავთ, წაბრძანებულა კახეთში, რომ «ცხოვრების ფურცლებზე ის წაიკითხოს, რაც დაწერილა და ან იწერება და რადგანაც იგი, ვითარცა ახალი მოღვაწე, იცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის, (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს და ახსნას».

ამ მხრით-კი, კაცმა მართალი უნდა სთქვას, დიდი სიბრძნე, დიდი უნარი ღრმად დაკვირვებისა, დიდი უნარი გამორკვევისა და ახსნისა გამოიჩინა ჩემდა საოცრად, თუმცა-კი არამოულოდნელად. წარმოიდგინეთ, კახეთში ცხოვრების ფურცლებზე დიდის გამოძიების და ჯაფის შემდეგ ბ-ნ ჟორდანიას წაუკითხავს, რომ გლეხს თურმე გლეხურად აცვია, თავადს თავადურად, მედუქნეს მედუქნურად და თითქმის მღვდელსაც მღვდლურად. საოცარი ამბავი არ არის, თუ თქვენც იტყვით! განა საქებ-სადიდებელი არ არის ბ-ნი ჟორდანია, რომ აქამდე ყველასგან უცნაური ამბავი აღმოაჩინა! მერე იცით, აქედამ რა გამოჰყავს? გაოცდებით, როცა შეიტყობთ. აი, რა არის ახალი მოღვაწე და მისი ცნობა ცხოვრების მსვლელობისა ისე, როგორიც არის!.. არა ჰგავს ძველების ფანტაზიას! არა გჯერათ? იქნება გგონიათ, რომ მე ცილსა ვწამებდე? აი, თითონ მისი ბედნიერი და ხელისხელ საგოგმანებელი სიტყვები! კახეთშიო – «გლეხკაცს, რაც უნდა შეძლებისა იყოს, უთუოდ გლეხკაცურად აცვია (ვა! ვა! ვა!), მისი ტანისამოსი ერთიანად განირჩევა სხვის ტანისამოსისაგან. ვერც ერთს იმ საცმელს, რაც მას ტანზე აქვს, ვერ ნახავთ თავადიშვილის ტანზე (ვა, ამაზე მეტი უბედურება-ღა იქნება!) და აგრეთვე რასაც უკანასკნელი ატარებს, იმას არ ატარებს პირველი (ვაი, ეს რა ქვეყანა ყოფილა ჩვენი ტურფა კახეთი!). «ფეხზე ქალმანი, ტანზე ლურჯი შალვარი, ამ-ფერივე ჩოხა, ან და, რაც უფრო ხშირია, სალდათის ნაქონი შინელი, თავზე ან ნაბდის, ან ტყავის ქუდი, – აი, გლეხის ჩაცმულობა. მას საქმის დღესაც ეს აცვია და უქმე დღესაც. თავადებსკი ან აცვიათ ევროპიულად, ან და ჩერქეზულად. ასე გასინჯეთ, მედუქნესაცკი თავისი სკუთარი კოსტიუმი აქვს. ერთის სიტყვით, ჩაცმულობა აღბეჭდავს მის შთამიმავლობას და წოდებრივ ურთიერთობას»*. აბა, გამოიცანით, ამ ახალ მოღვაწეს აქედამ რა გამოჰყავს? მე რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, ისევ თითონ ბ-ნ ჟორდანიას ვათქმევინოთ:  «ეს წმინდა კასტიური (კურსივი ჩემია) წყობილება გახლავსო», – ჰროტავს უთავბოლოდ ეს ჩვენი ახალი მოღვაწე, რომლის «სატრფიალო საგანია» გამოარკვიოს, ახსნას და შეიგნოს ახალ-ახალი მოვლენანი ცხოვრებისანი: «ამისი მსგავსიო არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ არის, არ არის აგრეთვე ამ ჩვენს დასავლეთ საქართველოშიო»**. აქაო-და გლეხს გლეხკაცურად აცვია, თავადს – თავადურად, მედუქნეს – მედუქნურად, – კასტიური წყობილებაა კახეთშიო, მერე როგორი? «ამისი მსგავსი არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ არისო!» აი, ამასა ჰქვიან თურმე ცხოვრების ფურცლებზე წაკითხვა მისი, «რაც დაწერილა და ან იწერება!» აი, ამასა ჰქვიან, რომ ბ-ნი ჟორდანია ვითარცა ახალი მოღვაწე «სცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის!» ამასა ჰქვიან, – გამორკვევა და ახსნა ცხოვრების მოვლენათა!

სიტყვა «კასტა», «კასტიური» გაუგია-კი სადღაც და რა წითელი კოჭია, ამაზეკი ნურას უკაცრავად, არცა სცოდნია, არც რამ შეუტყვია. «ამისი მსგავსი არსად არისო», გვეფიცება ჩვენი ახალი მოღვაწე, არსად არისო, რომ გლეხს გლეხურად ეცვას, თავადს თავადურად და სხვანი და სხვანი. მაშ, ინგლისის ლორდი და პროლეტარი, მუშაკაცი, ერთნაირად იცვამს. მაშ, რა არის მუშის ჭუჭყიანი ბლუზა და ლორდის ფრაკი, ეს ერთი და იგივეა! გერმანიის ფეოდალი და გლეხკაცი არ განირჩევა ტანისამოსით ერთი-მეორისაგან! განა საფრანგეთში პარიზელი და სოფლელი გლეხი ერთნაირად იცმენ-იხურვენ! პირველ შეხედვითვე განა ერთმანეთისაგან არ განირჩევიან! განა ჩვენს ტფილისში კარტუზიანი ვაჭარი, მაძღარი ბურჟუა და კურტნიანი რაჭველი ერთნაირად ჩაცმულ-დახურულნი არიან! თითონ ბ-ნი ჟორდანია პიჯაკშია და შლიაპაში გამოჭიმული და გურული გლეხიც განა პიჯაკსა და შლიაპას ატარებს! მაშ, ყოველგან ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას, ტფილისს და გურია-რაჭაშიც კასტიური წყობილება ყოფილა. ამის მსგავსი არსად არ უნახავს ბ-ნ ჟორდანიას, თუმცა ევროპა და საქართველო მოუვლია. გვჯერა, მაგრამ ისიც გვჯერა, რომ ყურება კი სცოდნია და დანახვა კი არა. მას რომ თვალი არ უჭრიდეს, ჩვენი რა ბრალია! ეს კასტიური წყობილება კახეთისა მარტო ამ სასაცილო ნიშნით არ არის თურმე გამოსახული. ბ-ნი ჟორდანია, ვითარცა ახალი მოღვაწე და წინწასული მეცნიერი, არა სჯერდება ერთს საბუთს, სხვა საბუთებიც მოჰყავს, ხოლო პირველზე უფრო სასაცილო, პირველზე უფრო სამასხარო. მაგალითებრ:

——————————-

* «კვალი», 1898 წ., № 36, გვ. 594.

** «კვალი», 1898 წ., № 36, გვ. 593.

«თავადი გლეხს ხელსაც არ მისცემს, მისს სახლში გლეხს ვერ ნახავთ, თუ რამე საქმე არ აქვს – ქუდმოხდილი დაბლიდან ელაპარაკება ბალკონზე მდგომ „კნიაზს“. ეს იმას არ ეტყვის მობრძანდიო  და ის კიდევ ამოსვლას ვერ გაბედავს“ (კურსივი ჩემია)…

განა ინგლისის ლორდი, ინგლისის გლეხი, ან პროლეტარი, ან თუ გინდ წვრილი ფერმერი ერთისა და იმავე სიტყვა-პასუხის კაცნი არიან. განა ლორდისა და ან სხვა მაღალის წოდების კაცის ქცევა, მიხვრა-მოხვრა, ხასიათი, ზრდილობა იგივეა, რაც გლეხისა, პროლეტარისა, თუნდ ფერმერისა! განა პარიზელის ლაპარაკი, ქცევა მიმოხვრა, ზრდილობა არაფრით განირჩევა საფრანგეთის გლეხის და ერთობ მუშა-პროლეტარისაგან! თუნდ გერმანელი ფეოდალი აიღეთ და სოფლელი გლეხი! განა ყოველგან, საითაც-კი მიიხედავთ, ინტელიგენციის სიტყვა-პასუხი, ქცევა, ზრდილობა და გონებაგაუხსნელის გლეხკაცისა ერთი და იგივეა! მაშ, ყოველგან კ ა ს ტ ი უ რ ი წყობილება ყოფილა, თუ თქვენს ზღაპრებს დავუჯერებთ. გესმით, ბატონებო, რა ახალი ამერიკა აღმოუჩენია ბ-ნს ჟორდანიას! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მე-კი ამას ვიტყვი, რომ, არა მგონია, ქვეყანაზე ბ-ნ ჟორდანიას გარდა, სხვა კაცი სჭაჭანებდეს ისეთი, რომ ასე უთავბოლოდ, ასე წარამარად, ასე გაუგებრად, ასე უცოდინარად სიტყვა კ ა ს ტ ა , კ ა ს ტ ი უ რ ი ესმოდეს და ამ ნიშნებით ასურათებდეს… დასასრულ, ერთი სასაცილო ამბავიც მინდა მოგახსენოთ, ამბავი, რომელიც სწორედ ხელისხელ საგოგმანებელია.

ეს ჩვენი ტყუილად თავმოწონებული უმეცარი ახალი მოღვაწე ერთს ადგილს ასე ჰღაღადებს: «როცა რომელიმე მოღვაწე ევროპაში იტყვის – ხალხიო, მაშინ ის და სხვებიც ერთს ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტს გულისხმობს. ჩვენში თუ ხალხი ახსენე, უთუოდ ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილს, ან და სოფლის უძრავ ელემენტს გულისხმობენ» («კვალი», 1898 წ., № 41, გვ. 674).

აქედამ აშკარაა, რომ ბ-ნი ჟორდანია წკეპლებში ატარებს ჩვენებურს თვალთახედვის ისარს ხალხის შესახებ და ჩვენის უვიცობის ნიშნად ევროპაზე ხელს გვიშვერს. ძალიან კარგი და პატიოსანი, ხოლო ეს-კი უნდა ვიკითხოთ: თითონ ბ-ნი ჟორდანია ამ შემთხვევაში განათლებული ევროპიელია, თუ ჩვენებური უვიცი, რომელსაც წკეპლებში ატარებს, რომ ასე ჩამორჩენილა ევროპის თვალთახედვის ისარს. მის ასახსნელად ერთს მაგალითს მოვიყვან და თქვენვე დაინახავთ, რომ ეს მაგალითი საკმაოა, – ზემო მოყვანილს საკითხს პასუხი გასცეთ…

ახლა ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: კირვალიძე და ის ას ერთი კაცი «ერის ყველაზე უფრო მოძრავი და მოწინავე ელემენტია», თუ «ქუჩის მიგლეჯილმოგლეჯილი, ანდა სოფლის უძრავი ელემენტი?» ორში ერთია: ან ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტად უნდა ცნობილ იყოს კირვალიძე და მისი ამქარი და მაშინ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, მე შორსა ვყოფილვარ ევროპიელისაგან, ან, ვიტყვი ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით და უკაცრაოდ-კი არ ვიყო ბ-ნ კირვალიძესთან და მის ამქართან, ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილი ელემენტი ყოფილა, და მაშინ მე ევროპიელებისამებრ მცოდნია, რა უნდა იგულისხმოდეს, ოდეს კაცი ახსენებს ხალხსა, და ბ-ნი ჟორდანია-კი ჩვენებური, მის-მიერ წკეპლაში გასატარებელი უვიცი ყოფილა…

სწორედ ამისთანა კაცად გამოდის ბ-ნი ჟორდანია, ან არა და უნდა დაგვიმტკიცოს, რომ კირვალიძე და მისი მსგავსი ას ერთი კაცი ჩვენის ქვეყნის ყველაზე უფრო მ ო წ ი ნ ა ვ ე ელემენტია. კაცმა, რომელმაც ასე გაგვიპენტა ინტელიგენცია, ასე მიწასთან გაგვისწორა, არა გვგონია, გაბედოს და კირვალიძისთანა კაცების მ ო წ ი ნ ა ვ ე ო ბ ა , მერე ყველაზე უფრო, გვიქადაგოს და გვიღაღადოს; მაგრამ ბ-ნ ჟორდანიასგან არც ეს გამიკვირდება: იგი ახალი მოღვაწეა, ესე იგი, იმისთანა კაცი, რომელიც ცხოვრების ფურცლებზე ჰკითხულობს იმას, რაც ზედ დაწერილა, ან და იწერება და რომელსაც ცხოვრების მსვლელობა ისე სცოდნია, როგორიც არის, და ცხოვრების ახალ-ახალ მოვლენათა ახსნა, შეგნება და გამორკვევა «სატრფიალო საგნად» გახდომია. კაი «სატრფიალო საგანი» ჰქონია, თუ ამისთანა უმეცრობის მურით შეუთითხნის სახეს და ქვეყნის სასაცილოდ გამოიყვანს მზეზე.

ჩემ გამო მისწვდა «ივერიას», რომ მე ბ-ნ ჟორდანიას რეცეპტითვე ევროპიულად მოვიქეც და კირვალიძე და მისი ამქარი ხალხად არ ვიცანი, და თითონ-კი თავისს რეცეპტს გადაუდგა, ევროპიელობაზე ხელი აიღო და «ივერიასვე» ნიშნს უგებს: «აი, სადამდე მივიდა «ივერიაო». სადამდე მივიდა!

სწორედ იქამდე, სადამდინაც ევროპიელნი მისულან, თქვენისავე სიტყვით, და თქვენ-კი იმ უმეცრობაში გაბაწრულხართ, რომლის გამოც ჩვენებურებს ამ შემთხვევაში ასე შეუბრალებლად წკეპლასა სცემთ. ეხლა სწორედ მე მეთქმის: აი, სადამდე უკან ჩამორჩენია ევროპას ეს ჩვენი გუდაფშუტა ვითომდა ახალი მოღვაწე. სასაცილო არ არის ეს ამბავი: კაცი სიტყვით წინ იწევდეს თავგადაგლეჯილი და საქმით-კი ფეხები დამბლასავით უკანა რჩებოდეს! განა მართალი არ ვიყავ, როცა ვთქვი, რომ ეს ამბავი ხელისხელ საგოგმანებელია? განა სასაცილო არ არის, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ასე გაიბა თავი საკუთარს მახეში?! ახალმოსული.

1900 წ.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., № 87.

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან – ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი – ილია ჭავჭავაძე

(1900)

I

უმეცრობის ფართი-ფურთი

უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების და თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარსაზრს,ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თვითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლი საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად…

II

ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი  დაიჭირა ჩვენში ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა-კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისის-თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისამებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა. ბევრი ყოფილა და არის დღესაც ჩვენში უნიჭო და უმეცარი მწერალი და, სწორედ მოგახსენოთ, ესე სრულად ნიჭმოკლებული, ესე უმეცრობის გაბედულებით გათამამებული და გაკადნიერებული, როგორც ბ-ნი ჟორდანიაა, ჯერ არ გვინახავ ს. არახუნებს, რაც ენაზე მოადგება და მამალსავით ჯერ თვალებს ჰხუჭავს და მერე ჰყივის, თითქო ენა ადამიანს მარტო იმიტომა აქვს, რომ მოშლილ წისქვილსავით ჰფქვას და ჰროშოს. უნიჭობასა და უვიცობასთან ბ-ნ ჟორდანიას ის უნარიც ზედ შეჰკეცებია, რომ ხორციელ თვალით დასანახავს საგანსაც-კი ხელში ამრუდებს, ასხვაფერებს და მსმენელს თვალებს უბამს წინათაკვიატებული აზრის გასატანად. ამას გარდა, სიტყვა-პასუხისათვის იმისთანა განგებ გაბერილ ფრაზებსა ჰხმარობს, რომელიც ისე შორს უდგა საგანს, ისე არ შეეფერება, რომ კაცს უკვირს, – თქმული ბ-ნ ნოე ჟორდანიასი ბოდვაა გონებადაბნეულისა, თუ ამაზე უარესი სხვა რამ ღვთის რისხვაა…

III

აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისნაიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით შემჯდარა და იძახის: მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიობა, კვეხნა, თავისის-თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავისს ადგილას არ არის დალაგებული. თავისის-თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია-რა. ამისი დრო როცა იქნება მოვა… მოგახსენებთ, ამისი მაგალითები ბევრია. მე-კი საბუთად მოვიყვან მარტო ბნ ნ. ჟორდანიას უკანასკნელს მეთაურს, რომელსაც «პრესა» ჰქვიან და რომელიც დაბეჭდილია წლევანდელ «კვალის» მე-11 №-ში. აქ იმდენი უმეცრობის მაგალითებია, რომ კმარა ბ-ნ ნოე ჟორდანიას სასახელოდ. მთელი ეს მეთაური

იმ აზრზეა აკინძული, რომ დაამტკიცოს «ივერიის» კონსერვატორობა და უვარგისობა, მისი უთავბოლობა, ერთს აზრზედ დაუდგრომლობა, ილია ჭავჭავაძის უხეირობა, თავად-აზნაურობისათვის მის მიერ გუნდრუკის კმევა და სხვა ამისთანები. მე არც «ივერიის» დარდი მაქვს და არც ილია ჭავჭავაძისა.

