ძლიერი და სუსტი ერი – სერგი მესხი

არიან ისეთი ცრუ-მეცნიერნი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა წვრილი ხალხები უთუოთ უნდა შთაინთქან დიდი ხალხებისაგანაო; პატარა ხალხი როდისმე, უეჭველია, ძალაუნებურათ უნდა დაემორჩილოს იმ მსხვილ ხალხს, რომელიც იმის მეზობლათ ცხოვრობსო; იმან უნდა დაივიწყოს თავის ენა, სარწმუნოება, ხასიათი და ჩვეულება და ყველაფერი იმ თავის მეზობელ სხვილ ხალხის უნდა შეითვისოსო.

ჩვენ არას ვიტყვით, რამდენიც სიმართლე და ჭეშმარიტება არის ამ უნუგეშო და ყოვლად უაზრო სწავლაში იმის მეტი, რომ გასაკვირველია, რათ არის საჭირო კაცობრიობისათვის, რომ ერთმა ხალხმა მაინცა და მაინც მეორე შთანთქას და მოსპოს, თუ კი ორივეს ცალ-ცალკე თავისუფალი ცხოვრება და არსებობა შეუძლიათ და ამ არსებობით თუ არ შემატებენ, არას დააკლებენ კაცობრიობას? მოვიყვანთ მხოლოდ ორ სამწუხარო მაგალითს იმის დასამტკიცებლად, – თუ რა ბარბაროსულად იქცევიან ზოგიერთი სხვილი ხალხები, რომელთაც ეს თეორია შეუთვისებიათ და რომელნიც ქვეყნის უგანათლებულესს ხალხებათ ირიცხებიან.

* * *

მგონი, არც ერთი გაუნათლებელი ხალხის მმართველობა არ ექცევა ისე ცუდათ თავის ქვეშევრდომებს, როგორც ინგლისის მართებლობა ინდოელებს ექცევა. ინგლისელები იმას კი არ დასჯერდნენ, რომ ძალით დაიპყრეს ინდოეთი, წაართვეს იქაურ მცხოვრებლებს ადგილ-მამული და მიწა-წყალი; არ სჯერდებიან არც იმის სიმდიდრეს, რომელიც მუდამ წელს გამოაქვთ ამ ბუნებით მდიდრისა და უხვის ქვეყნიდამ: ისინი თვითონ მცხოვრებლებსაც უმოწყალოთ და სწორეთ ბარბაროსულათ ეპყრობიან; ხოცავენ და სტანჯავენ, ასე, რომ ახლა, როგორც ამბობენ, იმის მეათედიც აღარ არიან თურმე ადგილობრივი მცხოვრებლები (ინდოელები), რაც იმ დროს იყვნენ, როდესაც ინგლისელებმა იმათ ქვეყანაში ფეხი შესდგეს. განათლების გავრცელებისა და ეკონომიური მდგომარეობის ამაღლების მაგივრათ, ინგლისელები იმნაირათ ეპყრობიან თავის უცხო ქვეყნელ კოლონიებს, თითქო იმათი არსებობა ქვეყნისათვის მავნებელი იყოს და იმათი მოსპობა კი აუცილებლათ საჭირო.

* * *

საუბედუროთ, არც სხვა შემთხვევაში სამაგალითო ამერიკელები ეპყრობიან ინგლისელებზე უკეთ იმ ადგილობრივ წითელ კანიან ინდოელებს, რომელნიც იმათგან დაჭერილი მიწების მეზობლათ ცხოვრობენ ქვეყნის დასაბამიდამ. ყოველ წელიწადს აუარებელი ხალხი მიდის ევროპიდამ ამერიკაში; ერთი მხრით, ამერიკის თავისუფლება, მდიდარი ბუნება და უფრო ადვილათ საცხოვრებელი საშუალების მოპოვების იმედით და, მეორე მხრით, ევროპაში მართებლობისაგან დევნა და სიღარიბე – აიძულებს ამ ხალხს ასე შორს ქვეყანაში გადასახლებას. წელიწადი არ გავა, რომ სხვა და სხვა ევროპის და აზიის სახელმწიფოებიდან უკანასკნელი ასი და ორასი ათასი კაცი იქ არ გადასახლდეს, ხან მილიონამდიც. ამდენ გადასახლებულებს, რასაკვირველია, სამოსახლო და სახნავ-სათესი ადგილი უნდა; ამერიკის მმართველობა იმათ იქ აძლევს ადგილებს, სადაც ინდოელები სახლობენ. ამ მეზობლებს შუა მუდამ ჩხუბი და უკმაყოფილება სუფევს. მმართებლობა თავის მოქალაქეებს ეხმარება და ამნაირათ შეუბრალებლათ ავიწროებენ, ხოცავენ და სცარცვავენ საწყალ წითელ კანიან ინდოელებსა.

ერთს რუსულ ჟურნალში* დაწვრილებით არის აწერილი იმ ინდოელების შევიწროებული მდგომარეობა და ამერიკელების მოქმედება იმათ შესახებ. ამ სტატიიდამ, სხვათა შორის, ვტყობილობთ, რომ შარშანწინ მაისში ერთი ინდოელი პატარა ხალხის მეფე, სახელად «წითელი ვაშლი», მისულა ვაშინგტონში, აუხსნია პრეზიდენტის გრანტისათვის თავის ხალხის შევიწროებული მდგომარეობა და უთხოვნია, რომ ცოტა შემწეობა მოგვეცით, რომ ჩვენი ცოლ-შვილი ვარჩინოთო, რადგან რაც მიწები გვქონდა, სულ თქვენ წაგვართვითო; უთხოვნია აგრეთვე, თოფის წამალი მოგვეცით, რომ ვინადიროთ, რადგან ჩემი ხალხი ნადირობით ირჩენს თავსაო, და განკარგულება მოახდინეთ, რომ ტყუილ-უბრალოდ ნუ ხოცავენ თქვენი სალდათები ჩემ ქვეშევრდომებსაო. ამ თხოვნის განხილვა პრეზიდენტმა ცალკე კომისიას მიანდო, რომელსაც ივნისში უნდა მოესმინა «წითელი ვაშლის» საჩივარი.

