ძლიერი და სუსტი ერი – სერგი მესხი

არიან ისეთი ცრუ-მეცნიერნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა წვრილი ხალხები უთუოთ უნდა შთაინთქან დიდი ხალხებისაგანაო; პატარა ხალხი როდისმე, უეჭველია, ძალაუნებურათ უნდა დაემორჩილოს იმ მსხვილ ხალხს, რომელიც იმის მეზობლათ ცხოვრობსო; იმან უნდა დაივიწყოს თავის ენა, სარწმუნოება, ხასიათი და ჩვეულება და ყველაფერი იმ თავის მეზობელ სხვილ ხალხის უნდა შეითვისოსო.

ჩვენ არას ვიტყვით, რამდენიც სიმართლე და ჭეშმარიტება არის ამ უნუგეშო და ყოვლად უაზრო სწავლაში იმის მეტი, რომ გასაკვირველია, რათ არის საჭირო კაცობრიობისათვის, რომ ერთმა ხალხმა მაინცა და მაინც მეორე შთანთქას და მოსპოს, თუ კი ორივეს ცალ-ცალკე თავისუფალი ცხოვრება და არსებობა შეუძლიათ და ამ არსებობით თუ არ შემატებენ, არას დააკლებენ კაცობრიობას? მოვიყვანთ მხოლოდ ორ სამწუხარო მაგალითს იმის დასამტკიცებლად, – თუ რა ბარბაროსულად იქცევიან ზოგიერთი სხვილი ხალხები, რომელთაც ეს თეორია შეუთვისებიათ და რომელნიც ქვეყნის უგანათლებულესს ხალხებათ ირიცხებიან.

* * *

მგონი, არც ერთი გაუნათლებელი ხალხის მმართველობა არ ექცევა ისე ცუდათ თავის ქვეშევრდომებს, როგორც ინგლისის მართებლობა ინდოელებს ექცევა. ინგლისელები იმას კი არ დასჯერდნენ, რომ ძალით დაიპყრეს ინდოეთი, წაართვეს იქაურ მცხოვრებლებს ადგილ-მამული და მიწა-წყალი; არ სჯერდებიან არც იმის სიმდიდრეს, რომელიც მუდამ წელს გამოაქვთ ამ ბუნებით მდიდრისა და უხვის ქვეყნიდამ: ისინი თვითონ მცხოვრებლებსაც უმოწყალოთ და სწორეთ ბარბაროსულათ ეპყრობიან; ხოცავენ და სტანჯავენ, ასე, რომ ახლა, როგორც ამბობენ, იმის მეათედიც აღარ არიან თურმე ადგილობრივი მცხოვრებლები (ინდოელები), რაც იმ დროს იყვნენ, როდესაც ინგლისელებმა იმათ ქვეყანაში ფეხი შესდგეს. განათლების გავრცელებისა და ეკონომიური მდგომარეობის ამაღლების მაგივრათ, ინგლისელები იმნაირათ ეპყრობიან თავის უცხო ქვეყნელ კოლონიებს, თითქო იმათი არსებობა ქვეყნისათვის მავნებელი იყოს და იმათი მოსპობა კი აუცილებლათ საჭირო.

* * *

საუბედუროთ, არც სხვა შემთხვევაში სამაგალითო ამერიკელები ეპყრობიან ინგლისელებზე უკეთ იმ ადგილობრივ წითელ კანიან ინდოელებს, რომელნიც იმათგან დაჭერილი მიწების მეზობლათ ცხოვრობენ ქვეყნის დასაბამიდამ. ყოველ წელიწადს აუარებელი ხალხი მიდის ევროპიდამ ამერიკაში; ერთი მხრით, ამერიკის თავისუფლება, მდიდარი ბუნება და უფრო ადვილათ საცხოვრებელი საშუალების მოპოვების იმედით და, მეორე მხრით, ევროპაში მართებლობისაგან დევნა და სიღარიბე – აიძულებს ამ ხალხს ასე შორს ქვეყანაში გადასახლებას. წელიწადი არ გავა, რომ სხვა და სხვა ევროპის და აზიის სახელმწიფოებიდან უკანასკნელი ასი და ორასი ათასი კაცი იქ არ გადასახლდეს, ხან მილიონამდიც. ამდენ გადასახლებულებს, რასაკვირველია, სამოსახლო და სახნავ-სათესი ადგილი უნდა; ამერიკის მმართველობა იმათ იქ აძლევს ადგილებს, სადაც ინდოელები სახლობენ. ამ მეზობლებს შუა მუდამ ჩხუბი და უკმაყოფილება სუფევს. მმართებლობა თავის მოქალაქეებს ეხმარება და ამნაირათ შეუბრალებლათ ავიწროებენ, ხოცავენ და სცარცვავენ საწყალ წითელ კანიან ინდოელებსა.