«ივერიასაც» და ჭავჭავაძესაც თავისი პატრონი ჰყავთ და, თუ უნდათ, თითონ უპატრონონ თავისს თავს. მე-კი სულ სხვა საქმე მაქვს. მე გულს მისივებს ბნ ნოე ჟორდანიას უმეცრობის სითამამე და კადნიერება. დროა, რომ ამისთანა ოინები გამომჟღავნდეს და დაუსჯელად არავისს შერჩეს, თორემ აირია, ბატონებო, მონასტერი, აბეზარს მოვედით, მოთმინება აღარ არის: თვალებში ნაცარს გვაყრიან, ლამის დაგვაბრმავონ, გამოგვიჭედეს ყურები ტყუილ მეცნიერობით და სიბრძნით…

IV

ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ თავისს მეთაურში* ბრძანებს: «ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი ორ დედააზრზეა აშენებული: ერთის მხრით, ის არის დაწესებულება ბურჟუაზიულ-ფინანსიური»… ერთი ჰკითხეთ ბ-ნს ნოე ჟორდანიას: რას ნიშნავს აქ სიტყვა «ფინანსიური»? აშკარაა, აქ ამ სიტყვით გაუბერავს ფრაზა, და მნიშვნელობა მისი-კი არ ესმის, არა სცოდნია. «ფინანსიური დაწესებულება» იგია, რომელიც განაგებს «ფინანსებს», ესეიგი სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის საქმეებს. რა აქვს საერთო სათავადაზნაურო ბანკს «ფინანსურ დაწესებულებასთან»? სრულიად არაფერი. ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და «ფინანსურ დაწესებულებასთან» ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია – ეს თვალაბმული თუთიყუში – იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის – კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც-კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, – რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია.

გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია.

V

«მეორე მხრითაო, – ამბობს ჩვენი ბრძენი მარქსისტი: – ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი თავადაზნაურულ-წოდებრივიაო». რა საბუთით, ჩვენო ბრძენო პუბლიცისტო, ბრძანებთ ამას? ბალღმაც-კი იცის, რომ ყოველივე «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება მარტო თავად-აზნაურთაგანა შესდგება და მარტო თავად-აზნაურთა გამგებლობის ხელთ არის. იქ სხვა წოდების კაცს არც ხმა აქვს და არც ადგილი. თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ კანონების IX ტომში და დაინახავთ თქვენს მტკნარს უვიცობას და უმეცრობას. ბანკის დაწესებულებას-კი შეადგენს და განაგებს თავად-აზნაურობასთან ერთად სხვა ყოველის წოდების კაციც განურჩევლად, თუ ბანკისაგან ვალი აუღია და ამით მისი წევრი გამხდარა. თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ ბანკის წესდების მე-81 და 82 და მათს შემდეგს მუხლებში და დაინახავთ იმავ თქვენს მტკნარს უვიცობას, უმეცრობას და საქმეში შიგ-ჩაუხედლობას. იქ დაინახავთ, რომ ბანკის წევრად ითვლებიან, ერთის მხრით, თავად-აზნაურობა და, მეორეს მხრით, ვალის ამღებნი, – გლეხი იქნება, ვაჭარი, თავადი, აზნაური, თუ მღვდელი. აბა, ერთი მიჩვენეთ, – სად არის თუნდ ერთი მაგალითი, რომ «თავადაზნაურულ-წოდებრივი

დაწესებულება» ასე წოდებათა განურჩევლად ერთმანეთში არეული იყოს. მაშ, საიდამ მიაკონკეთ ჩვენებურს ბანკს თავადაზნაურული წოდებრივობა? აშკარაა, აქ არავის ბრალი არ არის, გარდა თქვენის უმეცრობისა და გაუგებრობისა.

განა ცხადი არ არის, რომ ამ ჩვენს ქვეყნის ამშენებელს პუბლიცისტს ეს უბრალო ცოდნაც არა ჰქონია… მაგრამ-რა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო. სურვილიც საგნის ცოდნისა ერთი იმისთანა უნარია, რომელიც კაცს თუ ბუნებით არ გამოჰყოლია, ან სწავლა-განათლებით არ ჩანერგვია, სხვა

—————————–

* «კვალი», №11, გვ. 1, სვეტი 2.

ვერაფრით გაუჩნდება ადამიანს. ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ სურვილს, ამ უნარს მოკლებულია, როგორც ეტყობა, და ესეც ერთი იმისთანა უტყუარი ნიშანია, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია რაც გინდ გაიბეროს და გაიჭიმოს, მწერლად ვერ გამოდგება.

VI

მეორე საბუთი, რომ ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» არ არის, იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის გამგეობის და ზედამხედველ კომიტეტის წევრად ყოფნა ყველა წოდების კაცს შეუძლიან, ოღონდ-კი ამორჩეული იქნას. ესეც ხომ პირდაპირი და თვალად დასანახი ნიშანია, რომ ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» არ არის, იმიტომ, რომ არც ერთი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება არ არის ქვეყანაზე, რომ იწყნარებდეს თავად-აზნაურულ დაწესებაში სხვა წოდების კაცი იყოს ამორჩეული, თუ არ თავადი ან აზნაური.ამ ანბანის მცოდნე განა იტყოდა, რომ ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივიაო» და ამისთანა უებრო ტყუილს გაჰბედავდა ვინმე, თუ არ ყოვლად უმეცარი და უვიცი?

ამ უმეცრობის მალაყს ჩვენი პუბლიცისტი არა ჰკმარობს და ჰკადრულობს სხვას, უფრო მსხვილს ტყუილს, რომ თავისს მკითხველებს ისეთივე უმეცრობის ლიბრი გადააკრას თვალებზე, როგორიც თითონა აქვს. იგი ამბობს: თავადაზნაურობა «იკრიბება ყოველ წელს, ჰბჭობს ბანკის საქმეებზე, მოგებას სხადასხვა მიზანს ახმარებს, ირჩევს ბანკირებს და ასე პატრონობას უწევს. და აი ამ ბანკის წოდებრივი ხასიათი უმთავრესად ამაში იხატებაო». აქ არც ერთი სტრიქონი არ არის ისეთი, რომ მტკნარი ტყუილი არ იყოს ჩვენი სახელოვანის და მართლმოყვარე, გერმანიაში გაბრძნობილ ბ-ნ ნოე ჟორდანიასაგან ხელდახელ შეთითხნილი.

ჯერ ერთი ესა, რომ, როგორც წინათ ვთქვით, ბანკის საქმეების საბჭოდ იკრიბება თავად-აზნაურობასთან ერთად იგინიც, ვინც თავად-აზნაურნი არ არიან და სხვადასხვა წოდებას ეკუთვნიან. მეორე ისა, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც წოდებრივი დაწესებულება, ყოველ წელიწადს არ იკრიბება, არამედ სამს წელიწადში ერთხელ. თუ ამაზედ ადრე მოინდომებენ კრებას, იგი საგანგებო კრება იქნება და ამისათვის ცალკე ნებართვა უნდა აიღონ მთავრობისაგან და ამისთანა კრებაზე არას შემთხვევაში ვერავის ვერ ამოირჩევენ. ბანკის კრება-კი სავალდებულოა ყოველწლივ, სხვის ნებადაურთველად მოხდება ხოლმე და თავისს მოხელეებს ირჩევს მორიგად ყოველწლივ. მესამე ისა, რომ თავად-აზნაურთა კრება, ვითარცა «თავადაზნაურულ-წოდებრივი» დაწესებულება, შესდგება მარტო იმისთანა თავად-აზნაურთაგან, რომელთაც კანონში ჩამოთვლილი ცენზი აქვთ, სახელდობრ, ჩინი ან ნასწავლობის დიპლომი და განსაზღვრულის სივრცის მამული. თავად-აზნაურთა კრებას, ვითარცა თავად-აზნაურულ დაწესებულებას, თავმჯდომარედ ჰყავს თავად-აზნაურთა მარშალი. ჩვენის ბანკის კრებაში-კი არავითარი ცენზია დადებული, ბანკის კრებაში, როგორც უწოდებრივში, თავმჯდომარედ იგია, ვისაც თითონ კრება ამოირჩევს, წოდების მიუხედავად, და მარტო ერთის კრებისათვის და არა სამის წლობით, როგორც თავად-აზნაურთა წოდებრივ კრებაშია…

სხვა რომ არა იყოს-რა, მარტო ის ამბავი, რომ თავად-აზნაურთა მორიგი კრება სამს წელიწადში უნდა გაიმართოს და ბანკის მორიგი კრება-კი ყოველწლიურია, მარტო ეს ამბავი საკმაოა, რომ კაცმა ეს ორი სხადასხვაგვარი დაწესებულება ერთმანეთში არ არიოს, ერთმანეთისაგან გაარჩიოს. იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც წოდებრივი დაწესებულება, თავისს საქმეებს განაგებს კანონების IX ტომის ძალითა, და ბანკის დაწესებულება-კი ექვემდებარება მარტო თავისს საკუთარს და ცალკე წესდებას, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება და კავშირი არა აქვს IX ტომთან. მაშ, საიდამ მოაჭორა ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ ამისთანა მსხვილი ტყუილი? აბა, თითონა ჰკითხეთ და თუ თითონ არა სთქვა, მე მოგახსენებთ შემდეგში.

VII

წინა წერილში იმაზე შევწყვიტე სიტყვა, რომ ვიკითხე: საიდამ მოაჭორა ბნმა ნოე ჯორდანიამ ისეთი მსხვილი ტყუილი, – ვითომც ჩვენებური ბანკი «თავადაზნაურულ-წოდებრივი» იყოს. მე საკმაო საბუთები მოვიყვანე, რომ ჩვენებური ბანკის დაწესებულება არც შედგენილობით, არც გამგებლობით, არც რაიმე იურიდიულ ან სხვაგვარ გარემოცულობით წოდებრივი დაწესებულება არ არის. მაშასადამე, ამ მხრით ბ-ნ ჟორდანიას თქმული მტკნარი უმეცრობაა, მტკნარი ტყუილია…

რომ ჩვენი ბანკი ყველას ერთნაირად კრედიტით ხელს უმართავს ეს ხომ ეჭვგარეთ არის. გლეხია, თავადია, აზნაურია თუ სხვა ვინმე, ყველას წოდების და ხარისხის მიუხედავად, ნება აქვს ჩვენს ბანკს ფული ესესხოს, ოღონდ დასაგირავებლად უძრავი ქონება ჰქონდეს. ამ მხრით ჩვენებური ბანკი, როგორც ცხადად ჰხედავთ, წოდებრივს ნიშანწყალზე შორს არის. არა ნაკლებ შორს არის მოგების განაწილების თვალითაც. მე-101 მუხლი წოდებისა ცხადად ამტკიცებს, რომ მოგება თავად-აზნაურთა ჯიბეში არ მიდის. ყველაზე უდიდესი ერთიანი წილი, ესე იგი 45% მოგებისა, წესდების ძალით, უნდა მოჰხმარდეს ტფილისის გუბერნიის მიწისმფლობელთა და მიწისმოქმედთა საზოგადო საჭიროების გაძღოლას, სასოფლო კრედიტის, სამეურნეო სკოლების სოფლებში მოფენას, სამეურნეო მანქანების და იარაღისათვის საწყობების და სახელოსნოების დამართვას და სხვანი. დანარჩენი, თვითოეულად ბევრით ამაზე ნაკლები წილი, სხვადასხვა თავნის სამატად და ბანკის მოხელეთა გასამრჯელოდ არის დადებული…

ხომ ვხედავთ, რომ ეს ჩვენი გერმანიაში გაწურთნული პუბლიცისტი ვერც ამ მხრით უკიჟინებს ჩვენს ბანკს წოდებრივობას და მაშ, საიდამ გამოხანხლა თავისი ჭორი? მარტო სახელს თუ შეუცდენია, რომ ჩვენს ბანკს თავადაზნაურთა ბანკი ჰქვიან. ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკს, სხვათა შორის, «მიხაილოვის» სახელიცა ჰქვიან, დიდის მთავრის მიხეილის პატივსაცემლად, და განა იგი ბანკი დიდის მთავრისაა? აქაურ კომერციის ბანკს ტფილისის საკომერციო ბანკი ჰქვიან და განა აქედამ ის გამოდის, რომ იგი ბანკი ტფილისისაა და ტფილისის ქალაქის გამგებლობაშია? ამისთანა შემთხვევაში სახელი ყოველთვის თვით საგანს არა ჰნიშნავს და არც საგნის ვითარებას…

VIII

ხოლო ბ-ნ ნოე ჟორდანიასთვის ღმერთს არც ცოდნა ურგუნებია და არც ცოდნის სურვილი, თორემ ასე გამოუკითხავად არ გაირჯებოდა, არ მოიქცეოდა. რა ეს და რა სხვა! აი, თუნდ ერთი მაგალითიც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია არ დაგიდევთ, რას ამბობს და რას არა და მის მიერ ხმარებული სიტყვა ან მას თითონაც არ ესმის, ან უნდა გამოგვიტყდეს, რომ განგებ და განზრახ აბრიყვებს მკითხველს. აი, იგი იმავ მეთაურში რას არახუნებს*: «ბანკი მას (მითამდა

———————

* «კვალი», №11, გვ. 1, სვეტი 2.

თავად-აზნაურობას) უფრო და უფრო ასუსტებს და არღვევს; ბანკის დამფუძნებელთ(?!)  ეყიდებათ მამული და ღატაკდებიანო». არ შეიძლება ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: სად, როდის და რა შემთხვევაში «დამფუძნებელთ» ეყიდებათ  მამული ბანკის საშუალებით? ბევრიც რომ თავი იფხანოს, ბევრიც რომ გაიჭაჭოს, ამას ვერ გვეტყვის, იმიტომ რომ «დამფუძნებელი» ბანკისა ამ მხრით ყოვლად ხელშეუხებელია და მამულის გაყიდვის, თუ არ-გაყიდვის გამო ბანკს საქმე აქვს მარტო იმასთან, ვისაც ბანკში მამული გირაოდ შეუტანია და ვალად ფული გაუტანია. ამისთანა კაცს ვალის ამღები ჰქვიან და არა «დამფუძნებელი»… აშკარაა, ამ შემთხვევაშიც ამ ჩვენს ბრძენს პუბლიცისტს, თავისის ახირებულ ჩვეულებისამებრ, არა სცოდნია, – რაზედ რას ლაპარაკობს, ვალის ამღები და ბანკის დამფუძნებელი ერთმანეთში აურევია, ერთი მეორისაგან ვერ გაურჩევია. აშკარაა, ამ ჩვენს ვაჟბატონს მის მიერ ხმარებულ სიტყვის მნიშვნელობაც-კი არა სცოდნია და ერთობ საგნის ცოდნას ვიღა იკითხავს. ბანკი დამფუძნებელს, როგორცა ვთქვით, ახლოც ვერ მიეკარება მამულის თაობაზე. იგი მამულს უყიდის მარტო ვალის გამტანს, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ვალის დაბრუნების პირობა თავის დროზე არ შეუსრულა. აქ რა შუაშია დამფუძნებელი, როგორც დამფუძნებელი. მართალია, შესაძლოა დამფუძნებელი ვალის ამღებიც იყოს, ხოლო ამ შემთხვევაში იგი პასუხისმგებელია, ვითარცა ვალის ამღები და არა «დამფუძნებელი». მაშ, რა საბუთი ჰქონდა ბ-ნ ნოე ჟორდანიას, რომ ის ეთქვა, რაცა სთქვა დამფუძნებელზე. განა ყველა დამფუძნებელი ვალის ამღებიც არის, რომ ერთობ ერთს მაფრაშაში მოაქცია ვალის ამღები და დამფუძნებელი?… აქ რა ტვინის ძარღვების დაჭიმვა მოუნდებოდა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ჯერ შეესწავლა, – რას ჰნიშნავს «დამფუძნებელი» და რას – ვალის ამღები და მერე ელაპარაკნა, რაკი ენის ქავილი არ ასვენებდა. გარნა რას იზამთ, რომ უზურში ამისი უნარი და საფანელი არ არის.