* * *

ძლიერ შესანიშნავია ის სიტყვა, რომელიც ამ ბარბაროსული ხალხის მეფემ «წითელმა ვაშლმა» ამ სხდომაზე წარმოსთქვა. მოგვყავს ეს სიტყვა შემოკლებით და მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით წაიკითხოს. «მე არასოდეს არ მომინდომებია იმ «დიდებული მამის» წინააღმდეგობა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობს (პრეზიდენტზე ამბობს). იქნება დიდებული მამა კეთილი კაცი იყოს, მე კი იმას ვერ ვხედავ. ჩვენ წაგვართვეს ჩვენი ადგილ-მამული და ერთი ნამცეცა მიწა დაგვიტოვეს. თქვენი ხალხი ისე იზრდება, როგორც ზაფხულის ბალახი და ჩვენი კი ყინულსავით ილევა, როდესაც იმას მზე დააწვება. ჩვენ არ გვინდა გადავესახლოთ მისურის მდინარის ნაპირს, რადგან იქ, ცუდი ჰავის გამო, მოხუცებულები და ბავშები ცხვრებივით იხოცებიან. ჩვენ იქვე გვსურს სიკვდილი, სადაც დავიბადეთ. ჩვენი დედ-მამები გვეუბნებოდნენ, რომ ეს თქვენი საკუთარი ადგილიაო. ახლა კი მე ღარიბი და შიშველი ვარ. ჩვენ სიმდიდრეს არა გთხოვთ,  გთხოვთ მხოლოდ, რომ თქვენი პირობა შეასრულოთ და უკანონოთ არ შეგვავიწროვოთ. თქვენი ჩინოვნიკები ტყავს გვაძრობენ და გვძარცვავენ ჩვენა. თქვენგან გამოგზავნილი შემწეობა ნახევარზე მეტი იმათ მიაქვთ. დიდებულმა მამამ, რაც თავის ქვეყანაში ცუდი და მექრთამე ჩინოვნიკები ჰყვანდა, სულ ჩვენში გამოგზავნა. ჩვენ გთხოვთ, რომ პატიოსანი კაცები გამოგვიგზავნოთ უფროსებათ. თოფის წამალი გთხოვეთ, მაგრამ თქვენ არ მოგვეცით; შეგეშინდათ, გგონიათ ომიანობას ავტეხთ. თქვენ უანგარიშო და ძლიერი ხალხი ხართ და ჩვენ კი ერთი მუჭა – რისი გეშინიათ?! თქვენი სალდათები წიწილებივით ხოცავენ ჩვენებსა და კაცი არ არის გამკითხავი. ჩვენ არ გვყავს თქვენსავით მწერლები, რომელთაც შეეძლოთ ჩვენი გულ-მოსაკლავი მდგომარეობის აწერა…»

* * *

გრანტმა შემოუთვალა იმას პასუხად, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანისამოსს გამოგიგზავნითო და ვეცდებით სხვა თქვენი თხოვნაც აღვასრულოთ, თუ შესაძლებელი იქნებაო. თოფის წამლის მიცემაზე კი უარი უთხრა. ივნისის 15-ს წითელ-კანიანი ინდოელების დეპუტაცია და მათ შორის იმათი მეფე «წითელი ვაშლი» ნიუ-ორკში მივიდნენ. იქ იმათ აჩვენეს სხვადასხვა ფაბრიკები, ზავოდები, თეატრშიაც წაიყვანეს; მაგრამ ისეთნაირათ გულმოკლულნი იყვნენ, რომ სრულიად არაფერი არ ეხალისებოდათ. სხვათა შორის, იმათ ნახეს ერთი იქაური სასწავლებელი და იქ მოყრილ საზოგადოების წინ «წითელმა ვაშლმა» მეორეთ წარმოსთქვა სიტყვა თავის ხალხის მდგომარეობის შესახებ: «ჩემო საყვარელო მეგობრებო და ძმებო, თქვენთვის თეთრი კანი მოუცია ღმერთსა და ჩვენთვის კი წითელი. თქვენ შინაურ ცხოველებსა სჭამთ და ჩვენ

——————————–

* «Отечест. Записки», № 5, 1872 г.

– გარეულს. თქვენ რომ ჩვენში (ამერიკაში) მოხვედით, ჩვენ ძმურათ მიგიღეთ: მოგეცით მიწები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაშინ ჩვენ ბევრი ვიყავით და თქვენ კი ცოტა, ახლა თქვენ ბევრი ხართ და ჩვენ ცოტა. ნუთუ ეს გაძლევთ უფლებას, რომ შეგვავიწროვოთ და ჩვენი ამოწყვეტა მოინდომოთ?! მე მოვედი სიმართლისათვის, მაგრამ თქვენ არ მაღირსეთ… მაშ, ჩვენ გვატყუებდა თქვენი მმართველობა, როდესაც პირობის შეკვრის დროს მშვიდობიანობას და ყოველ სიკეთეს გვპირდებოდა!..»

* * *

აი, ამისთანა გულის შესაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ამერიკელებისაგან საწყალი წითელ-კანიანი ინდოელები. თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის სუსტს და უღონო მეზობლებს, სხვა ხალხებისაგან რაღას უნდა მოველოდეთ? იახ, სამწუხაროა, რომ ამისთანა ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა და სხვა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს თითქმის ევროპის ყველა განათლებული ხალხები შეჰნატრიან… «ბრწყინვალე მზეზედაც ლაქები მოინახებაო», – ამბობენ რუსები და ეს არაკი ამ შემთხვევაში სწორეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მართლდება.

* * *

ამგვარი მდგომარეობა წითელ კანიან ინდოელებისა, უეჭველია, დიდხანს არ გასძლებს ამერიკაში. თუ ზანგებს (ნეგრებს) მიანიჭეს ამერიკელებმა სრული სამოქალაქო უფლებები, თუ იმათთვის კონგრესისა, სასამართლოებისა და ყველა დაწესებულებების კარები გაღებულია, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ადრე იქნება, თუ გვიან, ამერიკელები მოვლენ გონზე და ამ ინდოელებსაც მიანიჭებენ ყოველგვარ უფლებას და ჩათვლიან ამერიკის მოქალაქეებად. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოგვიდგენენ შესანიშნავსა და სამაგალითო ქვეყანას, რომელშიაც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ, თავისუფლების დროშის ქვეშ იცხოვრებენ.

დაიბეჭდა გაზეთ «დროებაში», 1872 წ., №22, ინიციალებით – ს. მ.