ერთს რუსულ ჟურნალში* დაწვრილებით არის აწერილი იმ ინდოელების შევიწროებული მდგომარეობა და ამერიკელების მოქმედება იმათ შესახებ. ამ სტატიიდამ, სხვათა შორის, ვტყობილობთ, რომ შარშანწინ მაისში ერთი ინდოელი პატარა ხალხის მეფე, სახელად «წითელი ვაშლი», მისულა ვაშინგტონში, აუხსნია პრეზიდენტის გრანტისათვის თავის ხალხის შევიწროებული მდგომარეობა და უთხოვნია, რომ ცოტა შემწეობა მოგვეცით, რომ ჩვენი ცოლ-შვილი ვარჩინოთო, რადგან რაც მიწები გვქონდა, სულ თქვენ წაგვართვითო; უთხოვნია აგრეთვე, თოფის წამალი მოგვეცით, რომ ვინადიროთ, რადგან ჩემი ხალხი ნადირობით ირჩენს თავსაო, და განკარგულება მოახდინეთ, რომ ტყუილ-უბრალოდ ნუ ხოცავენ თქვენი სალდათები ჩემ ქვეშევრდომებსაო. ამ თხოვნის განხილვა პრეზიდენტმა ცალკე კომისიას მიანდო, რომელსაც ივნისში უნდა მოესმინა «წითელი ვაშლის» საჩივარი.

* * *

ძლიერ შესანიშნავია ის სიტყვა, რომელიც ამ ბარბაროსული ხალხის მეფემ «წითელმა ვაშლმა» ამ სხდომაზე წარმოსთქვა. მოგვყავს ეს სიტყვა შემოკლებით და მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით წაიკითხოს. «მე არასოდეს არ მომინდომებია იმ «დიდებული მამის» წინააღმდეგობა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობს (პრეზიდენტზე ამბობს). იქნება დიდებული მამა კეთილი კაცი იყოს, მე კი იმას ვერ ვხედავ. ჩვენ წაგვართვეს ჩვენი ადგილ-მამული და ერთი ნამცეცა მიწა დაგვიტოვეს. თქვენი ხალხი ისე იზრდება, როგორც ზაფხულის ბალახი და ჩვენი კი ყინულსავით ილევა, როდესაც იმას მზე დააწვება. ჩვენ არ გვინდა გადავესახლოთ მისურის მდინარის ნაპირს, რადგან იქ, ცუდი ჰავის გამო, მოხუცებულები და ბავშები ცხვრებივით იხოცებიან. ჩვენ იქვე გვსურს სიკვდილი, სადაც დავიბადეთ. ჩვენი დედ-მამები გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი საკუთარი ადგილიაო. ახლა კი მე ღარიბი და შიშველი ვარ. ჩვენ სიმდიდრეს არა გთხოვთ,  გთხოვთ მხოლოდ, რომ თქვენი პირობა შეასრულოთ და უკანონოთ არ შეგვავიწროვოთ. თქვენი ჩინოვნიკები ტყავს გვაძრობენ და გვძარცვავენ ჩვენა. თქვენგან გამოგზავნილი შემწეობა ნახევარზე მეტი იმათ მიაქვთ. დიდებულმა მამამ, რაც თავის ქვეყანაში ცუდი და მექრთამე ჩინოვნიკები ჰყვანდა, სულ ჩვენში გამოგზავნა. ჩვენ გთხოვთ, რომ პატიოსანი კაცები გამოგვიგზავნოთ უფროსებათ. თოფის წამალი გთხოვეთ, მაგრამ თქვენ არ მოგვეცით; შეგეშინდათ, გგონიათ ომიანობას ავტეხთ. თქვენ უანგარიშო და ძლიერი ხალხი ხართ და ჩვენ კი ერთი მუჭა – რისი გეშინიათ?! თქვენი სალდათები წიწილებივით ხოცავენ ჩვენებსა და კაცი არ არის გამკითხავი. ჩვენ არ გვყავს თქვენსავით მწერლები, რომელთაც შეეძლოთ ჩვენი გულ-მოსაკლავი მდგომარეობის აწერა…»