გავუსწოროთ უმეცარს უმეცრობის ცოდვა და ჩავაგონოთ, რომ თუ, ბანკი მამულს უყიდის ვისმე, სხვას არავის, თუ არ ვალის ამღებსა, ისიც მარტო იმ შემთხვევაში, ვალის ამღები ვალის დაბრუნების პირობას არ ასრულებს. მაშ, როგორ ჰნებავს ამ გერმანიაში გამეცნიერებულს ვაჟბატონს, რომ ბანკმა თავისის ხელითვე საფლავი არ გაითხაროს?… მაშ, რაზედ აუთვალწუნებია ბ-ნს ნოე ჟორდანიას ჩვენი ბანკი, როცა იგი,  ვითარცა საადგილმამულო კრედიტის დაწესებულება, სხვა ბანკებზე უფრო ხელგაუშლელად, შეღავათიანად ჰხმარობს იმ უფლებას, ურომლისოდაც ვერაგვარი კრედიტი ერთს დღესაც ვერ გასძლებს, ერთს დღესაც ვერ იცოცხლებს. დავანებოთ ამაებს თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: თუ ქონების გაყიდვის შიში, თუ ძალით გამორთმევის ფიქრი და დარდი არ ექნება ვალის ამღებს, ვიღა აიტკივებდა თავს ვალის მოსაშორებლად. ეს ერთის მხრით, და მეორეს მხრით, ვინ ოხერი იქნებოდა ფული ანდოს ვისმე სესხად და ნება არა ჰქონდეს ძალით აზღვევინოს, თუ ნებით არ დაუბრუნეს? ამიტომაც ქონების გაყიდვა კრედიტის არსებობისათვის ისეთივე აუცილებელი ძირეული კუთვნილებაა, როგორც ადამინისათვის სული და ხორცი.

IX

მართალია, კრედიტი ორ-პირი მახვილია. ვინც კრედიტით მოპოებულ ფულს საქმეს მოახმარებს და მით საქმეს შემოსავლისათვის გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი მისწრაფებაა, და ვინც გაჰფლანგავს და ჭერში ქუდის სროლით ლხინს მოანდომებს, მისთვის ყელის გამოსაჭრელია და საფლავის მთხრელი. აქ თითონ კრედიტი რა შუაშია, როცა კაცი თავისის-თავის მტერია? დანისა რა ბრალია, როცა კაცი მით ყელს იჭრის მაშინ, როდესაც იგი გაჩენილია, რომ კაცს ყელები-კი არა სჭრას, არამედ საქმე უკეთოს… ყველაზე სასაცილო სიბრძნე ბ-ნ ნოე ჟორდანიასი არის შემდეგი: ხომ სთქვა, რომ «ერთის მხრით, ჩვენებური ბანკი ბურჟუაზიულ-ფინანსიური დაწესებულება არის და, მეორე მხრით, თავადაზნაურულ-წოდებრივიო», მერე ასე სამასხაროდ ჰბჭობს: «პირველ შემთხვევაში ის (ესე იგი ჩვენებური ბანკი) ჰხატავს პრინციპს ფულის ბატონობისას, ხოლო მეორე შემთხვევაში პრინციპს წოდების განმტკიცებისასო. მარა რადგანაც ეს ორი მოვლენა – ფული და წოდება – ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება, ამიტომაც ბანკიც იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს ებრძოლოს»-ო. ერთი ქუდი დასდეთ და სამართალი ისე ჰქენით: ეს გადაჩერჩეტებული და დამთხვეული ტირადა ბოდვაა გონებადაბნეულისა, თუ სჯა ჭკუათამყოფელის კაცისა? პასუხი ამისი ცხადია. ნეტა რას ჰნიშნავს, ეს «ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება»? განა ფული როდის მივარდნია ბ-ნ ჟორდანიას წოდებისაგან ცხვირპირდასისხლიანებული

საჩივრად, ან წოდება როდის უნახავს ფულისაგან გატყეპილი. ამათ შორის დავიდარაბას, ერთმანეთზე მისევას, ერთმანეთში წინააღმდეგობას,ჩხუბს და ომს ვინ მოსწრებია… ან ერთი მითხარით: რა აზრი არის შიგ, როცა ამბობენ, – ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგებაო. როგორ? ფული და წოდება ერთმანეთთან ვერა თავსდება, როგორც ცეცხლი და წყალი, თუ ერთი რამ ხათაბალა ასტეხია ფულსაცა და წოდებასაც. ფული ხომ წოდების ჯიბეშიაც მშვიდობიანად ჩადის, ბინას იკეთებს და მშვიდობიანად სძლებს, როგორც ცალკე კაცისაშიც, და ორსავ შემთხვევაში ერთსა და იმავე უნარს იჩენს, ორსავ შემთხვევაში არც ზნეს იცვლის, არც ფერსა და სულ ერთსა და იმავე მხიარულ გუნებაზეა, ვის ხელთაც გინდ იყოს. მაშ, საიდამ გამოატყვრინა ჩვენმა მეცნიერმა პუბლიცისტმა ეს «ძირიანი წინააღმდეგობა»? ან ფულის ბუნება, ან წოდებისა, განა იმისთანა რამ არის, რომ ერთი მეორეს ვერ მიეკარება, ერთი მეორეს ვერ მიუვა? ან იქნება ფული წოდებას ჰთაკილობს, არა ჰკადრულობს, ან ფულს წოდება, თუ რამ სხვა ეშმაკია აქ დამალული?

აქ არავითარი ეშმაკი არ არის. აქ მარტო იგივ უმეცარი ბ-ნი ჟორდანიაა, რომელსაც დავთრები არევია, რომელსაც არა სცოდნია არც ის, თუ რა არის ფული, არც ის, თუ რა არის წოდება, თორემ იმას არ იტყოდა, რაცა სთქვა. «ძირიანი წინააღმდეგობა» ფულსა და წოდების შუა! გაგიგონიათ სადმე, ან ვისგანმე ასეთი თავზე ხელაღებული ბოდვა!…

X

ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, რა ძალა ადგა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ესეთს ბოდვას მოჰყვა და უმეცრობის მტვერ-ბუქი ააყენა ჩვენებურ ბანკის გამო. რაკი ანბანიც იმ საქმისა არ გაეგებოდა, რაზედაც ლაპარაკობს, ბარემც თავისს ქერქში ყოფილიყო და კუსავით ფეხი არ გამოეყო, ვითომდა მეც ნახირ-ნახირო. მაგრამ რას იზამთ? ხელთ ჩაუგდია «კვალი» და ხომ მოგეხსენებათ: «ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია». ეს ხომ ფული და წოდება ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. ეხლა ყური ათხოვეთ, აქედამ რა გამოჰყავს: «ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგებაო და ამიტომაც ბანკიც იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს ებრძოლოს». ღმერთი არ არის თქვენში, – ერთი, ღვთის გულისათვის, მაინც უპატრონეთ ამის მთქმელსა, თორემ სადავე თუ მიუშვით, ვინ იცის, რა კლდე-ღრეზე გადაიჩეხოს. მადლია, მიჰხედეთ!

130

საკომერციო ბანკები ვაჭართა წოდებისათვის უფროა დაარსებული, სასოფლო ბანკები გლეხთა წოდებისათვის, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი მარტო და განსაკუთრებით თავად-აზნაურთა წოდებისათვის, სახელმწიფო საგლეხო საადგილმამულო ბანკი მარტო და განსაკუთრებით გლეხთა წოდებისათვის. მაშ, ამაებშიაც, რადგანაც, ერთის მხრით, ფულია და მეორე მხრით წოდება, ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება და ამიტომაც ეს ბანკები იძულებულ არიან ამ წინააღმდეგობაში იტრიალონ და მით თავისს თავს ებრძოლონ! ასე გამოდის ბ-ნ ჟორდანიას ლოღიკით… აი, რა მადანი სიბრძნისა მოგვიტანა ბ-ნმა ჟორდანიამ გერმანიიდამ ბევრს სხვასაც შეუნიშნავს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში და ჟურნალ-გაზეთობის გარეთაც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია უცოდინარი, უვიცი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც უნარი რამ მწერლობისა ღმერთს იმისთვის მიუმადლებია.

მე ერთი, ერთადერთი სიტყვაც არ მახსოვს მისი იმისთანა, რომ ცოცხალი სიტყვა იყოს… საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია: რაც სხვისაგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია, ისიც, ღმერთმა იცის, როგორ, და რაც მისს საკუთარს ჭკუაზე მივარდნილა, იქ ყველგან ფეხი მოსხლეტია და სრული არარაობა გამოუჩენია. ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია…

ამით ვათავებ ამ წერილს უმეცრობის ფართი-ფურთობის თაობაზე. ვიცი, ჩემი მკითხველი დამემდურება და მისაყვედურებს: განა ღირს ბ-ნი ჟორდანია, რომ იმის გამო ამდენი დრო, ქაღალდი და მელანი დაიხარჯოსო? მართალი ბრძანებაა, მეც ვიცი, რომ ჩიტი ბდღვნად არა ღირს და უკან დევნა მეტია. სწორედ ჩემსავით მოცლილი უნდა იყოს, რომ ასე გააჭიანუროს საუბარი ამისთანა კაცზე. ხომ მოგეხსენებათ, – რა ძნელია მოკლედ თქმა იმისთანა ადამიანზე, რომელსაც საკუთარი ნიშანწყალი არც ბუნებით დაჰყოლია, არც სწავლით და არც ცოდნით მოუპოვებია…

ვითმინე, ვითმინე და ბოლოს აივსო ფიალა მოთმინებისა. ვიდრე ბ-ნი ჟორდანია გვიგალობდა ეგრეთწოდებულ ერფურტის პროგრამიდამ* გაზეპირებულსხუთ-ექვს სტიქონს, მე არა მენაღვლებოდა-რა, რადგანაც ვიცოდი, ქარის  მობერილს ქარივე წაიღებდა. რაც გინდ ბევრი ეჭიკჭიკნა, რომ არიქა, ბიჭებო, ღვთის მადლით ჩვენში კაპიტალისტობა მობრძანდა, არიქა, მისდა სადღეგრძელოდ და სასუფევოდ სოფელი გავაქალაქოდ, გლეხკაცობას მამულები ჩამოვართვათ, თორემ თუ პროლეტარიებად არ იქცნენ, კაპიტალისტობა შემოგვწყრება, ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებს და ეს პროგრესის ღალატი იქნებაო და სხვა ამისთანა აბდაუბდა, – მაინც ეს ამისთანა ჭიკჭიკი იმისთანა მერცხლისაგან, როგორიც ბნი ჟორდანიაა, ჩვენში გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. მე ეს კარგად ვიცოდი და აინუნშიაც არ მომდიოდა. ვამბობდი, – ამისთანა ბოდვას ვინ ათხოვებს ყურსამეთქი.

XI

სულ სხვაა, როცა სჯიჯგნიან იმისთანა საქმეს, რომელიც ჭირადაც გვყოფნის და ლხინადაც, რომელიც დიდის ღვაწლით და შესაწირავით აგვიჩემია, გაგვიმართავს და ეს ოცდაექვსი წელია ვამოქმედებთ… ჩვენებური ბანკი, რომელიც წელიწადში ოცი ათას თუმანზე მეტ მოგებას იძლევა და ამ ოცი ათასს თუმნიდამ თითქმის ათი ათასს თუმანს საზოგადო, საქვეყნო ჭირსა და ვარამს

——————–

* ეს ის პროგრამაა, რომელიც მითომდა სახელოვანის მარქსის მოძღვრებაზეა აგებული და რომელსაც ერთს დროს გერმანიაში, ცოტად თუ ბევრად, ავალა ჰქონდა და ეხლა-კი თავის დრო მოიჭამა და თავის პატრონს ჩაჰბარდა.

131

ანდომებს, იმისთანა დაწესებულებაა, რომ ყველა რიგიანს და ჭეშმარიტ ქართველს უნდა სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად მიაჩნდეს, რომ შევძელით, ამისთანა რამ შევქმენით, ჩვენის საკუთარი ღონით და შეძლებისამებრ ვპატრონობთ და ვუძღვებით. როცა ბ-ნი ჟორდანია და მისი ამქარი ამისთანა საქმეზე ტყუილებით თვალს გვიბრმავებენ, განგებ, თუ უნებლიეთ სახელს უტეხენ, რომ მით გულიც გაგვიტეხონ, მხნეობა დაგვინელონ და ეს ერთადერთი საკუთარი საქმე გულიდამ ამოგვაღებინონ, ნუთუ არა ჰგრძნობენ რას სჩადიან? ვინ რას იტყვის, რომ, თუ ნაკლულოვანობა აქვს ჩვენებურს ბანკს, ამხილოს ვინმემ და გულისტკივილით თავიდამ მოაცილოს, გულმტკივნეული დარიგება

და სარჩიელი მისცეს. მადლობის მეტი რა ეთქმის ამისთანა კაცს. ხოლო ბ-ნი ჟორდანია ამისთანა კაცი არა ყოფილა, მაშასადამე, ბევრ სიკეთესთან ერთად არც გული ჰქონია გულის ადგილას. ამას იმ საბუთით ვამბობთ, რომ ნამდვილი და მართალი ნაკლი ჩვენებურ ბანკისა ვერ დაუნახავს, ვერ გაუთვალისწინებია და ტყუილებით მისდგომია და ჰლამობს ძირი და სახელი მოუთხაროს, მიწასთან გაასწოროს…

თავად-აზნაურობამ დააარსა ჩვენი ბანკი, მის მოგებაში, თვისდა სასახელოდ, თითონ საკუთრად წილი არ ჩაიდო, იგი საზოგადო საჭიროებას შესწირა და თქვენ-კი გამოსულხართ და ეუბნებით: ეგ რა ჰქენით, თქვენი საფლავი თქვენის ხელითვე რათ გაითხარეთო. კაცობაა ასეთი საქციელი? ეს არის თქვენი ახალი მოძღვრება! ეს ხომ პირდაპირ იმასა ჰნიშნავს, რომ კაცი საზოგადო საქმიდამ გინდათ კერძო ინტერესზე ჩამოახდინოთ, საზოგადო საჭიროებისათვის ფეხადგმული კაცი მის საკუთარ კერძო ინტერესზე მიახედოთ და, რომ უფრო ადვილად მისწვდეთ თქვენს საწადელს, შიშით გულს უხეთქავთ, იღუპებიო… ძლივძლივობით ჩვენში საზოგადო საქმის სურვილმა ფეხი აიდგა, საზოგადო საჭიროებისათვის ფულის გადადებამ და გამოღებამ ძლივძლივობით ერთი საზოგადო საქმე შექმნა საზოგადო სამსახურისათვის, კერძო ინტერესები არ იკადრა, არ გააჭაჭანა და ამაზე ადამიანს აფრთხობთ და გულს უტეხთ. ეს არის თქვენი სიმბოლო სარწმუნოებისა, ეს არის თქვენი ახალი აღთქმა! ეგ ხომ ათადამ-ბაბადამვე ვიცოდით, რომ, თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო.

ეს ხომ საზოგადო ინტერესებიდან კერძო ინტერესებზე ჩამოხდომაა! ეს ხომ უკან გაბრუნებაა წინ მიმავალ კაცისა! ეს ხომ უკან დახევაა! ამას რუსები «აბრუნდის» ეძახიან, სომხები იტყვიან ხოლმე: «ეი ახმახ», ქართველები-კი: ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო! მე არ ვიცი, ამ ჩემი წერილისაგან ბ-ნი ნოე ჟორდანია ჭკუას მოვა თუ არა. ვაი, თუ მგლის თავზე სახარების კითხვა დამემართოს და გადარეული უფრო გადაირიოს. ესეც-კი შესაძლოა: იქნება, იმის ქედმაღლობის ამბავი რომ ვიცი, მე და ჩემი წერილი ცხვირ-ზევით აიცდინოს, ვითომდა არა გვკადრულობს, თავს არ გვიყადრებს. ეს-კი უეჭველია, რომ უსაბუთობას ვერ მიკიჟინებს, და თუ მიკიჟინა, მკითხველმა გაგვასამართლოს.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., №№60, 61, 62, ფსევდონიმით «ახალმოსული».

ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე მეტისმეტად თავს არ გავიდე, იგი მარტო «გზა-და-გზა» ჰკადრულობს ჩემთან საუბარსა. ესეც ერთი თანხაა. მე ამისიც მადლობელი ვარ. არის ჩვენში ერთი სახის ჯგუფი, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია დიდ მეცნიერად მიაჩნია, და ხომ მოგეხსენებათ, – დიდმა კაცმა რომ ნეკიც გაღირსოთ, მთელის ხელის მოცემად უნდა მიიღოთ. დიდის კაცის ნეკის შეხებაც დიდი მოწყალებაა. ბ-ნმა ჟორდანიამ პასუხი მაღირსა, თუნდაც «გზა-და-გზა», და ეს სახელადაც მეყოფა და სახრავადაც. ხუმრობაგაშვებით და ბ-ნმა ჟორდანიამ ერთი დიდი სიკეთე მიყო. მე მინდოდა ხელი მიმეყო და კვალდაკვალ მემხილებინა ის აუარებელი უმეცრობანი, რომელნიც ამ ახლად მოვლენილმა მეცნიერმა უშიშრად გამოჰფინა ჩვენში მას მერეთ, რაც სათავეში დაუდგა «კვალსა». მხილებისათვის საჭირო იყო გადამეჩხრიკა მთელი მისი წინანდელი ნაწერები და იქიდამ ამომეკრიბა მარგალიტები მისის უმეცრობისა. ამისათვის შორს ძებნა მომინდებოდა და ბ-ნმა ჟორდანიამ თითქო შემიბრალა და თავისის აწინდელის პასუხით გამიადვილა საქმე. შორს რად მიდიხარ, აი «გზა-და-გზა» პასუხი მოგეცი და აქ იმდენი განძია უმეცრობის, რომ ჭირადაც გეყოფა და ლხინადაცაო, – თითქო მეუბნება ეს ჩვენი, გერმანიაში გაბრძნობილი, სუტ-მეცნიერი. არ ვიცი, მართლა ჩემი სიკეთე სდომებია ბ-ნ ჟორდანიას, როცა ეს პასუხი დამიწერა, თუ სხვა რამ ოინია? ეს-კი უეჭველია, რომ მის პასუხში მართლა კარგა ბლომა განძია ახალ-ახალ უმეცრობისა… მე ვამხილე ბ-ნი ჟორდანია და ვუკიჟინე, რომ თქვენ არ გესმით, რა არის «ფინანსიური დაწესებულება», როცა ჩვენებურ ბანკს – მაგ საკრედიტო დაწესებულებას – ფინანსიურ დაწესებულებათ ასახელებთ-თქო. შეფუცხუნებულა ამაზე ჩვენი გერმანელი ბრძენი და იმის მაგიერ, რომ მეცნიერებისთვის ეკითხნა, – რას ჰნიშნავს «ფინანსიური დაწესებულება», ამდგარა და ლექსიკონს მივარდნია და იქიდამ უსწავლია, – რას მოასწავლებს სიტყვა «ფინანსები»? როგორ მოგწონთ მეცნიერი მარქსისტი, რომელიც მარტო ლექსიკონით მიდის იოლად, როცა მეცნიერულ ტერმინის ახსნაზე მივარდება საქმე და რომელსაც სხვა უნარი და ილაჯი არა ჰქონია ამისთანა შემთხვევაში გზა გაიგნოს… განა ნივთიერი მდგომარეობა, თუნდაც ფულით გამოხატული, რომელისამე დაწყობილობისა და თითონ დაწყობილობა თავით თვისით ერთი და იგივეა, ერთსა და იმავე საგანსა ნიშნავს? განა ფულად გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, თუნდ ბ-ნი ჟორდანიასი და თითონ ბ-ნი ჟორდანია ერთი და იგივეა? ამ ლექსიკონურს ფართო მნიშვნელობას «ფინანსებისას» რომ ავყვეთ და მასთან ბ-ნი ჟორდანიას სასაცილო ლოღიკას, გამოვა, რომ სამიკიტნოც «ფინანსიური დაწესებულებაა», რადგან არ არის ქვეყანაზე იმისთანა სამიკიტნო, რაც გინდა უხეირო იყოს, რომ ფულად გამოსახატავი, ან გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, ასეთი თუ ისეთი, არა ჰქონდეს. «კვალსაც», რა თქმა უნდა, ფულად გამოსახატავი, ან გამოხატული რაიმე მდგომარეობა აქვს უსათუოდ და აქედამ განა ის გამოდის, რომ «კვალი» ფინანსიური დაწესებულებაა? აი, ჭირვეულობა და ჯიუტობა უმეცრობისა სად შეატოპინებს ხოლმე იმისთანა წყალწყალა კაცს, როგორიც ბ-ნი ჟორდანია თურმე ყოფილა. აქაო და ჩვენებურს ბანკს «ფინანსები»აქვს, ანუ, როგორც ლექსიკონი ამბობს, ფულად გამოხატული ნივთიერი მდგომარეობა, და ნუთუ ამით ჰხდით მას «ფინანსიურ» დაწესებულებად?

მოგვილოცნია, «კვალის» სახელოვანო მარქსისტო, ამისთანა ამერიკის აღმოჩენა! მე უფრო უკეთესს, თუმცა არა ახალს-კი, ამერიკას აღმოგიჩენთ, სახელდობრ იმას… რომ ამ ჩვენს უმეცარს მარქსისტს კითხვა, ღვთის მადლით, სცოდნია და წაკითხულის გაგება-კი ღვთის წყრომით, არა ჰქონია.

ამ სახით, აშკარაა, რომ ვერაფერი სამსახური გაუწია ბ-ნს ჟორდანიას იმ ლექსიკონურმა ფართო მნიშვნელობამ სიტყვის «ფინანსებისამ», რომელსაც დაჰბღაუჭებია ჩვენი უმეცარი მეცნიერი, როგორც წყალწაღებული ხავსსა, რაკი სხვა ილაჯი და ღონე არა ჰქონია… არ არის ქვეყნიერობაზე არც ერთი ლექსიკონი, რომ ეს საყველპურო მნიშვნელობა «კაპიტალისა» არ აენიშნოს და მასთან ერთად მეცნიერულიცა, რამოდენადაც-კი ლექსიკონისათვის მოსახერხებელია და მოსათავსებელი… ნუთუ, ბ-ნო ჟორდანიავ, აქაც წაკითხულის გაგებაზეც მწყრალად ბრძანებულხართ. ნუთუ აქაც ნახტომი შეგშლიათ და ვერ გაგიგიათ, – რას ნიშნავს სიტყვა გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი ? თუ გაგეგებათ, – რატომ ყურს არ უგდებთ თქვენსავე მოწმეს, რომელიც ასე აშკარად თქვენვე გამტყუნებთ. განა თქვენს წერილში, საცა ჩვენებური ბანკი «ფინანსურ» დაწესებულებათ მონათლეთ, სიტყვა «ფინანსები» და აქედამ «ფინანსიური» ქუჩურ მნიშვნელობით იხმარეთ?

ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ვერც ამ ქუჩურმა მნიშვნელობამ გაგიყვანათ ფონსა და ვერაფერ ნავ-ტიკად გამოგადგათ. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ სულელობაა კაცმა ბანკს «ფინანსიური დაწესებულება» უწოდოს მარტო იმის გამო, რომ ბანკს თავისი «ფინანსები» აქვს, ესე იგი ფულად გამოხატული ქონება.

ახლა ვნახოთ გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი მნიშვნელობა «ფინანსებისა» რა ხეირს დაგაყრით, თუ გონების თვალზე განგებ ხელს არ აიფარებთ, ჩვენო გერმანიაში ნასწავლო მეცნიერო და დოქტორ-ფილოსოფოსო კირვალიძის უნივერსიტეტისავ.

«ფინანსები» განსაკუთრებით ნიშნავს სახელმწიფოს და სხვა მმართველობათა შესავალ-გასავალსაო, ამბობს თქვენი ლექსიკონი. ჩვენებურ ბანკსა სახელმწიფოს ან სხვა მმართველობათა შესავალ-გასავალთან საერთო რა აქვთ? ჩვენებური ბანკი და იგი დაწესებულება, რომელიც განაგებს სახელმწიფო შესავალ-გასავალს, ისე შორს არიან ერთმანეთზე, როგორც უმეცარი ჟორდანია და მეცნიერი მარქსი. განა აშკარად ცხადი არ არის, რომ იქ, სადაც «ფინანსიურ» დაწესებულებაზე ლაპარაკობენ, მეცნიერული, ანუ გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ ი მნიშვნელობა უნდა იგულისხმებოდეს უეჭველად. თუ ესეა, და ვინ იტყვის, რომ ასე არ არისო, კაცს ხომ დიდი ლარი და ხაზი არ მოუნდება გამოიცნოს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია ხელახლად იძლევა საბუთს ვიგულოთ იგი, ვითარცა მცურავი უმეცრების ტბაში უმეცრებით გაბერილ ნავ-ტიკითა… დალოცვილი, ამისათვის რაღა გერმანიაში მირბოდა? განა აქ-კი ვერ იშოვიდა ლექსიკონს, თუ მაინცდამაინც ლექსიკონის წაკითხვის მეტი სხვა შნო და ლაზათი არა ჰქონია. გაუმარჯოს გერმანიაში გაბრძნობილს მარქსისტს! ტაში მაგას, ტაში, კირვალიძეებო და მერკვილაძეებო! თქვენ რომ არა ჰყვანდეთ ბ-ნ ჟორდანიას, სადღა გაასაღებდა თავის სიბრძნეს.

მე მაინც ერთ სამსახურს გავუწევ ამ ჩვენს მარქსისტს და ვაუწყებ, რომ არის ერთი თხზულება, რომლის განსაკუთრებითი საგანი ფინანსებია და ფინანსიური დაწესებულებანი და ვურჩევ, იქ ჩაიხედოს, თუ მართლა გაგება რისამე უნდა და არა წარამარა მალაყების გადასვლა კირვალიძეების და მერკვილაძეების გასაოცებლად და თავბრუ-დასასხმელად. ერთს გერმანელს სახელგანთქმულს მეცნიერს, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს კ. გ. რაუს დაწერილი აქვს წიგნი, რომელსაც ჰქვიან «ძირითადნი დასაბამნი საფინანსო მეცნიერებისა»… ყველგან, საცა-კი რაუ ჰხმარობს ამ სიტყვას, იმ მნიშვნელობით ჰხმარობს, რომ ფინანსების საგანი სახელმწიფო შესავალ-გასავალიაო და ფინანსურ დაწესებულებად ჰხადის მარტო გამგებლობას ფინანსებისას მთავრობის მიერ.

არც ერთგან რაუ საკრედიტო დაწესებულებას არამცთუ ფინანსურ დაწესებულებად არა სთვლის, არამედ ხსენებითაც არ იხსენიებს. საკრედიტო დაწესებულება რომ ბ-ნ ჟორდანიას სიტყვისამებრ ფინანსიური დაწესებულება იყოს, ნუთუ რაუ ამას გაუჩუმდებოდა და ისე, გაკვრით მაინც, არ მოიხსენებდა?

დიმიტრი ტოლსტოი, – გვეუბნება ბ-ნი ჟორდანია, – საკრედიტო დაწესებულებას ფინანსიურ დაწესებულებად სთვლისო. არა გვგონია. ვთხოვთ ბ-ნ ჟორდანიას მოწყალება მოიღოს და ამოგვიწეროს დიმიტრი ტოლსტოის თქმული.  თუ დიმიტრი ტოლსტოი ბ-ნ ჟორდანიასავით უმეცრობით გატენილი არ არის, ჩვენ წინათვე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს უმეცარ მარქსისტს აქაც წაკითხული ვერ გაუგია და ვერ მოუნელებია.

ეხლა ვიკითხოთ: რა აქვს საერთო ჩვენებურს ბანკსა, ან ერთობ საკრედიტო დაწესებულებას ფინანსიურ დაწესებულებასთან? განა აშკარა არ არის, რომ ვერც ამ გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ მ ა მნიშვნელობამ «ფინანსებისამ» უშველა ბნ ჟორდანიას თავი გადაერჩინა იმ უმეცრობისაგან, რომელიც მან აღმოაჩინა, როცა ჩვენებური ბანკი და ერთობ საკრედიტო დაწესებულება «ფინანსიურ დაწესებულებად» მოგვინათლა… ყველა-ყველა და განა საკვირველი და ამასთან სასაცილო ამბავი არ არის: ბ-ნი ჟორდანია გერმანიაში იყო და იქ ვერ დაუნახავს იმისთანა ბუმბერაზი  მეცნიერებისა, როგორიც რაუა და აქ, ჩვენში კი იმისთანა კაცს დაჰბღუჯებია, როგორც არავისგან ცნობილი დიმიტრი ტოლსტოია. იქ სპილო ვერ დაუნახავს და აქ ჩვენში-კი მუმლიც ბუმბერაზად მოსჩვენებია. ესეც ერთი უტყუარი ნიშანია მისი, თუ რა უკეთებია ბ-ნ ჟორდანიას გერმანიაში… ჯერ-ხანად ეს ვიკმაროთ. ბ-ნ ჟორდანიას, როგორც მისის პასუხისგან სჩანს, სწყინს ერთხანად გრძლად გაბმული საუბარი და აბა, მე როგორ მოვისურვებ მისს ხელახლად წყენას. თუნდ ესეც არ იყოს, საუზმედ დილის სიფთაზე ეს მისის უმეცრობის მცვრიანი მწვადიც საკმარისია… მარტო ამას ვჩივი, რომ ბ-ნი ჟორდანია არ მაცლის ძველებისათვის, კვირა არ გადის, რომ სულ ახალ-ახალი უმეცრობა პანტასავით არ მომაყაროს და არ ვიცი, რომელს ერთს გავუძღვე, ძველს თუ ახალს. ჯერ-ხანად ახალმა წამიცდინა და ვიდრე ამას მოვრჩები, ძველმა უნდა მომიცადოს. აბა, ზოგი სეირი მაშინ ჰნახეთ, როცა ბ-ნ ჟორდანიას ძველს უმეცრობას ქეჩოში ხელს წავავლებ. მე მარტო ამას ვწუხვარ, რომ ეს მისი ზღვა უმეცრობისა კოვზით უნდა ამოვწურო.

სხვა გზა არა მაქვს, თუ მინდა რომ საქმემ ქადილი არ გამიცრუოს. ამ კოვზით ამოწურვას არა გვგონია ერთის კაცის სიცოცხლე ეყოს, ასეთი უშველებელი ზღვაა. თუ დამცალდა-კი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ, მე ბ-ნი ჟორდანია გამოგიჭიმოთ მთელის თავისის სიგრძე-სიგანით და ხელის გულზე გაგიგოროთ და მაშინ თქვენც დაინახავთ, თუ ჯერ არ დაგინახავთ, რა მადანი მიპოვია და რა წითელი კოჭი ბრძანებულა ეს ჩვენი თავმოწონებული, მაგრამ ყოვლად უმეცარი მარქსისტი… დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., № 78, ფსევდონიმით «ახალმოსული». ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მისს «ფინანსების» არცოდნას გამოვეკიდე და ვეებერთელა ფელეტონები მოვანდომე. Pპირველ შეხედვით, ეს ჩემი საქციელი მართლა წყრომის ღირსია. აბა, ეს ჭოჭინაზე შემდგარი უმეცარი ბრძენი ჯერ რა ისეთი აღდგომის წითელი კვერცხია, რომ გრძელის საუბარის ღირსი იყოს და მერე ვის რად უნდა, ვის რაში ეპრიანება, – «ფინანსები» და «ფინანსიური» გაეგება თუ არა გაუგებარს მეცნიერს ბ-ნ ჟორდანიას… ამიტომაც, ნურას უკაცრავად, რომ ცოტაოდენს ხანს კიდევ საუბარი გაგიწიოთ  ეხლა სხვა სიტყვის გამო, რომელიც დღეს თითქმის ყველას ენაზე აკერია და არც ერთს ისე უცოდინარად, როგორც ბ-ნ ჟორდანიას. ეს სიტყვა გახლავთ «ბურჟუა», «ბურჟუაზია» და აქედამ წარმომდგარი «ბურჟუაზიული». თუ გამოვარკვიეთ და დავამტკიცეთ, რომ ბ-ნ ჟორდანიას ამ სიტყვების მნიშვნელობა არ გაეგება, ან იგი მნიშვნელობა თუთიყუშსავით დაუსწავლია და მათ მიერ სახელწოდებული საგანი-კი არ იცის რომელია, მაშინ ხომ დაიჯერებთ, რომ ბნი ჟორდანია, მარქსისტი კი არა, პამპულაა მარქსისა, ჟღარუნებით მორთულ კაბაში…

იგი არა ერთხელ იხსენიებს «ბურჟუას» და «ბურჟუაზიულს» თავისს ნაწერებში და აქედამ გამოვარკვიოთ, როგორ ესმის ეს სიტყვები ამ ჩვენს მარქსისტს და ვეღარ მარქსისტს. «ბურჟუაზია», ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, ფულის პატრონი ხალხია*, «ბურჟუაზია» ვაჭრებია, რომელნიც დღეს ქალაქების მეთაურად და წინამძღოლად არიან, «ბურჟუაზიის» ინტერესია, რაც შეიძლება მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ბურჟუაზიის მიდრეკილება არის მთელის ცხოვრების(!!!) და, მაშასადამე, მთელის ხალხის (ვა! ვა! ვა!) მიდრეკილება**, «ბურჟუაზიული «შეხედულება ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი ა ო ***, «ბურჟუაზია» ვაჭარს და მრეწველს ხალხსა ჰქვიანო**** და სხვანი და სხვანი.