Advertisements

რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი? – სერგი მესხი

(ვუძღვნი ჩვენ ახალგაზრდა ქალებს)

«ამ სიტყვებს მივაქცევ ცოცხლებისაკენ და არა იმათკენ, რომელნიც ცოცხლებში ურევიან, ხოლო მკვდართათანა შეირაცხნეს».

ამბობენ, რომ ერთი დამნაშავე რაღაც ავკაცობისათვის რამდენიმე წლით საპყრობილეში იყო დამწყვდეულიო; გაუთავდა თუ არა ვადა, საპყრობილის ზედამხედველმა გაუღო მას თურმე კარები და უთხრა: «ჩემო ძმაო, შენ გაგივიდა საპყრობილეში ჯდომის ვადა; ახლა თავისუფალი ხარ. შეჰკარ ბარგი, გამოდი ამ სულშემხუთავი ოთახიდამ და ფეხ წაუმტვრევლად იცხოვრე ქვეყანაზე». მაგრამ, წარმოიდგინეთ ზედამხედველის გაკვირვება, როდესაც დაინახა, რომ დამნაშავე ამ ამბავმა სრულიადაც არ გაახარა და გამოთხოვების დროს ტირილი დაიწყო. ამბობენ აგრეთვე და მეც ჩემი ყურით გამიგონია, რომ, როცა ჩვენში გავარდა ხმა გლეხების განთავისუფლებისა, ზოგიერთი გეხი ამბობდა: «ჩემ ბატონს თავის დღეში არ მოვშორდები, ჩემ მამა-პაპას ჰყოლია ბატონი და მეც უნდა მეყოლოსო!..»

სწორედ ამნაირია ახლანდელი ქალების უმეტესი ნაწილის საქმეც: ისინი მამა-პაპიდგანვე შესჩვევიან თავის მდგომარეობას, მამა-პაპიდგან კაცების ხელქვეითნი ყოფილან და თითქმის არავითარი სურვილი, თვით მოქმედება და უფლება იმათ არ ჰქონდათ, და როდესაც ახლა ქალებს ეუბნებიან, დროა განთავისუფლდეთ ამ მონობისაგან, თქვენც ისეთი სწავლა-განათლების, ჭკუაგონების გამოჩენისა და მოქმედების უფლება უნდა გქონდესთ, როგორიც კაცებსა აქვსთ და ამით თქვენც უნდა დაეხმაროთ კაცობრიობის წარმატებასაო, – ისინი გაკვირვებულნი არიან და ამბობენ: «ჩვენ ახლაც კარგ მდგომარეობაში ვართ, რის უფლებები, სადაური მოქმედება, რომელი სწავლა-განათლებაო! ასე უცხოვრია ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთო!»

ძალიან ძნელია რომელსამე კაცს მისი ცუდი მდგომარეობა აუხსნა, თუ კი ამნაირ მდგომარეობაში მყოფი თვითონ არა გრძნობს ამას. საპყრობილეში დამწყვდეული დამნაშავე ისე შესჩვევია თავის დამწყვდევას, თავის ოთახის დამპალ ჰაერს, იმის ნოტიო ოთხ კედელს და გახრეკილ დოშაკს, რომ იმათი მოშორება ეძნელება და ვერ გაუგია, – რა სიტკბოება უნდა იყოს კაცისათვის თავისუფლება. აგრეთვე ქალიც: თავის სამოქმედო ასპარეზათ იმას მხოლოთ სასტუმრო, საწოლი და სატანცაო ოთახები მიაჩნია და ამის გამო ვერ გაუგია, რათ ეუბნებიან, რომ ქალის დანიშნულება მარტო კეკლუცობაში და კაცების და თავის გრძნობების დაკმაყოფილებაში არ მდგომარეობსო; ვერ გაუგია, – რათ აშორებენ მოარშიყე კავალერს, ტკბილი ხმების გამომძახ ფორტეპიანოს და რათ აჩეჩებენ ხელში რაღაც «უფლებებს», რომელნიც არ იცის, სად და როგორ მოიხმაროს!

ყველგან და ყველა ქალი რომ ასე ჰფიქრობდეს და სჯიდეს თავის მდგომარეობაზე, მაშინ, უეჭველია, დღეს ამ საგანზე მკითხველთან ლაპარაკი არ მოგვიხდებოდა. მაგრამ ღვთის მადლით, უმრავლესი ნაწილი დასავლეთ ევროპის და რუსეთის განათლებული ქალებისა და ამერიკაში თითქმის ყველანი – სულ სხვანაირათ სჯიან ახლა ქალის დანიშნულებაზე და ისინი სხვაფრივაც მოქმედებენ, იმისთვის, რომ ქალებმა შემდეგში მაინც ამ თავის დანიშნულებისა დაგვარათ, ცხოვრებისა და მოქმედების უფლება შეიძინონ.

ჩვენი დედა-მიწის ზურგზედ ისეთი სულდგმულები არიან, რომელთაც ვერასგზით, ათასი საბუთით და არგუმენტითაც, ვერ დაუმტკიცებ რომელსამე ახალ აზრს და ვერ ჩააგონებ ამ აზრის, ან სხვა რომელიმე საქმის სიკეთეს და სარგებლობას. ამისთანა სულდგმულებს გარდა, ახლა თითქმის ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ქალების კაცებთან გათანასწორება, ე. ი. იმათთვის ყველა ამ უფლების მინიჭება, რაც კაცებს აქვთ, შეუმსუბუქებს მამობრივ სქესს ცხოვრების მძიმე ტვირთს და საზოგადოთ გააერთი-ორებს მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას.