* * *

გრანტმა შემოუთვალა იმას პასუხად, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანისამოსს გამოგიგზავნითო და ვეცდებით სხვა თქვენი თხოვნაც აღვასრულოთ, თუ შესაძლებელი იქნებაო. თოფის წამლის მიცემაზე კი უარი უთხრა. ივნისის 15-ს წითელ-კანიანი ინდოელების დეპუტაცია და მათ შორის იმათი მეფე «წითელი ვაშლი» ნიუ-ორკში მივიდნენ. იქ იმათ აჩვენეს სხვადასხვა ფაბრიკები, ზავოდები, თეატრშიაც წაიყვანეს; მაგრამ ისეთნაირათ გულმოკლულნი იყვნენ, რომ სრულიად არაფერი არ ეხალისებოდათ. სხვათა შორის, იმათ ნახეს ერთი იქაური სასწავლებელი და იქ მოყრილ საზოგადოების წინ «წითელმა ვაშლმა» მეორეთ წარმოსთქვა სიტყვა თავის ხალხის მდგომარეობის შესახებ: «ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, თქვენთვის თეთრი კანი მოუცია ღმერთსა და ჩვენთვის კი წითელი. თქვენ შინაურ ცხოველებსა სჭამთ და ჩვენ

——————————–

* «Отечест. Записки», № 5, 1872 г.

– გარეულს. თქვენ რომ ჩვენში (ამერიკაში) მოხვედით, ჩვენ ძმურათ მიგიღეთ: მოგეცით მიწები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაშინ ჩვენ ბევრი ვიყავით და თქვენ კი ცოტა, ახლა თქვენ ბევრი ხართ და ჩვენ ცოტა. ნუთუ ეს გაძლევთ უფლებას, რომ შეგვავიწროვოთ და ჩვენი ამოწყვეტა მოინდომოთ?! მე მოვედი სიმართლისათვის, მაგრამ თქვენ არ მაღირსეთ… მაშ, ჩვენ გვატყუებდა თქვენი მმართველობა, როდესაც პირობის შეკვრის დროს მშვიდობიანობას და ყოველ სიკეთეს გვპირდებოდა!..»

* * *

აი, ამისთანა გულის შესაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამერიკელებისაგან საწყალი წითელ-კანიანი ინდოელები. თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის სუსტს და უღონო მეზობლებს, სხვა ხალხებისაგან რაღას უნდა მოველოდეთ? იახ, სამწუხაროა, რომ ამისთანა ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა და სხვა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს თითქმის ევროპის ყველა განათლებული ხალხები შეჰნატრიან… «ბრწყინვალე მზეზედაც ლაქები მოინახებაო», – ამბობენ რუსები და ეს არაკი ამ შემთხვევაში სწორეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მართლდება.

* * *

ამგვარი მდგომარეობა წითელ კანიან ინდოელებისა, უეჭველია, დიდხანს არ გასძლებს ამერიკაში. თუ ზანგებს (ნეგრებს) მიანიჭეს ამერიკელებმა სრული სამოქალაქო უფლებები, თუ იმათთვის კონგრესისა, სასამართლოებისა და ყველა დაწესებულებების კარები გაღებულია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, ამერიკელები მოვლენ გონზე და ამ ინდოელებსაც მიანიჭებენ ყოველგვარ უფლებას და ჩათვლიან ამერიკის მოქალაქეებად. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოგვიდგენენ შესანიშნავსა და სამაგალითო ქვეყანას, რომელშიაც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ, თავისუფლების დროშის ქვეშ იცხოვრებენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №22, ინიციალებით – ს. მ.

Advertisements