რა თქმა უნდა, ამ მარქსისტების თუთიყუშს მოჭრით არსადა აქვს  განსაზღვრული სიტყვა «ბ უ რ ჟ უ ა « და «ბ უ რ ჟ უ ა ზ ი უ ლ ი», მაგრამ ამ  ხანად ესეც კმარა, რაც ამოვწერეთ, რომ ბ-ნს ჟორდანიას აადინოთ თავმოწონებულ უმეცრობის და ქარაფშუტობის ბურტყლები.

თუ მართლა ბ უ რ ჟ უ ა ზ ი ა , ბ უ რ ჟ უ ა ზ ი უ ლ ი იმასა ჰნიშნავს, რასაც გვიღაღადებს ჩვენი ბრძენი ბ-ნი ჟორდანია, სჩანს, რომ ჩვენებური ბანკები იმისთანა ხალხისგან არის დაფუძნებული, ან იმისთანა ხალხის კუთვნილია, რომელიც ვაჭარი და მრეწველია, რომელიც მეთაურობს და წინ უძღვის ქალაქებსა, რომლის მიდრეკილება მთელის ხალხის მიდრეკილებაა, რომლის ინტერესია მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ესე იგი დუქან-ბაზარი იქონიოს საკუთრად თავისათვის გამოსარჩენად, რომლის შეხედულება ინდივიდუალურია, მასასადამე, არამცთუ არა-საზოგადოებრივი, პირიქით, საზოგადოებრივის პირისპირ წინააღმდეგი… ყველამ იცის და, წარმოგიდგენთ, – ბ-ნ ჟორდანიასაც-კი სცოდნია, რომ ჩვენებური ბანკები დაფუძნებულია თავადაზნაურთაგან და განსაკუთრებულ საგნადა აქვს ბანკის მოგებიდამ გაუძღვეს საზოგადო ჭირსა და ვარამს, ყოველივე ინდივიდუალური შეხედულობა ბანკიდამ გამოდევნილია. თითონ დამფუძნებელთ არავითარი წილი საკუთრად თავიანთ სასარგებლოდ არ ჩაუდვიათ ბანკის მოგებაში, ყოველი კერძო გამორჩენა, კერძო სარგებლობა უარუყვიათ და გაუბათილებიათ თავისდა სასახელოდ და თითო გროშები ერთმანეთს მიუწებებიათ და შეუწირავთ საზოგადო საჭიროებისათვის, და ამისთანა დაწესებულებას ბ-ნი ჟორდანია «ბურჟუაზიულ დაწესებულებას» ეძახის. ღმერთი აღარ არის ქვეყანაზე!.. ვის აბრიყვებთ, ბ-ნო ჟორდანიავ, ვის? აბა, თუნდ ერთი თქვენი სიტყვა, თქმული «ბურჟუაზიის», თუ «ბურჟუაზიულის» გამო, მიუყენეთ ჩვენებურს ბანკებს და მერე გულზე ხელი დაიდეთ და გვიპასუხეთ: ჰგავს რაშიმე ერთმანეთს ჩვენებური ბანკი და «ბურჟუაზიული დაწესებულება». მაშ, არაბურჟუაზიული დაწესებულება სხვა რა ყოფილა, სხვა რა არის, თუ არ ჩვენებური ბანკი? ერთი გვიბრძანეთ, – სადა სტყუით, იქ, სადაც ბურჟუაზიას,

—————————–

* «კვალი», 1898 წ., № 4, გვ. 53.

** «კვალი», 1898 წ, № 3, გვ. 38.

*** «კვალი», 1898 წ, № 48, გვ. 787.

**** კვალი», 1898 წ, № 29, გვ. 483.

ბურჟუაზიულს ასე თუ ისე იხსენიებთ, თუ აქ, როცა ჩვენებურ ბანკს ბურჟუაზიულ დაწესებულებად ჰხადით?

ტფილისის საკრედიტო ბანკმაო, – ამბობს ბ-ნი ჟორდანია, – შარშან აქაურ მუსიკალურ სასწავლებელს რამდენიმე ათასი მანეთი შესწირაო და განა ამით დაჰკარგა თავისი ხასიათი (ვითომდა ბურჟუაზიული?).

აბა, თქვენ, ბ-ნო ჟორდანიავ, რა უნდა გელაპარაკოთ, რომ ორი უბრალო, სადა და მარტივი საგანი ერთმანეთში ვერ გაგირჩევიათ ამ შემთხვევაში. ჩვენებური ბანკი კანონით ვალდებულია თვისი მოგება სულ მთლად, გარდა იმისა, რაც სხვადასხვა კაპიტალებს უნდა მიეწილადოს, საზოგადო საჭიროებას მოახმაროს, და საკრედიტო ბანკი-კი მისს საკუთარ ნებაზეა დაშთენილი, ასე რომ, უნდა – სამადლო საქმესა იქმს, არ უნდა – არა იქმს. განა ეს სულ ერთი და იგივეა?

განა ამათ შორის დიდი ზღვარი არ არის? ვალდებულობა და ნებაზე მიგდება საქმისა ერთი და იგივეა?

ნუთუ ეხლაც არ დაიჯერებთ, რომ ბ-ნი ჟორდანია არამც თუ ყოვლად  უმეცარია, ქარაფშუტაც ყოფილა, წყალწაღებულსავით ყოველს ხავსს ეჭიდება, მაგრამ, ვაი, შენს მტერს, ხავსმა ვერა უშველოს-რა.

მე მგონია, ცხადად დავამტკიცე, რომ ან ტყუილია, ან უმეცრობით სავსეა ბ-ნი ჟორდანიას ტირადა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენებური ბანკები, ერთისმხრით, ბურჟუაზიულ-ფინანსიური დაწესებულებაა, მეორე მხრით, თავადაზნაურულ-წოდებრივიო. «ფინანსიურობაზე» თავისს უკანასკნელ «გზა-და-გზაში» ენა მუცელში ჩაუვარდა და პირი მაგრად მოკუმა. არ ვიცი, რას იტყვის «ბურჟუაზულობაზე», ხოლო თავადაზნაურულ-წოდებრივობაზე კი კვლავ ფართხალი დაიწყო და ურჩობს. ერთხელ და უკანასკნელად ამ მხრითაც რომ საქმე გადასწყდეს, ჩემდა გასამართლებლად და ბ-ნ ჟორდანიას გასამტყუნებლად, ერთის ასეთის ბრძენის მოწმობას მოვიყვან, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია ვერსად გაექცევა, თუმცა-კი კალთებს კი აიკრებს – როგორმე მოვძურწოო და თავი დავაძვრინოო. აი, ეს მოწმობა: «ბანკი, (ჩვენებური, რასაკვირველია) თავად-აზნაურობის მიერ დაფუძნებული და მის სამსახურად მოწოდებული, იმათვე თავად-აზნაურობის უთავბოლო საქმიანობით ხელიდამ გამოეცალათ დამფუძნებელთ, გამო(?)ცილდა წევრთა პირდაპირ უფროსობას და გადაეცა ვექილთ. მასთანავე შესუსტდა ბანკის წოდებრივი (კურსივი ჩემია) პრინციპი, გაძლიერდა საფინანსო(?) პრინციპი.

ამით ის დადგა იმ გზაზე, რომელზედაც დგას ყველა საფინანსო(?) დაწესებულება, და მისი ქვეითი (რა მოგახსენოს ქართულმა) განვითარება ნიშნავს ამ დაწესებულებასთან თანდათან მიახლოებას». თუმცა აქ, ამ რამდენსამე სტრიქონში, აუარებელი ტყუილებია, მაგრამ ამაებს არ გამოვუდგებით მით უფრო, რომ ეს იმისთანა ბრძნის სიტყვებია, რომ თითონ ბ-ნ ჟორდანიას შიშით ელდა ეცემა და თავბრუ დაესხმის, როცა სახელს შეიტყობს. ჩემთვის და თქვენთვის-კი, მკითხველო, საკმაოა, რომ იგი ბრძენი იმოწმება, რომ ჩვენებურ ბანკის წოდებრივი პრინციპი შესუსტებულია, რომ იგი ბანკი იმ გზაზე დამდგარა, რომელზედაც სდგას ყველა, ჩემებურად, საკრედიტო და, ბ-ნ ჟორდანიასებურად, საფინანსო დაწესებულება. ყველაზედ უფრო ხელჩასაჭიდებელი მოწმობა იმის გამოა, რომ ხსენებულ ბრძენის სიტყვით, ბანკი ხელიდამ გამოეცალათ თავად-აზნაურთ და, მაშასადამე, თავად-აზნაურობისა აღარ არის და ამით, მაშასადამე, პირველი და უკანასკნელი ნიშანი თავადაზნაურულ-წოდებრიობისა დაეკარგა ბანკსა. იცით, ამისი მთქმელი ბრძენი ვინ არის? თითონ ბ-ნი ჟორდანია*, ესე იგი ის კაცი, რომელიც 1900 წელს

——————————

* «კვალი», 1898 წ., №18, გვ. 307.

გადაჭრით გვეფიცება, თავში ცემით იჭაჭება, რომ ჩვენებურს ბანკს წოდებრივი ხასიათი შერჩა მისის წესდების ახალის ცვლილებითაცაო*. რას ეტყვით, როგორ და რა პირითღა დაუდგებით წინ, როგორ გაუსწორებთ თვალს, 1900 წლის ბ-ნო ჟორდანიავ, ამ 1898 წლის ბ-ნ ჟორდანიას? ეს ორივ ერთი და იგივე კაცია ორთავა და ორპირა, თუ სხვადასხვა, ერთისა და იმავე სახელის მატარებელი?..

განა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ორთავიანობისა და ორპირობისა? ერთს დროს ბ-ნი ნოე ჟორდანია უქადაგებდა მეურნეთა და განსაკუთრებით, როგორც თვით ამბობს, მათს მებაირახტრეებს – სხვილ მემამულეებს, ესე იგი თავად-აზნაურთ, რომ საკუთარის ძალ-ღონით უნდა განაკარგოთ თქვენი მდგომარეობა, იკვლიოთ, შეერთდეთ, თქვენს საკუთარს თავზე დაამყაროთ თქვენი იმედი, თქვენს თავს თითონ მოუაროთ და საკუთარს ფეხზე დადგეთო**.

სწორედ ეს პროგრამა განახორციელა თავად-აზნაურობამ ბანკის დაარსებით. იგი დააფუძნა მან თავისის საკუთარის ძალღონით, რათა საერთო მდგომარეობა მიწათმფლობელისა და მიწათმოქმედისა ცოტად თუ ბევრად გამოიკეთოს…

დასასრულ, ერთს იმისთანა საქციელს ბ-ნს ჟორდანიასას გაუწყებთ, რომლის დაფასებაც თქვენთვის მომინდვია. აი, რა იკადრა ამ ტყუილმა და, უკაცრავად არ ვიყო, უმართებულმა, უნიჭო და უმეცარმა ლიტერატორმა, რომელსაც სხვისის ნაღეჭის ცოხნაც არ შესძლებია. მოგეხსენებათ, რომ მე ერთს წინანდელ ფელეტონში ვთქვი, რომ კირვალიძე ვერაფერი ავტორიტეტია ეთიკისა და მართებულობის საქმეში და ვერაფერი წარმომადგენელია საქართველოს ერისა. კირვალიძის ავტორიტეტობისა და საქართველოს ერის წარმომადგენლობის საბუთად «კვალმა» ას ერთის კაცის მიერ ხელმოწერილი წერილი წარმოგვიდგინა ქვეყნის სასაცილოდ და თვისდა სასახელოდ. მე ამის პასუხად დავუწერე, რომ ამისთანა შემთხვევაში, საცა ეთიკაზე და მართებულობაზეა ლაპარაკი, ხმა

უნდა აწონილ იქნას და არა დათვლილ, რაც გინდ ბლომად ნულები გაამწკრივოთ, მაინც ნული გამოვა-თქო.

ამაზე აი რა პასუხს მაძლევს ბ-ნი ჟორდანია სახეზე ალიმულ-აუდენლად: «ამიერიდგან სახელოვანმა «ახალ-მოსულმა» თავისი ერთი ყუმბარა ამ ას ერთს კაცსაც ესროლა და თან გამოუცხადა: თქვენ ვინა ყრიხართო, თქვენ ნულები (ესე იგი არაფრები) ხართო! მარა, რადგანაც მთელი ჩვენი ხალხი (კაი მოგეცათ, კაი «რადგანაც» ეგ იყოს) ასეთი «ნულებისგან» შედგება, მაშ, ყველა წყალწაღებული ყოფილა. საქართველოს «ჩიორა» და «ახალმოსული» შეადგენს თურმე და ნამდვილი ხალხიც ისინია! (კაი მოგეცათ, კაი ლოღიკა ეს იყოს.) აი, სადამდის მივიდა «ივერია»! იმედია, ამას არ დაივიწყებს ასე ყბადაღებული ქართველი ხალხი …» («კვალი» 1900 წ., № 14, გვ. 220.)

რის თქმა გნებავთ ამითი, რასაც უკანასკნელი სიტყვები ამბობენ, ბ-ნო ჟორდანიავ? რომ ვეღარას გახდით-რა, საქართველოს ერთან მაბეზღებთ განა?…რა გნებავდათ ამით გეთქვათ და რა დაგრჩათ კიდევ სათქმელი, რომ სამი წერტილი ჩაურთეთ ამ სიტყვებს ბოლოში? ღმერთმა შეგინდოთ ეს უკადრისი, თუ უარესი არა, საქციელი, დეე, ტაში გიკრან თქვენმა უკან-მდევნელებმა, კირვალიძეებმა და მერკვილაძეებმა, ყველა რიგიანი და პატიოსანი კაცი-კი მარტო ამ საქციელისთვის ზურგს შემოგაქცევთ და ყველა ამისთანას შეეზარებით, სულ ცოტა რომ ვთქვა.

——————————–

* «კვალი», 1900 წ., №13, გვ. 209.