ამ საგნის თეორეტიკულ მხარეზე ბევრი რამ არის ნათქვამი და დაწერილი უცხო ქვეყნების და თითქმის ჩვენს ღარიბ ლიტერატურაშიაც და ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნეობით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორათ არის გაჩენილი, რომ იმის დამონავება, სხვა-და-სხვა უფლებების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას და ხასიათს, როგორც საზოგადოთ გაფუჭებულია ყოველი, «მონისა» და «ბატონის» ბუნება და ხასიათი; დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისათვის, ტკბილი გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლათ არ არის გაჩენილი; დამტკიცებულია ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხშირათ ხელსაც ისეთნაირათ შეუძლია კაცობრიობის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას. ერთი სიტყვით, დამტკიცებულია, რომ ცხოვრებაში ქალს თითქმის ყველა იმ მოვალეობის და საქმის ასრულება შეუძლია, რასაც ამჟამათ მხოლოთ კაცები ასრულებენ. მაშ, თუ ეს ასეა, რატომ ყოველგვარი უფლება, ყოველი საქმე მარტო კაცებსა აქვთ მინდობილი? რატომ არიან იმათ მოკლებული ქალები? ნუ თუ ჩვენ ცხოვრებაში ქალებისათვის საქმე აღარ არის, ნუ თუ მართლა თავის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და ბუნების გამოსაყენებლათ კაცობრიობას იმდენი მამობრივი სქესის ტვინი და ხელი აქვს, რომ ქალების შრომა იმისათვის სრულიათ საჭირო აღარ არის?..

* * *

მაგრამ ყველა ამაზე და სხვა ამ საგნის თეორეტიკულ მხარეებზე ჩვენ არ მოველაპარაკებით დღეს მკითხველს, ჩვენ გვსურს გავაცნოთ მკითხველს მხოლოთ ის სახსრები და ღონისძიება, რომლითაც განათლებული ქალები კაცების მონობისაგან დახსნას და საზოგადოთ თავის ცუდი მდგომარეობისაგან გამოსვლას აპირებენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ღონისძიება – ქალების სამოქალაქო უფლების შეძენა, მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჭკუაგონების გახსნაა. სამივე ესენი ისეთნაირათ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული, ისეთნაირად კუდი-კუდზე არიან გადაბმული, რომ ერთის უმეორისოთ შეძენა და მეორეს უმესამოთ – შეუძლებელი საქმეა. მართლა, როგორ შეიძლება რომელიმე სამოქალაქო უფლების შეძენა, ვსთქვათ სახელმწიფო სამსახურში შესვლისა, თუ ადამიანი გონება გახსნილი არ არის? ღარიბს, რომელსაც ლუკმა პური არა აქვს, როგორ შეუძლია ჭკუის გამდიდრებას მისდიოს და ან უჭკუო კაცს როგორ შეუძლია თავის ეკონომიური მდგომარეობა გააუმჯობესოს? ამიტომაც ქალებმა ამ სამთავე საშუალებას ერთნაირი ყურადღება მიაქციეს და ერთნაირათ სცდილობენ, როგორც სამოქალაქო უფლების შეძენას, აგრეთვე სწავლის მიღებასა და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როცა ოცი-ოცდაათი წლის წინეთ ქალების მოძრაობა დაიწყო, იმათ კარგათ იცოდნენ, რომ პირველი მტრები ქალებისათვის სხვა და სხვა უფლების მინიჭებისა კაცები იქნებოდნენ; ისინი კარგათ გრძნობდნენ და ხედავდნენ კიდეც, რომ ცრუ-მორწმუნეობით სავსე და წარსული ცხოვრების მაგალითით შემცთარი კაცის გონება ვერ წარმოიდგენდა, რომ ქალიც კაცია და იმასაც «კაცური» უფლება–ადამიანურათ, და არა პირუტყვულათ, არსებობისა უნდა ჰქონდეს.

ამიტომაც თვითონ ქალები, თავის საშუალებით და ჭკუით, შეუდგნენ საქმეს და დაიწყეს მეცადინეობა თავის გარკვეული მიზნის მისაღწევათ. პირველათ ეს მეცადინეობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ქალები და ზოგი განათლებული კაციც სცემდნენ ათასნაირ წიგნებს, ჟურნალებსა და გაზეთებს, რომელშიაც სწერდნენ ქალების ცუდ მდგომარეობას და უჩვენებდნენ საზოგადოებას და მმართველობას იმ გზებს და სახსებს, რომლებითაც ამ ცუდი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იყო. ამნაირათ ისინი  ქადაგობდნენ და ავრცელებდნენ საზოგადოებაში ქალების კაცებთან გათანასწორების აზრს.

ყველაზე უფრო გაცხარებული ეს სიტყვითი, ლიტერატურული მოძრაობა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და ამ უკანასკნელ დროს რუსეთში იყო. ამნაირი ქადაგებით ქალებმა ამ ქვეყნებში ბევრი მომხრე შეიძინეს და თავის აზრები გაავრცელეს საზოგადოებაში; ახლა ყოველ განათლებულ კაცს რცხვენოდა ეთქვა, რომ ქალი მარტო საარშიყოთ არის გაჩენილი და იმის საქმე მარტო შვილის შობა და სტუმრის შექცევა არისო. ამას მაშინ და ხშირათ ახლაც მხოლოთ ზოგიერთი ჯიუტი და გონება დახშული პირი ამტკიცებდა. მაგრამ მარტო ლიტერატურული მოძრაობით, მარტო ქალების სასარგებლო აზრების გავრცელებით მაგდენი არაფერი არ გამოდიოდა: იმათი მდგომარეობა ისევ უწინდელურათ შევიწროებული იყო. მაშინ ქალებმა მიაქციეს ყურადღება ერთ საშუალებას, რომელსაც ყოველთვის და ყველგან მიმართავენ ხოლმე, როდესაც რომელიმე მძიმე საქმის ასრულება ჰსურთ: მე ვამბობ ასსოციაციაზე. დარწმუნდნენ თუ არა ქალები, რომ განცალკევებული მეცადინეობით ისინი ბევრს ვერას გაარიგებენ, იმათ ასობით და ათასობით დაიწყეს თავის შეყრა და ერთათ ასსოციაციით შეუდგნენ თავის საქმეს. ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან ყოველ წელიწადს ათასობით იკრიბებიან მიტინგზე ქალები, ლაპარაკობენ თავის მდგომარეობაზე, ეძებენ თავის მონობის მოსასპობელ საშუალებებს, მართავენ ქალებისათვის სასწავლებლებს, ეხმარებიან ერთმანეთს ისეთი მუშაობის მოპოებაში, რომლითაც ქალს კაცისაგან დამოუკიდებლათ ცხოვრება შეეძლოს. ამ მიტინგებზე ათასობით ესწრებიან კაცებიც და ამნაირათ იმათი საშუალებით, ქალები უფრო მსწრაფლათ და უფრო კარგათ ავრცელებენ თავის აზრებს, ვიდრე ბეჭდვით.

* * *

ეხლა ვნახოთ, როგორ მოქმედებენ და რა გააკეთეს იმ განათლებულ ქვეყნების ქალებმა, რომელთაც თავის შევიწროებული მდგომარეობა იგრძნეს. არც ერთ ქვეყანაში ქალებს ისეთი უფლება არა აქვთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა ვსთქვათ, რომ არც ერთ ქვეყანაში ქალები ისე ენერგიულათ და ისეთი ჭკუით არ მოჰკიდებიან თავიანთ საქმეს, როგორც ამერიკაში. ამიტომაც იმათ ბევრი უფლება სწორეთ ძალით წაართვეს კაცებს. ნიუ-იორკის სასოფლო შკოლებში სულ 26000 მასწავლებელია და იმათში 21000 – ქალია. მასაჩუზეტში 4000 მასწავლებელში 2500 – ქალია, ასე, რომ მთელი სახალხო განათლება თითქმის მარტო ქალების ხელშია. ამას გარდა ამერიკის ქალები არიან: მომრიგებელ მოსამართლეებათ, პროფესორებათ, ექიმებათ, ფოსტაში და ტელეგრაფში მსახურობენ და სხვა.

ნიუ-იორკში და ვაშინგტონში არის ამჟამად მუდამი ქალების კონგრესი; ვაშინგტონის  კონგრესს «ქალების პარლამენტი» ჰქვია. ამ უკანასკნელ დროს ამ პარლამენტმა წინადადება შეიტანა ამერიკის კონგრესში, რომელშიაც თხოულობდა, რომ ქალებს მიენიჭოს დეპუტატების ამორჩევისა და საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღების უფლებაო, რომ ერთი სიტყვით განსხვავება ქალებსა და კაცებს შუა ამ მხრითაც მოისპოსო. ერთ შტატში ქალებს აქვთ ამ ჟამათ მინიჭებული ამორჩევითი უფლება, ყველა ამის მიღწევა და ამ თანამდებობის მოხმარება, უეჭველია, ქალებს არ შეეძლოთ, უმაღლესი განათლების მიღების (ე. ი. უნივერსიტეტში და კოლეგიებში შესვლის) ნება რომ არ ჰქონდეთ ამერიკაში.

ამერიკაში ძალიან ბევრი ისეთი საშუალო სასწავლებელი და შკოლაა, სადაც ქალები და ვაჟები ერთათ სწავლობენ; ხშირათ 15–16 წლის ახალგაზრდა ქალი და 18–20 წლის ყმაწვილი კაცი ერთათ სხედან, ერთ სკამზე, მაგრამ ეს არ უშლის იმათ მასწავლებლის ყურის გდებას და სიბეჯითეს სწავლაში და ამისგან საქალ-ვაჟო სასწავლებლებში არასოდეს არც ზნეობის დამრღვევი და არც საზოგადოთ გასაკიცხი რამ შემთხვევა არ მომხდარა. ხსენებული უფლებები, ასე ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებია. ახლა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაშია ამერიკის ქალი შინაურობაში, ოჯახობაში.

* * *

სადაც საზოგადოება იმდენათ განათლებულია, როგორც ამერიკაში, სადაც ცოლ-ქმრობა მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულზე ან ნდობაზე და არა მზითევზეა დამყარებული და კიდევ, საზოგადოთ ყოველ ქალს ისეთი შრომის ასპარეზი აქვს გახსნილი, რომ ყოველთვის შეუძლია თავისი ჭკუითა და ხელებით დაირჩინოს თავი, იქ, რასაკვირველია, ქალი, როგორც სხვა მხრივ, არც ოჯახობაში იქნება კაცისაგან დამოკიდებული. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკაში არც ქმარიანი და არც გასათხოვარი ქალი კაცის მონათ და ჭკუით ბავშვათ არ მიაჩნიათ, როგორც სხვაგან. ყოველ საზოგადო და კერძოობით საკუთარ საქმეებზე ცოლი და ქმარი ერთად მოილაპარაკებენ, ერთად აქვთ რჩევა და ერთად  გადაწყვეტენ, როგორც სჯობია.

ამ ოჯახის რჩევაში ხშირად გასათხოვარი ქალიც იღებს მონაწილეობას. მაგრამ ახალგაზრდა ქალს თავის ნაცნობები და მეგობრები ჰყავს, თავის საქმე აქვს და საზოგადოთ, როგორც ჭკუა უჭრის ისე ცხოვრობს, თავის საკუთარ საქმეში თვითონ ისაა ბატონი და იმის და უნებლიეთ არავის არ შეუძლია ამ საქმეში გაერიოს. ხშირად ახალგაზრდა ქალს ეწვევა სტუმრათ რომელიმე ყმაწვილი კაცი; ისინი მარტოთ მარტოკა დასხდებიან ცალკე ოთახში და რაზედმე ლაპარაკობენ. ერთ დედას არ მოუვა აზრში და ვერც გაბედავს, რომ შეიჭვრიტოს ქალის ოთახში თავის ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ.

ყოველი დედა დარწმუნებულია, რომ იმის ახალგაზრდა ქალი საზრახისს არაფერს არ იქს და არც ყმაწვილი კაცი იკადრებს და ვერ გაბედავს იმის ქალის გაუპატიურებას, რადგან ამის შემდეგ ამ ყმაწვილ კაცს, არა თუ იმ ქალაქში, მთელ ამერიკაშიაც აღარ შეეძლება ცხოვრება, ისე სდევნის და იმდენათ ჰკიცხავს იმას საზოგადოება. ერთი-ორი ამისთანა მაგალითის შემდეგ, ქალის გაუპატიურება არავის არ მოსვლია აზრში.