** «კვალი», 1898 წ., № 6, გვ. 94.

თუნდ ეგეც არ იყოს, თუნდ მართლა კირვალიძეები, მერკვილაძეები და მათი ამყოლი ას ერთი კაცი ნულებად ჩამეთვალოს, რათ გიკვირთ ეს? თქვენ განა ის კაცი არა ბრძანდებით, რომელმაც სთქვით, რომ, არამცთუ ას ერთი კაცი, მთელი ხალხი, მთელი ერი უგუნურიაო. ას ერთი კაცი ხომ მთელ ხალხთან, მთელს ერთან მხოლოდ წვეთია ზღვაში! აი, თქვენი სიტყვები: «გონიერება საზოგადოდ იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო უგუნურობა ყველგან და ყოველთვის ადვილად მისაგნებია. ცხადია, პირველის ჭურჭელიP– ინტელიგენცია – ძლიერ ცოტაა, სულ ერთი მუჭაა, მეორის-კი (ესე იგი, უგუნურების) მთელი ხალხი, მთელი ერია». ამაზე უარესად გაბიაბრუება, ამაზე მეტად გაუპატიურება და შეგინება, მერე ვისი? – მთელის ხალხისა, მთელის ერისა, განაღა იქნება! მე მაინცდამაინც, თუ არ დაგიშლიათ, ას ერთს კაცზე ვთქვი ნულები არიან-თქო და ბ-ნი ჟორდანია-კი ამისთანებად ჰხადის მთელს ხალხს, მთელს ერს და შუბლზე ბუზსაც არ ისვამს…

წარმოიდგინეთ, თურმე ყურისმგდებელიცა ჰყავს, ამყოლიც და მგალობელნიც! მართალი ნათქვამია, – როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო, მაგრამ განა ეს ნუგეშია! მარტო ის ამბავი, რომ არის ქვეყანა, საცა ამისთანა კაცი ლიტერატორობს, მარტო ეს ამბავი საკმარისია, კაცმა ამ ქვეყანაზე ხელი აიღოს და ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს. განა ყოვლად შესაბრალისი და ამასთანავე ყოვლად აუტანელი არ არის ის ქვეყანა, ის ერი, საცა ჰფარფაშობს და ჰფახიფუხობს ამისთანა კაცი, რომელსაც ჭკუა არ უშლის ხელს სთქვას: «ხალხი და ინტელიგენცია, ინტელიგენცია და ხალხი, – აი ორი მეტოქე და მებრძოლი ელემენტი. ამნაირად(?) ინტელიგენტი გონებას აგდებს ხალხიდამ და ხალხს გონებიდამაო»*. თუ მართლა ასეა, მე რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია ვიყო, ვიტყოდი: იმედია, საქართველოს ხალხი არ შეარჩენს ინტელიგენციას ამ ამბავს! ხუმრობა დანაშაულია, კაცმა ხელიდამ გონება გამოაგდოს და გონებიდამ ხალხი! რას იტყვით ამაზე, ჩვენო ინტელიგენციავ? ვერც ეხლა მიხვდებით, რა კაცი ყოფილა ეს ყოვლად უმეცარი, ქარაფშუტა, ორთავა და ორპირა პროგრესისტი, ეს ვითომდა ახალ მოძღვრების მღაღადებელი! განა მართალი არა ვთქვი წინანდელ ფელეტონში, რომ ამისთანა უმეცარი, უნიჭო, უგემური მწერალი, როგორიც ბ-ნი ჟორდანიაა, და ამასთან ასე თავმოწონებული, სხვა არავინ გამოჩენილა-თქო ჩვენში.

დაიბეჭდა გაზეთ «ივერიაში», 1900 წ., № 81.

წერილი პავლე ეგზარქოსისადმი [ქართველთა დაწყევლის გამო]- დიმიტრი ყიფიანი

თქვენო უსამღვდელოესობავ! 1

(წერილი პავლე ეგზარქოსისადმი)

მიიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, – დაუჯერებელ ხმებს აყოლილი, – ვცოდავ თქვენს წინაშე, განმიტევეთ ჩემი დიდი შეცდომა. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ, თითქოს თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც, ამდენად, თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა.

იგივე ხმები არა სჯერდებიან თქვენი ღირსების შეურაცხყოფას და იმასაც მოგაწერენ, თითქოს სამწყსოს წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებდეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.

თუ ეს ყოველივე მართალია, მეუფეო, თქვენი წოდებრივი ღირსების გადარჩენა ამასღა შეუძლია, – შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან. ამას წრფელი გულით მოგახსენებთ თქვენივე სამწყსოს ერთი წევრი, რომელსაც სურს, ქვეყანას მორიგი განუზომელი ცოდვა ააცილოს.

ხოლო თუ ეს ყოველივე მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ ჩემზე თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი უსამღვდელოესობის მორჩილი მსახური

დიმიტრი ყიფიანი

8 ივნისი. 1886.

სადგური მიხაილოვო.

[ხაშური]

შინაური მიმოხილვა – ნიკო ავალიშვილი (1844-1929)

შინაური მიმოხილვა

I «ჩვენი საზოგადოება». – საზოგადოებრივი ცხოვრება და საქმეები.

– რა გრძნობებით და საბუთებით ხელმძღვანელობენ ჩვენში საზოგადო საქმეების წარმოებაში. საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადო საქმე, საზოგადო საჭიროება და სარგებლობა!.. რა ლამაზი სიტყვებია! ეს სიტყვები ისე ხშირად გესმის შენ, ჩემო მკითხველო, რომ მგონია, ისე ხშირად პურსაც არ სჭამ ხოლმე. იქნება არც შენ გეხმაროს იშვიათად ეს სიტყვები შენს მეგობრებსა და ნაცნობებში, როდესაც კი შენს თავმოყვარეობას შთაუგონებია შენთვის რიგიან და ამ დროების კაცად გამოჩენა. ან კი რა საკვირველია? განა არ ვიცი, რომ ჩვენ ცხოვრებაში უფრო მომეტებული ყურადღება გვაქვს მიპყრობილი ჩვენი ცხოვრების გარეგნობაზედ და მაშ, რაღა თქმა უნდა, რომ სადაც თავის გამოჩენა დაგვჭირდება, იქ ყველა გვარ ლამაზ სიტყვას ვიხმარებთ… საზოგადო საქმეს დახმარება უნდა, საზოგადო საჭიროებას – დაკმაყოფილება, საზოგადო სარგებლობას – მიღწევა – ვღაღადებთ დღე-მუდამ და ისე გავარჯიშებული გვაქს ეს სიტყვები, რომ მსმენელს ეგონება, თითქოს ჩვენი დროის ერთი წამიც არა გვაქვს მომცდარი სხვა რამე კერძოობითს და ან ამგვარ უკადრისს საქმეზე. მაგრამ სად არის ეს დახმარება, დაკმაყოფილება, მიღწევა საზოგადო საქმისა, რომელზედაც ასე დაუღალავად და თითქმის დაკმაყოფილებულის აღტაცებით ვარწმუნებთ ყველა ჩვენ გულ-მარტივ მსმენელს, იმ დაჯერებით, თითქოს მართლა და ჩვენს ცხოვრებაში საზოგადოობრივი ცხოვრების მსგავსება მაინც იყოს, ან კიდევ ყველა ჩვენგანი ამ საზოგადოობრივი ცხოვრებისა დიდი მომქმედი და მომხრე იყოს!… მაგრამ მანამ ჩვენში საზოგადოების მყოფობაზედ ვიტყოდე რასმე, ჯერ განვმარტავ, თუ ნებას მომცემ, ჩემო მკითხველო, რას ეწოდება საზოგადოება. – თვითონ სიტყვა ცხადად ჰხატავს თვის მნიშვნელობას: საზოგადო, ესე იგი საერთო, ყველას კუთვნილი….

ვრცელის აზრით, საზოგადოება არის მრავალთ პირთ კრება, რომელნიც ერთ გვარ გარემოებაში სცხოვრობენ და ერთ ნაირ ბუნებითს, ზნეობითს და ნივთიერებითს გავლენის ქვეშ არიან. ამ გვარ საზოგადოების წევრებად იგულისხმებიან ყველანი, ვინც კი ერთ ქვეყანაში სცხოვრებენ და ერთნაირი, ან თითქმის ერთნაირი, ჩვეულებისა და ხასიათისანი არიან. მაგრამ ეს არის გარეგანი სახე ვრცელის აზრით წოდებული საზოგადოებისა, და ამ გარეგან სახეს, მარტოდ აღებულს, ცხოვრებაში არაფერი მნიშვნელობა არა აქვს იმისგარდა, რომ გაფანტულად, ველურად ცხოვრების მაგიერად – ერთად არიან შეჯგუფებულნი და რაიმე მსგავსება აქვსთ მოქალაქოობრივი ცხოვრებისა. შინაგანი არსი და მნიშვნელობა ამ გვარი საზოგადოებისა ის არის, რომ ყველა, ან თითქმის ყველა წევრი ამ საზოგადოებისა თავის თავს ვალად ჰრაცხავს, რომ ემსახუროს, ზნეობითის, გონებითის, გინდ ნივთიერებითის დახმარებით, ერთს დედა-აზრს –ჭეშმარიტებას, ანუ საყოველთავო, საზოგადო ცხოვრების გაადვილებას და ზნეობის გაუმჯობესობას…

ამ გვარი საზოგადოობრივი ცხოვრების მქონე ხალხში თითქოს თავის თავად ფუძნდებიან საზოგადოს ხარჯით საზოგადო დაწესებულებები: ბანკები, პურის მაგაზიები, სასწავლებლები, თეატრები, საზოგადო საკითხავები, მაწარმოებელთ და მომხმარებელთ საზოგადოებები, კეთდება გზები, ხიდები, საზოგადო ხარჯით იგზავნებიან ნიჭიერი ყმაწვილები სხვა-და-სხვა მაღალ სასწავლებლებში და ყველა ნიჭს ეძლევა თავის შესაფერი გზა, გამოიცემიან და ვრცელდებიან სხვა-და-სხვა სასარგებლო წიგნები და სალიტერატურო გამოცემაები, და სხვა და სხვა…

ჩვენი ცხოვრება, ჩემო კეთილო მკითხველო, ამ ზევით ნათქვამის გვარს ვერაფერს ვერ წარმოგვიდგენს. ჩვენში აჩრდილი თუა, თორემ ნამდვილი საზოგადოობრივი  ცხოვრება კი სრულებით არ-არის. ჩვენ ვცხოვრებთ ან თითოობით ანუ გროვებად, ბინადარ ობა-ობად, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ. რომ კარგად დავაცქერდეთ ჩვენს ცხოვრებას, უფრო ერთ შემთხვევაში იმისთანა პირებს შევხვდებით, რომელთაც საკუთარი არსების მეტი არავინ არაფრად მიაჩნიათ… თუ მე არ ვიქნები, ქვა-ქვაზედაც ნუ ყოფილაო. ამ სიტყვების მიმდევარი პირები თავიანთ თავის მეტს ვერავის ჰხედვენ ქვეყანაზედ…

ამ გვარ წევრებს გარდა ჩვენს ცხოვრებაში ვხედავთ რამდენსამე კაცს ან სახლობას, დამეგობრებულს ან ნათესაობით დაახლოვებულს, რომელნიც ერთმანეთში სცხოვრებენ და თავიანთ «წუთის სოფლის» ცხოვრებას «ტკბილად» ატარებენ. ესენი, თუ შემთხვევა ექნებათ და ქეიფზედაც იქნებიან, ეხმარებიან ერთმანეთს… ხან და-ხან სადილ-ვახშმად ან ლოტოზედ მიიწვევენ ერთმანეთს და ლხინს-მასპინძლობას გაუწევენ, ხოლო შემთხვევის ჟამს მცბიერობით და ცარიელი სიტყვებით ისეთს თანაგრძნობას აღმოუჩენენ, რომ სამმა კაცმა ყური უგდოს, ეგონება, ეს ხალხი ერთის სულისა და ერთის ხორცისაგან არიანო.

ერთის სიტყვით, ჩვენ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ რამდენიმე კაცი ან სახლობა ერთად სჭამენ, ჰსმენ, ცეკვა ტანცაობენ, ლოტოს ან ქაღალდს თამაშობენ, ჭორაობენ – განურჩევლად ქალებიც და კაცებიც – და ამასთან ერთმანეთს ქებას შეასხმენ, ხოლო სხვას, ვინც კი იმათი ჭკვისა და წრისა არ არის, – ყველას აძაგებენ და ჰგმობენ, აი, ჩემო მკითხველო, სწორედ ამ ცხოვრებას ეძახიან ჩვენში საზოგადოობრივს ცხოვრებას, საზოგადო სარგებლობისადმი ლტოლვას და სხვა ამისთანა მშვენიერ სიტყვებს…

აბა, ახლა გადავხედოთ ამ საზოგადო სასარგებლო საქმეებს, – როგორ ეკიდებიან ჩვენში. შეძლებული იძახის: მე ფულის სესხება არ მომინდება და იმათ იზრუნონ, ვისაც ფულის სესხება დასჭირდებაო, ხოლო ამ უკანასკნელებს, შეუძლებლობისა გამო, არაფერი აქვსთ, რომ ბანკი შეადგინონ და – მაშასადამე, საზოგადოდ შედგენილი ბანკი არა გვაქვს, ერთი იძახის, ჩემი შვილისთვის მე თითონ ვიზრუნავო; ზოგი ამბობს, – როგორც მამა- პაპას უცხოვრია, ჩემმა შვილმაც ისე იცხოვროსო – სწავლა რა საჭირო არისო. მესამე საბუთიანობს: მე ერთი შვილი მყავს გასაზრდელი და იმდენს რათ მივცემ, რამდენსაც ორისა და სამის პატრონი აძლევსო, და ზოგიც კიდევ იმას ამბობს, – მე შვილი არა მყავს და სხვის შვილის გასაზრდელად მე რათ მივცემო ფულს, – და ყველა ამ საბუთების შედეგი ის არის, რომ ჩვენ საზოგადო სახალხო შკოლები არა გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც – უხეიროები. ზოგი იძახის მე წელიწადში ერთხელ ძლივს მომიხდება სადმე წასვლა და ვინც ხშირად დადის – გზების გაკეთებაზედაც იმან იზრუნოსო, – და ამის გამო რიგიანი გზები და ბოგირები არა გვაქვს. ზოგი იძახის მამაპაპას თუ არ უვლია ქართულ თეატრში, მე ვიცი, ვერ უცხოვრია, და ზოგი კიდევ… რომ ჩვენი მწიგნობრობა და სიტყვიერება კიბორჩხალური ნაბიჯით მოძრაობს. ზოგი კიდევ იმას საბუთიანობს, რომ მე «თერგდალეულებისა» და «წვეროსნებისა» არა მწამსო, იმათი «მაწარმოებელთ და მომხმარებელთ საზოგადოებისა» არა-ვიცირაო, ღვინო და პური მქონდეს გასასყიდი, თორემ, ადვილად მტერი მოგიკვდეს, ადვილად მე ის გავყიდო: მოვა ავეტიქა, ან ფარემუზა და იმას ხელ-და-ხელ მივყიდი, კიდევაც თუ დამჭირდა – სესხადაც გამოვართმევ; თუნდ ნახევარ ფასიც მომცეს საქონელში, ან თუმანზედ ათი შაური სარგებელი გამომართოს, მაინც იმისი მირჩევნია, ამიტომ რომ ნაღდია – და ხელსაც გავიმართავ ხოლმე, – და ზედაც დაართავს ანდაზას: არ გაგიგონიათ, შვილოსა, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო; – და ყველა ამ ანდაზას და საბუთების შედეგიც ის არის, რომ ჩვენ არა ვითარი «მაწარმოებელთ და მომხმარებელთ საზოგადოებაები» არა გვაქვს, რის გამოც ძალიან ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ჩვენი მაწარმოებლები კვერცხში ქათამს აძლევენ და თავიანთ ნაწარმოებაებს ჩარჩ კარაპეტას ან ფარემუზაზედ ნახევარ ფასად ჰყიდიან… ამ ნათქვამიდგან, ჩემო გულმშვიდო და შენის მოთმინებით სულის მომპოვებელო მკითხველო, აშკარად დაინახავდი, რომ ჩვენში საზოგადოობრივი ნიშანიც არ არის, რომ ჩვენ ყველანი თითქმის საკუთარი დღიური ცხოვრებითა ვცხოვრებთ, არა გვაქვს მომავალი ცხოვრებისათვის ზრუნვა, არა გვაქვს ერთმანერთის დაკითხვა და დახმარება ცხოვრებაში, რაც საკუთრად მე არა მჭირდება, იმისთვის თავს არ ვიხეთქავ თუნდა ათას ჩემისთანას სჭირდებოდეს, «დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს გვირჩევნია» და ამიტომაც ჩვენი ცხოვრების შედეგი ის არის, რომ არა გვაქვს არც ერთი საზოგადო დაწესებულებაები… არც ერთი გროში არ გვემეტება საზოგადო საქმის დახმარებისათვის, ან როგორც მომეტებული ჩვენგანი ამბობს – «სხვისთვის», თუმცა ნამდვილად რომ ვსაჯოდ, სხვისთვის არავინ არაფერს არ აძლევს, არამედ ყოველთვის – თავისთვის, იმ საბუთის ძალით, რომ თვითვეულის კეთილდღეობა შეადგენს საზოგადო კეთილდღეობას და თვითვეულის უბედურება – საზოგადო უბედურებას… ამ ნათქვამებზედ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება და ამ უთანხმოების საბუთათაც წარმომიდგენს იმ ჩვენი ცხოვრების მოვლინებაებს, რომელნიც თითქოს უნდა ითვლებოდნენ საზოგადოობნრივი ცხოვრების შედეგად, სახელდობრ: სასოფლო შკოლები და პურის მაგაზიები, თავად-აზნაურთ ბანკი (რომლის შედგენაზედაც დიდი ხანია, რაც ლაპარაკობენ); ექვსი ქართული დრო-გამოშვებითი გამოცემა და კიდევ წელიწადში ერთი-ორი წიგნის დაბეჭდვა; ქართული თეატრი, რომელიც ამ უკანასკნელ ერთ წელიწადში სწორედ თერთმეტჯერ წარმოდგენილა; კახეთის მებატონეთ ღვინის ვაჭრობის ამხანაგობაები (კამპანიები) და ახლა მომხმარებელთ და მაწარმოებელთ საზოგადოება, რომელიც ეხლა აპირობს შედგენას? – რას ამბობ, მეუბნები მკითხველო, ეს რა არის, თუ არ ჩვენი საზოგადოობრივი ცხოვრება>! საზოგადო საქმის დახმარება?