* * *

რას იტყვიან ჩვენში – მარტო ახალგაზრდა ქალი და ვაჟი რომ დაინახონ ერთად ცალკე ოთახში? ან როგორ შეხედავს საზოგადოება, მაგალითად იმას, რომ ახალგაზრდა ქალი და კაცი ხელიხელ გაყრილი ერთად დაიარებოდნენ სადმე ქალაქს გარეთ ან ქუჩაში? უეჭველია, ყველა ძალიან იჭვიანათ შეხედავს ამ გარემოებას. «საქმეს არიგებენ, სიყვარულს უცხადებენ ერთმანეთსო». – იტყვიან და ვინ დაამტკიცებს, რომ საზოგადოება შემცდარია, როცა ამისთანა აზრის არის. ჩვენი ცხოვრება იმნაირათაა გამართული, ჩვენ ისეთის თვალით უყურებთ ქალებს, რომ მართლა იმათ ნახვის დროს, პირუტყული გრძნობის დაკმაყოფილებისა და არშიყობის მეტი აზრში არაფერი არ მოგვდის… საზარელია ამისთანა შეხედულება ქალის შესახებ, მაგრამ ამაში, ერთის მხრით, ჩვენი  ქალებიც დამნაშავენი არიან…

ვინ იცის, ერთი მიზეზთაგანი იმ ბედნიერი ცხოვრებისა და კეთილ მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოფება ამჟამად ამერიკა, ის გარემოებაც იყოს, რომ იქაური ქალები ყველაზე უფრო ნაკლებად არიან კაცებისაგან დამოკიდებულნი, რადგან ყველაზე უფრო მომეტებული უფლებები აქვთ მინიჭებული. იქნება ეს ამერიკელი ქალების დამოუკიდებლობა იყოს მიზეზი, რომ ამ ქვეყნის ცხოვრებას, სიმდიდრეს და განათლებას თითქმის ყველა ევროპის ხალხი შენატრის. თუ ამაში ერთი იოტი ჭეშმარიტება მაინც არის, მაშინ ადვილათ წარმოსადგენია, რამდენათ წინ წაიწევს კაცობრიობის ცხოვრება, როდესაც ყველა ქვეყანაში ქალებს შრომის, განათლებისა და თავისუფლათ მოქმედების სრული უფლება მიეცემათ…

* * *

ამერიკის შემდეგ ყველაზე უფრო გაცხარებული მოძრაობა ქალების სასარგებლოთ ინგლისში იყო. საზოგადოთ ინგლისელებს ისეთი ხასიათი აქვთ, რომ ყოველი ძველი, თუნდ უაზრო და მავნებელი, ჩვეულების გადაგდება და რომელისამე ახალი აზრის შეთვისება და ახალი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში ძალიან ეძნელებათ. მაგრამ თუ კი ინგლისელმა ერთხელ რაიმე საფუძვლიანათ გაიგო, თუ კი ერთხელვე მიხვთა, რომ ეს საქმე კარგი იქნებაო, ან მეორე ცუდიო, მაშინ იმას ვერაფერი ვერ დაიჭერს: ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ თავის გაგებისდაგვარათ მოიყვანოს სისრულეში ეს საქმე. სწორეთ ამნაირათ იყო ინგლისელი ქალების საქმეც: მგონია, არც ერთ განათლებულ ქვეყანაში ქალი ისეთ ცუდ მდგომარეობაში და კაცისაგან ისე დამოკიდებული არ ყოფილა, როგორც ინგლისში. მაგრამ ინგლისის საზოგადოება ამ საუკუნის მეორე ნახევრამდე ამას სრულებითაც არ აქცევდა ყურადღებას: «ჩვენ მამაპაპების დროს ასე ყოფილა ქალები და ახლაც ასე უნდა იყვნენო», – ამბობდენ ინგლისელები. «ჩვენი დედები და ბებიებიც ამნაირათვე ყოფილან კაცებისაგან დამოკიდებულნი და უფლება ჩამორთმეულნი, და ჩვენც აგრეთვე უნდა ვიყვნეთო», – ამბობდნენ ინგლისელი ქალები. დიახ, საუბედუროთ, ამნაირ სიტყვებს ხშირათ მარტო ჩვენში კი არა, განათლებულს ინგლისშიაც გაიგონებთ, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ იქ, ადრე თუ გვიან, გაარჩევენ მაინც კარგსა თუ ცუდს და თუ კი ერთხელვე გაიგეს, ყოველ ღონეს ხმარობენ, ცუდი მოსპონ და კარგი შემოიღონ. ჩვენ… მაგრამ ჩვენ ცუდ მხარეებზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ერთობ დიდხანს მოგვინდება გაჩერება და საქმეც შორს წავა…

ამ ოცი-ოცდა-ათი წლის წინათ ჩამოვარდა პირველათ ინგლისში ქალების მდგომარეობაზე ლაპარაკი, ყველაზე უფრო ძლიერი და ჩასაგონებელი სიტყვა ქალების სასარგებლოთ ჯონ-სტუარტ მილმა და იმის ცოლმა სთქვეს. მას შემდეგ ქალების მდგომარეობაზე და იმათ კაცთან გათანასწორებაზე ლაპარაკი და მოძრაობა ინგლისში არ გაწყნარებულა. ქალების ასსოციაციები, საზოგადოებები და კლუბები, რომლებიც ზევით მოვიხსენე, ყოველ წელიწადს იკრიბებიან ლონდონში, სცემენ საქალებო ჟურნალებს და გაზეთებს, კითხულობენ სახალხო ლექციებს ქალების შესახებ, ეხმარებიან ღარიბ და უპატრონო ქალებს მუშაობის და საქმის მოპოვნაში და ხსნიან ისეთ მაღაზიებს, სადაც მარტო ქალებს აძლევენ სამუშაოს და მარტო იმათ ხელ-საქმეს ჰყიდიან; წელიწადი არ გავა, რომ ამ ასოციაციებმა პარლამენტში ათასი ქალისაგან ხელ-მოწერილი თხოვნა არ შეიტანონ, რომელშიაც ისინი ისეთივე უფლების მინიჭებას თხოულობენ, როგორც კაცებს აქვთ. მარტო შარშან წინ, მაგალითად, 117 პეტიცია (თხოვნა), 42954 ქალის ხელმოწერილი, შეიტანეს იმათ პარლამენტში იმის გამო, რომ იმ დროს იქ იყო სჯა იმაზე, მიეცეს ქალებს ქონებითი უფლება თუ არაო (უნდა იცოდეთ, რომ 1869 წლამდი ინგლისელ ქალებს საკუთრების უფლება არ ჰქონდათ); ყველაფერი, რასაც ქალი თითონ შეიძენდა, ან რაც დედმამისაგან მოჰყვებოდა, კანონის ძალით, ქმრის განუკითხველ მფლობელობაში იყო! ამ წელსვე 260 პეტიცია შეიტანეს ქალებმა, რომელშიაც თხოულობენ, რომ ჩვენც მოგვეცეს ამორჩევითი უფლებები, ე. ი. მოგვეცეს კენჭი, რომ პარლამენტისათვის დეპუტატების ამორჩევაში მივიღოთ მონაწილეობაო. ამ ორას სამოც თხოვნაზე 61548 ქალს მოეწერა ხელი; ორმოცი ისეთი პეტიცია შეიტანეს, რომლებშიაც თხოულობდნენ ქალაქის გამგეობაში (მუნიციპალიტეტში) მონაწილეობის მიღებას.

ერთი სიტყვით, ინგლისელი ქალი მოსვენებას არ აძლევს თავის მართებლობას: ეს სამსახურში შესვლის ნება მოგვეციო, უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელი გაგვიხსენიო, ან კაცების უნივერსიტეტში შეგვიშვი ვისწავლოთო და სხვა. იმათმა მეცადინეობამ უნაყოფოთ არ ჩაიარა: სხვადასხვა სამოქალაქო უფლების გარდა, იმათ ამ უკანასკნელ დროს შეიძინეს უნივერსიტეტში შესვლის უფლება, დღეს ქალები ედინბურგის, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიარებიან და ვაჟებთან ერთად ისმენენ ლექციებს…

* * *

არც ერთი განათლებული ხალხი არ უყურებს ისე ცუდათ ქალს, როგორც ფრანგები. ფრანგების აზრით, ქალი მხოლოთ კაცის სათამაშოთ, დროს გასატარებლათ და საარშიყოთ არის გაჩენილი. დღემდი თვით უგანათლებულესი  და მოწინავე სწავლულებიც (მაგ. პრუდონი) ამისთანა აზრის იყვნენ ქალებზე. მაგრამ ახლა, როგორც ყველგან, საფრანგეთშიც ისეთი პირები აღმოჩნდნენ, რომელთაც სინამდვილისა და არა პირუტყული გრძნობით დაბრმავებული თვალით დაინახეს ქალების დაცემული მდგომარეობა და სცდილობენ იმათ ფეხზე დაყენებას. ამას წინათ პარიჟის ქალებმა გახსნეს საკუთარი კლუბი იმ განზრახვით, რომ ქალები, რომელნიც თავის ცუდ მდგომარეობას გრძნობენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ერთად იმოქმედონ. პარიჟშივე გამოდის ორი საქალებო გაზეთი, რომელნიც ავრცელებენ საზოგადოებაში ქალების განათლებისა და იმათი შრომის ჯეროვნათ დასაჩუქრების აზრებს. ამ ხუთი თუ ექვსი წლის წინეთ 20000 ახალგაზრდა ქალმა შეფიცეს ერთმანეთს, სანამ აღმორჩევითი უფლება არ მოგვეცემა, მანამ ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ გათხოვდებაო. ეგონათ ამით ძალა-უნებურათ მიიმხრობდნენ თავისკენ იმ კაცებს, რომელნიც ცოლების შერთვას აპირებდნენ და ისინი ქალების უფლების მინიჭებაზედ კანონმდებელ კრებაში მეცადინეობას დაიწყებდნენ. მაგრამ შესცდნენ და კიდეც რომ დაეწყოთ მეცადინეობა, ნაპოლეონის ხელიდან, აბა, რა სიკეთე და რა უფლება უნდა გამოეტანათ! ამას გარდა შარშან წინ პეტიცია შეიტანეს ქალებმა კანონმდებელ კრებაში აგრეთვე იმათი უფლების მინიჭებაზე, მაგრამ ისიც უნაყოფოთ დარჩა.

უკანასკნელ ომიანობის დროს საფრანგეთის ქალებმა თავის თავგანწირული მოქმედებით და მამაცობით, დაამტკიცეს, რომ ისინი მარტო კაცების სათამაშოთ არ არიან გაჩენილი. რამდენი მამულის მოყვარეობა, რამდენი გასაკვირველი თავ-დაუზოგავობა, რამდენი გულ-კეთილობა და ჭკუა გამოიჩინეს ქალებმა ამ უკანასკნელ, საფრანგეთისათვის საუბედურო და საშავდღეო ბრძოლაში! მოვა დრო, როცა ამგვარი მაგალითებისა და თავისუფალი აზრის გავრცელებისსაშუალებით, ფრანგი შესცვლის თავის პირუტყვულ შეხედულებას ქალზე და ადამიანათ ჩარიცხულ ქალს ადამიანურ უფლებას მიანიჭებს…

* * *

საფრანგეთზე უკეთ ქალებს გერმანიაში მიყავთ თავიანთი საქმე, როგორც საზოგადოთ კაცების განათლება, აგრეთვე ქალებისაც, გერმანიაში ამერიკას გარდა სხვა ყველა ქვეყანაზე უკეთ მიდის. პრუსიაში განსაკუთრებით უთვალავი საქალებო შკოლაა, თუ მართებლობისაგან, და თუ თვით ქალების ასსოციაციებისაგან გამართული. ამ დაბალ შკოლებში ყველაზე მეტი ყურადღება სხვადასხვა ხელსაქმეს და ხელოსნობას აქვს მიქცეული. ბერლინში არის ერთი ლიცეი, სადაც ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთათ დაიარებიან ლექციების მოსასმენათ. ბრესლავის საქალაქო ლიცეიში 110 ქალი დაიარება და, სხვათა შორის, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვის მოვლას და სხვა საგნებს სწავლობენ. ლეიპციგის სკოლაში, რომელიც ქალების ასსოციაციამ გახსნა, ვაჭრობას, მეურნეობას და ოჯახობას ასწავლიან ქალებს.