მართალია, მკითხველო, ეს ყველა ჩამოთვლილი – საზოგადოობრივი ცხოვრების ნაწარმოებსა ჰგავს და მხოლოდ ჰგავს; მაგრამ კარგად რომ გამოვიკვლიოთ ეს საქმეები, ცხადად დავინახავთ, რომ ამ საქმეებშიაც საზოგადო დახმარება ან სულ არ-არის და ან ძალიან სუსტია…

ამაზედ უკეთეს მდგომარეობაში არც ქართული ლიტერატურაა და არც ქართული თეატრი. ეს საქმეებიც თითო მუჭა ხალხის თავგამოდებული შრომითა და ცდით სწარმოებს და საზოგადო დახმარება თითქმის სრულებით არა აქვს.

ამის დამამტკიცებელი საბუთიც ის არის, რომ სალიტერატურო ასპარეზზედ თითქმის ყველა მუქთად შრომობს და ზოგი კი თავის ჯიბიდგანაც ახმარებს რასმე ღონეს სალიტერატურო გამოცემაების წარმოებისათვის. ქართული თეატრის მცირედობაც და საზოგადოების დაუხმარებლობაც აშკარაა. აბა, როგორ შეიძლება კაცმა დაიკვეხოს ისეთ თეატრზედ, რომელიც წელიწადში ორჯერ-სამჯერ მოხდება ხან აქ, ხან იქ, ისიც ზოგჯერ ზარალით. არც ბანკია ჯერ სათქმელი, რადგან თითქმის ხუთი წელიწადია ლაპარაკია და დაბოლოება კი ჯერ არ სად არის. ერთის სიტყვით, ჩვენში ყველა საქმე, რომელთაც საზოგადოებრივი ცხოვრების სახე აძევს, ყველა ეს საქმეები კეთდებიან არა მთელი საზოგადოებისაგან, არამედ თითო მუჭა ხალხისაგან, რომელთ ღონე არა ჰყოფნის მათ წარმატებით წარმოებას და ამის გამო ბევრი მათგანი ან უხეიროდ ღონღიალებს და ან დასაწყისშივე ისპობა. რადგან ყველა საქმეს მშრომელი უნდა და მშრომელს – შრომის ჯილდო, ამის გამო, რაც უნდა საქმე ავიღოთ, ღონის ძიებას ითხოვს, რომ თვისი წარმოებისათვის მშრომელი მიიზიდოს.

ჩვენში არც ერთს, ასე ვსთქვათ, საზოგადო საქმეს არა აქვს ამ გვარი გარემოება, რადგან თითო მუჭა მკეთებლების ღონის-ძიებით კეთდება. ყველა ამ გვარ საქმეს უნდა დახმარება მთელი საზოგადოებისა და უფრო უმეტესად შეძლებული საზოგადოებისა…

მაგრამ ისიც კი შესანიშნავია, თუ ჩვენში როგორ ეხებიან საზოგადო საქმეებს და მის დახმარებაში რა მიმართულებითა და გაგებით ხელმძღვანელობენ რამე საზოგადო საქმის წარმოებაზედ, რომ დაელაპარაკოთ ვისმე და დახმარება სთხოვოთ, უეჭველია, ყველაზედ უპირველესად იმას გკითხავენ, თუ ვინ ურევია იმ საქმეში. ეს კითხვა, რასაკვირველია, კანონიერია… ისინი დარწმუნებულნი არიან, – თუმცა ეს დარწმუნება არაფერ რიგიან საბუთზედ არა აქვსთ დამყარებული, – რომ საქმეს კარგად გააკეთებენ და სათაკილოც არ არის იმ საქმეში მონაწილეობის მიღება; გარნა თუ მეორე ხარისხის ხალხის ხელშია საქმე, რაც უნდა კარგი გამკეთებელნიც იყვნენ საქმისა, მაინც ყოვლად დარწმუნებულნი არიან, რომ საქმეს ვერ აღასრულებენ და არც მონაწილეობის მიღება ღირს იმათში. ამ გვარ გარემოებაებს შემდეგ, რაღა თქმა უნდა, რომ ჩვენში ბევრი სასარგებლო საქმე დაბრკოლდება… ეს გარეგანი განსხვავების მიხედულობა და მიმდევარობა ისე გამჯდარია ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყველანი თვალ დახუჭვილები ემონებიან ამას…

კუხელი.

დაიბეჭდა ჟურნალ «მნათობში», 1871 წელს №1.

მთავარია დავიბრუნოთ ღირსება – აკაკი ბაქრაძე

ერთხელ რევაზ გაბაშვილის მოგონებებში _ «რაც მახსოვს» _ დაუჯერებელი რამ წავიკითხე. ეს მაშინ მომხდარა, როცა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ქართველთა უკითხავად, თურქეთს დაუთმო. ვითარების მოსაწესრიგებლად ტრაპიზონის კონფერენციაც გაიმართა. მაგრამ იგი ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებითა და ტრაპიზონის კონფერენციის მარცხით გათამამებული თურქეთის არმია ბათუმსაც დაპყრობით დაემუქრა. ქართველ პოლიტიკოსებს თავგზა აერიათ. თავწაჭრილი ქათამივით ფართხალებდნენ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ საშველის ძებნაში. მაშინ გენერალი ვასილ გაბაშვილი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გამოცდილი და გამობრძმედილი მეომარი, მისულა ქართველ პოლიტიკოსებთან და უთქვამს _ ბათუმის ციხესიმაგრეს ისე ვიცნობ, როგორც ჩემს ხუთ თითს. მომეცით სამი ათასი ჯარისკაცი და სიტყვას გაძლევთ, თურექთის ჯარი კი არა, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო საზღვარზე.
ევგენი გეგეჭკორი, დემოკრატიული საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, საშინლად აღშფოთებულა, ეს სიტყვები რომ გაუგონია.
«_ რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო, თქვენი თავი საშუალო საუკუნეებში ხომ არა გგონიათ, _ ზარბაზნებსა და ციხეებზე გველაპარაკებით? ან სადა გვყავს ჯარი?! ბათუმში ჯარი კი არ უნდა წავიყვანოთ, არამედ ხალხი. იქ საპროტესტო მიტინგები გავმართოთ და, როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართველი დემოკრატია წინააღმდეგია მათი, _ დღეს დემოკრატიის ხანაა და ოსმალეთის დემოკრატიაც ჩვენი ძმები არიან, _ ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ ბათუმში შესვლას» («დაბრუნება», ტ.3, 1992 წ., გვ.199).
ჯარის მაგიერ მიტინგები. თავდაპირველად გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამგვარი სიბრიყვე შეიძლებოდა ეთქვა პოლიტიკოსს. ვიფიქრე: რევაზ გაბაშვილს, პარტიულობით ეროვნულ-დემოკრატს, სძულდა სოციალ-დემოკრატები და ამას მათი სახელის გასატეხად ამბობს-მეთქი. მაგრამ მერე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რევაზ გაბაშვილი იოტის ოდენადაც არ აჭარბებდა. ჯარის მაგიერ მიტინგები _ ქართული პოლიტიკის «აღმოჩენა» და «თავისებურება» ყოფილა.
მიუნხენში «ბაიერიშეს ჰაუპშტაატსარხივში» (ბავარიის სახელმწიფო მთავარი არქივი) ინახება არტილერიის გენერლის ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მოგონებანი _ «ჩემი მისია კავკასიაში». იგი 1918 წელს საქართველოში, კერძოდ, და, საერთოდ, კავკასიაში გერმანიის სამხედრო მისიას ხელმძღვანელობდა. გერმანელი გენერალი ადასტურებს: მართლაც არ სურდათ, თურმე 1918-21 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატ ხელმძღვანელებს არმიის შექმნა. მტრებს მიტინგებითაც იოლად გავუსწორდებითო, _ ამტკიცებდნენ. ქართველი პოლიტიკოსების «სიბრძნით» გაოგნებულა გერმანელი და უფიქრია: ეს უბედური ქვეყანა შეშლილებს ჩავარდნიაო ხელში.
მათი მმართველობის შედეგიც ბუნებრივია: საქართველომ, რომელსაც ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავდა, ერც შეძლო თავდაცვა. ბოლშევიკ-კომუნისტურმა რუსეთმა ადვილად მოახერხა მისი ისევ დაპყრობა. მას მერე 80 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არმიის შექმნისადმი დამოკიდებულება საქართველოში არსებითად არ შეცვლილა. ისეთ სასხვათაშორისოდ კეთდება ეს საქმე. ისევ მიტინგებით ფიქრობენ ომის მოგებას. ისეთ «ხალხთა ძმობის» ზღაპრების მოყოლა გრძელდება. ამგვარ საქმიანობას, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საბედისწერო დამარცხება მოაქვს.
დღესაც დამარცხებულია საქართველო. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი მტერს აქვს დაპყრობილი. ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც კი არსად ჩანს. დაბრუნება კი არადა, თუ ჩვენ ისეთი არმია ვერ შევქმენით როგორიც ისრაელს ჰყავს შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაშიც მე-18 საუკუნის ბოლოს იყო, როცა ქართულმა სახელმწიფომ რუსეთის კალთაში დალია სული. გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა». რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე _ ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვნით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, _ რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც. ამის შედეგია ერთი ციცქნა საქართველოში ავტონომიები. ქართული მიწა-წყლის გადაცემა სხვისათვის.
ასე, რომ «მეგობარი» რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს. ხომ ხედავთ: სულს ღაფავს და იმაზე ოცნებობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს იუგოსლავიაც შეუერთოს.
ამ ვითარებაში გამოუსწორებელი შეცდომაა ქართული არმიის შექმნის მცდელობა რუსული ან საბჭოთა არმიის მოდელის მიხედვით. გასაგებია: საბჭოთა არმიის ქართველი გენერლები და ოფიცრები სხვანაირ ჯარს ვერ ჩამოაყალიბებენ. მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ის, რასაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდნენ. სხვანაირი გახდი და სხვანაირად იაზროვნეო. მათ ვერც მოსთხოვ. ამგვარი სახეცვლილება ადამიანს არ ძალუძს (ყველა ხომ არ არის ისეთი ნიჭიერი, რომ მთელი სიცოცხლე მამალი ათეისტი იყოს და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ღრმად მორწმუნე თეისტი გახდეს!). სრულებითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყოფილი საბჭოთა არმიის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს საქართველოსათვის სიკეთე უნდათ. მაგრამ მათ ეს სიკეთე ისე ესმით, როგორც შთააგონეს და ასწავლეს. ეს ცოდნა და შთაგონება კი დღევანდელ საქართველოს არ გამოადგება. საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა. არმიაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეით უნდა აღიზარდოს. ამას პროპაგანდისტთა კარგად მომზადებული რაზმი სჭირდება. იგი კი არსად ჩანს.
კარგად მოგეხსენებათ: როცა ბოლშევიკ-კომუნისტები წითელ არმიას აყალიბებდნენ, როგორც სპეციალისტებს, მეფის არმიის ოფიცრებს იყენებდნენ, მაგრამ მათ გვერდით აუცილებლად იდგა ბოლშევიკი კომისარი. ეს არ იყო შემთხვევითი. პროფესიული ცოდნა შეიძლებოდა მიეცა მეფის არმიის ოფიცერს, მაგრამ იდეა _ რას ემსახურებოდა წითელი არმია, რისთვის უნდა ებრძოლა _ ამას კი მხოლოდ ბოლშევიკი კომისრები ასწავლიდნენ. ჯარისკაცმა არა მარტო იარაღის კარგად ხმარება უნდა იცოდეს, არამედ ისიც (შეიძლება უფრო მეტადაც) _ რას ემსახურება და რისთვის იბრძვის. რისთვის უნდა დაღვაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი სისხლი.
ამ იდეას დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მომავალ არმიას ის ადამიანები ვერ შთააგონებენ, რომელთაც ძლევამოსილი საბჭოთა არმიის ნოსტალგია აწამებთ. ამას სრულიად სხვანაირი და სხვაგვარი ცნობიერების ადამიანები სჭირდება. ისეთი, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა დანერგოს არმიაში. საქართველოს ღირსების იდეა დაამკვიდროს. საუბედუროდ და სავალალოდ, დღეს საქართველო უღირსებო ქვეყანაა, შერცხვენილი და თავლაფდასხმული. ქვეყანა ომს რომ წააგებს, ღირსებასაც კარგავს, ამას ყველაზე მეტად არმია უნდა განიცდიდეს, რადგან იგია ქვეყნის ღირსების დარაჯი, დამცველი და ქომაგი. მაგრამ არმიამ რომ ქვეყნის ღირსების დამცველის როლი შეასრულოს, აუცილებელია ერი და ბერი მას პატივს სცემდეს, უყვარდეს, აფასებდეს, უფრთხილდებოდეს და ზრუნავდეს. რად უნდა იმას მტკიცება და საბუთი, რასაც ბრმაც კი ხედავს: დღეს ქართველი ხალხი ასე არ იქცევა. პირიქით: ყოველგვარად ცდილობს გაექცეს სამხედრო სამსახურს. თავი აარიდოს მას. სხვაგვარად ის ერი ვერ მოიქცევა, რომელიც ფიქრობს _ ჯარი არ გვჭირდება. მტერს მიტინგებით დავამარცხებთო. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მთელი ისტორია ბრძოლა და ომია საკუთარი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ამგვარი ვითარების შექმნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არა მარტო ტერიტორიულად დაიშალა, არამედ ცნობიერადაც? ვაი, რომ ნიშნავს. ამიტომ ქართული არმიის შესაქმნელად ბრძოლა-საქმიანობა არა მარტო ჯარის შექმნისათვის ბრძოლა-საქმიანობაა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების აღდგენისათვის ბრძოლა-საქმიანობაც. ეს უმთავრესი და უპირველესი პრობლემაა. პრობლემაა მთელი ხალხის, მთელი ერის და არა ამა თუ იმ პიროვნების ცალცალკე. თუ ამას ქართველი ხალხი ვერ გაიცნობიერებს, მაშინ იგი ვერც იმ ღირსებას დაიბრუნებს, რომელიც სამარცხვინოდ დაკარგა და ვერც ღირსეულ ბრძოლისუნარიან არმიას შექმნის.

1998 წ., 22. IV.

http://burusi.wordpress.com/2009/07/06/akaki-girsea/

რუსული კომუნიზმი და საქართველოს დემოკრატია – ნოე რამიშვილი

Noeramishvilipic

ორ წელზე მეტი, რაც რუსეთის კომუნიზმი ხმლითა და მახვილით შემოიჭრა საქართველოში და დაამხო დემოკრატიული რესპუბლიკა. რუსეთის კომუნიზმის ხიშტი საქართველოს დემოკრატიას დაუპირსპირდა.

რა არის დემოკრატია?

რას წარმოადგენს კომუნიზმი?