შარშან წინ, ნოემბერში, მრავალი ქალი და კაცი შეიკრიბა ბერლინში და მოილაპარაკა იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა იხმარონ, რომ ქალების ეხლანდელი მდგომარეობა გააუმჯობესონ. ამ კონგრესზე იყვნენ დეპუტატები (ქალები და კაცები) მრავალი ამგვარი საზოგადოებისა ამერიკიდან, ინგლისიდან და შვეიცარიიდან. კონგრესის პრეზიდენტათ ამოირჩიეს პროფესორი გოლცენდორფი, ვიცე პრეზიდენტათ და სეკრეტრათ ქალები იყვნენ. სხვათა შორის, გამოჩენილმა სწავლულმა ბიუხნერმა კონგრესზე სთქვა: «ახლანდელ საქალებო სასწავლებლის პროგრამა სრულიად უნდა შეიცვალოს, რადგან ამ სასწავლებლიდგან გამოსული ქალი სრულიათ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას; ქალები არც მასწავლებლებათ ვარგანან და რიგიანათ ვერც თავიანთ შვილებს ზრდიან; ამ სასწავლებლიდან, – ბიუხნერის სიტყვით, – გამოდიან ისეთი მანდილოსნები, რომელთაც მხოლოთ სტუმრის მიღება და იმათთან ტიკტიკი შეუძლიათ კარგათო. დიდი ხნის მოლაპარაკებისა და ბაასის შემდეგ, ბერლინის ქალთა კონგრესმა შემდეგი გადაწყვიტა:

1) ბერლინის ქალთა საზოგადოებას (ასსოციაციას) მუდამ კავშირი და მიწერ-მოწერა უნდა ექმნეს უცხო ქვეყნების ამგვარსავე ასსოციაციებთან, რადგან ამ საქმეში მხოლოთ ერთად და ერთნაირად მოქმედება, საზოგადოთ, ქალების ცუდ მდგომარეობას შეამსუბუქებს

2) უნდა დავაარსოთ საკუთარი ორგანო (გაზეთი ან ჟურნალი), რომელშიაც მხოლოთ ქალების ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და განათლების საშუალებაზე იქნება სჯა და

3) უნდა გავმართოთ ქალებისათვის უმაღლესი და აგრეთვე სახელოსნო სასწავლებელი.

მას შემდეგ ეს კონგრესი მუდამ წელიწადს იკრიბება და ნელ-ნელა აკეთებს თავის საქმეს. ამნაირი, მაგრამ უფრო პატარა კონგრესი და ასსოციაცია მარტო ბერლინში კი არა, სხვა გერმანიის ქვეყნებსა და ქალაქებშიც არის.

* * *

ესპანეთში ქალები დაიარებიან მადრიდის უნივერსიტეტში; იმათთვის იქაური პროფესორები ცალკე ლექციებს კითხულობენ. შვეციის მართებლობამ ამას წინათ კოროლინის უნივერსიტეტში სიარულის ნება მისცა ქალებს, რომელიც სტუდენტებთან ერთად ისმენდნენ თითქმის ყოველგვარ ლექციას. აგრეთვე დანიაში ქალები დაიარებიან კოპენგაგენის უნივერსიტეტში და როგორც ამბობენ, მშვენივრათ სწავლობენ და კარგათ ესმით ყველა ძნელი მეცნიერების საგნებიო.

ნორვეგიაში ქალებს აძლევენ სასოფლო შკოლების მასწავლებლობის ალაგს. ამას გარდა თითქმის ყველა ევროპის სახელმწიფოში და აგრეთვე რუსეთშიაც ქალებს ამჟამად ტელეგრაფის და ფოსტის სამსახურში იღებენ.

* * *

რუსეთში ქალებზე ლაპარაკი პირველად 1861 წ. დაიწყეს, როცა მაშინ დიდი გავლენის მქონე ჟურნალში – «თანამედროვეში*» დაიბეჭდა მ. მიხაილოვის საკუთარი და ნათარგმნი სტატიები ქალთა მდგომარეობაზე. მაგრამ ყველაზე უფრო მომეტებულათ რუსეთში ქალებზე და სხვა ბევრ რამეზედაც დაიწყეს ლაპარაკი მაშინ, როდესაც 1863 წელს დაიბეჭდა ამ საქმის შესახებ რომანი**. მას შემდეგ რუსულ საზოგადოებაში და ლიტერატურაში თითქმის არ გაწყნარებულა ამ საგნებზე სჯა: ყოველი გაზეთი და ჟურნალი, ყოველი განათლებული და გაუნათლებელი საზოგადოების წევრი ვალდებულათ რაცხდა თავის თავს, რაიმე დაეწერა, ან ეთქვა რუსის და უცხო ქვეყნების ქალების მდგომარეობაზე. ზოგიერთი ამ ახალი აზრისა და საქმისა, რომელსაც რომანისტი ქადაგობდა, აღსრულებაშიაც მოიყვანეს, მაგალითად, დააარსეს ქალთა სახელოსნოები და სხვა. ამ დროს პეტერბურგის ქალებს უნივერსიტეტში და მედიცინის აკადემიაში ლექციის მოსმენის უფლება ჰქონდათ. შემდეგ მხოლოთ ერთი ქალი (კაშევაროვა) დაიარებოდა მედიცინის აკადემიაში და სხვა სტუდენტებთან ერთად ისმენდა ლექციებს. რუსეთში აგრეთვე ქალებს უფლება აქვთ საქალებო სასწავლებლებში მასწავლებლობისა და ბუღგალტრათ სამსახურისა.

1867 წ., როდესაც რუსეთის ნატურალისტების კრება იყო პეტერბურგში, იქაურმა ქალებმა შეიტანეს კრებაზე ქაღალდი, რომელშიაც სთხოვეს პროფესორებს გვიშუამდგომლეთ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ბუნებითი საგნების სმენის ნება მოგვეცესო. მაგრამ პროფესორების რჩევამ გამოუცხადა იმათ, თქვენი თხოვნის ასრულება არ შეგვიძლიაო…

1868 წ. ოთხასზე მეტმა ქალმა შეიტანა ქაღალდი უნივერსიტეტში და ქალებისათვის ლექციების სმენის ნებას თხოულობდა. ყველა რუსეთის ქალაქიდან მოსდიოდათ მაშინ პეტერბურგის ქალებს ადრესები, რომელშიაც თანაგრძნობას და მადლობას უცხადებდნენ მათ ამ საქმეში მეცადინეობისათვის***, მაგრამ სახალხო განათლების სამინისტრომ უპასუხა მათ, რომ ქალებისათვის სხვა საკუთარი სასწავლებლებია გახსნილიო, სადაც სწავლის მიღება შეგიძლიათო და ქალების უნივერსიტეტში შესვლა კი ჯერ უდროოთ დაინახა და ამიტომ უარი უთხრა პეტერბურგის ქალებს.

დაიბეჭდა ჟურნალ «კრებულში», 1871 წ., №4, ს. მესხის ხელმოწერით.