დემოკრატია ხალხის ბატონოაა. თავისუფალი და საყოველთაო არჩევნებით ხალხი თავის ბედს თვითვე სჭრის და ქვეყანას თავის გემოზე და თავის ინტერესების მიხედვით განაგებს. დემოკრატიული სახელმწიფოში ქვეყნის უზენაესი ძალა თვით ხალხია, მისი ნება და სურვილი განვითარების საფუძველია, მისი გონება და გამჭრიახობა ქვეყნის საჭეა. შეცდომისგან არ არის უზრუნველყოფილი არც ერთი ადამიანი, არც რომელიმე კლასი ან მთელი საზოგადოება. მაგრამ დემოკრატიის ბატონობის ხანაში ყველა სარგებლობს თავისუფალი ასპარეზით, თავისუფალი სიტყვით და მწერლობით. აქ ერთი ადამიანისა, ჯგუფისა, ან კლასის აზრი და ინტერესი ეჯახება მეორეს, ჩაღდება ბრძოლა სოციალ-პოლიტიკურ ასპარეზზე და იდეოლოგიურ სფეროში და ასე იბადება ჭეშმარიტება და იჭედება ბრძოლის იარაღი და მეთოდი. დემოკრატია შეუჩერებელი განვითარების ასპარებია, ის ნივთიერი პროგრესისაკენ მიაქანებს კაცობრიობას. აქ ვითარდება წარმოება, მეცნიერება, ხელოვნება. მოკლეთ, დემოკრატია საუკეთესო ნიადაგია მატერიალური და სულიერი კულტურის ასაყვავებლათ.

და აი ეს წყობილება ჩვენში დაანგრია რუსულმა ხიშტმა, მან მოსპო საქართველოს დამოუკიდებლობა, გაანადგურა დემოკრატია და რუსული კომუნიზმის დროშა ამართა.

რა არის კომუნიზმი?

მას კ. მარქსის მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს. კ. მარქსმა მუშათა განთავისუფლება მუშათა საქმეთ გამოაცხადა. კაპიტალიზმის დამხობა მუშათა თვით მოქმედებით – ასეთია მეცნიერული სოციალიზმის მოძღვრება. ამიტომაც იყო მარქსი და მისი მიმდევრები მუდამ ხელს უწყობდნენ დემოკრატიულ რევოლუციებს, ებრძოდნენ დესპოტურ მთავრობებს და დემოკრატიული რეჟიმის დამყარებას ესარჩლებოდნენ. სოციალიზმი მუშათა კლასის საქმეა, ხოლო უკანასკნელი ვითარდება, ძალღონეს იკრეფს და სახელმწიფო საქმეების გაძღოლას და წარმოების მოწესრიგებას დემოკრატიულ სახელმწიფოს ფარგლებში ეჩვევა. დემოკრატია სოციალიზმისთვის იგივეა, რაც თევზისთვის წყალი. და აი სოციალიზმის ეს ძირითადი დებულება რუსულმა კომუნიზმა უარყო და მით ევროპის მუშათა მოძრაობასთან ყოველივე კავშირი გაწყვიტა.

ჯერ კიდევ ოცი წლის წინეთ რუსეთის კომუნიზმის მეთაურმა ლენინმა გამოაცხადა, რომ “მუშათა კლასი სტიქიურათ ბურჟუაზიულ იდეოლოგიას ემორჩილებაო.” ლენინმა მუშათა თვით მოქმედება ბურჟუაზიის წისქვილის აბრუნება მონათლა და მას აშკარა ომი გამოუცხადა. არა მუშათა კლასი, არამედ რჩეულ რევოლუციონერთა ჯგუფი – აი ვინ უნდა იკისროს მუშათა კლასის ხსნა, მაგრამ თუ ხალხი ბრიყვია, თუ ის ბურჟუაზიის მაჩანჩალაა, ცხადია მას შეუძლია თავისი საქმეების თვითვე გაძღოლა. ასეთ პირობებში წარმოიშვა იდეა კომუნისტური პარტიის დიქტატურისა.

დიქტატურა ბატონობას ნიშნავს. დიქტატორი ქვეყნის გამგეა მისი სვე-ბედის გადამჭრელია. შეიძლება ბატონი იყოს ერთი პირი. ასეთი იყვნენ ფარაონები ეგვიპტეში, ბოგდიხანები ჩინეთში, შაჰები სპარსეტშუ, სულთნები ოსმალეთში. ეს ძველი ხანის საქმეა და წარმოების ე.წ. აზიურ საფეხურს ახასიათებს. აქ ბატონობს ერთი პირი და მისი მორჩილი ბიუროკრატია, ხოლო ხალხი მოკლებულია პოლიტიკურ და მოქალაქეობრის უფლებებს. მეფე განაგებს, ხოლო ხალხი მორჩილებს. ეს ხალხის სრული დატუქსვის ხანაა. მაგრამ ეს წყობილება ძლიერი იყო მით, რომ ქვეყნის ბატონი წარმოებას აწესრიგებდა და ეკონომიკურ განვითარებას ეხმარებოდა.

ნორმალურათ სახელმწიფოს სათავეში რომელიმე კლასი დგას. ასეთი იყვნენ ბატონები ფეოდალურ ხანაში და ასეთია ბურჟუაზია თანამედროვე საზოგადოებაში. ბურჟუაზიული კლასი ბატონობს სახელმწიფოში და ამიტომ ხშირათ ლაპარაკობენ ბურუაზიის დიქტატურაზე. მაგრამ არსებითად განსხვავდება ფარაონების და ბოგდიხანების ბატონობისგან. ბურჟუაზიულ საზოგადოებას პოლიტიკაში ახასიათებს დემოკრატიული საარჩევნო უფლება და პრესის, სიტყვისა და კრების თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ იბატონოთ მხოლოდ ხალხის არჩევით და მისი ნება-სურვილის თანახმათ. მართალია ბურჟუაზია ძლიერია ფულით და გავლენით, მაგრამ მუშათა კლასი ცნობიერდება, დღითი დღე ძლიერდება და ირაზმება. დემოკრატია მისი ზრდის აუცილებელი პირობა და ასპარეზია.

ახლა ვიკითხოთ: რას წარმოადგენს ამ მხრივ რუსული კომუნიზმი?

მას არ შეუძლია დაეყრდნოს მუშათა კლასს და მისი დიქტატურა განახორციელოს. აკი მუშათა კლასი “ბურჟუაზიულ იდეოლოგიას ემორჩილება” და მისი მაჩანჩალაა. და აი რუსულმა ბოლშევიზმმა კომუნისტური პარტიის დიქტატურა წამოაყენა, მუშათა კლასი და მშრომელი გლეხკაცობა ამ მიზნისთვის უბრალო მასალაა და კომუნისტთა ექსპერიმენტის ობიექტია. თუ სადმე მუშათა კლასმა გაიზიარა კომუნისტური იდეოლოგია, ხომ კარგი, არა და ის ძალით უნდა მოაჭკვიანონ “ხმლითა და მახვილით.”

და აი მუშათა კლასის და მთელი ხალხის დასამორჩილებლათ იკრძალება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მწერლობა, თავისუფალი კრება და იდევნება ყოველივე აზრი გარდა კომუნისტური იდეოლოგიისა. მართალია კომუნიზმმა წამოაყენა ე.წ. საბჭოთა სისტემა, რომლის ძალით ქვეყნის სათავეში მუშათა და გლეხთა საბჭოები დგებიან, მაგრამ ეს გულუბრყვილოთა მოსატყუებელი საკენკია. დანამდვილებით არ არსებობს არავითარი არჩევნები, არამედ მოხელეთა ზევიდან დანიშვნა. პირველ ყოვლისა საარჩევნო უფლება არ არის საყოველთაო და რაც უმთავრესია ის არ არის საიდუმლო. ეს ცოტაა. კანდიდატების წამოყენების უფლება მხოლოდ მთავრობის პარტიას ეძლევა. და აი მთელი ქვეყანა, სადაც კომუნისტები ბატონობენ, მოკლებულია თავისუფალ გაზეთს და მწერლობას, მოკლებულია თავისუფალ აზრს, თავისუფალ მოქმედებას და შეუძლია მხოლოდ მოიწონოს მთავრობის საქმიანობა და ხმა მიცეს მის აგენტებს.

ეს არის დიქტატურა არა მუშათა კლასისა, არამედ საბჭოთა მოხელეთა და ყაჩაღებისა მუშათა კლასზე. მსგავსი დესპოტია აზიის ქვეყნებსაც არ მოსწრებია.

კიდევ უარესი. ჩვენ ვსთქვით, რომ ბოლშევიზმი კომუნისტური პარტიის დიქტატურაა. ეს მართალია იმ შესწორებით, რომ თვით კომუნისტურ პარტიაში სულ რამოდენიმე პირი ბატონობს. წინეთ ყველაფერი ლენინის სურვილისამებრ წყდებოდა, ეხლა კი, როცა ლენინი ფაქტიურათ ლეშია, ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო ბატონობს, სტოლიპინის ხანაში, როცა წარმოიშვა ეგრეთ წოდებული “ოტზოვიზმი” ე.ი. შედგა ბოგდანოვის მეთაურობით ჯგუფი, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო დუმიდან სოციალდემოკრატ – დეპუტატების გაწვევა, ლენინმა ბოგდანოვი და სხვები პარტიიდან გააძევა, ყრილობის მოუწვევლაღ და პარტიის შეუკითხავათ. როცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკამ არ მოიწონა ამიერ-კავკასიის ფედერაციის შექმნა და ამ ფედერაციაში საქართველოს სრული გათქვეფა, პოლიტბიურომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკა გადააყენა და მისი წევრები დასაჯა, თვით კომუნისტები ვალდებულნი არიან აასრულონ რუსეთის პარტიის ცეკას ბრძანება. პოლიტიკური პარტია ერთ მოაზროვნეღა თავისუფალი კავშირია, ხოლო კომუნისტური პარტია საბჭოთა სისტემის მსგავსათ იძულებითი ორგანიზაციაა და ერთ მუჭა “რჩეულ რევოლუციონერთ” ემორჩილება.

ჩვენ დავინახეთ, რომ კომუნიზმმა განახორციელა ჯერ არსად ნახული დესპოტია. მან აღმოსავლეთუს დესპოტიებს ყოველმხრივ გადააჭარბა. რაც უმთავრესია მან გაანადგურა წარმოება და ეს იმ დროს, როცა აღმოსავლეთის დესპოტიები მის განვითარებას ეხმარებოდნენ. ეს სავსებით ბუნებრივია. წარმოების განვითარება რომელიმე საზოგადოებრივ კლასის საქმეა. დიდი რევოლუციის დროს საფრანგეთის ბურჟუაზიამ ფართე ასპარეზი გაუხსნა მრეწველობის განვითარებას. და ეს იმიტომ, რომ ბურუაზია ემყარებოდა ვაჭარ მრეწველთა ეკონომიკურ მოთხოვნილებას და მის იდეალებს ახორციელებდა. ასევე უნდა მომხდარიყო რუსეთში, რომ მას სათავეში მოქცეოდა რომელიმე საზოგადოებრივი კლასი, მაგალითად, პროლეტარიატი. უკანასკნელი დაინტერესებულია ფაბრიკა-ქარხნების არსებობაში და ეკონომიკური ცხოვრების აყვავებაში. კომუნიზმმაც თავისი მიმდევრები ფაბრიკა-ქარხნებს მოაშორა, “წითელ” ლაშქარში ჩარიცხა, მოხელეებათ წამოასკუპა და ასე მუშათა კლასი დაქასქსა. თვით კომუნისტური პარტია შენდება არა მუშების მიერ, – პარტიაში ირიცხება მხოლოდ 40% მუშა და ესენის მოწვეულ არიან სახელმწიფოს გაბატონებულ ხელმძღვანელ ჯუფის მიერ და მას ემორჩილებიან უსიტყვოთ. პარტიის სატავეში მყოფი “რჩეული რევოლუციონერები” ფიქრობენ არა კლასის ინტერესებზე, არამედ თავის ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამიტომაც არის აქ პირველ რიგში დგას არა წარმოების განვითარება, არამედ სახელმწიფო აპარატის განმტკიცება. დეე დაინგრეს მთელი ეკონომია, განადგურდეს ვაჭრობა-მრეწველობა, ოღონდ კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და განამტკიცოს დიქტატურა ხალხზე და დამორჩილებულ რესპუბპლიკებზე, კერძოთ საქართველოზე და აი მთელი წარმოება დაანგრიეს და ქვეყანა რამოდენიმე ათეული წლით უკან გადაისროლეს. დესპოტიამ პოლიტიკაში კიდევ უფრო დასცა ისედაც არეულ-დარეული ეკონომიური ცხოვრება.

რას უმზადებს რუსეთს კომუნისტური პარტიის დიქტატურა?

ბოლშევიკების აგენტები ევროპაში ქადაგობენ, თითქოს რუსეთის მდგომარეობა თან და თან უმჯობესდება, წარმოება ეწყობა და ქვეყანა ევოლუციონური გზით დემოკრატიისაკენ მიექანება. კომუნიზმის ძლიერია ეკონომიკური ცხოვრების დანგრევით და ტერორისტული მეთოდებით, ხოლო სრულიად უძლურია შემოქმედებით მუშაობაში, დანგრევა და არა აშენება – ასეთია კომუნიზმის ბუნება.

ევოლუცია თან დაყოლილი თვისებაა დემოკრატიის, იქ სადაც არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ასპარეზი, ქვეყნის მართვა-გამგეობა დამოკიდებულია პარტიათა შეჯახებაზე. დღეს არჩევნებში ერთი პარტია იმარჯვებს, ხვალ მის ადგილს იჭერს მეორე. დღემდის ბატონობდნენ მხოლოდ ბურჟუაზიული პარტიები, ხოლო მსოფლიო ომის შემდეგ მრავალ სახელმწიფოში საკმაოდ მოღონიერდნენ მუშათა პარტიები, ზოგან საელმწიფო მართვა-გამგეობასაც, არჩევნების მეოხებით დაეპატრონენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ევოლუცია ბუნებრივია, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმა შედარებით მშვიდობიანი გზით სწარმოებს და აშკარა შეჯახება იშვიათია.

სულ სხვაა კომუნისტური ქვეყნები, აქ სრულიად მოსპობილია თავისუფალი პოლიტიკური ასპარეზი. დამორჩილებულ კლასს აქვს მხოლოდ ერთად-ერთი იარაღი – აშკარა გამოსვლა. თვით უბრალო გაფიცვაც კი აჯანყების ხასიათს ღებულობს. აქ ყოველივე პოლიტიკური მოძრაობა საბჭოთა სისტემის დანგრევას მოასწავებს. ევოლუცია სრულიად განდევნილია, მისი შესაძლებლობა დახშულია.

მართლაც, ბოლშევიზმი ცდილობს დასთმოს ეკონომიკურ სფეროში, რომ ხელუხლებლათ დაიცვას დიკტატურა პოლიტიკაში. ფუჭი ოცნებაა. დესპოტია არსებითად უარყოფს ძირითად ევოლიუციას და მუდამ რევოლუციური გამოსვლით ისპობა. ისტორიამ არ იცის მაგალითი დესპოტიის მშვიდობიანი გზით გარდაქმნის. მოიგონეთ ჩინეთის ბიგდიხანის ბედი, მისი ტახტი ამოძრავებულმა რევოლუციონერმა ხალხმა გაანადგურა. ამ გზითვე მოისპო სპარსეთისა და ოსმალეთსი დესპოტია. ასეთივე იყო ბედი რუსეთის მეფობის. რეჟიმი, რომელიც ძალდატენბით სულდგმულობს, ძალდატანების მსხვერპლი ხდება. დიქტატურის დამხობა რევოლუციის საქმეა. კომუნისტური დიკტატურა ანტიკომუნისტურმა რევოლუციამ უნდა დაამხოს. მუშათა კლასის ინტერესები ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგეს და ქვეყნის გარდაქმნის საჭე ხელთ თვითვე აიღოს.

რუსული კომუნიზმი იხრწნება შიგნით და სუსტდება გარეთ. მან დაკარგა გავლენა ევროპის მუშათა წრეებში. მას გამოეცალა ნიადაგი ბურუაზიულ ბანაკში და სრულიად ირიყება დიპლომატიურ სფეროში. ეს კომუნიზმის აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებს და რუსეთს ხანგრძლივ ანარქიის დაწყებას უქადის.

ქართველი ერი, რომელიც გმინავს რუსული კომუნიზმის უღლის ქვეშ, ეჭვს გარეშეა ისარგებლებს პირველი ხელსაყრელი შემთხვევით, კომუნისტური რუსეთის ხელმძღვანელთა წაბორძიკებით, რომ საქართველოს დაუბრუნოს დამოუკიდებლობა და აღადგინოს დემოკრატია.

ნოე რამიშვილი

http://matiane.wordpress.com/2010/02/04/noe-ramishvili-russian-bolshevism-and-georgian-democracy/